USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
Тбилиси
«Globe and Mail» (კანადა): „რატომ მიდის რუსეთის ეკონომიკაში საქმე კარგად - თუნდაც ხანმოკლე ვადით, მაგრამ მაინც“
дата:  415

კანადის გაზეთი „გლოუბ ენდ მეილი“ (Globe and Mail) აქვეყნებს სტატიას სათაურით „რატომ მიდის რუსეთის ეკონომიკაში საქმე კარგად - თუნდაც ხანმოკლე ვადით, მაგრამ მაინც“ (ავტორი - ჯონ რეპლი, მწერალი, პროფესორი). „ხმები რუსეთის ეკონომიკის კრახზე გადაჭარბებული აღმოჩნდა. ვლადიმერ პუტინი დარწმუნებული იყო, რომ დასავლურ სანქციებს მისი ქვეყანა გაუძლებდა. საბოლოო ჯამში, პრეზიდენტის იმედმა გაამართლა. მოსკოვისათვის, როგორც ჩანს, დასავლური სანქციები ნაკლებად დამაზიანებელი აღმოჩნდა. რუსეთმა დასავლეთთან ეკონომიკურ ომში გამარჯვა“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

როცა ორი წლის წინათ რუსეთის ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ, დასავლეთი დაირაზმა, რომ კიევისათვის მხარი დაეჭირა და მოსკოვი იზოლაციაში მოექცია. დასავლეთმა არა მარტო დაიწყო უკრაინისათვის იარაღის მიწოდება და ლტოლვილების მიღება, არამედ სწრაფი და გაბედული ნაბიჯები გადადგა რუსეთის ეკონომიკისათვის „ჟანგბადის გადასაკეტად“: მოსთხოვა თავის კომპანიებს, რომ რუსეთში ოპერაციები შეეწყვიტად, აკრძალა რუსული პროდუქციის იმპორტი, გააუქმა რუსული გემებისათვის დასავლეთის ნავსადგურებში შესვლის ნებართვები, აუკრძალა სადაზღვევო კომპანიებს რუსულ კომპანიებთან ურთიერთობა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დაბლოკა მაღალტექნოლოგიური პროდუქციის ექსპორტი, რომელიც აუცილებელია როგორც რუსეთის თავდაცვის სფეროსთვის, ასევე ენერგეტიკისათვის.

დასავლეთი იმედოვნებდა რუსეთისათვის ფინანსების დაბლოკვას, რათა კრემლს ომის გასაგრზელებლად თანხები არ ჰქონოდა, იმავდროულად კი უკრაინას ყველაფერს აწოდებდა რუსეთის აგრესიის მოსაგერიებლად. და თავდაპირველად მართლაც ისე ჩანდა, რომ სანქციებმა გაამართლა, დასავლეთი ზეიმობდა. უფრო მეტიც - უკრაინამ მოახერხა და რუსეთის ჯარების კიევის მისადგომებიდან უკუაგდო... რუსულმა ეკონომიკამ შემცირება დაიწყო.

მაგრამ გავიდა ორი წელი და დღეს ყველაფერი სულ სხვაგვარად მოჩანს. 2022 წლის რეცესია რუსულ ეკონომიკაში უფრო სუსტი აღმოჩნდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო, გასულ წელს კი ეკონომიკა მთლიანად აღდგა და მისი განვითარების ტემპები ომის წინა მდგომარეობას დაუბრუნდა. ამ დროს კი დასავლეთის ქვეყნები, განსაკუთრებით ევროპული სახელმწიფოები, გერმანიის მსგავსნი, რომლებიც ძალიან იყვნენ დამოკიდებულნი რუსულ ნავთობსა და გაზზე,  ძლივს ტივტივებენ იმ დროს, როცა რუსეთი ეკონომიკის ზრდის ტემპებით შეერთებულ შტატებს არ ჩამორჩება. გარდა ამისა, რუსეთის სამხედრო მრეწველობა არამარტო არ დაზარალებულა, არამედ მნიშვნელოვნად გაფართოვდა. ამჟამად ქვეყანა წელიწადში სამ მილიონ საარტილერიო ჭურვს აწარმოებს. ეს რაოდენობა თითქმის სამჯერ აჭარბებს აშშ-სა და ევროპას, ერთად აღებულს. ყოველდღიურად ბრძოლის ველზე რუსეთის არმიის არტილერისტები ხუთჯერ მეტ ჭირვს ისვრიან უკრაინელებთან შედარებით

უკრაინა ისეა დაბომბილი, რომ მსხვილი ქარხნებიდან და ენერგეტიკული ობიექტებიდან მხოლოდ ნანგრევებიღაა დარჩენილი. უკრაინის ეკონომიკა უკიდურესად დაეცა - ქვეყანამ ომის პირველსავე წელს ეკონომიკის თითქმის მესამედი დაკარგა და მისი აღდგენა მხოლოდ შორეულ პერპექტივაში თუ იქნება შესაძლებელი.

თავისთავად ნათელია, რომ ხმები რუსეთის ეკონომიკური სიკვდილის შესახებ ძალიან გადაჭარბებული აღმოჩნდა. ქვეყნის საოცარი გამძლეობა რამდენიმე ფაქტორით შეიძლება აიხსნას:

პირველი - რუსეთის მთავრობამ ეკონომიკა სამხედრო რელსებზე გადაიყვანა. თავდაცვის ხარჯები მკვეტრად გაიზარდა და ამჟამად მთლიანი ეკონომიკის 7%-ს შეადგენს. რუსეთის ტერიტორია ომით, ანუ პირდაპირი სამხედრო მოქმედებებით, არ ზიანდება (მოკავშირეები უკრაინისაგან ითხოვენ, რომ დასავლური იარაღი უშუალოდ რუსეთის წინააღმდეგ არ იქნეს გამოყენებული, რადგან ვაშინგტონს და ბრიუსელს მასშტაბური ომის დაწყება არ სურთ). უცხოურმა კომპანიებმა რუსეთი დატოვეს, მაგრამ მათი დიდი ნაწილი რუსულმა კომპანიებმა ჩაანაცვლეს და ეკონომიკას სიცოცხლე დაუბრუნეს.

მეორე - რუსეთმა მარჯვედ მოზებმა დასავლურ სანქციებში არსებული „ხვრელები’ და ემბარგოს გვერდი აუარა. მას შემდეგ, რაც დასავლეთის ქვეყნებმა მაღალტექნოლოგიური კომპიუტერული ინტეგრალური სქემების („ჩიპების“) ექსპორტი აკრძალეს, რომლებიც სამოქალაქო სფეროს პარალელურად, სამხედრო წარმოებაშიც გამოიყენება, რუსეთმა დაიწყო ნებადართული დასავლური პროდუქციის იმპორტის გაფართოება - მაგალითად, მაცივრების, სარეცხი მანქანების, მიკროტალღური ღუმელების შესყიდვა, მათგან „ჩიპების“ ამოღების მიზნით. რუსეთი ფართოდ სარგებლობს უცხოური გემებით ნავსადგურებში თავისი პროდუქციის შესატანად. გარდა ამისა, გაჩნდა უამრავი ქვეყანა-შუამავალი, განსაკუთრებით გლობალურ სამხრეთის ქვეყნები, რომლებიც დასავლეთის ორმაგი სტანდარტების საპასუხოდ (განსაკუთრებით ღაზას სექტორში მიმდინარე ომთან მიმართებით), მორალურად ამართლებენ  თავიანთ ნაბიჯებს და ანტირუსულ სანქციებს არღვევენ.

მესამე - რუსეთმა ახალი საექსპორტო ბაზრები მონახა. როცა დასავლეთის ქვეყნებმა რუსული ენერგომატარებლების იმპორტი შეამცირეს, ჭარბი იაფფასიანი ნავთობი და გაზი სიამოვნებით შეისყიდეს ინდოეთმა და ჩინეთმა. რასაკვირველია, რუსეთისათვის ინდოეთთან  და ჩინეთთთან ნავთობითა და გაზით ვაჭრობა ისეთივე მაღალმომგებიანი არ იყო, როგორც ევროპასთან, მაგრამ მაინც.

მეოთხე - თვითონ ევროპულმა ქვეყნებმა დაიწყეს რუსეთთან „შავი ხვრელებით“ ვაჭრობა იმ მიზნით, რომ სანქციების ზემოქმედება საკუთარ ეკონომიკაზე როგორმე შეემცირებინათ. დასავლეთ ევროპის ვაჭრობა ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან მნიშვნელოვნად გაფართოვდა: გერმანული ავტომობილებით ვაჭრობამ ყირგიზეთში 2023 წელს  უეცრად 5500%-ით მოიმატა, ხოლო იმავე პერიოდში ყახაზეთიდან რუსეთში ელექტრონული მოწყობილობების ექსპორტის მოცულობა 18-ჯერ გაიზარდა. სიტუაცია ნათელია: ევროპის ქვეყნები რუსეთთან შუამავლების მეშვეობით ვაჭრობენ.

შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ რუსეთმა დასავლეთთან მეტოქეობა მოიგო, მაგრამ კრემლის სამხედრო კამპანიის მომავალი დღემდე კითხვის ნიშნის ქვეშაა. მართალია, მოსკოვმა კარგად მოძებნა თავისი პროდუქციის გასაღების ბაზრები, მაგრამ კრემლი იძულებულია შეღავათური ფასებით ივაჭროს, რაც მოგებას ამცირებს, ანუ სამხედრო სფეროს ფული აკლდება. გარდა ამისა, რუსეთი დამოკიდებული ხდება ჩინეთზე და ინდოეთზე, რომლებიც ხშირ შემთხვევაში შემხვედრ შეღავათურ ნაბიჯებს არ დგამენ. თუ ასე გაგრძელდება, რუსეთის მრეწველობის მაღალტექნოლოგიური სექტორი პრობლემების წინაშე აღმოჩნდება, საბოლოოდ კი რუსეთი „მესამე სამყაროს“ ქვეყნად გადაიქცევა.

უკრაინასთან ომის კიდევ უფრო გაჭიანურების შემთხვევაში რუსეთის რესურსებიც ამოიწურება, ქვეყანა გაღარიბდება და დასუსტდება - იმაზე უფრო მეტად, ვიდრე ადრე, 1990-იან წლებში იყო. ვლადიმერ პუტინს იმედი აქვს, რომ ეს არ მოხდება. როგორც ჩანს, მას ჰგონია, რომ დასავლელი ამომრჩევლები, რომლებიც კარგ ცხოვრებას არიან მიჩვეულნი, საკუთარ მთავრობებზე ზეწოლას მოახდენენ, ისინი კი უკრაინას დახმარებას შეუწყვეტენ, კიევს სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებას მოსთხოვენ და შემდეგ რუსეთთან ურთიერთობას განაახლებენ.

თუ ვლადიმერ პუტინს გაუმართლებს, მაშინ მას წინ მართლაც გამარჯვება ელოდება, მაგრამ თუ იგი სცდება, თუ დასავლეთი კრემლს მკაცრ პასუხს გასცემს და უკრაინისათვის დახმარებას გააგრძელებს, მაშინ რუსეთი, გრძელვადიან პერსპექტივაში, ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავარდება.

წყარო: https://www.theglobeandmail.com/business/commentary/article-why-russias-economy-is-doing-so-well-even-if-the-good-times-wont/

 

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати