USD 2.6978
EUR 2.9112
RUB 2.9177
Тбилиси
ლელუკა ლაშხი - საფრანგეთში მცხოვრები მწერალი და შეფ-მზარეული
дата:  1486

საფრანგეთში 2013 წელს ჩამოვედი. ყოველთვის მაინტერესებდა, თუ არსებობდა ისეთი ადგილი, სადაც მხოლოდ საკუთარ სურვილებსა და მიზნებზე ვიქნებოდი ორიენტირებული. აქ ცხოვრებით დავრწმუნდი, რომ საფრანგეთი ნამდვილად ეს ქვეყანაა.


ჯერ კიდევ 12 წლის ვიყავი, როდესაც სახლში სადილებს მარტო ვამზადებდი. ყოველთვის მესმოდა, რომ ეს საქმე კარგად გამომდიოდა. ეს მოტივაციას მიმაღლებდა და ვცდილობდი, ყოველ ახალ კერძში ჩემი ელემენტები შემეტანა. თუმცა კულინარია თუ ოდესმე პროფესიად გადამექცეოდა, არასოდეს მიფიქრია.


კარგად მახსოვს 2015 წელი, როდესაც პარიზის ჟურნალისტთა სახლში, ერთ-ერთ წვეულებაზე, რამდენიმე საავტორო კერძი გავასინჯე მოწვეულ სტუმრებს. მათ სიამოვნებით მიღებული აღფრთოვანება და კმაყოფილება ვერ დაფარეს. მე მაშინ სამსახურს ვეძებდი და რესტორანში, მზარეულის დამხმარედ გამიწიეს რეკომენდაცია. მას შემდეგ აქტიურად ჩართული ვარ ფრანგულ კულინარიაში.


პარიზში თავდაპირველად ავეჯის გადამზიდ კომპანიაში ვმუშაობდი. სხვადასხვა დაწესებულებებისთვის ვცლიდით ავეჯისგან ოფისებს. ვტვირთავდით მანქანას და გადაგვქონდა სხვა დანიშნულების ადგილას. საკმაოდ შრომატევადი სამსახური იყო, მაგრამ კარგი გამოცდილება მივიღე. ამის შემდეგ მერიის გამწვანების სამსახურში მოვეწყვე, დამხმარე მებაღედ. კარგად მესმის ბუნების ენა და უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს მცენარეებთან ურთიერთობა. მოულოდნელად დამიბარა უფროსმა და მითხრა, რომ გამოჩნდა პოზიცია რენესანსის ნაციონალური მუზეუმის მებაღის პოსტზე, მაგრამ საჭირო იყო შესაბამისი სერტიფიკატი, რაც მე არ მქონდა. გამიწიეს რეკომენდაცია და მუშაობის დაწყების პარალელურად, გავიარე სრული სასწავლო კურსი. ავიღე სერტიფიკატი და ნახევარი წელი ვიმუშავე მუზეუმის მებაღედ. ძალიან კარგი ქალი გავიცანი, ივონი ერქვა. პიკნიკზე ვიყავით და ჩემი მომზადებული კერძები გასინჯა. მეორე დღეს დამირეკა და მითხრა, რომ ერთ კარგ რესტორანს სჭირდებოდა მზარეულის დამხმარე და თუ დავინტერესდებოდი, მეპატრონეს შემახვედრებდა. სიამოვნებით დავთანხმდი.


იმ რესტორანში 4 თვე დამხმარედ ვიმუშავე და შემდეგ ორი წელი მზარეულად. დიდი გამოცდილება და ცოდნა მივიღე. ეს იყო Restaurant Cuisine du Monde, ანუ კერძები მთელი მსოფლიოდან. ზუსტად ისე, როგორც მებაღეობამდე გავიარე სპეციალური სასწავლო კურსი, ასევე, რესტორნის ხელმძღვანელობამ დამიფინანსა სასწავლო კურსი და მოვიპოვე დიპლომი, რომლის გარეშე ვერც ერთ დიდ რესტორანში ვერ დასაქმდები საფრანგეთში ლეგალურად. ორი წლის შემდეგ სხვა რესტორანში გადავედი სამუშაოდ, უკვე შეფის დამხმარედ. იქ სულ რამდენიმე თვე ვიმუშავე. პირობები არ მომწონდა და შეცვლა გადავწყვიტე. ჩემმა აგენტმა დამირეკა და მითხრა, რომ შატო მობიუსონში შეფს ეძებდნენ, მაგრამ მე არ მქონდა შეფმზარეულის დიპლომი. გასაუბრებაზე დამიბარეს და მე საათნახევრის განმავლობაში ვცდილობდი დამერწმუნებინა, რომ ამ პოზიციაზე პასუხისმგებლობის აღება შემეძლო. მომცეს ოთხთვიანი საცდელი კონტრაქტი.


ზუსტად ორი თვე და ათი დღე იყო გასული, შატოში ჩემი მისვლიდან, როდესაც დირექტორმა დამიბარა და მითხრა, რომ მუდმივი კონტრაქტის გამზადებას აპირებდა კადრების განყოფილების უფროსი და მკითხა, თანახმა თუ ვიქნებოდი. რასაკვირველია, დავრჩი და სამი წლის მანძილზე ერთგულად ვუძღვებოდი შატოს სამზარეულოს.


ერთი წელია, რაც პარიზის ერთ-ერთი მერიის სამედიცინო რესტორაციის ინსპექტორის პოზიციაზე ვმუშაობ. ჩემს მოვალეობაში შედის შვიდი მრავალპროფილიანი კლინიკის კაფეტერიების, მედ-პერსონალის და პაციენტების კვების მონიტორინგი. სამომავლოდ ვფიქრობ, რომ მქონდეს ჩემი რესტორანი.


მოვიტყუები, თუ ვიტყვი, რომ ფრანგულ სამზარეულოსთან ადაპტაცია გამიჭირდა, რადგან ეს საქმე ძალიან მიყვარდა და მუდმივად ვცდილობდი მის დეტალებში ჩაღრმავებას, რომ ბოლომდე განმეცადა თვისობრივად. ზოგადად, იოლი არაფერია, მით უფრო სხვა კულტურის და კულინარიის თავისებურებების ორგანულად მორგება.
ჩემი გამორჩეული ფრანგული კერძებია:
Bœuf bourguignon, Gratin Dauphinois და La fondue Savoyarde. ზოგადად ყველის ძალიან დიდი მოყვარული ვარ და ჩემი ფავორიტია ყველა ის კერძი, რომელიც ყველის ბაზაზე მზადდება.


ჩემი წარმომავლობიდან გამომდინარე, ყოველ მომზადებულ კერძში იგრძნობა უმნიშვნელო, მაგრამ ერთი პატარა ელემენტი მაინც. ეს ალბათ სულია, რომელიც ყველა ფორმით შეუძლია გამოხატოს ადამიანმა.


რაც შეეხება ჩემს კავშირს ლიტერატურასთან. ის იწყება 1989 წელს, როდესაც მეორე კლასში პირველი ლექსი დავწერე. მას შემდეგ ფაქტიურად წერა არ შემიწყვეტია.


2012 წელს გამოიცა ჩემი პირველი კრებული "ლტოლვილთა სამოთხე". 2014 წელს, პარიზისThéâtre Antoine-ში, ჩემი თანარეჟისორობით დაიდგა სპექტაკლი "Cours, cours encore", რომელიც ასევე დაიწერა ჩემი თანაავტორობით. 2015 წელს საქართველოში გამოიცა რომანი "გოგონა საცვლების გარეშე". 2020 წელს, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ გამოსცა მესამე რომანი"ჟაკლინი" და 2021 წელს პროზაული კრებული "აღმართი". ურთულესი სამუშაო გრაფიკის პარალელურად ამჯერად ახალ რომანზე ვმუშაობ.


არ არსებობს გამოცდილება, რომლისგანაც არ ვსწავლობთ. ნებისმიერი რამ, რასაც ადამიანი მთელი მონდომებით აკეთებს, ტრამპლინია შემდეგი დღისთვის, შემდეგი საქმისთვის, შემდეგი გამოწვევებისთის. მთავარია შრომის უნარი და სურვილი, რომ არასოდეს ამოწურო საკუთარი შესაძლებლობები იმ საქმეში, სადაც ხედავ, რომ რამის შექმნა შენც შეგიძლია. რაც მთავარია, იმით, რასაც ადამიანი აკეთებს, პირველ რიგში თვითონ უნდა იღებდეს სიამოვნებას, რათა სხვებისთვისაც იგივენაირად იყოს აღქმული. ასე ხდები პროფესიონალი და ამის გარეშე ყველა საქმე წარუმატებელია. ყოველი გათენებული დილა ჩემთვის მოტივაციაა.

Speech • სფიჩი

спорт
კახა კალაძე: ეს არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში ოქროს ასოებით იწერება

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების გამარჯვების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე და ნაკრების წევრები პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ გულშემატკივრებს შეუერთდნენ და გამარჯვება მათთან ერთად აღნიშნეს.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ეროვნულ ნაკრებს და და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა პლეიოფის ფინალში გამარჯვების განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

„გილოცავთ! რთულია, ვისაუბრო იმაზე, თუ რამხელა გამარჯვება მოიპოვა ჩვენმა ქვეყანამ. ეს არის ის, რასაც ათეულობით წელი ველოდებოდით. ეს არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს არის ისტორიის დაწერა. საქართველოს უახლეს ისტორიაში 2024 წლის 26 მარტი ოქროს ასოებით იწერება, იმიტომ, რომ ჩვენი ეროვნული ნაკრები ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა ეროვნული ნაკრების გულშემატკივარსაც.

„მადლობა ყველას, ვინც მოედანზე იმყოფებოდა, ვინც სახლიდან უყურებდა ამ თამაშს. ყოველთვის, როცა ჭირდებოდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, იდექით მის გვერდში. იყო უამრავი წაგება, იყო რთული პერიოდი, მაგრამ ყოველთვის იდექით იქ, სადაც ჭირდებოდა ქართულ ფეხბურთს, ქართულ სპორტს და ამისთვის მინდა მადლობა გითხრათ თითოეულ თქვენგანს“, - მიმართა გულშემატკივრებს კახა კალაძემ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати