USD 2.8071
EUR 3.0151
RUB 3.3627
Tbilisi
ლევან ტიელიძე - გამლღვალი ქანები კიდევ უფრო დამძიმდება და ადვილად ჩამოიშლება. სწორედ ეს პროცესი იყო შოვის სტიქიის ერთერთი განმაპირობებელი ფაქტორი
Date:  800
შვეიცარიელი კოლეგების (გრუბერი და სხვ.) მონაცემების საფუძველზე გაჩვენებთ კავკასიონის სამხრეთ ფერდობის, ბუბა-თბილისას მონაკვეთის მუდმივი მზრალობის გამოსახულებას. იმისთვის რომ ეს ილუსტრაცია ყველასთვის გასაგები იყოს: მუქი იასანმნისფერით ნაჩვენებია ადგილები რომლებიც წესით მუდმივად მზრალი (გაყინული) უნდა იყოს. მუდმივი მზრალობის ფენომენი კავკასიონზე ძირითადად ექვემდებარება ვერტიკალურ ზონალობას. მარტივად რომ ვთქვათ კავკასიონის ქედის ფერდობები და მწვერვალები გაყინულია იმიტომ, რომ იქ მუდმივად დაბალი ტემპერატურაა. და მუდმივად დაბალი ტემპერატურაა იმიტომ, რომ ზღვის დონიდან მაღალზეა და თან ციცაბო ფერდობებია. და ზღვის დონიდან მაღალ სიმაღლეზე იმიტომ ცივა, რომ ტემპერატურული გარდიენტის პრინციპი მოქმედებს (ეგ ისაა ყოველ 100 მეტრზე ჰიფსომეტრიულად მაღლა რომ ავდივართ და ტემპერატურა საშუალოდ 0.6 გრადუსით იკლებს).
 
სტიქიის წარმოქმნის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი: კლიმატის გლობალურმა ცვლილებამ ყველაფერი არია და მუდმივი მზრალობის ინდექსიც ნელ-ნელა თავის გავლენის ქვეშ მოაქცია. ესეიგი, მუდმივად გაყინული ფერდობები აღარაა მუდმივად გაყინული და ექვემდებარება სეზონურობას. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ზაფხულის ცხელ ტემპერატურულ პირობებში ძირითადი ქანები ლღვება, სიმტკიცეს კარგავს, და იშლება. ამას თუ წვიმაც დაემატა
(წვიმა საიდან გაჩნდება მაგას დაბლა ვწერ) გამლღვალი ქანები კიდევ უფრო დამძიმდება და ადვილად ჩამოიშლება. სწორედ ეს პროცესი იყო შოვის სტიქიის ერთერთი განმაპირობებელი ფაქტორი.
 
უშუალოდ მყინვარების დნობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი: ტემპერატურის მატების პარალელურად თოვლის ხაზმა ჰიფსომეტრიულად უფრო მაღლა აიწია და შესაბამისად მას მიჰყვა წვიმის ხაზიც. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, სადაც ადრე ნალექი მუდმივად თოვლის სახით მოდიოდა დღეს შეიძლება იქ წვიმა მოვიდეს (ესეც წვიმა). მყინვარებზე თოვლის ხაზის აწევა და შესაბამისად თოვლის საფარის შემცირება ყოველთვის უარყოფითად აისახება რადგან: 1. თოვლი კვებავს მყინვარს, და 2. თოვლი თავის უფრო თეთრი შეფერილობის გამო მეტად ირეკლავს მზის სხივებს და იცავს მყინვარულ ყინულს ინტენსიური დნობისგან, და 3. თოვლი ქმნის უფრო ცივ მიკრო კლიმატს მყინვარის მიმდებარედ ვიდრე თავად მყინვარული ყინული. ჩვენ მიერ 2022 წელს გამოწვეყნებულმა კვლევამ აჩვენა რომ კავკასიონის ბევრმა მყინვარმა თოვლის ხაზი საერთოდ დაკარგა და ინტენსიური დნობა მიმდინარეობს უშუალოდ ყინულის ხარჯზე რაც მყინვარების შემცირებას კიდევ უფრო აჩქარებს.
 
ლევან ტიელიძე - ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, ახალი ზელანდიის ანტარქტიკის კვლევითი ცენტრის მეცნიერი, გლაციოლოგი
 
world
«BBC russian» : „გარიყულთა შეხვედრა“: რით დასრულდა ვლადიმერ პუტინის ვიზიტი ჩრდილოეთ კორეაში და რას ფიქრობს ამის შესახებ ჩინეთი“

“ვლადიმერ პუტინის ვიზიტით კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკაში გამოიხატა რუსეთის ის უპრეცედენტო დაახლოება აზიურ დიქტატურასთან, რომლის გარიყულობის სტატუსი რამდენიმე წლის წინათ თვით კრემლმაც დაადასტურა, როცა კომუნისტურ კორეას სანქციები გამოუცხადა“, - ნათქვამია ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბიბისის“ (BBC) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაSi სათაურით „გარიყულთა შეხვედრა“: რით დასრულდა ვლადიმერ პუტინის ვიზიტი ჩრდილოეთ კორეაში და რას ფიქრობს ამის შესახებ ჩინეთი“, რომელშიც გაანალიზებულია რუსი პრეზიდენტის  რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრის შედეგები თავის ჩრდილოკორეელ კოლეგასთან.

გთავაზობთ ამონარიდებს ვრცელი პუბლიკაციიდან:

ფხენიანში ვლადიმერ პუტინს და უზენაეს ლიდერს კიმ ჩენ ინს „გრძნობიერი შეხვედრა ჰქონდათ, მათ ერთმანეთს თავიანთი ფიქრები გაუზიარეს, შემდეგ კი ორივე დასაძინებლად გაემართა. ამხანაგი კიმ ჩენ ინი, როცა ამხანაგ ვლადიმერ პუტინს საძინებელში მიაცილებდა, მასთან გულისხმიერად საუბრობდა“, - მოწიწებით წერს ჩრდილოეკორეული ცენტრალური საინფორმაციო სააგენტო KCNA.

მაგრამ კიდევ რაზე ლაპარაკობდნენ ისინი სინამდვილეში და რას ფიქრობს კრემლის ბინადარის ვიზიტზე ჩინეთი, რომელიც ორივე ქვეყნისათვის უფრო მნიშვნელოვან პარტნიორად ითვლება, ვიდრე ისინი ერთმანეთისათვის?

პოსტსაბჭოთა სივრცის ბევრ დამკვირვებელს ვლადიმერ პუტინის ვიზიტმა საბჭოთა ტელევიზიის ქრონიკა გაახსენა: ორივე ლიდერის გიგანტური პორტრეტები შენობების ფასადებზე, სამხედრო აღლუმი და დროშების ფრიალი, ბავშვების გაღიმებული სახეები და მშრომელთა დიდი სიხარული, აგრეთვე ანტიამერიკული შტამპები ვლადიმერ პუტინისა და კიმ ჩენ ინის გამოსვლებში.

(...)

მაგრამ, რიტორიკის და გარეგნული ზიზილ-პიპილების მიუხედავად, ვლადიმერ პუტინის ვიზიტი საბჭოური ტრადიციის გაგრძელება კი არ არის, არამედ მისგან დაშორება, ტრადიციის წყვეტა.

კსდრ არასდროს არ ყოფილა საბჭოთა კავშირისათვის თანასწორი პარტნიორი, უფრო მეტიც - ორი ქვეყანა ყოველთვის არ იყო ერთმანეთის მეგობარი. 1945 წელს საბჭოთა არმიამ და ამერიკის ჯარებმა კორეა იაპონელთა ოკუპაციისაგან გაათავისუფლეს და იოსებ სტალინმა  კსდრ-ის ამჟამინდელი ლიდერის პაპა კიმ ირ სენი ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში წარმოქმნილი სოციალისტური რეჟიმის ლიდერად დანიშნა.

კიმების დინასტიის დამფუძნებელი თავისი მფარველისა და „მამა-მარჩენალის“ მიმართ ლოიალობას ინარჩუნებდა, მაგრამ იოსებ სტალინის სიკვდილის შემდეგ, როცა ნიკიტა ხრუშჩოვმა პიროვნების კულტი ამხილა, ორ მეზობელს შორის ურთიერთობა გაუარესდა და ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ასეთად რჩებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ვლადიმერ პუტინი 2000 წელს ვიზიტით იყო ფხენიანში, თავისი პრეზიდენტობის პირველ პერიოდში რუსეთის ლიდერი მაინცდამაინც არ ინტერესდებოდა ჩრდილოეთ კორეით და უფრო მეტად ყურადღებას აქცევდა ჩინეთთან, იაპონიასთან და სამხრეთ კორეასთან ურთიერთობას, მათთან ვაჭრობის განვითარებას.

უკრაინაში შეჭრის შემდეგ კი ყველაფერი შეიცვალა: სამხრეთ კორეამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გამოაცხადა და კიევისათვის საარტილერიო ჭურვების მიწოდება დაიწყო, რუსეთს კი ჭურვების შესყიდვა ფხენიანისაგან მოუწია.

(...)

ჯერ-ჯერობით ვიზიტის მთავარი შედეგია ხელშეკრულება, რომელშიც შეტანილია პუნქტი ურთიერთდახმარების შესახებ იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მხარეს ვინმე თავს დაესხმება. „ხელშეკრულება ყოვლისმომცველია და ითვალისწინებს დახმარებას ხელმომწერი მხარისადმი აგრესიის დროს“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

მაგრამ რადგანაც დოკუმენტის ტექსტი არ გამოქვეყნებულა, კომენტატორები ახლა მკითხაობენ, თუ რა არის გათვალისწინებული კონკრეტულად. ბევრი იხსენებს სსრ კავშირისა და კსდრ-ის თანამშრომლობის იმ ხელშეკრულებას, რომელსაც ხელი ნიკიტა ხრუშჩოვმა მოაწერა 1961 წელს და რომელიც გულისხმობს „სამხედრო დახმარების დაუყონებლივ გაწევას“ რომელიმე ხელმომწერ მხარეზე თავდასხმის დროს.

ჯერ-ჯერობით უცნობია, ითვალისწინებს თუ არა ნამდვილად ახალი ხელშეკრულება ამგვარ ურთიერთგარანტიებს.

თავის მხრივ, ჩრდილოეთ კორეის ხელმძღვანელმა ერთმნიშვნელოვნად დაუჭირა მხარი რუსეთს უკრაინასთან ომში, რაც საფუძველს იძლევა, რომ მასში იურიდიულად არის გაფორმებული უკვე მიმდინარე სამხედრო თანამშრომლობა, კერძოდ, ჩრდილოკორეული საბრძოლო მასალების მიწოდება რუსეთის არმიისათვის.

სხვათა შორის, რუსი სტუმარი კორეელ მასპინძელს სანქციების გადახედვას დაპირდა გაეროს ჩარჩოებში. მას, ალბათ, დაავიწყდა, რომ რუსეთი იგივე სანქციების მონაწილე ქვეყანას წარმოადგენს. მოსკოვი გაეროს სანქციებს 2010 წელს მიუერთდა - აკრძალვები ეხებოდა ჩრდ. კორეისათვის სამხედრო-ტექნიკურ დახმარებას და იარაღით ვაჭრობის ემბარგოს. 2017 წელს კი ვლადიმერ პუტინმა პირადად გააფართოვა აკრძალვის რეჟიმი და ხელი მოაწერა სანქციებს სამეცნიერ, სავაჭრო და საფინანსო სფეროებში.

(...)

როგორც „ბიბისის“ კორეპონდენტი ჩინეთში ლორა ბიკერი აღნიშნავს, ოფიციალური პეკინი ფრთხილად და ეჭვით ეკიდება მოსკოვისა და ფხენიანის ერთმანეთთან დაახლოებას და ნამდვილად არ სურს პეკინ-მოსკოვ-ფხენიანის სავარაუდო ღერძის მონაწილე იყოს.

„ბიბისის“ ჟურნალისტი იხსენებს, რომ ვლადიმერ პუტინის ჩინეთში ამასწინანდელი - 17 მაისის - ვიზიტის დროს სი ძინპინი წინააღმდეგი იყო, რომ რუსი ლიდერი პეკინიდან პირდაპირ ჩრდილოეთ კორეაში გამგზავრებულიყო და მას ურჩია, რომ ფხენიანში ვიზიტი სხვა დროისთვის გადაედო.

ლორა ბიკერი აღნიშნავს, რომ რუსეთსაც და ჩრდილოეთ კორეასაც ჩინეთი უფრო ძალიან ჭირდებათ, ვიდრე მოსკოვს და ფხენიანს ერთმანეთი. ანუ მათთვის პეკინი უფრო ძვირფასია. მაგრამ თავის მხრივ, ჩინეთის კომპარტიის სათავეში მდგომებს არ სურთ მსოფლიოში ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნას, რომ პეკინი მათ დაახლოებას ხელს უწყობს.

კიმ ჩენ ინის „მეომრულ და საბრძოლო სულისკვეთებას“ - კორეელი კომუნისტები 2017 წლიდან რეგულარულად აწყობენ ბირთვული რაკეტების ტესტ-გამოცდებს და აშშ-სა და მის რეგიონულ მოკავშირეებს ემუქრებიან - საქმე მიჰყავს აზია - წყნარი ოკეანის ამ ნაწილში აშშ-ის გააქტიურებისა და ვაშინგტონის გავლენის გაფართოებამდე, რაც უკიდურესად არასასურველია ჩინეთისათვის.

ამ კვირაში, როგორც გაზეთი „ფაინენშელ თაიმსი“ წერს, ჩინეთმა და სამხრეთ კორეამ, პირველად ბოლო ათი წლის განმავლობაში, სერიოზული დონის მოლაპარაკება გამართეს, რომლის დროსაც უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ ნაციონალისტური რიტორიკის მიუხედავად, პეკინი მზად არ არის „გარიყულთა კლუბის“ წევრი გახდეს, რუსეთთან და ჩრდილოეთ კორეასთან ერთად.

წყარო: https://www.bbc.com/russian/articles/cd11ww4y1r9o

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way