USD 2.6788
EUR 2.8583
RUB 2.8498
Tbilisi
ლელა ანჯაფარიძე სერგეი ესენინზე
Date:  1627

ლელა ანჯაფარიძე და მისი საფირმო "ძალიან დილა მშვიდობისა" ბევრი ადამიანისათვის იქცა საყვარელ საკითხავად სოციალურ სივრცეში. გთავაზობთ მის ერთ-ერთ ჩანახატს, რომელიც ქ-მა ლელამ სერგეი ესენინს და მის ბობოქარ ცხოვრებას მიუძღვნა. 

"ძალიან დილა მშვიდობისა!

მიუხედავად იმისა, რომ როგორც იქნა, გამოგაზაფხულდა და არც სუბსარქისები არ გვაწუხებენ და არც ნასესხები, რომლებიც წელს „ნაჩუქარი“ გახდა, და არც ყელი არ მტკივა....
მაინც კისერზე რომანტიკულად შემოვიხვიე გრძელი და ჰაეროვანი შარფი, მერცხალივით თავგანწირულად შევეჯახე სულ პირველ სხივს… მივესალმე
ყვავილობისთვის შემზადებულ, მოაჯირზე იდაყვით ოდნავ მიდებულ ბროწეულს...
ღრმად შევისუნთქე ჰაერი და წარმოვთქვი:

„დალეული ხარ შენ უკვე სხვისგან…
მაგრამ მე დამრჩა… მე მაინც დამრჩა
შუშებისფერი სურნელი თმისგან
და ქარვისფერი თვალების ფარჩა…“

ეს სიტყვები გამოუსწორებელმა რიაზანელმა ხულიგანმა, სერგეი ესენინმა მიუძღვნა ცნობილ ამერიკელ მოცეკვავე ქალბატონს, ბრწყინვალე აისედორა დუნკანს. ზუსტად ამ დღეს კი, 1922 წლის 2 მაისს, მათ ხელი მოაწერეს მოსკოვის ხამოვნიკის სარაიონო მმაჩის ბიუროში.

ქორწილის ცერემონიამდე რამდენიმე დღით ადრე, აისედეორამ თხოვა თავის მდივანს — „მართალია, მე და ესენინი საერთოდ ვერ ვგრძნობთ ასაკში 15 წლის განსხვავებას (სინამდვილეში განსხვავება 18 წელი იყო), ეცადეთ პასპორტში შეასწოროთ ჩემი დაბადების თარიღი, სერგეი უცხო ხალხთან უხერხულ მდგომარეობაში რომ არ ჩავაგდოთო“.

მდივანმა პირნათლად შეასრულა აისედორას თხოვნა და ასაკში განსხვავება ფორმალურად 9 წლამდე დაიყვანა.

ეჰ, რატომ არა მყავს ასეთი მდივანი...

აისედორას და სერგეის შეხვედრა ნამდვილად საბედისწერო იყო და, სავარაუდოდ, ზემოდან ნაბოძები….დუნკანს ესენინამდე რამდენიმე ხმაურიანი რომანი ჰქონდა, გადაიტანა საშინელი ტრაგედია — ავტომობილი, რომელშიც მისი 2 შვილი იჯდა, მდინარე სენაში გადავარდა და ბავშვების გადარჩენა ვერ შეძლეს. შემდეგ აისედორა კიდევ ერთხელ გახდა დედა და მესამე შვილიც რამდენიმე საათში დაეღუპა.

ასე რომ, საერთოდ ხელი ჰქონდა ჩაქნეული ცხოვრებაზე, თავდავიწყებით ატარებდა დროს და აკვირვებდა სალონის სტუმრებს იმით, რომ ცეკვავდა ძველბერძნულ ცეკვებს ფეხშიშველა და იმ დროისთვის მიუღებლად მოკლე ტანისამოსში გამოწყობილი, საიდანაც მუხლის თავებიც კი უჩანდა… მისი ცეკვის ძირითად ატრიბუტს კი გრძელი შარფი წარმოადგენდა…

რაც შეეხება ესენინს, ის მამა უკვე 19 წლის ასაკში გახდა… მისი შვილის დედას, კორექტორ ანა იზრიადნოვასთან დაშორების შემდეგ, ცოლად მოიყვანა გერმანელი მსახიობი ქალი, ზინაიდა რეიხი, რომელთანაც 2 შვილი გაუჩნდა და მასაც რამდენიმე წელიწადში დასცილდა. რეიხი კი ცოლად გაყვა ცნობილო რუს რეჟისორ მეიერხოლდს.

აისედორასთან შეხვედრამდე ესენინს რომანი ჰქონდა ჟურნალისტ გალინა ბენისლავსკაიასთან… ესენინი ორჯერ ეცადა მის მიტოვებას, მაგრამ ორივეჯერ გალინა ფსიქიატრულ საავადმყოფოში მოხვდა, ალბათ, მას მართლა არ შეეძლო ესენინის გარეშე სუნთქვა და არსებობა, რადგანაც პოეტის სიკვდილის შემდეგ, ზუსტად ერთ წელიწადში, მან ესენინის საფლავზე თავი მოიკლა…

ესენინი და აისედორა ერთმანეთს შეხვდნენ შემთხვევით, 1921 წლის ოქტომბერში,მხატვარი ჟორჟ იაკულოვის სახლში. აისედორას ეცვა ხასხასა წითელი ფერის ტუნიკა… მათ შორის წამიერად თითქოს რაღაც ნაპერწკალმა გაირბინა. სულ ცოტა ხნის შემდეგ კი, აისედორა ტახტზე იყო მიწოლილი, ესენინი კი მის წინ მუხლებზე იდგა. მან არ იცოდა ინგლისური, აისედორას კი რუსულ ენაზე სულ რამდენიმე სიტყვა ქონდა ნასწავლი… მან შეხედა ესენინს და წარმოსთქვა — „ანგელოზი“… მერე კი ჩახედა ღრმად თვალებში, გაიღიმა და დაამატა — „ეშმაკი“…

სულ რამდენიმე დღეში ესენინი საცხოვრებლად მოსკოვის ცენტრში, პრეჩისტენკას ქუჩაზე მდებარე დუნკანის სახლში გადავიდა… ცოტა ხანში მათ იქორწინეს და მხოლოდ მაშინ გაახსენდა აისედორას, რომ გემზე, რომლითაც ის რუსეთში მიემგზავრებოდა, შეხვდა მკითხავი, რომელმაც უწინასწარმეტყველა უცხო ქვეყანაში გათხოვება…პასუხად აისედორამ გადაიხარხარა და გასამრჯელოც კი არ მისცა „მატყუარა“ ბოშას.

ქორწილის შემდეგ ესენინი და აისედორა საზღვარგარეთის ტურნეში გაემგზავრნენ…

სამშობლოს მოწყვეტილი პოეტი საზღვარგარეთ თავს ზედმეტად გრძნობდა, მას ყველა უყურებდა, როგორც აისედორას ახალგაზრდა „კაპრიზს“… მათ შორის უთანხმოებები დაიწყო…მოსკოვში დაბრუნების შემდეგ, აისედორა მალე ისევ საზღვარგარეთ გაემგზავრა, მაგრამ ამჯერად მარტო… ცოტა ხანში კი მას ესენინის დეპეშა მიუვიდა: „მე სხვა მიყვარს. ვარ ბედნიერი. ესენინი“…

ეს „სხვა“ გახლდათ გალინა ბენისლავსკაია, რომელსაც ესენინი ცოტა ხნით დაუბრუნდა.

მალე ესენინმა მესამე ცოლიც მოიყვანა — ლევ ტოლსტოის შვილიშვილი, სოფია ტოლსტაია. რომელსაც ასევე მალე დასცილდა.

1925 წლის 28 დეკემბერს ესენინი სასტუმრო „ანგლეტერში“აღმოაჩინეს… მან თავი ჩამოიხრჩო და დატოვა თავისი ბოლო ლექსი: „ნახვამდის, მეგობარო, ნახვამდის“….

ორი წლის შემდეგ კი, აისედორა დუნკანი ნიცაში ჩაჯდა ავტომობოლში, მხიარულად დაემშვიდობა მეგობრებს — „ნახვამდის, მეგობრებო, მივდივარ წარმატებისკენ!“ ეს მისი ბოლო სიტყვები იყო. აისედორას შარფი დაეხვია ავტომობილის საბურავს და დაახრჩო პატრონი…

ორი ადამიანის ორი „ნახვამდის“... ორი ულამაზესი და უნიჭიერესი პიროვნების ტრაგიკულად გადაკვეთილი 2 ცხოვრება…ტკივილამდე მსგავსი ორი წასვლა ამ ქვეყნიდან…

ვინ იცის, ეს დამთხვევა იყო, განგება თუ იქნებ, სასჯელი იმისთვის, რომ არ გაუფრთხილდნენ ერთმანეთს და გრძნობას… რომელიც ასე ზღაპრულად დაიწყო…

ალბათ ან საერთოდ არ უნდა გქონდეს ასეთი შეყვარების ნიჭი ან ამ ნიჭს. გრძნობის შენარჩუნების ნიჭიც უნდა ახლდეს თან...

გისურვებთ ბედნიერ, ლამაზ და ყველაფერში ნიჭიერ დღეს!

sport
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება. ეს გადაწყვეტილება დღეს ზაგრებში იქნა მიღებული მას შემდეგ, რაც მოცემულ ინიციატივას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაუჭირა მხარი.
ძიუდოში წლევანდელ ევროპის ჩემპიონატს კი ხორვატიის დედაქალაქმა უმასპინძლა. ძიუდოში საქართველოს ნაკრებმა კონტინენტის პირველობა რვა მედლით დაასრულა. ინდივიდუალურ ასპარეზობაში ქართველმა სპორტსმენებმა ორი ოქრო, ორი ვერცხლი და სამი ბრინჯაოს მედალი მიიღეს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს. ხოლო ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ჩემპიონატზე ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა, ვერცხლი ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა, ბრინჯაო კი ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა ბექაურმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.
ევროპის ჩემპიონატს ზაგრებში საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა გოგსაძე და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი ესწრებოდნენ. იოსებ ბაღათურიამ ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში გამარჯვებული ნაკრებების დაჯილდოების ცერემონიაშიც მიიღო მონაწილეობა.
ზაგრებში გამართულ კონტინენტის პირველობაზე ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების შესახებ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, მხარდაჭერით საქართველომ ევროპის ძიუდოს კავშირის შეთავაზება მიიღო 2026 წლის აპრილში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლოს.
ზაგრებში ევროპის ძიუდოს კავშირმა 2023 წლის საუკეთესო მამაკაც ძიუდოისტად ტატო გრიგალაშვილი, წლის საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაც ძიუდოისტად შალვა გურეშიძე, წლის საუკეთესო გუნდად კი საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები დაასახელა.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way