USD 2.8158
EUR 2.8955
RUB 2.5197
Тбилиси
მამუკა გიორგაძე - პატრიარქი როდესაც საქმე ეხება სახელმწიფოს და ეკლესიის ინტერესებს, არის ქვა და რკინა
дата:  189

ინტერვიუ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ერთ-ერთ პირველ სტიქაროსანთან მამუკა გიორგაძესთან .

ეძღვნება პატრიარქ ილია მეორეს აღსაყდრებიდან 47 წლისთავს.

"პატრიარქის ავტორიტეტის და რეიტინგის საფუძველი არის ის, რომ ის არ ფიქრობს საკუთარ ავტორიტეტზე, როდესაც ადამიანის გადარჩენას ეხება საქმე"

მოგესალმებით ბატონო მამუკა, ბევრის მომსწრე ხართ, თუმცა დღეს გვსურს თქვენი ცხოვრების ნათელ ამბავზე მოგვიყვეთ... როგორ მოხვდით პატრიარქთან?

შეიძლება დღევანდელობასთან პირდაპირი ბმაც კი ჰქონდეს ჩემს პასუხს, იმიტომ რომ ყველა თაობას თავისი ამოცანა აქვს , ყველა თაობა იბრძვის თვითდამკვიდრებისათვის, საკუთარი თავის გააზრებისათვის და ბუნებრივია, ჩვენც ვეძებდით საკუთარ თავს, ვეძებდით იმ ღირებულებებს, რომელიც ჩვენთან ყველაზე ახლოს იყო და რომელშიც ჩვენს თავს მოვიაზრებდით, რომ ჰარმონიაში ვყოფილიყავით საკუთარ თავთან. ვსაუბრობდით, ვკამათობდით, ვკითხულობდით, ხანდახან ვჩხუბობდით, ბევრს ვკამათობდით. შიგადაშიგ ვქეიფობდით, მერე ვაანალიზებდით ყოველივეს. ილია ჭავჭავაძეს რომ წაიკითხავ, მიხვდები რაღაც სიღრმისეულია მასში, ბოლომდე ამას პატარა ბიჭები ვერ ვაცნობიერებდით, მაგრამ რაღაც მიზიდულობის მომენტი იყო და ბუნებრივია, დავიწყეთ ეს ძებნა, დავიწყეთ საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა, ისტორიულ ტაძრებში სიარული. ვხედავდით რა დღეში იყო, ზოგან თეატრი იყო, ზოგან ცეხი იყო სამრეწველო ნაწარმისთვის, ზოგან საერთოდ საქონლის სადგომი იყო,ზოგი საქეიფო ადგილი იყო, ვუყურებდით ამ შეუსაბამობას. იაკობ გოგებაშვილი, ვაჟა ფშაველა, დიმიტრი ყიფიანი  და ილია ჭავჭავაძე მთაწმინდაზეა დაკრძალული, აბა მაშინ რატომაა ეს ყველაფერი ასე ?! ამ შეკითხვებმა მიგვიყვანა  ეკლესიაში. ეკლესიაში ჩვენი მისვლა იმითაც იყო განპირობებული, რომ ძალიან საინტერესო პიროვნება მოხვდა ჩვენი თვალთახედვის არეალში. პირადად მე, დიდუბის ეკლესიის გვერდით ვცხოვრობ და ხშირად მოდიოდა მისი უწმინდესობა დიდუბის ტაძარში,

რამდენჯერმე ვნახე ახალგაზრდა, მოწესრიგებული, განათლებული ადამიანი, სახე სიღრმეს ასხივებდა, ვუყურებდი ამ ყოველივეს. ქართველი მრევლი ძირითადად სიონში იყო და ცოტა ქაშუეთში. სიონში რომ მივედით, ეს უკვე ის პერიოდი იყო, როდესაც მის უწმინდესობას ირჩევდნენ.

463366755_8958195250909543_1601105259763405736_n

- და აღმოჩნდით სვეტიცხოველში ილია მეორეს ინტრონიზაციაზე, სკოლის მეგობრები, ალბათ დაუვიწყარი დღე იყო...

