აღსანიშნავია, რომ ქართულ სტენდზე წარმოდგენილმა პროდუქციამ გამოფენის მაღალი რანგის სტუმრების და ვიზიტორების განსაკუთრებული ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.
ქართული სტენდი გერმანიის სურსათისა და სოფლის მეურნეობის ფედერალურმა მინისტრმა, გერმანიის მწვანე პარტიის ლიდერმა, ჯემ ოზდემირმა, ბერლინის მერმა, გერმანიის სოციალ დემოკრატების პარტიის წევრმა, ფრანცისკა გიფეიმ და ევროკომისარმა სოფლის მეურნეობის მიმართულებით იანუშ ვოჩიეჩოვსკიმ დაათვალიერეს. სტუმრებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ უმასპინძლა, ქართული პროდუქცია გააცნო და ქართულ ღვინოსთან ერთად, ტრადიციული კერძები დააგემოვნებინა.
ჯემ ოზდემირმა და ფრანცისკა გიფეიმ ერთხმად აღიარეს, რომ გამოფენაზე წარმოდგენილ კერძებს შორის, ქართული ხაჭაპური განსაკუთრებულად გემრიელი იყო, ხოლო ღვინის სამშობლოში, საქართველოში ჩამოსხმულ ღვინოს გამორჩეული არომატი და გემო აქვს.
ქართულ სტენდზე სტუმრობის დროს, გერმანიის სურსათისა და სოფლის მეურნეობის ფედერალურმა მინისტრმა, ჯემ ოზდემირმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას.