USD 2.6797
EUR 2.8684
RUB 2.9172
Тбилиси
მალალა - ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა ნობელის პრემიის მფლობელი გოგონა პაკისტანიდან
дата:  3944

ჩვენთვის, ქალებისთვისთვის პატრიარქალური სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ, ყოველთვის კეთილგანწყობილი და მშვიდი არაა. ყოველდღიურად გვიწევს პატარ-პატარა დაბრკოლებების გადალახვა, რომ თავი საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად ვიგრძნოთ, მაგრამ ჩვენ არ ვიცით რა არის ნამდვილი ომი. ომი, რომლის ეპიცენტრში ცხოვრებაც შორეული აღმოსავლეთის მკვიდრ გოგონებს უწევთ. ჩვენ არ გვჭირდება იმის მტკიცება, რომ ქალებსაც გვჭირდება განათლება და ჩვენც ისევე ვიმსახურებთ ფუნდამენტურ უფლებებს, როგორც მამაკაცები.

„მე ვყვები ჩემს ისტორიას არა იმიტომ, რომ ის უნიკალურია, არამედ იმიტომ, რომ ეს ბევრი გოგონას ისტორიაა“   - ეს სიტყვები მალალა იუსუფზაის, ქალთა უფლებებისთვის მებრძოლ  ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა ნობელის პრემიის მფლობელს ეკუთვნის.

მალალა 1997 წელს პაკისტანში, ქალაქ მინგორაში დაიბადა. მალალას მამა, რომელიც მათი პატარა დასახლების გოგონების სკოლის დირექტორი იყო, შვილებს ბავშვობიდანვე პროგრესული იდეებით კვებავდა და თავის გოგონებს ასწავლიდა, რომ ისინი მხოლოდ ვინმეს ცოლები კი არა, განვითარებული და განათლებული ინდივიდები უნდა ყოფილიყვნენ, რადგან მხოლოდ ასე შეძლებდნენ საკუთარი თავის დამკვიდრებას და მშობლიური ქალაქის განვითარებაში წვლილის შეტანას. თავად მალალა იხსენებს, რომ მათი ოჯახი ეკონომიკურად ძლიერი არასდროს ყოფილა, მაგრამ მათი სიმდიდრე ის ფასეულობები იყო, რომელთა დაცვასაც თითოეული ოჯახის წევრი ყოველთვის პრინციპულად ცდილობდა. მალალას ადრეული ბავშვობის პერიოდში, სვატის დასახლება, სადაც მათი ოჯახი ცხოვრობდა, ტურისტულად ძალიან აქტიური ადგილი იყო -  ულამაზესი მთებით შემოსაზღვრული ხეობა, რომლის სანახავად ხალხი მთელი მსოფლიოდან ჩადიოდა და მალალაც ხელიდან არ უშვებდა შესაძლობლობას შორეული კულტურების შესახებ მეტი გაეგო და ეს ცოდნა საკუთარი თავის და გარშემომყოფების განვითარებისთვის მოეხმარა.

ყველაფერი მაშინ შეიცვალა, როცა მათ მშობლიურ ქალაქში თალიბები შევიდნენ და სრულებით ახალი წესრიგი დაამყარეს. გოგონებს განათლების მიღება აუკრძალეს. 400-ზე მეტი სკოლა დაანგრიეს. ქალებს ბაზარში სიარულიც კი არ შეეძლოთ, სალონები ააფეთქეს. არ შეილებოდა მუსიკის მოსმენა და სატელევიზიო გადაცემების ყურება.  სასჯელი ელოდა ყველას, ვინც ამ წესებს დაარღვევდა.

მაშინ მალალამ გადაწყვეტილება მიიღო: „ორი არჩევანი არსებობდა. პირველი - შემეძლო ჩუმად ვყოფილიყავი და არასოდეს მელაპარაკა, თუმცა ოდესმე ტერორისტთა მსხვერპლი მაინც გავხდებოდი. მეორე – საკუთარი უფლებების დასაცავად ხმა ამემაღლებინა და ამ საქმისთვის მოვმკვდარიყავი. მე მეორე შესაძლებლობა ავირჩიე.“

2008 წელს მალალამ პირველი საჯარო განცხადება გააკეთა სახელწოდებით: „ როგორ ბედავთ და გვართმევთ განათლების უფლებას.“  ამ გამოსვლის შემდგომ 11 წლის გოგონა და მისი ოჯახი თალიბანის მთავარი სამიზნე გახდა. „მე ვიცოდი,  რომ ეს  სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან მივხვდი თუ რისი ეშინოდათ ტერორისტებს ყველაზე მეტად - პატარა გოგონასი წიგნებითა და კალმით ხელში.  მათ შეეძლოთ ჩვენ იარაღით დავემარცხებინეთ, მაგრამ ჩვენ წიგნებითა და განათლებით სრულიად ტერორიზმის დამარცხებას შევძლებდით “ - წერს მალალა თავის საავტორო ბიოგრაფიულ წიგნში „ მე ვარ მალალა“. 