- ბოლომდე ვერ ვაცნობიერებდით, რა ხდებოდა, უბრალოდ რაღაცნაირად ვგრძნობდით, რომ სამყარო იცვლება ჩვენთვის, რომ ნათელი გამოჩნდა ამ უსახურ მასაში, როცა ტელევიზიიდან სისულელე მოდის. ხალხის მოთხოვნით ძვირდება  შაქარი,  ხალხის მოთხოვნით ვიღაც დაიჭირდეს, დახვრიტეს, კოლექტიური წერილები, რომ ხალხი რომლებმაც ეკლესიები დაანგრია გმირადაა გამოცხადებული, რომლებმაც ჩვენი მამულიშვილები დახვრიტა, გმირია, ვგრძნოვბთ ამ შეუსაბამობას და თავს და რომ იტყვიან, ბოლოს ვერ ვარკვევდით. ამ პროცესებმა სიონში თავი მოაყრევინა ყველას, ვინც ასე ეძებდა, გია ჭანტურია, რომელიც მერე დახვრიტეს, გოგი შიოლაშვილი, სოსო წერეთელი, რომელიც თვითმფრინავის ბიჭების საქმეში ფიგურირებდა და ახალგაზრდა დაიღუპა, გია მაჩაბელი, ბევრი ბევრი ძალიან საინტერესო ადამიანი, რომელიც სიონში დადიოდა, მსჯელობდა,ნელ-ნელა ამ პროცესმა ჩაგვითრია. ერთნაირი ხედვა , საერთო ინტერესი გამოჩნდა. მისი უწმინდესობა ამ  ყოველივეს მიმართულებას აძლევდა, ისე კი არა, რომ ლექცია წაეკითხოს, ან მოწოდებები გაეკეთებინოს, არამედ, უბრალოდ ყოველდღიურად რა კითხვებიც გვქონდა და თავში გვიტრიალებდა  ამ კითხვებზე პასუხს ვგებულობდით, ცხოვრება საინტერესო გახდა, შემდეგ დავმეგობრდით, ბევრ მათგანთან შემდეგ კამათიც გვქონდა, თუმცა ერთმანეთის მიმართ პატივისცემა არ გაგვნელებია.

დავუბრუნდები სვეტიცხოველს, 25 დეკემბერი, 1977 წელი.

სკოლელები წავედით ერთად, მეგობრები. სიონში კრება რომ ჩატარდა , მაშინ სიონის ეზოში ვიყავით და ვიცოდით, რომ აირჩიეს ახალი პატრიარქი და რომ გვეგონა, რომ სვეტიცხოველში მარტო ჩვენ ვიქნებოდით, აღმოჩნდა, რომ ქართული საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი იქ იყო. ავტობუსით ჩავედით, ძალიან ბევრი ხალხი დაგვხვდა. შეშვება იყო საშვებით, ეტყობა ეგონათ, რომ ცოტა ხალხი იქნებოდა და მხოლოდ მოწვეულები შევიდოდნენ, მაგრამ იმდენი ხალხი იყო, რომ იხუვლა ამ ხალხმა და სუყველანი აღმოვჩნდით ჯერ ეზოში, შემდეგ უკვე შიგნით, ტაძარში. ძალიან ბევრი აღმოჩნდა ჩვენსავით მისული, განა იმიტომ რომ მრევლი იყო, არამედ იმიტომ რომ შინაგანად რაღაცას გრძნობდნენ. ზუსტად ასე, ინტერესის გამო იყო მისული ნოდარ ნათაძე, მაშინ არ ვიცნობდი, არც მის შესახებ მსმენოდა, ისიც იგივეს ამბობდა, როგორც ჩვენ გვქონდა იგივე განცდა ჰქონდა ასაკით ჩვენზე უფროსს, 30 წელი მაინც იყო სხვაობა, სერგო ვარდოსანიძე, ამჟამად საქართველოს ეკლესიის ისტორიის მკვლევარი,  პროფესორი იყო იქ, ჩემი თაობის ბიჭები... ალბათ, ყველა თაობა ასეა, მაგალითად პლეხანოვზე კინოში კი ვხვდებოდით, ერთმანეთს არ ვიცნობდით, მაგრამ ვიზუალურად ხომ ვიცოდით ვინ ვინ იყო, მერე უკვე ინტენსიურად დავიწყეთ ეკლესიაში სიარული და დავმეგობრდით ბიჭებთან, მერე უკვე გავიცანით ერთმანეთი, დღეს უმეტესი მათგანი მონასტრის წინამძღვარია, მიტროპოლიტია, ეპისკოპოსია, სასულიერო პირია, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი პერიოდი იყო, რომელიც საპატრიარქო ტაძარში გავატაერთ მისი უწმინდესობის გვერდით. ყოველ დღე რაღაცას ვიგებდით, ადამიანი ხომ არის , რომ ამოწურე, ყველაფერი მიიღე, არა ეს იყო ამოუწურავი სიღრმე. მერე, ეს ყველაფერი გადავიდა დისიდენტურ საქმიანობაში. საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი, ჩვენ დაგვხვდა ძალიან საინტერესო მრევლი, ეს იყო ის მრევლი, რომელმაც გაიარა ოციანი წლების რეპრესიები, რომლებიც მეგობრულად იყვნენ კირიონთან, ამბროსისთან, სხვა ცნობილ მოღვაწეებთან, ჩვენთვის ლეგენდებთან, მაგრამ ეს ხალხი საუბრობდა, როგორც თავის მეგობრებზე, როგორც ახლა მე ვისაუბრებ, ჩემ დროს სტიქაროსნებზე, ამჟამად მეუფე დიმიტრიზე, მეუფე იობზე, მამა ელისეზე და ა.შ., როგორც ახლა მე შემიძლია ვისაუბრო ამ ადამიანებზე, ასე საუბრობდნენ კირიონზე, ამბროსიზე, იმ წმინდანებზე ჩვენთვის სათაყვანებელზე. მაგალითად ბაბო დადიანი ყვებოდა ვიქტორ ყარანოზიშვილზე,  მას ეგონა რატომღაც რომ ეს სახელი და გვარი არაფერს არ გვეუბნებოდა, ამ დროს ვიქტორ ყარანოზიშვილი იყო კოტე აფხაზის მოადგილე და აფხაზი რომ დაიჭირეს და დახვრიტეს, ყარანოზიშვილი გადაასახლეს სალავკის კუნძულზე ბანაკში და იქ დაიღუპა . ყვებოდნენ ადამიანურ ნიუანსებზედ, მაგალითად კირიონის და ლეონიდეს ურთიერთობაზე...

