სხვადასხვა ქვეყნებში მემარჯვენეების, ულტრამემარჯვენეების გამარჯვებამ და წამყვან ადგილებზე მათმა პოზიციონირებამ, ბუნებრივია, აჩვენა, რომ ლიბერალური ფლანგი ბევრად უფრო სუსტად გამოიყურება ამ ქვეყნებში - ეს შედეგები მიუთითებს იმაზე, რომ საკმაოდ ბევრ საკითხზეა საფიქრალი ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიტიკურ ელიტაში, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, მაკა ბოჭორიშვილმა ევროპარლამენტის არჩევნების შედეგებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ახლა მნიშვნელოვანი იქნება, თუ როგორ ჩამოყალიბდება კოალიციები ევროპარლამენტში და როგორ დაჯგუფდებიან სხვადასხვა ქვეყნიდან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები.
"ევროპულმა არჩევნებმა ძალიან მნიშვნელოვანი ტენდენციები გამოააშკარავა და გამოაჩინა. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, დღეს, ევროპულ სცენაზე მთავარი პარტიები ისევ უმრავლესობით არიან წარმოდგენილი ევროპარლამენტში, ძალიან მნიშვნელოვანი იყო მემარჯვენეების, ულტრამემარჯვენეების მიერ კონკრეტულ ქვეყნებში მოპოვებულო გამარჯვება, რაც გარკვეულწილად ახდენს და მოახდენს გავლენას ევროპული პოლიტიკის კლიმატზე. მნიშვნელოვანი იქნება ის ნაბიჯები, რომელიც გადაიდგმება სწორედ ევროპული არჩევნების შემდგომ. ჩვენ ვნახეთ, რომ საფრანგეთში დაინიშნა ვადამდელი არჩევნები. ახლა მნიშვნელოვანი იქნება, თუ როგორ ჩამოყალიბდება კოალიციები ევროპარლამენტში, როგორ დაჯგუფდებიან სხვადასხვა ქვეყნიდან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები, რამდენად ექნება ამ დაჯგუფებებს გავლენა ევროპარლამენტის პოლიტიკაზე და სხვადასხვა საკითხზე პოზიციების ფორმირებაზე.
სხვადასხვა ქვეყნებში მემარჯვენეების, ულტრამემარჯვენეების გამარჯვებამ და წამყვან ადგილებზე მათმა პოზიციონირებამ, ბუნებრივია, აჩვენა რომ ლიბერალური ფლანგი ბევრად უფრო სუსტად გამოიყურება ამ ქვეყნებში და უფრო მეტად ხალხი მხარს უჭერს მემარჯვენეებს, ან ულტრამემარჯვენე პოლიტიკურ ძალებს. ეს შედეგები მიუთითებს იმაზე, რომ საკმაოდ ბევრ საკითხზეა საფიქრალი ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიტიკურ ელიტაში, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ხშირად არის საუბარი, რომ პოლიტიკური ელიტის პოზიციები არ ემთხვევა ხალხის პოზიციებს," - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
ცნობისთვის, ევროპარლამენტის არჩევნების ბოლო საპროგნოზო მონაცემების მიხედვით, მემარჯვენე-ცენტრისტულმა „ევროპის სახალხო პარტიამ“ (EPP) ევროპარლამენტში 184 ადგილი მოიპოვა. მედიის ინფორმაციით, მეორე ადგილზეა „სოციალისტებისა“ და „დემოკრატების“ (S&D) ბლოკი 139 მანდატით. ლიბერალურმა „ევროპულმა განახლებამ“ 22 ადგილი დაკარგა, „მწვანეებმა“ კი 20 და არჩევნებში 80 და 52 მანდატი მოიპოვეს. მემარჯვენე და ულტრამემარჯვენე ჯგუფები „ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტები“ (ECR) და “იდენტობა და დემოკრატია” (ID) - 73 და 58 მანდატი. ჯერჯერობით უცნობია, რომელ ჯგუფს დაუჭერს მხარს 95 დამოუკიდებელი ევროპარლამენტარი.
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.
მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.
პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.
ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.
ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.
წყარო: https://bm.ge/