დღეს როდესაც კორონავირუსი მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ პანდემიად არის გამოცხადებული, ნათლად გამოჩნდა თუ რა უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის თბილისის ლუგარის ლაბორატორიას.
რომ არა ლუგარის ლაბორატორია, საქართველოში ვერ მოხდებოდა ამ ვირუსების დიაგნოსტირება და მათი გავრცელება უფრო მასშტაბური იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის გავრცელების საფრთხე რეალურია, ლუგარის ლაბორატორიის წყალობით ჩვენ უკვე ვიცით, რას ვებრძოლოთ, ვიცნობთ სიმპტომებს და პრევენციულ გზებსაც ოპერატიულად ვეძებთ.
კორონავირუსმა მსოფლიოს განვითარებული ქვეყნებიც კი საგონებელში ჩააგდო, მაგრამ საქართველო თავისი არცთუ განვითარებული ჯანდაცვის სისტემის ფონზეც კი, საკამოდ ორგანიზებულად უმკლავდება პანდემიას, რაშიც ჩვენი უმაღლესი დონის სპეციალისტებთან ერთად, ლუგარის ლაბორატორიასაც უდიდესი როლი მიუძღვის.
ის, რომ საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ის მზად არის გამოწვევების, ეს დიდწილად ლუგარის ლაბორატორიის სრულყოფილი მუშაობით აიხსნება.
სწორედ ლუგარის ლაბორატორიის დიდი მნიშვნელობის გამო მოხდა ის რუსეთის ინტერესების სფეროში და პრორუსულმა ძალებმა ის ლამის ანტისახელმწიფოებრივ დაწესებულებად გამოაცხადეს.
სწორედ ამ ლაბორატორიის დამსახურებაა, რომ რეგიონში ბევრ სახელმწიფოს არ შეუძლია ვირუსის ასე ოპერატიულად დადგენა, როგორც ლუგარის ლაბორატორიის ქართველ სპეციალისტებს. სწორედ აქ ამოიცნეს "ღორის გრიპად" წოდებული H1N1, ფრინველის ვირუსი და სხვა სახიფათო დაავადებები. ლუგარში ჩატარებული ექსპერიმენტები და ის ცოდნა, რასაც ქართველი ექიმები იღებენ, მხოლოდ საქართველოს კი არა, მსოფლიო ერების ჯანმრთელობას იცავს მომაკვდინებელი ინფექციებისგან. ცენტრში მუშაობენ როგორც ამერიკელი, ასევე დასავლეთის სხვადასხვა ქვეყნიდან და პოსტსაბჭოთა სივრციდან ჩამოსული მკვლევრები.
ოფიციალურად ამ დაწესებულებას რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი (Richard G. Lugar Center for Public Health Research) ეწოდება.
კვლევითი ცენტრი თბილისის აეროპორთან ახლოს მდებარეობს. ის უმაღლესი სტანდარტებითაა მოწყობილი და ბიოუსაფრთხოების მესამე დონე აქვს მინიჭებული, რაც ნიშნავს, რომ აქ მუშაობენ ყველა სახის მიკრობთან, რამდენიმე ყველაზე საშიში პათოგენის – მაგალითად, ციმბირის წყლულის და შავი ჭირის გარდა.
საქართველოს კვლევით ინსტიტუტებში ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან იყო შემორჩენილი უამრავი სინჯარა საშიში ბაქტერიებითა და ვირუსებით. ლუგარის ლაბორატორიის გახსნის შემდეგ, ეს პათოგენები იქ გადაიტანეს, რადგან ქართულ კვლევით ინსტიტუტებში მათი შენახვის წესები სათანადოდ დაცული არ იყო.
სწორედ უსაფრთხოების მიზნით შეარჩიეს ცენტრის ასაშენებლად ქალაქის განაპირა რაიონი.