ეს იყო მრევლი, რომელსაც ვერ გააკვირვებ ვერაფრით, რომელიც ფიქრობდა, რომ მალე სიონსაც დახურავდნენ. მაშინ იყო კანონი, რომ ეკლესია ვერ იფუნქციონირებდა, თუ არ შეიქმნებოდა რეგისტრირებული მრევლის ოცეული. აშინებდნენ რა ხალხს , ბევრი ვერ ბედავდა ხელი მოეწერა ამ რეგისტრაციაზე, ეს უკვე განაჩენი იქნებოდა, ამიტომ ძალიან ბევრი ეკლესია ასე დაიხურა. მრევლი ფიქრობდა, რომ წავა ჩვენი თაობა და მორჩა, ალბათ სიონსაც დახურავენ, და აქედან გამომდინარე ჩვენი ახალგაზრდების მისვლა მათთვის იყო ბედნიერება. მიხვდნენ, რომ სიონს დახურვა არ უწერია, მიხვდნენ, რომ მისი უწმინდესობის ხელში ეკლესია განვითარდებოდა, მათ ხომ ჰქონდათ შედარების საშუალება. რაც კი შეეძლოთ პატივს გვცემდნენ, გვეფერებოდნენ, მოჰქონდათ ლიტერატურაც, მასალებიც, ღვინოც, ოღონდ ეკლესიაში იყავით და აქ იქეიფეთ, აქ იყავით, ზოგიერთ ჩვენს „უნირობაზეც“ თვალს ხუჭავდნენ. იმ თაობის ბრწყინვალე სასულიერო პირები, ახალგაზრდებთან ერთად მათმა საქმიანობამ სულ სხვა დატვირთვა შეიძინა და საბოლოოდ მივედით იქამდე, რომ ვინც კი რამე ფორმით საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობდა, ყველამ სიონის ეზოში მოიყარა თავი.

212121212121212112

- პატრიარქისთვის რჩევა თუ გიკითხავთ, როდესაც რაიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიგეღოთ?

- გინდ დამიჯერეთ და გინდ არა, ის რომ რამე მეკითხა, მე პირადად ჩემს პრაქტიკაში არ მაქვს, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ რატომღაც მე რაც მაწვალებდა, იმ შეკითხვაზე უწმინდესისგან ისე ვიღებდი პასუხს, რომ შეკითხვა არ მჭირდებოდა. არის რაღაც საკითხი, არ იცი როგორ გადაწყვიტო, ნერვიულობ და ამ დროს მაგალითად, ტაძარში უწმინდესი რაღაც ისტორიას მოჰყვებოდა და შენ ამ ისტორიიდან პასუხს იღებდი შენს შეკითხვაზე. ახლა ეს როგორ ემთხვეოდა ერთმანეთს, ამის ახსნა მე არ შემიძლია, მაგრამ თითქმის არ ყოფილა შემთხვევა, რომ რაიმე ჩემთვის საკამათო საფიქრ თემაზე როგორ მოვქცეულიყავი, მე პასუხი არ მიმეღოს. იყო ასეთი შემთხვევებიც, ძალიან განვრცობით თემაზე, ჩვენთვის გაუგებარი მიზეზით, არ ისაუბრებდა, გადაგვამისამართებდა, ეს ილია ნახეთ ამ თემაზე, აქ ნახეთ ეს წერილი... გვაძლევდა საშუალებას, რომ საპატრიარქოს უნიკალური არქივით და ბიბლიოთეკით გვესარგებლა.

ჰყვებოდა ისტორიებს, მაგალითად, როგორი დამოკიდებულება ჰქონდა ეფრემ მეორესთან. იყო ერთი შემთხვევა, როდესაც წმინდა ამბროსი ხელაიას მიუვარდნენ სასულიერო პირები, გადადგომა მოსთხოვეს და მაშინ მისი მდივანი იყო ახალგაზრდა ბერი ეფრემი და როგორ დაუდგა მხარში, კვერცხს წამოავლო ხელი და გამოენთო ამათ. ყვებოდა ისტორიებს, როგორ ებრძოდნენ კირიონ მეორეს. ერთია, რომ ლიტერატურაში ეს ბევრი რამ არც იძებნება, მეორეა გადმოცემა წინა თაობის სასულიერო პირებისგან და მის უწმინდესობას, ხომ უშუალოდ იმ ადამიანებთან ჰქონდა შეხება, რომლებიც აქტიურ მონაწილეობას ღებულობდნენ სასულიერო ცხოვრებაში, იმ მეტად დრამატულ დროს. ვგრძნობდით, რომ უდიდესი ინფორმაცის მატარებელი იყო. გვაძლევდა ამ ინფორმაციას იმ დოზით, რა დოზითაც შეგვეძლო გაგვეანალიზებინა.