მალევე  გოგონამ ბიბისის ბლოგერობა დაიწყო; მართალია, ვერ ბედავდა  წერილები თავისი ნამდვილი სახელით ეწერა და ფსევდონიმად გულ მაკაი აიღო, მაგრამ მას შემდეგ რაც ბიბისიმ წლის საუკეთესო ბლოგერად დაასახელა, მისი ვინაობაც გამჟღავნდა. იმავე წელს მალალა პაკისტანის ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერაც დაჯილდოვდა ქალთა უფლებებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის . ექსტრემისტი თალიბებისთვის ეს ბოლო წვეთი აღმოჩნდა. მათ დაბრკოლება გზიდან უნდა ჩამოეშორებინათ.  

2012 წელს, ავტობუსი რომლითაც მალალა მგზავრობდა ნიღბიანმა ტერორისტებმა გააჩერეს. „ რომელია თქვენს შორის მალალა“ - იკითხეს მათ და მას შემდეგ, რაც ხალხის მზერა მალალაზე შეჩერდა, სროლის ხმა გაისმა. გოგონას ტყვია თავში მოხვდა და მძიმედ დაიჭრა.  მალალა პაკისტანის დედაქალაქში სამხედრო საავადმყოფოში გადაიყვანეს. გოგონამ უმძიმესი ოპერაცია გადაიტანა. ექიმი, რომლის მეთვალყურეობის ქვეშაც მალალა იმყოფებოდა იხსენებს, რომ  მსგავსი მძიმე მომენტი არასდროს გადაუტანია. „ ჩემს ხელში მხოლოდ ერთი ადამიანის კი არა, ფაქტობრივად ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავალი იყო“. 

საბედნიეროდ, მალალა გადარჩა, შემდგომი რეაბილიტაციის გასავლელად კი ის და მისი ოჯახი ინგლისში, ბირმინჰემში გადაიყვანეს.

ტერორისტების  მიერ განხორციელებულმა გაუმართლებელმა ძალადობამ შედეგად ის გამოიღო, რომ მალალას ხმა და პროტესტი კიდევ უფრო გაძლიერდა. „გასულ წელს მე შესაძლებლობა მომეცა, უკეთ ჩავწვდომოდი, თუ რა მიზეზით არის გამოწვეული ის შიში და ძრწოლა, რომელიც თალიბებსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც განათლების მიღებასთან დაკავშირებით გოგონების უფლებების ხელყოფას ცდილობს,  ჩემს მიმართ ჰქონდათ. ამ მცდელობით ტერორისტებმა ძალიან დიდი შეცდომა დაუშვეს. რატომ? იმიტომ, რომ ძალიან შემეშინდა. შემეშინდა, რომ ჩემს გაჩერებას მოახერხებდნენ. და ჩემს სისუსტეებს სწორედ იმ დღეს ბოლო მოეღო. ჩემში ახალი ძალა დაიბადა. ვფიქრობ, მათი მადლიერი უნდა ვიყო.“

მალალამ  პაკისტანში დაწყებული საქმე დიდ ბრიტანეთში გააგრძელა. წერდა ბლოგებს, ხვდებოდა მსოფლიო ლიდერებს, ცდილობდა თითოეული ბავშვის თითოეული პრობლემა დეტალურად გამოეტანა სააშკარაოზე და მხოლოდ დაუღალავი შრომით და ხმამაღალი ლაპარაკით მიეღწია იმისთვის, რომ ეს პრობლემა არა მხოლოდ ლოკალური, არამედ საყოველთაო ზრუნვის საგანი გამხდარიყო. 16 წლის იუბილეზე კი გაეროს ტრიბუნაზე  თავისი ყველაზე დასამახსოვებელი სიტყვით წარსდგა. „ ყველა ბავშვს უნდა შეეძლოს შიშის გარეშე ხელში წიგნის აღება და არც ერთ მასწავლებელს არ ეშინოდეს თავისი ცოდნის მომავალი თაობებისთვის გადაცემა. ერთი ბავშვი, ერთი  მასწავლებელი და მონდომება - მხოლოდ ეს გვაშორებს მსოფლიოს სამუდამოდ შეცვლისგან“.  გამოსვლა იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ ამ დღეს „ მალალას დღე“ უწოდეს.

  

მალალას  ძალისხმევას უკვალოდ ნამდვილად არ ჩაუვლია. 2014  წელს მალალა მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მფლობელი გახდა. ამ დროს იგი მხოლოდ 17 წლისა იყო. ნობელის პრემიის მიღებას კი  საკუთარი ფონდის დაარსება მოჰყვა.     

ამ  ფონდის იდეა ჯერ კიდევ მაშინ არსებობდა, როცა მალალა საკუთარ ოჯახთან ერთად პაკისტანში ცხოვრობდა.  „იქ სადაც ჩვენ ვცხოვრობდით, ერთი ქალი დადიოდა, რომელსაც სამი მცირეწლოვანი ქალიშვილი ჰყავდა და ეს  გოგონებიც ზრდასრულებივით შრომობდნენ. სხვა გზა არ ჰქონდათ, ფულს სხვაგვარად ვერ იშოვიდნენ და ბავშვობის წლებს, რომელიც თანატოლებთან გართობაში და სწავლაში უნდა დაეხარჯათ, შრომაში ატარებდნენ.“

დღეს მალალას ფონდი დაახლოებით 130 მილიონ ბავშვს და მათ ოჯახებს ფინანსურად ეხმარება.  ისეთ კონფლიქტურ ზონებშიც კი, როგორც ერაყი და სირიაა, მალალა თავად მოგზაურობს და ცდილობს განათლების შესაძლებლობა ფრონტის ხაზზე მდგარ ბავშვებსაც მისცეს. „თითოეულ ადგილას სიტუაცია განსხვავებულია, ამიტომ მათ გადასაჭრელად სხვადასხვა გადაწყვეტილების მიღება ხდება საჭირო. “ფონდ მალალას”  იმ გოგონების აღმოჩეა სურს, რომლებიც საკუთარი უფლებების დასაცავად ხმას იმაღლებენ. ჩვენ გვინდა მათ დიდი ტრიბუნა დავუთმოთ, რათა მთელი მსოფლიოს წინაშე ილაპარაკონ და პრობლემები გააშუქონ.“ - საუბრობს მალალა ბიბისისთვის მიცემულ ბოლო ინტერვიუში.

დღესდღეობით მალალა ოქსფორდის უნივერსიტეტში ფილოსოფიასა და პოლიტიკურ მეცნიერებებს სწავლობს. მიუხედავად იმის, რომ მისი გრაფიკი ძალიან დატვირთულია და თავისი თანატოლების მსგავსად ყველა ლექციაზე დასწრებას ვერ ახერხებს,  გოგონა მაინც ცდილობს თავისი სტუდენტური ცხოვრება პრიორიტეტული გახადოს, რათა სამომავლოდ უფრო დიდი რესურსი და შესაძლებლობა ჰქონდეს დაწყებული საქმე უფრო და უფრო მეტი წარმატებით გააგრძელოს. 

მალალამ - ერთმა ჩვეულებრიმა გოგონამ ჩვეულებრივი ოჯახიდან დაამტკიცა, რომ სამყაროს შეცვლა ერთ განსხვავებულ ხმასაც კი შეუძლია „მსოფლიოში, სადაც ყველა ჩუმადაა, ხმამაღლა ნათქვამ სიტყვებს დიდი ძალა აქვს“. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ, საიდან მოდიხარ, ვინაა შენი მტერი თუ მეგობარი. დღეს რეალური ცვლილებების მოხდენა მხოლოდ სულით მტკიცე და შეუპოვარ ადამიანებს შეუძლიათ.

 

ავტორი: ელენე ხვედელიძე

         

    

спорт
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება. ეს გადაწყვეტილება დღეს ზაგრებში იქნა მიღებული მას შემდეგ, რაც მოცემულ ინიციატივას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაუჭირა მხარი.
ძიუდოში წლევანდელ ევროპის ჩემპიონატს კი ხორვატიის დედაქალაქმა უმასპინძლა. ძიუდოში საქართველოს ნაკრებმა კონტინენტის პირველობა რვა მედლით დაასრულა. ინდივიდუალურ ასპარეზობაში ქართველმა სპორტსმენებმა ორი ოქრო, ორი ვერცხლი და სამი ბრინჯაოს მედალი მიიღეს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს. ხოლო ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ჩემპიონატზე ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა, ვერცხლი ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა, ბრინჯაო კი ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა ბექაურმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.
ევროპის ჩემპიონატს ზაგრებში საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა გოგსაძე და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი ესწრებოდნენ. იოსებ ბაღათურიამ ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში გამარჯვებული ნაკრებების დაჯილდოების ცერემონიაშიც მიიღო მონაწილეობა.
ზაგრებში გამართულ კონტინენტის პირველობაზე ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების შესახებ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, მხარდაჭერით საქართველომ ევროპის ძიუდოს კავშირის შეთავაზება მიიღო 2026 წლის აპრილში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლოს.
ზაგრებში ევროპის ძიუდოს კავშირმა 2023 წლის საუკეთესო მამაკაც ძიუდოისტად ტატო გრიგალაშვილი, წლის საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაც ძიუდოისტად შალვა გურეშიძე, წლის საუკეთესო გუნდად კი საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები დაასახელა.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати