USD 2.8323
EUR 2.9742
RUB 2.7300
Tbilisi
ლიზ კლაიბორნი - ჩემი კლიენტი მომსახურე ქალია
Date:  974

2007 წლის 26 ივნისს, ნიუ-იორკში, 78 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ამერიკელი მოდელიორი ლიზ კლაიბორნი. სიკვდილის მიზეზი სიმსიმვნე გახდა, რისგანაც 10 წლის მანძილზე იტანჯებოდა.

"ეს იყო ბრძოლა, რომლის მოგებაც შეუძლებელი იყო"- განაცხადა კლაიბორნ არტ ორტენბერგმა, მისმა მეუღლემ და ძველმა ბიზნეს-პარტნიორმა პრესისთვის გაკეთებულ ოფიციალურ მიმართვაში.

ლიზ კლაიბორნმა 1979 წელს სამოდელო სახლი Liz Claiborne დააარსა. მან სახელი ოთხმოციან წლებში, თავისი უნიკალური დიზაინის მქონე, ყოველდღიური, სპორტული მიმართულების ტანსაცმლით გაითქვა და ლიზი ითვლება ადამიანად, რომელმაც ამერიკის მოდაში გადატრიალება მოახდინა. სწორედ მან განაცხადა ოდესღაც, რომ სამოსი აუცილებლად კომფორტული უნდა იყოს და სიამოვნება მოჰქონდს მისთვის, ვინც მას ატარებს.

ლიზ კლაიბორნი როკ-ვარსკვლავი იყო. ადამიანები მის მაღაზიებში გრძელ რიგებში დგებოდნენ, რათა გამოლაპარაკებოდნენ და ავტოგრაფი აეღოთ მისგან. მისი შემოქმედების ძლიერ მხარეს ფერი წარმოადგენდა. მან რევოლუცია მოახდინა ხასხასა ფერებითა და ქსოვილზე სხვადასხვა შეხამებების გამოყენების მეშვეობით.

ლიზ კლაიბორნის მუდმივი კლიენტები დარწმუნებულნი არიან, რომ მისი კომპანიის წარმატება დაკავშირებულია იმასთან, რომ მას ყოველთვის კარგად ესმოდა მომხმარებლის მოთხოვნილება.
1989 წელს ის პენსიაზე გავიდა, რათა თავი ქველმოქმედებისთვის მიეძღვნა. Liz Claiborne and Art Ortenberg Foundation-ის ფონდი, რომელიც 1984 წელს შეიქმნა, თავისი ისტორიის მანძილზე, ათეული საგანმათლებლო პროგრამის სპონსორი იყო მთელს მსოფლიოში.

არცერთ კომპანიას არ განუცდია ისეთი თავბრუდამხვევი აღმაფრენა, როგორც ლიზ კლაიბორნის კორპორაციას და არცერთ ქალს არ გამოუმუშავებია იმდენი ფული ტანსაცმლის ინდუსტრიაში, რამდენიც მან შეძლო: 200 მილიონი დოლარი ათ წელიწადში. ამის მიზეზი ისაა, რომ ლიზ კლაიბორნმა შეძლო საქმიანი ქალების მოთხოვნილებების დაკმაყოფილება ელეგანტური, იაფი ტანსაცმლით. მან შესთავაზა მათ გამოეყენებინათ ტანსაცმლის კომპლექტები, ელემენტების შეთავსებით, რაც მომსახურე ქალებს საშუალებას მისცემდა მრავალფეროვნება შეეტანათ საქმიან სტილში და მოხდენილად გამოჩენილიყვნენ ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ლიზ კლაიბორნი დაიბადა ბელგიაში, ბრიუსელის ბანკის მმართველის, ამერიკელი ემიგრანტის ოჯახში. 1939 წელს ოჯახი ახალ ორლეანში დაბრუნდა. დედა მას პატარაობიდანვე ასწვლიდა კერვას. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გოგონა ევროპაში, ერთ-ერთ სამხატვრო სკოლაში სასწავლებლად გაემგზავრა. მისი ოჯახი კატეგორიული წინააღმდეგი იყო, რომ მას მოდის ინდუსტრიაში ემუშავა. "მათთვის ეს ძალიან არადახვეწილი საქმიანობა იყო", - იხსენებდა ლიზი.

1950 წელს, საზაფხულო არდადეგებზე, საზრიანმა ლიზიმ დიზაინში ნაციონალური კონსკურსი მოიგო და მოგებული პრიზი მოდის სამყაროში შესასვლელ ბილეთად გამოიყენა – ის დიზაინერის კარიერის გასაკეთებლად ნიუ-იორკში გაემგზავრა. მისი საქმიანობის მწვერვალი -კომპანია ჯონათან ლოგანში მისი ახალგაზრდული ტანსაცმლის განყოფილებაში მთავარ დიზაინერად დანიშვნა გახდა. აქ მან 16 წელი იმუშავა. 1975 წელს მან დატოვა ახალგაზრდული მოდა, რათა თავისი ოცნება განეხორციელებინა - გამოეშვა იაფი ტანსაცმელი მომსახურე ქალბატონებისთვის.

კორპორაცია Liz Claiborne-ის შექმნაში 250 ათასი დოლარი იყო ჩადებული. 1976 წლის შემოდგომაზე, ლიზიმ პირველი 35 ესკიზი წარმოადგინა. მათი შექმნის დროს ხელმძღვანელობდა პრინციპით, რომელიც გახდა მისი მუშაობის მთავარი პრინციპი: "ჩავიცმევდი კი ამას მე თვითონ სამსახურში და ნეტა რამდენს გადავიხდიდი მასში?". მას სწამდა, რომ აუცილებელი იყო ყური დაეგდო დამკვეთისთვის, ხშირად გადიოდა სავაჭრო დარბაზში და ყურს უგდებდა, რა მოსწონთ ადამიანებს და რა – არა. ლიზი მთელი გულით თანაუგრძნობდა მოსამსახურე ქალებს: "ჩემი კლიენტი- მომსახურე ქალია. ქალები დღეს თავის თავში დარწმუნებულნი არიან და უნდათ ისეთი ტანსაცმლის ტარება, რომელსაც ამის ხაზგასმა შეეძლება".


მალე კორპორაცია სწრაფმზარდ და შემოსავლიან ტანსაცმლის მწარმოებელ საწარმოდ გადაიქცა. 1980 წელს ლიზ კლაიბორნი დაასახელეს მოდის ინდუსტრიის N1 მწარმოებლად. 1986 წელს კორპორაცია მოხვდა მსოფლიოს ხუთასი უმსხვილესი კომპანიის ჩამონათვალში, რომელიც ჟურნალმა "Fortune" შეადგინა. ამ პრესტიჟულ ჩამონათვალში ქალების დაფუძნებული მხოლოდ ორი კომპანია იყო, ერთ-ერთი მათგანი ლიზ კლაიბორნის.


1987 წელს ლიზ კლაიბორნი გახლდათ კორპორაციის პრეზიდენტი, მმართველობის თავმჯდომარე და მისი აღმასრულებელი დირექტორი. დარწმუნდა რა, რომ ყველა მისი ოცნება ასრულდა, 1989 წელს მან კომპანიის ხელმძღვანელობას თავი დაანება. 1990 წელს ლიზ კლაიბორნის ტანსაცმლის გაყიდვიდან შემოსული შემოსავალი ორჯერ აღემატებოდა მისი მთავარი კონკურენტის - კომპანია Leslie Fay-ის შემოსავალს.


ლიზ კლაიბორნი - მორიდებული ქალი იყო. ერთხელ, როდესაც “"Fortune"-ის რეპორტიორმა მას ჰკითხა, რა თანხებს ფლობდა, მან მორიდებით უპასუხა: "რამდენიმე მილიონი დოლარი". სინამდვილეში კი, იმ პერიოდში, სადღაც ასი მილიონზე მეტი ჰქონდა ანგარიშზე. ლიზი ყოველთვის აღწევდა თავისას. სანამ სასურველ შედეგს არ მიიღებდა არ ეშვებოდა დასახულ მიზანს, მიზნის მიღწევის შემდეგ კი, უფრო ინტენსიურად იწყებდა მუშაობას. ის ისეთ საქმიან თვისებებს ფლობდა, როგორებიც იყო ოპერატიულობა, თავდაჯერება, სტრესულ სიტუაციებში პრობლემების მშვიდად გადაჭრის უნარი. მან ერთერთმა პირველთაგანმა გააკეთა იმის დემონსტრირება, რომ მოდა უნდა დაფუძნებულიყო მასიური მომხმარებლის სურვილების მიმართ შემოქმედებით მიდგომაზე.


ლიზ კლაიბორნის ნოვატორობამ მნიშვნელოვან წილად შეცვალა მსოფლიო მოდა.

Unknown Known
როგორ გახდა გვანჯი მანია თბილისობის დღესასწაულის იდეის ავტორი და რატომ მიანიჭეს მას საპატიო თბილისელის წოდება 48 წლის შემდეგ

დამსახურებული ჟურნალისტი, ეკოლოგი, მოგზაური, მხარეთმცოდნე, კარტოგრაფი,  საქართველოს მსოფლიო მიღწევათა და მოგზაურობათა ხელშეწყობის კავშირის „გიორგის“ დამუძნებელი და თავმჯდომარე, ფაზისის აკადემიის გამგეობის და გეოგრაფიული საზოგადოების სამეცნიერო საბჭოს წევრი, ქეთევან დედოფლის საზოგადოების საპატიო თავმჯდომარე - ეს  85 წლის გვანჯი მანიას  პროფესიული ტიტულების არასრული ჩამონათვალია და მკაფიოდ ასახავს იმ ადამიანის ცხოვრებას, რომელიც მრავალმხრივი ინტერესებით იყო გამორჩეული. 1998 წელს გვანჯი მანია ღირსების ორდენით დააჯილდოვეს, ცოტა ხნის წინ კი თბილისის საპატიო მოქალაქედ აირჩიეს, რასაც მისთვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს -  სწორედ  გვანჯი მანიას  ეკუთვნის თბილისობის დღესასწაულის დაწესების იდეა, რაც მმართველმა კომუნისტურმა პარტიამ ისე „მიითვისა“, რომ  მისი სახელი და გვარი არასდროს არსად გამოჩენილა. ბატონი გვანჯი ბევრი საინტერესო იდეის და ინიციატივის ავტორია, რასაც ის  ჩვენთან ინტერვიუშიც   იხსენებს.

- ბატონო გვანჯი, მოგვიანებით  გილოცავთ თბილისის საპატიო მოქალაქედ არჩევას. უცნაურია, რომ ადამიანს, ვინც იყავით თბილისობის დღესასწაულის დაარსების იდეის ავტორი, აქამდე არ გქონდათ ეს წოდება.    

 - ძალიან გამიხარდა, რომ ამდენი წლის შემდეგ მაინც გავახსენდი ადამიანებს თბილისობის, როგორც დიდი სახალხო დღესასწაულის იდეის ავტორი და თბილისის საპატიო მოქალაქედ ამირჩიეს. სიმართლე გითხრათ, გაკვირვებული დავრჩი, რადგან უკვე 48 წელი გავიდა მას შემდეგ,  რაც პირველი თბილისობა გაიმართა. მაშინდელმა ხელისუფლებამ, პარტიამ, მთავრობამ მიიწერა თბილისობის დღესასწაული, არ უნდა გამოჩენილიყო კონკრეტული ადამიანის, პირადად ჩემი ვინაობა, ვისი თაოსნობითაც დაიწყო თბილისობის ისტორია. წლებთან ერთად თითქოს დავიწყებას მიეცა ეს ამბავი, თუმცა მაშინაც ბევრმა იცოდა, რომ თბილისობის დღის დაწესების იდეის ავტორი მე გახლდით.   

1976 წლის 5 ნოემბერს გაზეთ „თბილისში“ გამოვაქვეყნე  პუბლიკაცია სათაურით „დაწესდეს ახალი დღესასწაული“,  სადაც მიმოვიხილე თბილისის წარსული და აწმყო, ყოფა, ტრადიციები. გამოვთქვი ჩემი აზრი, რომ  1958 წლის  შემდეგ, როდესაც გაიმართა თბილისის დაარსების   1500 წლისთვის საზეიმო ღონისძიებები, მსგავსი დღესასწაული არ გამართულა და ხომ არ დაველოდებით 2058 წელს, როცა ავღნიშნავთ  თბილისის დაარსების 1600 წელიწადს?! იქნებ დავაწესოთ თბილისობის დღესასწაული, რომელიც გაიმართება ყოველი წლის ოქტომბერში, ხოხობზე ნადირობის ჟამს. ეს დღესასწაული გამოავლენდა შემოქმედებით ნიჭს და ფანტაზიებს, გააერთიანებდა თბილისელებს და თბილისის ყველა გულშემატკივარს. ამ წერილს  საზოგადოებაში მოჰყვა დიდი გამოხმაურება და  დისკუსია, ყველა მიესალმა ამ  წინადადებას, რომელიც ძალიან მისაღები იყო თბილისელებისთვის.

ყველა მხარს უჭერდა ამ საერთო სახალხო ზეიმის დაარსების წინადადებას. სამი წლის შემდეგ ჩემი იდეა - პროექტი წარმატებით  განახორციელა მაშინდელმა ხელისუფლებამ, საქალაქო საბჭომ,  პირველი დღესასწაული გაიმართა 1979 წელს. მაშინ  ცეკას მდივანი იყო ედუარდ შევარდნაძე, საქალაქო საბჭოს თავმჯდომარე - თენგიზ მენთეშაშვილი, გამოყვეს მხატვრები, რეჟისორები. პირველი თბილისობის რეჟისორად არჩეული იყო  ლერი პაქსაშვილი. პირველი თბილისობის საპატიო მოქალაქეები გახდნენ ლადო გუდიაშვილი, კონსტანტინე ილურიძე, აკაკი შანიძე და შუშანა ჩიქოვანი. მას შემდეგ ამდენი დრო გავიდა და თბილისობა იმ წლების გარდა, როდესაც  თბილისში იყო  არეულობა, დაპირისპირება და ომი, ყოველ წელს იმართება და თბილისელებისთვის საყვარელი დღესასწაულია. მე თბილისში არ დავბადებულვარ, ჯვარში ვარ დაბადებული და გაზრდილი. კარგი ოჯახი გვქონდა. მამაჩემი მეტივე იყო, დედა მეაბრეშუმე და სახალხო მკურნალი. თბილისში მაშინ ჩამოვედი, როდესაც 21 წლის ასაკში უნივერსიტეტში  ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე. მთელი ცხოვრებით თბილისთან ვარ დაკავშირებული, თუმცა ღა მშობლიურ მხარესთან და ჯვართან კავშირი არასდროს გამიწყვეტია.    

- ძალიან საინტერესო ცხოვრება გაიარეთ,  მრავალფეროვანია თქვენი ბიოგრაფია. თავად, როგორ ფიქრობთ, რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება თქვენს პროფესიულ ცხოვრებაში?  

- ეს იმას ჰგავს, ადამიანს ჰკითხო, რომელი შვილი მეტად გიყვარსო. მე მიყვარდა ყველა საქმე, რომელსაც ვაკეთებდი. ჯერ კიდევ სკოლის ასაკში დავინტერესდი მშობლიური კუთხის შესწავლით. სათავგადასავლო მოგზაურობა პატარა ასაკიდან დავიწყე, როდესაც შევქმენი ჯგუფი და მოვიარე მაგანას და ინწრას ხეობა. წლების შემდეგ ორგანიზება გავუკეთე ბევრ ექსპედიციას: 1962 წელს  თბილისის რკალს, 1963 წელს ექსპედიციას იალბუზის გარშემო, იყო ასეთი ექსპედიცია რუსთაველის კვალდაკვალ, რომელიც 1966 წელს განხორციელდა აჭარაში, სამცხე - ჯავახეთში. 24 წლის ვიყავი, სამ მეგობართან ერთად ველოსიპედით დავფარეთ რვაათასკილომეტრიანი დისტანცია საბჭოთა კავშირის რვა რესპუბლიკაში. ველოსიპედები უნივერსიტეტმა გვიყიდა, სტიპენდიებიც წინასწარ მოგვცეს. გზაზე ბევრი დაბრკოლება შეგხვდა, მაგრამ ამ მოგზაურობამ დიდი გამოცდილება და ცოდნა მომცა, რაც მერე ძალიან გამომადგა. 

gvanji_mania-066 გვანჯი მანია და ტიმ სევრერინი 1984 წელი 

მქონდა აქტიური ჟურნალისტური ცხოვრება. ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დავამთავრე, მაგრამ პარალელურად ვსწავლობდი ეკოლოგიას, სოციოლოგიას, ხელოვნებას.  წლები ვიმუშავე საქინფორმში, გაზეთებში „კომუნისტი“, „ახალგაზრდა ივერიელი“, მიღებული მაქვს ჟურნალისტური პრემიები. ძალიან მაინტერესებდა ბუნება, ადამიანები, კავკასიის ხალხთა ცხოვრება, კულტურა, ისტორია. ვმუშაობდი საქართველოს ბუნების დაცვის სახელმწიფო კომიტეტში, სამეცნიერო - ტექნიკური ინფორმაციის განყოფილებისა და ბუნების დაცვის საზოგადოების ეკოლოგიური განათლების განყოფილების უფროსად. მოგვიანებით  ჩემი ინიციატივით მოხდა  „ ბუნების ქომაგის“ საპატიო  წოდების დაწესება,  რომელსაც გადავცემდით ბუნების დამცველებს.

ახალგაზრდობიდან აქტიური და  შეუპოვარი ხასიათი მქონდა, ალბათ ამიტომაც  ჯერ კიდევ სტუდენტობისას, როგორც არასაიმედო პერსონა, უშიშროებას აღრიცხვაზე ვყავდი აყვანილი. არ ვერიდებოდი საზოგადოებაში იმის მხილებას და კრიტიკას, რაც მაწუხებდა და არასწორად მიმაჩნდა. ბევრ რამეში მიშლიდნენ ხელს, მაგრამ მე მაინც ჯიუტად ვაკეთებდი ჩემს საქმეს.  საბჭოთა  რეჟიმის  პირობებში, როდესაც ხელისუფლება გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლის აღნიშვნისთვის ემზადებოდა, მოვაწყვეთ სამდინარო -საზღვაო ექსპედიცია „ ოქროს საწმისი“, რომელიც უპრეცედენტო ამბავი აღმოჩნდა. ავაგეთ ძველკოლხური ნიმუშის ხომალდი, რომელსაც ვუწოდეთ „ოქროს საწმისი“. ვიმოგზაურეთ ისტორიულ კოლხეთში, ექსპედიციის მესამე წელს გერმანიაში იმართებოდა ოლიმპიური თამაშები, გვინდოდა დუნაის გავლით  ქართული დროშით შევსულიყავით მიუნხენში, მაგრამ უფლება არ მოგვცეს უშიშროების სამსახურებმა. ვიცოდი, რომ არგონავტების მარშუტის გამეორება და  კოლხური კულტურის პოპულარიზაცია საბჭოთა ხელისუფლებას დიდად არ მოეწონებოდა, ამიტომ ისე შევფუთეთ, თითქოს  ექსპედიცია გასაბჭოების 50 წლისთავს ეძღვნებოდა. ასეთივე თამამი განაცხადი იყო, საცხენოსნო ექსპედიცია, რომელიც მოვაწყვეთ  კასპის რაიონში, დიდგორის ბრძოლის ადგილებში. რუსეთის მიერ დიდგორის თემაზე საუბარი აკრძალული იყო, რუსების დახმარების გარეშე, როგორ გაიმარჯვეთო, ჩვენ  კი დიდგორის ბრძოლის ადგილებში მოვაწყვეთ ექსპედიცია, რომელშიც 16 ცხენოსანი მონაწილეობდა. ეს საკითხი წამოჭრა ლევან გოთუამ, რომელმაც მიგვანიშნა ამის შესახებ ლიტერატურულ გაზეთში. მე ეს ლაშქრობა მივუძღვენი მის ხსოვნას, დავით აღმაშენებლის, გიორგი სააკაძის და თევდორე მღვდლის მოღვაწეობას. 

 - თქვენი ხელშეწყობით საქართველოში დამყარებული არაერთი რეკორდი მოხვდა გინესების რეკორდების  წიგნში, როგორ  დაუკავშირდით  გინესების რეკორდებს?

 - გინესების რეკორდების საქმესთან  დამაკავშირა ჯუმბერ ლეჟავამ, რომელთანაც როგორც ჟურნალისტს მქონდა ურთიერთობა იმ პერიოდიდან,  როდესაც  ვმუშაობდი საქინფორმის რედაქციაში. ჯუმბერ ლეჟავა არის ერთ-ერთი პირველი ქართველი, ვინც დაიმკვიდრა ადგილი გინესის რეკორდების წიგნში. მან ჯერ დაამყარა რეკორდი ჰორიზონტალური მდგომარეობიდან მკლავებზე აზიდვებში, შემდეგ კი - 3333 დღის განმავლობაში იმოგზაურა მსოფლიოს გარშემო ველოსიპედით. გადალახა აზიის, ავსტრალია - ოკეანეთის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის, ევროპის და აფრიკის ქვეყნები, ორჯერ ეწვია ანტარქტიდას.

გინესის რეკორდების წიგნში პიროვნებები ავტომატურადაც ხვდებიან. მაგალითად, წიგნში მაია ჩიბურდანიძე შეტანილია, როგორც ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში ქალთა შორის. მე გინესების რეკორდების  წიგნის მიმართ ინტერესი მქონდა, როგორც ჟურნალისტს, მაგრამ მოგვიანებით, 1993 წელს როდესაც დავაარსე მსოფლიო მიღწევათა და მოგზაურობათა ხელშემწყობი კავშირი „გიორგი,“ უკვე  აქტიურად ჩავერთე საგინესო მოძრაობაში. ჩემი დახმარებით და ხელშეწყობით  საქართველოდან ბევრი რეკორდი აისახა გინესის რეკორდების წიგნში, მაგრამ არის რეკორდები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ აისახა.

ჩემი ინიციატივა იყო, იუნესკოსა და მსოფლიო ოლიმპიურ კომიტეტში ქართული ცურვის სამი სახეობის მოხვედრა. ესაა ფეხური ცურვა, ხელფეხშეკრული ცურვა და მენჩურუა. ფეხური ცურვა  ძველ კოლხეთში ოდითგან იყო ცნობილი. მენჩურუა წყალში ორთაბრძოლის ხალხური  სახეობაა. რაც შეეხება ხელფეხშეკრულ ცურვას, ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა ჰენრი კუპრაშვილის მარათონს, როდესაც მან ხელფეხშეკრულმა გადაცურა 12 კილომეტრიანი დისტანცია, დარდანელის სრუტე. სამწუხაროდ ის ვერ მოხვდა გინესის რეკორდებში, სიცოცხლისათვის დიდი რისკის გამო.  

მე ძალიან საინტერესო ცხოვრება მქონდა. გული იმაზე მწყდება, რომ ჩაკეტილ ქვეყანაში ვცხოვრობდით და არსად არ გვიშვებდნენ, კი ბატონო, საბჭოთა კავშირის რესპუბლიკები პრობლემა არ იყო, მაგრამ საზღვრებს გარეთ ვერ გახვიდოდი. მინდოდა რამდენიმე ექსპედიციის მოწყობა და  საქართელოსთვის  თავდადებული, დამსახურებული ადამიანების ისტორიების წარმოჩენა, რაფიელ დანიბეგაშვილის, სულხან საბა ორბელიანის მოგზაურობების, ასევე  ქართული თემატიკის საკითხების მოძიება, მაგრამ არ გამიშვეს. მაშინ უცხოეთში მხოლოდ იმ ხალხს უშვებდნენ, ვისაც უშიშროების კომიტეტისგან ჰქონდა ამისი უფლება, ან მათთან იყვნენ შეთანხმებულები, როგორც ჩანს, ისინი კომპრომისზე მიდიოდნენ. ჰყავდათ მათ „რჩეულები,“  მე მათ რიცხვში არ ვიყავი. უარი მითხრეს რუმინეთში, ბულგარეთში გასვლაზე, ჩაკეტილი ვიყავი. საბჭოთა უშიშროებას ჩემი ნდობა არ ჰქონდა, ამას ყველა ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობდი.  ჩემი ჯიუტი ხასიათით ვცდილობდი ხოლმე ჩაკეტილი წრის გარღვევას, რასაც ზოგჯერ  ვახერხებდი, ზოგჯერ - არ გამომდიოდა. 

თამუნა ნიჟარაძე

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way