- პატრიარქის კიდევ ერთ თვისებაზე მინდა გკითხოთ, რაც შეეხება მის პრინციპულობას ყველაზე გადამწყვეტ მომენტებში...

- პატრიარქი თბილი ტკბილი და ღუღუნა მოხუცი არის ადამიანის მიმართ, მიმტევებელი, თუნდაც რომ პიროვნული შეურაცხყოფა მიაყენოს ვინმემ , მიმტევებელია, მაგრამ როდესაც საქმე ეხება სახელმწიფოს და ეკლესიის ინტერესებს, იქ არის ქვა და რკინა. კომუნისტების დროს, მაგალითად, ლოიარული იყო გარკვეული საკითხებთან მიმართებში, აბა რა უნდა ექნა, ხმალს ვერ ამოიღებდა და ვერ იომებდა, მაგრამ როცა ეკლესიას ეხებოდა საქმე, მაგალითად რეგიონებში სამომლოცველო გასვლა, პატრიარქებს ჰქონდათ აკრძალული, მიუხედავად დიდი წინააღმდეგობებისა, ილია მეორემ დაიწყო მოლოცვა საქართველოსი. ამ დროს ჩხუბითაც კი გაგვირღვევია მილიციის კორდონი.

ასევე, მის გვერდით ვიყავი  9 აპრილის დარბევის დროს, როდესაც დარბევამდე მოლაპარაკება შესთავაზეს და სვეტები რომ არის მთავრობის სახლის წინ, მილიციის კორდონი იყო და კორდონს იქეთ სთხოვეს გადასვლა მოლაპარაკებისათვის და მეც გამიყოლა და მე ვნახე პატრიარქი, რომელიც მიხვდა რომ მის გატყუებას და იზოლირებას  აპირებდნენ, ვნახე როგორ გაწია გვერდზე ის კაცი, რომელსაც მისი გაჩერება უნდოდა, ჩამოვიდა და მოშიმშილეებში თვითონაც, როგორც რიგითი ისე დადგა და იცავდა საქართველოს ინტერესებს. იგი ბოლო წამამდე ფიქრობს საქმის გაკეთებას. კიდევ ერთი თვისებაა პატრიარქის, მისთვის არ არის პატარა საქმე და დიდი, რომ დავუშვათ ათასი კაცის გადარჩენა და ერთი კაცის გადარჩენა, ერთნარად უყურებს, ბოლო მომენტში ჩვენ ცხრა აპრილს დავცილდით მაშინ, როდესაც ლოცვა-კურთხევა მომცა, რომ ტელევიზიასთან რომ არის ის ხალხი გამოიყვანე იქედანო, საფრთხეს გაარიდეო. ანუ, იმ დროს როდესაც აქ ასეთი სირთულე იყო, იქ მეორე ადგილზეც ფიქრობდა. გლობალური მოაზროვნეა, სიღრმისეულად იღებს გადაწყვეტილებას. მხოლოდ დღევანდელით არ კმაყოფილდება, აანალიზებს გუშინ რა იყო და რა იქნება პერსპექტივაში.

მიტევების დღეს ცრემლებით მრევლს როგორ სთხოვს შენდობას, ასეთ დიდ ადამიანს როდესაც  საკუთარი ცოდვების განცდა აქვს, ჩვენ რა უნდა ვთქვათ, რა ცრემლები გვეყოფა ჩვენ, როგორ შეიძლება შენ არ განიცადო და სინანულისკენ ნაბიჯები არ გადადგა.

7ba9fb4a-70f7-427f-adc9-4c7d64d1c3e4

- უშიშროების სამსახურებისგან თქვენზეც იქნებოდა  ზეწოლა?

- ჩვენ თავიდანვე ვიყავით უშიშრების ზემოქმედების ქვეშ, სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა მექანიზმებით, თუმცა ამას ჩემთვის ხელი არ შეუშლია. იმიტომ, რომ ჩვენი თავისუფლების  და რწმენის ხარისხი გამორიცხავდა, მათგან რაიმე საკითხზე თანამშრომლობას. ვინმემ არ თქვას, რომ ზეწოლას ვერ გავუძელი, იმიტომ რომ დრო იყო ასეთიო, არა, ზეწოლაზე უფრო მეტად იყო ცდუნება. 20-30-იან წლებში კი ბატონო ფიზიკური განადგურების წინაშე იდგნენ და შეიძლება მაშინ ვიღაცამ ვერ გაუძლო, მაგრამ ჩვენ დროს იყო ცდუნება, ვერ წახვიდოდი კარიერული ზრდის კუთხით, ვერ იქნებოდი კონფორტულად ფინანსებით, ვერ წახვიდოდი უცხოეთში, ჩვენ დროს ფიზიკური ზეწოლა აღარ იყო. უბრალოდ, უნივერსიტეტში შეიძლება არ ეპატიებინათ გადაცდომა, ვინც თანამშრომლობდა, იმათ პატიობდნენ, ამიტომ უნდა ყოფილიყავი ყურადღებით.

- თქვენი აზრით, რამ შეაძლებინა ერთ ადამიანს ის, რასაც გაუძლო და  რაც გააკეთა?

