USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
თბილისი
ლიზიკო ქავთარაძე – ქართველი დისიდენტების მასწავლებელი, რომელმაც საბჭოთა გულაგებში 28 წელი გაატარა.
თარიღი:  2082

ლიზიკო ქავთარაძემ, რომელიც ერთ-ერთი პირველი დისიდენტი ქალი იყო, საბჭოთა გულაგებში 28 წელი გაატარა. თქვენ არავითარი დანაშაული არ მიგიძღვითო, მოუბოდიშეს და ეს იყო რეაბილიტაცია საბჭოთა რუსეთში იმ მტანჯველი წლების „ფასად”, რაც იმ თაობის დისიდენტებს ერგოთ ხვედრად. ლიზიკო ქავთარაძე პატრიოტი და დიდი მოქალაქე იყო. ივანე ჯავახიშვილისა და ლუარსაბ ანდრონიკაშვილის ღირსეულმა მოწაფემ მთელი სიცოცხლე დევნასა და წამებაში გაატარა. ბოლოს სამუდამო გადასახლება მიუსაჯეს ყაზახეთში, ქალაქ კოკჩეტავში. საქართველოში ის ხრუშჩოვის „ოტტეპელმა” დააბრუნა, თუმცა იქამდე იყო დიდი მოწამეობრივი გზა. ლიზიკო პირველად დააპატიმრეს სოხუმში, 1928 წელს. მაშინ ის 23 წლის იყო და უკვე აქტიურად ჩართული საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ გამათავისუფლებელ მოძრაობაში. ის სოხუმში ვინმე გერმანელი ლექტორის, ვილიამ სპიროს დასმენის შედეგად დააპატიმრეს. იმ პერიოდში უშიშროების ორგანოები უფრო ლოიალურად აფასებდნენ დისიდენტურად მოაზროვნე ადამიანებს, 30-იან წლებში რუსეთისა და სხვა კუთხეების რჩეულმა ინტელიგენციამ დატოვა ბოლშევიკური რუსეთი და შორეული უნუგეშო ემიგრაციის გზას დაადგა. ლიზიკო ქავთარაძესაც შესთავაზეს, დაეტოვებინა ქვეყანა და გამგზავრებულიყო გერმანიაში, ან ამერიკაში, მაგრამ მან, როგორც მარო მაყაშვილმა, ბრძანა: სადაც ჩემს თანამემამულეთა სისხლი და ცრემლი იღვრება, მეც იქ უნდა ვიყოო! ამას მოჰყვა პატიმრობა, მეტეხის ციხე, სადაც ის ბედისწერის საოცარი კანონებით, იმავე საკანში მოხვდა, სადაც პატიმრობა მისმა მამამ, ქაიხოსრო ქავთარაძემ გაატარა. შვილმა იცნო მამის მიერ კედელზე დატოვებული წარწერა.

Картинки по запросу "ლიზიკო ქავთარაძე"როდესაც დაპატიმრებული ლიზიკო მეტეხის ციხეში მოათავსეს, ის უკვე იმდენად პოპულარული იყო, ციხეში მყოფ პოლიტპატიმრებს დემოკრატიული საქართველოს ჰიმნი – „დიდება” და მის ჰანგზე ლიზიკოს სახელი დაუმღერებიათ. ის მხოლოდ 18 წლის იყო, როცა პარტიულ დავალებებს ასრულებდა და პროკლამაციებს ავრცელებდა. თვითონ ხშირად იხსენებდა ხოლმე ერთ კურიოზს. 1924 წელს, როდესაც საქართველო აჯანყების ქარცეცხლს მოეცვა, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ტარდებოდა ქართველი ინტელიგენციის შეხვედრა ამიერკავკასიის სამხედრო და სამოქალაქო ხელისუფლებასთან. საღამოს თურმე სერგო ორჯონიკიძეც ესწრებოდა. 18 წლის ლიზიკოს იმ შეხვედრაზე პროკლამაციები უნდა შეეტანა და საღამოს მიმდინარეობის დროს დარბაზში გადმოეყარა. ის პროკლამაციებიანი ჩანთით იდგა ოპერის წინ და მოსაწვევის უქონლობის გამო, შესვლას ვერ ახერხებდა. ამ დროს თეატრის წინ გაჩერდა მანქანა და იქიდან ფილიპე მახარაძე გადმოვიდა. ლიზიკო მაშინვე მიჭრილა მასთან და უთქვამს, რომ შეხვედრაზე შესვლა და პროლეტარიატის დიდი ბელადების ნახვა სურდა. ფილიპე მახარაძეს მისთვის მოწყალების თვალით გადაუხედავს, ლიზიკო ოპერის შენობაშიც შეუყვანია და პროკლამაციებით სავსე ჩანთის შეტანაშიც დახმარებია. ლიზიკოს გამჭრიახობით, ფილიპე მახარაძე ანტიბოლშევიკური აქციის უნებლიე მონაწილე გამხდარა. დაპატიმრებული ლიზიკო ციმბირში, მდინარე ობის პირას მდებარე დასახლება, კოლპაშოვის კოლონიაში გადაასახლეს. ეს ადგილი დღემდე მიუწვდომლად ითვლება. იქ ზაფხულში მდინარით, ზამთარში კი, ძაღლებშებმული მარხილით შეიძლება ჩაღწევა. ამ უკაცრიელ და კოღოებით სავსე ტაიგაში გაატარა ლიზიკომ რამდენიმე წელი. 1936 წელს ის პირობით გაათავისუფლეს და საქართველოში დაბრუნების ნება მისცეს. მაგრამ, არც აქ შენელებულა მისი დევნა-შევიწროვება, რის გამოც ლიზიკო იძულებული იყო, ხშირად შეეცვალა საცხოვრებელი და სამუშაო ადგილი. 1940 წლის გადასახლებიდან ახლად დაბრუნებული დ ხელმეორედ დააპატიმრეს.
ის საშინლად აწამეს მათრახებით, რომელსაც ბოლოში რკინის ბურთულები ჰქონდა. მოგვიანებით, თავის მოგონებებში აღწერდა, როგორ აწამა ის ციხეში აქვსენტი რაფავამ; როგორ არ უჩანდა ბოლო ცეცხლის სეტყვას; როგორ ვერ გატეხეს ლიზიკო ქავთარაძე. „ბოლო არ უჩანს ბღავილს და ცეცხლის სეტყვას, ნადირებმა აიწყიტეს. სხეული ერთ მთლიან ტკივილად იქცა, დაბეგვილი ძვლების სიმწარე, დახლეჩილი ხორცის მდუმარება, გავარვარებულ თონეში ვიწვი” – წერდა იმ ღამის შესახებ ლიზიკო მოგვიანებით.
მეტეხის ციხეში დიდხანს არ გაუჩერებიათ. ის მალე გადაასახლეს. ოჯახმა დაკარგა მისი კვალი. ის ყაზახეთის დახურულ, აკმოლინსკის ლაგერში ჰყავდათ გადასახლებული. აკმოლა ყაზახურად თეთრ სამარეს ნიშნავს. მოგონებების მიხედვით, ეს იყო ღვთისგან დავიწყებული ადგილი, სადაც ციხეც კი სანატრელი ხდებოდა გადასახლებულთათვის. „ვისაც ეტაპი განუცდია, მან იცის რა არის ოცნება ციხეზე. იქ ჩვენ ვართ ჩვენივე სამყაროში ჩაკეტილი, იქ კუნჭულს მიგიჩენს საკნის მამასახლისი. გახრეკილ ნარებზე დაოსებულ სხეულს მიაგდებ, ძონძებს წაიხურავ, საკუთარ თავთან დარჩები. აღარ გჯიჯგნიან, ყურში არავინ ჩაგწივის „დავაი, დავაი”. მოღერებულ კონდახს აღარ ხედავ, ჯაჭვის ღრჭიალი აღარ გესმის, ნაგაზები აღარ გიღრენენ, მაგრამ რჩება გზა სადგურიდან ციხემდე,” – წერდა მოგონებებში ლიზიკო.

Картинки по запросу "ლიზიკო ქავთარაძე"ლიზიკო ქავთარაძე თბილისში დაბრუნდა 1956 წელს, ამნისტიის საფუძველზე. ის უკვე 50 წელს იყო გადაცილებული, გატეხილი ჰქონდა ჯანმრთელობა, თუმცა სულიერად ძალიან ძლიერი ქალი გახლდათ. თბილისში დაბრუნებულმა მუშაობა დაიწყო თავისი სპეციალობით – იურისტ-ეკონომისტად და ეწეოდა ლიტერატურულ მოღვაწეობას – წერდა ესეებს, მოთხრობებს, თარგმნიდა ქართულიდან რუსულ ენაზე. მას არც ერთი წუთით არ შეუწყვეტია საზოგადოებრივი მოღვაწეობა, წერდა სტატიებს ეროვნულ პრობლემებზე. ლიზიკო ქავთარაძე ეროვნულ თვითშეგნებას აღვივებდა ახალგაზრდებში, 60-70-იან წლებში მისი ბინა, ფაქტობრივად, ეროვნული მოძრაობის არალეგალურ შტაბად იქცა. მან პოლიტიკურად აღზარდა ეროვნული მოძრაობის ახალი თაობა: გია ჭანტურია, მამუკა გიორგაძე, თამარ ჩხეიძე, ირაკლი წერეთელი და კიდევ არაერთი გამორჩეული მოღვაწე, რომელთა დიდი ნაწილიც სათავეში ედგა ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობას. სამწუხაროდ,ქალბატონი ლიზიკო ვერც პირველად ნაზეიმებ 26 მაისს მოესწრო და ვერც ეროვნული მოძრაობის გააქტიურებას. ის გარდაიცვალა 1988 წელს. მისი გარდაცვალებიდან 12 დღის შემდეგ უნივერსიტეტის ეზოში ჩატარდა პირველი მიტინგი, რომელიც მალე ეროვნული მოძრაობის აზვირთებად იქცა, რაშიც ერთ-ერთი პირველი დისიდენტის, ლიზიკო ქავთარაძის როლიც უზარმაზარი იყო – ამ მოძრაობას ხომ წინ მისი მოწაფეები მიუძღოდნენ.

 
ანალიტიკა
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.