რიჩარდ ლუგარი, ამერიკელი სენატორი და არასამთავრობო ორგანიზაცია „ლუგარის ცენტრის“ პრეზიდენტი, 87 წლის ასაკში 2019 წელს გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე 87 წლის სენატორი ინდიანას უნივერსიტეტის პროფესორად მუშაობდა, ასევე იყო - ისტორიისა და პოლიტიკური მეცნიერებების დეპარტამენტის საპატიო ლექტორი. ინდიანაპოლისის უნივერსიტეტში კი ხელმძღვანელობდა რიჩარდ ლუგარის სიმპოზიუმს მომავალი ლიდერებისთვის.
აშშ-ს სენატში ყოფნის დროს ლუგარი მუშაობდა ისეთი გლობალური მნიშვნელობის საკითხებზე, როგორიცაა კვების უსაფრთხოება, ბირთვული იარაღის გავრცელების პრევენცია, ენერგოდამოუკიდებლობა, თავისუფალი ვაჭრობა.
რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი საქართველოში სრულ ექსპლუატაციაში 2013 წლის აგვისტოში შევიდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ლუგარის ცენტრი, მთელი აღჭურვილობით, სრულად გადმოცემულია საქართველოს მთავრობის საკუთრებაში, ხოლო 2018 წლიდან ლუგარის ცენტრის და ლაბორატორიული ქსელის სრულ დაფინანსებას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა.
ლუგარის ცენტრი აერთიანებს თანამედროვე დონეზე აღჭურვილ ბიოუსაფრთხოების მე-2 და მე-3 დონის ლაბორატორიებს, რომელთა მიზანია ადამიანისა და ცხოველთა საშიშ დაავადებათა გამომწვევი პათოგენების დროული აღმოჩენა და იდენტიფიკაცია "ერთიანი ჯანმრთელობის" პრინციპით.
ცენტრში ფუნქციონირებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მიერ აკრედიტირებული 3 ვირუსოლოგიური ლაბორატორია (პოლიომიელიტის, გრიპის, წითელა–წითურას), გარდა ამისა, ფუნქციონირებს გარე, საერთაშორისო ხარისხის კონტროლით ლაბორატორიები: როტა ვირუსების, ინვაზიური მენინგიტების, მალარიის, ანტიბიოტიკორეზისტენტობის, დიფთერიის და სალმონელოზების დიაგნოსტიკაში, რაც საშუალებას იძლევა ცენტრმა წარადგინოს განაცხადი ჯანმოს მოთანამშრომლე ცენტრის სტატუსის მოსაპოვებლად.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციითვე, ორგანიზაციის შესაძლებლობებს ფართოდ იყენებენ მაგისტრანტების და დოქტორანტების მოსამზადებლად და სამეცნიერო კვლევებისათვის სხვადასხვა უნივერსიტეტები, მათ შორის მეზობელი ქვეყნებიდან.
საქართველოს თანამედროვე კლასიფიკაციით მესამე დონის ლაბორატორიას კორონავირუსის დიაგნოსტირებაც შეუძლია, რაც ამ ინფექციის დროულად გამოვლენისა და მართვის შესაძლებლობას იძლევა.
ლუგარის ცენტრის აშენების მიზანი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში გაფანტული სახიფათო ბიოლოგიური მასალის სამედიცინო მიზნით გამოყენება იყო. ცენტრი უმაღლესი სტანდარტებით არის მოწყობილი და ბიოუსაფრთხოების მესამე დონე აქვს მინიჭებული, რაც ნიშნავს, რომ აქ თითქმის ყველა სახის მიკრობს იკვლევენ. სეროლოგიურ ლაბორატორიაში უამრავი დასახელებისა და თვისების ვირუსი და ბაქტერიაა, მიკროორგანიზმების კვლევა კი ადამიანის ჯანმრთელობას ემსახურება.
თბილისის ლაბორატორია ნამდვილად აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერაა დაფინანსებული.
2013 წლიდან ლაბორატორიას საქართველოს ეროვნული დაავადებათა კონტროლის ცენტრი მართავს (NCDC), რაც აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრების (CDC) ანალოგია. ამერიკელი თანამშრომლების რაოდენობა კი, ბოლო წლებში საგრძნობლად შემცირდა.
საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული საქართველოში არსებობდა სხვადასხვა პროფილის ლაბორატორიები, როგორიცაა თბილისში, საბურთალოს რაიონში, ასათიანის ქუჩაზე არსებული „შავი ჭირის საწინააღმდეგო საქართველოს სადგური“, რომელიც დღეს „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრად“ არის გადაკეთებული, სადაც თითქმის 70 წლის განმავლობაში შავი ჭირის, ჯილეხის, ბრუცელოზის საშიშ პათოგენებზე მუშაობდნენ.
კიდევ ერთი ასეთი უწყება იყო ტაბახმელას ბიოლოგიური კომბინატი, რომელიც ვაქცინებს აწარმოებდა, თუმცა საიდუმლო გეგმის შესაბამისად მას 24 საათში შეეძლო გადაეწყო სამუშაო პროცესი და ბიოლოგიური იარაღის კომპონენტების გამოშვებაც დაეწყო.
მიმდინარე ცენტრის მშენებლობა 2004 წელს, აშშ-ის მთავარობასა და საქართველოს მთავრობას შორის ხელმოწერილი ხელშეკრულების და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე დაიწყო. შეთანხმების სრული სახელწოდება „ბიოლოგიური იარაღის განვითარებასთან დაკავშირებული ექნოლოგიების, პათოგენების და გამოცდილების გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ იყო. აშშ-ის ხელისუფლებას არ სურდა, საბჭოთა პერიოდიდან საქართველოს ტერიტორიაზე ბიოლოგიურ იარაღზე მომუშავე მეცნიერები მსოფლიოს ძნელად კონტროლირებად ქვეყნებში, ირანში ან ჩრდილოეთ კორეაში წასულიყვნენ, ასევე ცდილობდნენ საქართველოდან არ გასულიყო ბიოლოგიურ იარაღთან დაკავშირებული ტექნოლოგიები და უსაფრთხოდ დაცული ყველა ის პათოგენი, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ინახებოდა საქართველოში.
ლუგარის კვლევითი ცენტრი 2011 წელს გაიხსნა, თუმცა, სრულ ექსპლუატაციაში 2013 წლის აგვისტოში შევიდა. ლუგარის კვლევითი ცენტრი დაავადებათა ქვეყნის ლაბორატორიული ქსელის უმაღლესი დონის დაწესებულებაა, რომელიც წარმოადგენს საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის რეფერალურ ლაბორატორიას.
ზემოთ აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე ბოლო 13 წლის განმავლობაში, ადამიანისა და ცხოველთა ჯანმრთელობისა და ბიოუსაფრთხოების სფეროში განხორციელდა და ხორცილდება ფინანსური და ტექნიკური დახმარების პროგრამა, რომლის საერთო ჯამური ღირებულება 2018 წლისთვის შეადგენს დაახლოებით 350 მილიონ დოლარამდე ინვესტიციას. ამ პროგრამის ფარგლებში ქვეყანაში მოეწყო თანამედროვე დონეზე აღჭურვილი ბიოუსაფრთხოების ლაბორატორიული ქსელი ადამიანისა და ცხოველთა საშიშ დაავადებათა გამომწვევი პათოგენების დიაგნოსტირებისთვის.
ლუგარის კვლევითი ცენტრი, მთელი თავისი აღჭურვილობით სრულად გადმოცემულია საქართველოს მთავრობის საკუთრებაში, 2018 წლიდან კი ლუგარის კვლევითი ცენტრის და ლაბორატორიული ქსელის სრულ დაფინანსებას უზრუნველყოფს საქართველოს
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში 30 იანვრიდან 577 შესაძლო შემთხვევის ნიმუში იქნა გატესტილი ლუგარის ლაბორატორიაში და 25 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, რომელთაგან 2 უკავშირდება ირანში მოგზაურობის ისტორიას, 1 ესპანეთში, დანარჩენი ყველა პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია იტალიასთან.
რაც შეეხება გლობალურ მონაცემებს, ამ მომენტისთვის მსოფლიოში კორონავირუსის 132 992 შემთხვევა არის დადასტურებული, გარდაიცვალა 4945 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 68 891 პაციენტი.