- უფალმა შეაძლებინა, უფალთან არის და იღებს ულევ ენერგიას. მას აქვს, ეს მისტიური კავშირი. დღესაც ბევრი გეტყვის, რომ რაღაც თემაზე ესაუბრები, გგონია, რომ სადღაც წავიდა გონებით და არ გისმენს, მაგრამ რომ გიპასუხებს, გაანალიზებული აქვს ყველაფერი, ეს მხოლოდ იმ მამებს შეუძლიათ, რომლებიც განმღრთობილნი არიან, ეს არ არის ადამიანური სიბრძნე, უბრალოდ საკუთარი ნება დაამთხვია უფლის ნებას. დღესაც მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად ისეთი აქტიური არაა, როგორიც გვახსოვს, მაგრამ თავიდან ბოლომდე ფლობს სიტუაციას და შეიძლება ითქვას, რომ ერთადერთი იმედია დღევანდელ ვითარებაში. ერთხელ ვეხუმრე, ბავშვი ვიყავი, თქვენ პატრონობდით მთელს საქართველოს, გავიზარდე და ისევ თქვენს იმედზე ვართ-თქო. მადლის გამოთხოვა უფლისგან, ეს არის ის, რასაც ჩვენი უწმინდესი ახერხებს და ბევრ რამეს აგვარიდა.

- ხშირია შემთხვევები, როდესაც მის მიმართ მტრულად განწყობილი ადამიანი, მის მეგობრი გამხდარა...

- ადამიანის მიმართ გაღებული ეს ულევი სითბო ნორმალურ ადამიანს მოაბრუნებს, პატერიკებიდან ბევრი ვიცით, რომ ავაზაკი რომ დაესხა მღვდელს თავს და მოკვლა და დაყაჩაღება უნდოდა, მაგრამ მღვდელის საქციელმა წმინდანად აქცია ის ყაჩაღი, იმდენად ზემოქმდება მოახდინა. უწმინდესი ერთ-ერთი ასეთია. მისი თვითშეწირვის მაღალი უნდარი განაპირობებს იმას, რომ მტერიც მოყვარედ აქციოს. მისი ავტორიტეტის და რეიტინგის საფუძველი არის ის, რომ ის არ ფიქრობს საკუთარ ავტორიტეტზე, როდესაც ადამიანის გადარჩენას ეხება საქმე. ხშირად საზოგადოება მძვინვარებს, რომ ეს კაცი რატომ შეიწყნარა, ან ეს კაცი როგორ დაისვა გვერდით, ან ვინმეზე როგორ თქვა რაიმე, ჩვენ ადამიანურად ვუყურებთ,  მისი უწმინდესობა იმ ადამიანის სულზე ზრუნავს, მის გადარჩენაზე ფიქრობს, შემდეგ ვაცნობიერებთ, რატომ გადადგა ესა თუ ის ნაბიჯი . ეს არის მისი სიძლიერე, რომ გარშემო მტრებიც კი აღიარებენ მის დიდ ადამიანურ თვისებებს.

მთავარი რასაც ვუყურებ, უშურველად ხანძარში გადაეშვება ადამიანის გადასარჩენად. იმ პერიოდში როდესაც უფრო აქტიური იყო, არ მახსოვს ოჯახი, სადაც ტრაგედია დატრიალდა და არ მივიდა და არ გაამხნევა, ან სიხარული იყო სადმე და არ მივიდა და არ მოულოცა, იგივე ჩემს მიმართ სულ რომ არ ელოდები , ისეთი ყურადღება გამოუჩენია, მისი დიდბუნოვნება საკმაოდ მაღალი რანგისაა და თუ ნორმალური კაცი ხარ ერთი მხრივ უნდა გეამაყებოდეს, რომ უფალმა ასეთი პატრიარქი მომადლა შენს ქვეყანას და მეორე მხრივ, სინანულში უნდა ჩავარდე საკუთარი ცოდვების გამო და შეეცადო ღვთისსათნო ქმედებების განხორციელებას.

 ავტორი: ესმა ონიანი

463306753_8958195227576212_299915020412681906_n (1)

Неизвестный Известный
როგორ გახდა გვანჯი მანია თბილისობის დღესასწაულის იდეის ავტორი და რატომ მიანიჭეს მას საპატიო თბილისელის წოდება 48 წლის შემდეგ

დამსახურებული ჟურნალისტი, ეკოლოგი, მოგზაური, მხარეთმცოდნე, კარტოგრაფი,  საქართველოს მსოფლიო მიღწევათა და მოგზაურობათა ხელშეწყობის კავშირის „გიორგის“ დამუძნებელი და თავმჯდომარე, ფაზისის აკადემიის გამგეობის და გეოგრაფიული საზოგადოების სამეცნიერო საბჭოს წევრი, ქეთევან დედოფლის საზოგადოების საპატიო თავმჯდომარე - ეს  85 წლის გვანჯი მანიას  პროფესიული ტიტულების არასრული ჩამონათვალია და მკაფიოდ ასახავს იმ ადამიანის ცხოვრებას, რომელიც მრავალმხრივი ინტერესებით იყო გამორჩეული. 1998 წელს გვანჯი მანია ღირსების ორდენით დააჯილდოვეს, ცოტა ხნის წინ კი თბილისის საპატიო მოქალაქედ აირჩიეს, რასაც მისთვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს -  სწორედ  გვანჯი მანიას  ეკუთვნის თბილისობის დღესასწაულის დაწესების იდეა, რაც მმართველმა კომუნისტურმა პარტიამ ისე „მიითვისა“, რომ  მისი სახელი და გვარი არასდროს არსად გამოჩენილა. ბატონი გვანჯი ბევრი საინტერესო იდეის და ინიციატივის ავტორია, რასაც ის  ჩვენთან ინტერვიუშიც   იხსენებს.

- ბატონო გვანჯი, მოგვიანებით  გილოცავთ თბილისის საპატიო მოქალაქედ არჩევას. უცნაურია, რომ ადამიანს, ვინც იყავით თბილისობის დღესასწაულის დაარსების იდეის ავტორი, აქამდე არ გქონდათ ეს წოდება.    

 - ძალიან გამიხარდა, რომ ამდენი წლის შემდეგ მაინც გავახსენდი ადამიანებს თბილისობის, როგორც დიდი სახალხო დღესასწაულის იდეის ავტორი და თბილისის საპატიო მოქალაქედ ამირჩიეს. სიმართლე გითხრათ, გაკვირვებული დავრჩი, რადგან უკვე 48 წელი გავიდა მას შემდეგ,  რაც პირველი თბილისობა გაიმართა. მაშინდელმა ხელისუფლებამ, პარტიამ, მთავრობამ მიიწერა თბილისობის დღესასწაული, არ უნდა გამოჩენილიყო კონკრეტული ადამიანის, პირადად ჩემი ვინაობა, ვისი თაოსნობითაც დაიწყო თბილისობის ისტორია. წლებთან ერთად თითქოს დავიწყებას მიეცა ეს ამბავი, თუმცა მაშინაც ბევრმა იცოდა, რომ თბილისობის დღის დაწესების იდეის ავტორი მე გახლდით.   

1976 წლის 5 ნოემბერს გაზეთ „თბილისში“ გამოვაქვეყნე  პუბლიკაცია სათაურით „დაწესდეს ახალი დღესასწაული“,  სადაც მიმოვიხილე თბილისის წარსული და აწმყო, ყოფა, ტრადიციები. გამოვთქვი ჩემი აზრი, რომ  1958 წლის  შემდეგ, როდესაც გაიმართა თბილისის დაარსების   1500 წლისთვის საზეიმო ღონისძიებები, მსგავსი დღესასწაული არ გამართულა და ხომ არ დაველოდებით 2058 წელს, როცა ავღნიშნავთ  თბილისის დაარსების 1600 წელიწადს?! იქნებ დავაწესოთ თბილისობის დღესასწაული, რომელიც გაიმართება ყოველი წლის ოქტომბერში, ხოხობზე ნადირობის ჟამს. ეს დღესასწაული გამოავლენდა შემოქმედებით ნიჭს და ფანტაზიებს, გააერთიანებდა თბილისელებს და თბილისის ყველა გულშემატკივარს. ამ წერილს  საზოგადოებაში მოჰყვა დიდი გამოხმაურება და  დისკუსია, ყველა მიესალმა ამ  წინადადებას, რომელიც ძალიან მისაღები იყო თბილისელებისთვის.

ყველა მხარს უჭერდა ამ საერთო სახალხო ზეიმის დაარსების წინადადებას. სამი წლის შემდეგ ჩემი იდეა - პროექტი წარმატებით  განახორციელა მაშინდელმა ხელისუფლებამ, საქალაქო საბჭომ,  პირველი დღესასწაული გაიმართა 1979 წელს. მაშინ  ცეკას მდივანი იყო ედუარდ შევარდნაძე, საქალაქო საბჭოს თავმჯდომარე - თენგიზ მენთეშაშვილი, გამოყვეს მხატვრები, რეჟისორები. პირველი თბილისობის რეჟისორად არჩეული იყო  ლერი პაქსაშვილი. პირველი თბილისობის საპატიო მოქალაქეები გახდნენ ლადო გუდიაშვილი, კონსტანტინე ილურიძე, აკაკი შანიძე და შუშანა ჩიქოვანი. მას შემდეგ ამდენი დრო გავიდა და თბილისობა იმ წლების გარდა, როდესაც  თბილისში იყო  არეულობა, დაპირისპირება და ომი, ყოველ წელს იმართება და თბილისელებისთვის საყვარელი დღესასწაულია. მე თბილისში არ დავბადებულვარ, ჯვარში ვარ დაბადებული და გაზრდილი. კარგი ოჯახი გვქონდა. მამაჩემი მეტივე იყო, დედა მეაბრეშუმე და სახალხო მკურნალი. თბილისში მაშინ ჩამოვედი, როდესაც 21 წლის ასაკში უნივერსიტეტში  ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე. მთელი ცხოვრებით თბილისთან ვარ დაკავშირებული, თუმცა ღა მშობლიურ მხარესთან და ჯვართან კავშირი არასდროს გამიწყვეტია.    

