USD 2.7102
EUR 3.1127
RUB 3.3361
Tbilisi
„ლე ფიგარო“ (Le Figaro) - „საგანაგაშო დისბალანსი სამხრეთ კავკასიაში“
Date:  345

ფრანგულ გაზეთ „ლე ფიგაროში“ (Le Figaro) დაბეჭდილია სტატია სათაურით „საგანაგაშო დისბალანსი სამხრეთ კავკასიაში“ (ავტორი - რენო ჟირარი), რომელშიც სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთდამოკიდებულებაა განხილული - რუსეთის დასუსტების, თურქეთის გაძლიერებისა და ევროკავშირის ინტერესების ფონზე.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

თურქეთისა და აზერბაიჯანის მარწუხებში მოქცეული სომხეთი თავისი არსებობის საფრთხეს გრძნობს. მისი ისტორიული დამცველი და დამხმარე რუსეთი თვითონაც ცუდ დღეშია: მოსკოვი იმდენად არის დასუსტებული, რომ ერევნის გვერდში დგომა უძნელდება.

მსოფლიოს მასმედია ფართოდ აშუქებს რუსეთ-უკრაინის ომს, მაგრამ იმავდროულად საკმაოდ ცოტას წერს კიდევ ერთ კონფლიქტზე, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დაშლის წინ დაიწყო - სომხეთ-აზერბაიჯანის სამხედრო დაპირისპირებაზე, რომელიც თითქმის 35 წელია პერმანენტულად გრძელდება, ხოლო განსაკუთრებით გამწვავდა 2020 წლის სექტემბერში. სწორედ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი უშლის ხელს განვითარებაში, სტაბილურობაში და აყვავებაში სამხრეთ კავკასიის მშვენიერ რეგიონს, რომელიც შავსა და კასპიის ზღვებს შორის მდებარეობს.

ვინ სარგებლობს კავკასიაში რუსეთის დასუსტებით

ძალთა ბალანსი დღეს სომხეთის სასარგებლოდ არ არის ჩამოყალიბებული. დღის წესრიგში ამ კავკასიური სახელმწიფოს ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას.. ამ პატარა მთიან ქვეყანაში, რომლის ფართობი 30 ათას კვადრატულ კილომეტრზე ნაკლებია და რომელსაც ზღვაზე გასასვლელი არ აქვს, სადაც სამ მილიონამდე სომეხი ცხოვრობს, ბევრი უბედურება აქვს გადატანილი, განსაკუთრებით კი 1915 წლის გენოციდი, იმდროინდელი ოსმალეთის იმპერიის ხელისუფლების მიერ მოწყობილი. სომეხ სამ მილიონიან ხალხს 100 მილიონზე მეტი თურქულენოვანი ხალხები ემეზობლება: 80 მილიონი თურქი, 10 მილიონი აზერბაიჯანელი თვითონ აზერბაიჯანში და 15 მილიონი - ირანში. ისტორიულად ისინი მუსლიმანები არიან - სუნიტები და შიიტები და რბილად რომ ვთქვათ, არცერთს არანაირი სიმპათია არ გამოუხატავს სომეხი ხალხის მიმართ, რომელიც [კავკასიის რეგიონში] პირველი ქრისტიანული სახელმწიფოს   შთამომავლებს წარმოადგენენ.

ტრადიციულად სამხრეთ კავკასიაში მცხოვრებ სომხებს რუსები იცავდნენ, რომლებიც რელიგიურად ასევე ქრისტიანები არიან. მაგრამ დღეს რუსი მფარველი თავისი პრბლემებით არის დაკავებული, თანაც დასუსტებულია. მოსკოვი მთელი ძალით ცდილობს თავი დააღწიოს განადგურებას უკრაინის წინააღმდეგ თავის მიერვე დაწყებულ ომში. უკრაინას რუსეთთან ბრძოლაში თურქეთი ეხმარება, რომელსაც უპილოტო საფრენ აპარატებს - დრონებს უგზავნის, „ბაირახტარის“ სახელწოდებით. სხვათა შორის, სწორედ „ბაირახტრების“ წყალობით გაიმარჯვა აზერბაიჯანმა სომხეთთან ომში 2020 წლის შემოდგომაზე. იმ გამარჯვების შედეგად ბაქომ  მთიანი ყარაბაღის დაბრუნება შეძლო, რომელიც ოფიციალურად აზერბაიჯანის ტერიტორიად ითვლება და რომელსაც 1992 წლიდან ვერ აკონტროლებდა.

ბაქო-ანკარის ღერძი და მოსკოვის პერსპექტივა

კავკასიაში ანკარა-ბაქოს ღერძი არასდროს ისეთი ძლიერი არ ყოფილა, როგორიც დთესაა და სომხეთი არასდროს ისეთი სუსტი არ ყოფილა თავის ისტორიაში, როგორიც ამჟამად არის. ამერიკელები თურქეთს ლმობიერად ეპყრობა თურქეთს, ნატოს წევრს, რომელიც უკრაინის მიმართ ნეიტრალურ პოლიტიკას ატარებს. ობიექტურად თუ ვიტყვით, თურქეთსაც თავისი ღვაწლი მიუძღვის მოსკოვ-კიევის ურთიერთობის დარეგულირების საქმეში: ანკარამ ხელი სეუწყო რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებას 2022 წლის მარტში, შუამავალი იყო უკრაინის მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებშიც, იმავდროულად ვაჭრობს როგორც უკრაინასთან, ასევე რუსეთთან.

თურქეთს თითქმის 30 წელზე მეტი დახურული აქვს საზღვარი სომხეთთან, თუმცა მიმდინარე წლის 7 იანვარს ანკარამ განაცხადა, რომ საზღვარს გახსნიან და აღარ იქნება აკრძალული სარკინიგზო გადაზიდვები ერევანსა და სტამბოლს შორის.

რას ნიშნავს თურქეთის ეს გადაწყვეტილება? როგორი ინტერპრეტაცია უნდა მიეცეს ანკარის მიერ გადადგმულ ნაბიჯს - არის თუ არა ეს პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანის პიარ-კამპანიის ნაწილი თუ გულწრფელ კეთილ ნებას წარმოადგენს? ჯერ-ჯერობით ამაზე მტკიცედ რაიმეს თქმა ძნელია, ეჭვები საკმაოდ არსებობს.

აზერბაიჯანი ევროპულ განზომილებაში

აზერბაიჯანი არასდროს არ ყოფილა ისეთი ძლიერი დამოუკიდებლობის აღდგენის მომენტიდან საბჭოთა ნანგრევებზე (1991 წლიდან), როგორიც დღესაა. ბაქომ არამარტო შური იძია ერევანზე 1992-94 წლების ომში დამარცხებისათვის, არამედ მეტი მოკავშირეებიც შეიძინა - ევროკავშირისა და ისრაელის სახით.

ევროპელებმა აზერბაიჯანულ გაზში რუსული გაზის [ნაწილობრივი] ჩანაცვლების შესაძლებლობა დაინახეს: ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, რომელიც გასული შემოდგომით ბაქოს ეწვია, აზერბაიჯანს „საიმედო ქვეყანა“ უწოდა. ისრაელს, რომელმაც ბაქო, ანკარის მსგავსად, თავისი წარმოების იარაღით უზრუნველყო, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე რამდენიმე სათვალთვალო-სადამკვირვებლო პუნქტი აქვს მოწყობილი დაუძინებელი მტრის - ირანის წინააღმდეგ.

ილჰამ ალიევის მოსკოვური გამოცდილება

მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტის  („მგიმო“) კურსდამთავრებულმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, სხვა სასარგებლო ჩვევა-უნარებთან ერთად, რუსეთში ისიც ისწავლა, თუ როგორ უნდა ელაპარაკოს რუსებს. „თუ არ გსურთ, რომ მე უფრო მეტად დავუმეგობრდე თურქებს, მაშინ თქვენ ერევნის მხარდაჭერა უნდა შეწყვიტოთ“ - უთხრა მან კრემლს.

2020 წლის ნოემბერში, როცა სომხები მთიან ყარაბაღში ქალაქ შუშის დაკარგვის შემდეგ კატასტროფული სამხედრო მარცხის წინაშე აღმოჩნდნენ, მათ დახმარების მიღების მიზნით რუსეთს მიმართეს. ცხრა ნოემბერს კრემლმა ორივე დაპირისპირებულ მხარე სამშვიდობო სეთანხმების ხელმოწერაზე დაითანხმა - სომხებმა დააბრუნეს 1992-94 წლებში მიტაცებული რაიონები, სამაგიეროდ მიირეს რუსი მშვიდობისმყოფლების მიერ მართვადი „ლაჩინის დერეფანი“ თავიანთ სტეფანაკერტელ თანამემამულეებთან დასაკავშირებლად. მაგრამ ეს დერეფანი უკვე 30 დღეა აზერბაიჯანის მიერ არის დაბლოკილი: რუსეთი დღეისათვის როგორც პოლიტიკურად და დიპლომატიურად, ასევე სამხედრო თვალსაზრისით კავკასიაში ძალიან სუსტია, რომ „ლაჩინის გზა“ თავისი გავლენით და ზეწოლით გახსნას.

სალადინის მაგალითი აზერბაიჯანისათვის

უპირატესობის მქონე ილჰამ ალიევისა და რეჯეფ ერდოღანის დუეტი შეცდომას დაუშვებს, თუ თავიანთ სტრატეგიას - „სალიამის მცირე ნაჭრებად დაქუცმაცების“ პოლიტიკას გააგრძელებენ და კავკასის რუკიდან სომხეთს ნელ-ნელა გააქრობენ. ვფიქრობთ, უმჯობესია ორივემ ისტორიული პიროვნების - იუსუფ სალაჰ-ად-დინის (სალადინის) მაგალითი გაიხსენოს, რომელმაც, მართალია, ევროპელ ჯვაროსნებზე გაიმარჯვა, მაგრამ მათი დამარცხების შემდეგ ქრისტიანების მიმართ დიდსულოვნება გამოამჟღავნა [პალესტინელ ქრისტიანებს და იერუსალიმის მომლოცველებს პრივილეგიები შეუნარჩუნა]. აზერბაიჯანის მხრიდან ყველაზე ბრძნულად გადადგმული ნაბიჯი ის იქნებოდა, რომ ბაქომ საბოლოოდ დამარხოს თავისი აზრები „ცივილიზაციათა ომის“ შესახებ და ერევანს, მტკიცე სამშვიდობო გარანტიებთან ერთად, იზოლაციისაგან გათავისუფლებაც შესთავაზოს. გეოპოლიტიკის პრინციპის თანახმად, დათმობაზე მაშინ უნდა წახვიდე, როცა ძლიერი ხარ.

წყარო: https://www.lefigaro.fr/vox/monde/renaud-girard-inquietant-desequilibre-dans-le-sud-caucase-20230109

მოამზადა სიმონ კილაძემ

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way