- ძალიან საინტერესო ცხოვრება გაიარეთ,  მრავალფეროვანია თქვენი ბიოგრაფია. თავად, როგორ ფიქრობთ, რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება თქვენს პროფესიულ ცხოვრებაში?  

- ეს იმას ჰგავს, ადამიანს ჰკითხო, რომელი შვილი მეტად გიყვარსო. მე მიყვარდა ყველა საქმე, რომელსაც ვაკეთებდი. ჯერ კიდევ სკოლის ასაკში დავინტერესდი მშობლიური კუთხის შესწავლით. სათავგადასავლო მოგზაურობა პატარა ასაკიდან დავიწყე, როდესაც შევქმენი ჯგუფი და მოვიარე მაგანას და ინწრას ხეობა. წლების შემდეგ ორგანიზება გავუკეთე ბევრ ექსპედიციას: 1962 წელს  თბილისის რკალს, 1963 წელს ექსპედიციას იალბუზის გარშემო, იყო ასეთი ექსპედიცია რუსთაველის კვალდაკვალ, რომელიც 1966 წელს განხორციელდა აჭარაში, სამცხე - ჯავახეთში. 24 წლის ვიყავი, სამ მეგობართან ერთად ველოსიპედით დავფარეთ რვაათასკილომეტრიანი დისტანცია საბჭოთა კავშირის რვა რესპუბლიკაში. ველოსიპედები უნივერსიტეტმა გვიყიდა, სტიპენდიებიც წინასწარ მოგვცეს. გზაზე ბევრი დაბრკოლება შეგხვდა, მაგრამ ამ მოგზაურობამ დიდი გამოცდილება და ცოდნა მომცა, რაც მერე ძალიან გამომადგა. 

gvanji_mania-066 გვანჯი მანია და ტიმ სევრერინი 1984 წელი 

მქონდა აქტიური ჟურნალისტური ცხოვრება. ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დავამთავრე, მაგრამ პარალელურად ვსწავლობდი ეკოლოგიას, სოციოლოგიას, ხელოვნებას.  წლები ვიმუშავე საქინფორმში, გაზეთებში „კომუნისტი“, „ახალგაზრდა ივერიელი“, მიღებული მაქვს ჟურნალისტური პრემიები. ძალიან მაინტერესებდა ბუნება, ადამიანები, კავკასიის ხალხთა ცხოვრება, კულტურა, ისტორია. ვმუშაობდი საქართველოს ბუნების დაცვის სახელმწიფო კომიტეტში, სამეცნიერო - ტექნიკური ინფორმაციის განყოფილებისა და ბუნების დაცვის საზოგადოების ეკოლოგიური განათლების განყოფილების უფროსად. მოგვიანებით  ჩემი ინიციატივით მოხდა  „ ბუნების ქომაგის“ საპატიო  წოდების დაწესება,  რომელსაც გადავცემდით ბუნების დამცველებს.

ახალგაზრდობიდან აქტიური და  შეუპოვარი ხასიათი მქონდა, ალბათ ამიტომაც  ჯერ კიდევ სტუდენტობისას, როგორც არასაიმედო პერსონა, უშიშროებას აღრიცხვაზე ვყავდი აყვანილი. არ ვერიდებოდი საზოგადოებაში იმის მხილებას და კრიტიკას, რაც მაწუხებდა და არასწორად მიმაჩნდა. ბევრ რამეში მიშლიდნენ ხელს, მაგრამ მე მაინც ჯიუტად ვაკეთებდი ჩემს საქმეს.  საბჭოთა  რეჟიმის  პირობებში, როდესაც ხელისუფლება გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლის აღნიშვნისთვის ემზადებოდა, მოვაწყვეთ სამდინარო -საზღვაო ექსპედიცია „ ოქროს საწმისი“, რომელიც უპრეცედენტო ამბავი აღმოჩნდა. ავაგეთ ძველკოლხური ნიმუშის ხომალდი, რომელსაც ვუწოდეთ „ოქროს საწმისი“. ვიმოგზაურეთ ისტორიულ კოლხეთში, ექსპედიციის მესამე წელს გერმანიაში იმართებოდა ოლიმპიური თამაშები, გვინდოდა დუნაის გავლით  ქართული დროშით შევსულიყავით მიუნხენში, მაგრამ უფლება არ მოგვცეს უშიშროების სამსახურებმა. ვიცოდი, რომ არგონავტების მარშუტის გამეორება და  კოლხური კულტურის პოპულარიზაცია საბჭოთა ხელისუფლებას დიდად არ მოეწონებოდა, ამიტომ ისე შევფუთეთ, თითქოს  ექსპედიცია გასაბჭოების 50 წლისთავს ეძღვნებოდა. ასეთივე თამამი განაცხადი იყო, საცხენოსნო ექსპედიცია, რომელიც მოვაწყვეთ  კასპის რაიონში, დიდგორის ბრძოლის ადგილებში. რუსეთის მიერ დიდგორის თემაზე საუბარი აკრძალული იყო, რუსების დახმარების გარეშე, როგორ გაიმარჯვეთო, ჩვენ  კი დიდგორის ბრძოლის ადგილებში მოვაწყვეთ ექსპედიცია, რომელშიც 16 ცხენოსანი მონაწილეობდა. ეს საკითხი წამოჭრა ლევან გოთუამ, რომელმაც მიგვანიშნა ამის შესახებ ლიტერატურულ გაზეთში. მე ეს ლაშქრობა მივუძღვენი მის ხსოვნას, დავით აღმაშენებლის, გიორგი სააკაძის და თევდორე მღვდლის მოღვაწეობას. 

 - თქვენი ხელშეწყობით საქართველოში დამყარებული არაერთი რეკორდი მოხვდა გინესების რეკორდების  წიგნში, როგორ  დაუკავშირდით  გინესების რეკორდებს?

 - გინესების რეკორდების საქმესთან  დამაკავშირა ჯუმბერ ლეჟავამ, რომელთანაც როგორც ჟურნალისტს მქონდა ურთიერთობა იმ პერიოდიდან,  როდესაც  ვმუშაობდი საქინფორმის რედაქციაში. ჯუმბერ ლეჟავა არის ერთ-ერთი პირველი ქართველი, ვინც დაიმკვიდრა ადგილი გინესის რეკორდების წიგნში. მან ჯერ დაამყარა რეკორდი ჰორიზონტალური მდგომარეობიდან მკლავებზე აზიდვებში, შემდეგ კი - 3333 დღის განმავლობაში იმოგზაურა მსოფლიოს გარშემო ველოსიპედით. გადალახა აზიის, ავსტრალია - ოკეანეთის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის, ევროპის და აფრიკის ქვეყნები, ორჯერ ეწვია ანტარქტიდას.

გინესის რეკორდების წიგნში პიროვნებები ავტომატურადაც ხვდებიან. მაგალითად, წიგნში მაია ჩიბურდანიძე შეტანილია, როგორც ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში ქალთა შორის. მე გინესების რეკორდების  წიგნის მიმართ ინტერესი მქონდა, როგორც ჟურნალისტს, მაგრამ მოგვიანებით, 1993 წელს როდესაც დავაარსე მსოფლიო მიღწევათა და მოგზაურობათა ხელშემწყობი კავშირი „გიორგი,“ უკვე  აქტიურად ჩავერთე საგინესო მოძრაობაში. ჩემი დახმარებით და ხელშეწყობით  საქართველოდან ბევრი რეკორდი აისახა გინესის რეკორდების წიგნში, მაგრამ არის რეკორდები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ აისახა.

ჩემი ინიციატივა იყო, იუნესკოსა და მსოფლიო ოლიმპიურ კომიტეტში ქართული ცურვის სამი სახეობის მოხვედრა. ესაა ფეხური ცურვა, ხელფეხშეკრული ცურვა და მენჩურუა. ფეხური ცურვა  ძველ კოლხეთში ოდითგან იყო ცნობილი. მენჩურუა წყალში ორთაბრძოლის ხალხური  სახეობაა. რაც შეეხება ხელფეხშეკრულ ცურვას, ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა ჰენრი კუპრაშვილის მარათონს, როდესაც მან ხელფეხშეკრულმა გადაცურა 12 კილომეტრიანი დისტანცია, დარდანელის სრუტე. სამწუხაროდ ის ვერ მოხვდა გინესის რეკორდებში, სიცოცხლისათვის დიდი რისკის გამო.  

მე ძალიან საინტერესო ცხოვრება მქონდა. გული იმაზე მწყდება, რომ ჩაკეტილ ქვეყანაში ვცხოვრობდით და არსად არ გვიშვებდნენ, კი ბატონო, საბჭოთა კავშირის რესპუბლიკები პრობლემა არ იყო, მაგრამ საზღვრებს გარეთ ვერ გახვიდოდი. მინდოდა რამდენიმე ექსპედიციის მოწყობა და  საქართელოსთვის  თავდადებული, დამსახურებული ადამიანების ისტორიების წარმოჩენა, რაფიელ დანიბეგაშვილის, სულხან საბა ორბელიანის მოგზაურობების, ასევე  ქართული თემატიკის საკითხების მოძიება, მაგრამ არ გამიშვეს. მაშინ უცხოეთში მხოლოდ იმ ხალხს უშვებდნენ, ვისაც უშიშროების კომიტეტისგან ჰქონდა ამისი უფლება, ან მათთან იყვნენ შეთანხმებულები, როგორც ჩანს, ისინი კომპრომისზე მიდიოდნენ. ჰყავდათ მათ „რჩეულები,“  მე მათ რიცხვში არ ვიყავი. უარი მითხრეს რუმინეთში, ბულგარეთში გასვლაზე, ჩაკეტილი ვიყავი. საბჭოთა უშიშროებას ჩემი ნდობა არ ჰქონდა, ამას ყველა ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობდი.  ჩემი ჯიუტი ხასიათით ვცდილობდი ხოლმე ჩაკეტილი წრის გარღვევას, რასაც ზოგჯერ  ვახერხებდი, ზოგჯერ - არ გამომდიოდა. 

თამუნა ნიჟარაძე

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати