USD 2.6797
EUR 2.8812
RUB 2.9138
Tbilisi
ლანდშაფტის დიზაინერი ელისო ხარჩილავა: სახლს რომ უზარმაზარი გალავნით შემოღობავ და ბილიკებს დააბეტონებ, რა აზრი აქვს ქალაქგარეთ ცხოვრებას?!
Date:  2601

ბოლო პერიოდში ლანდშაფტის დიზაინი საკმაოდ მოთხოვნადი მიმართულება გახდა. ადამიანებს, რომელთაც თავი დააღწიეს ქალაქის ურბანულ ქაოსს და ქალაქგარეთ გადაწყვიტეს ცხოვრება, ბაღების ლანდშაფტის მოსაწყობად ხშირად უწევთ სპეციალისტების დახმარება, რადგან ის, თუ როგორ დავგეგმავთ ბაღის მოწყობას, განსაზღვრავს რამდენად ფუნქციური იქნება ბაღი, რომელიც უნდა იყოს კომფორტული და მრავალი წელი მოგვანიჭოს სიამოვნება.  

რა ტენდენციებით ხასიათდება ლანდშაფტის დიზაინი და რა განსხვავებული მოთხოვნები აქვს ქართველ მომხმარებელს, ამის შესახებ ლანდშაფტის დიზაინის სპეციალისტს ელისო ხარჩილავას გავესაუბრეთ. 

 - ელისო, ლანდშაფტის დიზაინი ბოლო პერიოდში ერთ-ერთი მოთხოვნადი დარგია, რა სპეციფიკით ხასიათდება მისი განვითარება საქართველოში?

- ლანდშაფტის დიზაინის განვითარება საქართველოში 2000 იანი წლებიდან დაიწყო, სწორედ ამ პერიოდში მოიკიდა ფეხი ამ კულტურამ, გაჩნდა  ტერმინიც - ლანდშაფტის დიზანი, რაც იყო სიახლე პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის. იქამდე საკმაოდ გავრცელებული და პოპულარული იყო მებაღე - დეკორატორის სპეციალობა, რომელიც მიეკუთვნებოდა გამწვანების ინჟინერიას. მე სოხუმის სუბტროპიკული ინსტიტუტი მაქვს დამთავრებული, დიპლომში მიწერია გამწვანების ინჟინერი. ჩვენი სპეციალობის ხალხი ძირითადად  საქმდებოდა მეურნეობებში,სადაც არსებობდა მებაღე - დეკორატორის შტატი. ბევრი ჩემი ნაცნობი მუშაობდა ამ სპეციალობით, მით უმეტეს სოხუმში, სადაც საზოგადოებრივი სივრცეების, ბაღების გამწვანება პრიორიტეტული იყო, საერთოდ, საქართველო და მისი რეგიონები, საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი ყველაზე მეტად გამწვანებული რესპუბლიკა იყო. 90 -იანმა წლებში ამ მიმართულებამ განიცადა ნგრევა მთელ საქართველოში. ვინმეს არა თუ ეცალა მისი  განვითარებისთვის, პირიქით, რაც გვქონდა ისიც დაინგრა, განადგურდა და გაქრა, რისი შედეგიც ბოლო პერიოდში უფრო და უფრო იჩენს თავს.  

2000 იანი წლებიდან დაიწყო ამ მიმართულების  განვითარება. სამხატვრო აკადემიაში და პოლიტექნიკურ ინსტიტუტში არსებობდა ფაკულტეტი - ლანდშაფტის არქიტექტურა, რაც ძირითადად მოიცავდა ეზოს კეთილმოწყობას, არქიტექტურული შენობა-ნაგებებების, კიბის, დამხმარე ნაგებობების მოწყობას, რაც შეეხება დენდროლოგიურ ნაწილს, ხე - მცენარეების შერჩევას და განვითარებას, ეს იყო ბოტანიკოსების და ბიოლოგების საქმე. 2000 იან წლებში, როდესაც განვითარდა ბიზნესის სხვადასხვა სახეობა და დღის წესრიგში დადგა საჭიროება, ლანდშაფტის არქიტექტორები იძულებულები გახდნენ შეესწავლათ დენდროლოგიური ნაწილიც, ასე ჩამოყალიბდა ლანდშაფტის დიზაინი.

- როგორია ლანდშაფტური დიზაინის თანამედროვე ტენდენციები და გაიდლაინები, რითიც გიწევთ მუშაობა ?

-  რა თქმა უნდა არის გაიდლაინები, რომელსაც ლანდშაფტის დიზაინერები ვეცნობით და ვცდილობთ დავნერგოთ პრაქტიკაში. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი გამოფენები, მუდმივად ვადევნებ მათ თვალს. ბრიტანეთში ყოველწლიურად იმართება ცნობილი და პრესტიჟული  გამოფენა Chelsea Flower, რომელიც ძალიან გვეხმარება ამ დარგში დასაქმებულ ადამიანებს, ახალი ტენდენციების გასაცნობად და შემდეგ ჩვენს რეალობაში დასანერგად.  

დღეს ყველაზე მთავარი მოთხოვნაა ბაღის ტექნიკური გამართულობა. თანამედროვე ადამიანი ძალიან დაკავებულია, აქვს დროის დეფიციტი. ბაღი უნდა იყოს ადამიანისთვის და არა ადამიანი ბაღისთვის - სამსახურიდან დაბრუნებულმა დრო არ უნდა დაკარგოს იმისთვის, რომ თავის ეზოშიც  დასჭირდეს შრომა, პირიქით, მას სურს ბაღით მაქსიმალურად დაისვენოს და  დატკბეს. ბაღი უნდა იყოს ტექნიკურად გამართული, დაახლოებით როგორიცაა „ჭკვიანი სახლების“ კონცეფცია. ბაღში ინფრასტრუქტურა, წყლის და განათების სისტემები, კარგად უნდა იყოს დაპროექტებული, რომელიც ავტომატურ რეჟიმში უნდა ახდენდეს ფუნქციონირებას და იყოს ნაკლებად მოსავლელი. ბაღი, რომელიც ზედმეტ შრომას მოითხოვს ადამიანისგან, არ არის კომფორტული. ყველაფერი მორგებული უნდა იყოს ბაღის მეპატრონის მოთხოვნილებებზე. 

ძირითადად რა მოთხოვნები აქვთ დღეს დამკვეთებს, როდესაც ბაღის  დაგეგმარებას იწყებენ?

- თანამედროვე ადამიანი, ცდილობს გაერიდოს ქალაქის ხმაურს და იცხოვროს ქალაქთან ახლოს, მაგრამ არა მაღალსართულიან  კორპუსში, შესაბამისად, ბაღი მისი ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია. ბაღში აუცილებლად უნდა იყოს დაცული ზონალურობა და მოხდეს ისეთი მცენარეების შერჩევა, რომლებსაც არ სჭირდება ბევრი მოვლა. ბაღის ფუნქციონალური ზონალურობა პირველი ნაბიჯია ბაღის დაგეგმარების დროს, ბაღში  გამოყოფილი უნდა იყოს ყველა ზონა - დეკორატიული ნაწილი, ბავშვთა სათამაშო  სივრცე, ზონა ცხოველებისთვის და ა.შ.  ძველი ბაღებისგან განსხვავებით, თანამედროვე ბაღში ცალკე ზონებია გამოყოფილი ხეხილისთვის, ბოსტნისთვის, არიან ამისი მსურველებიც. ხეხილის ბაღი შერეული არ უნდა იყოს დეკორატიულ ბაღთან, რადგან  ხეხილოვან ბაღს სჭირდება ბევრი მოვლა, შეწამვლა სხვადასხვა დაავადებებისსგან დასაცავად, რაც ერთ ზონაში მოქცევის შემთხვევაში შეიძლება გადავიდეს დეკორატიულ მცენარეებზე და დააზიანოს ისინიც. როდესაც ბაღი ზონებად არის დაყოფილი ხეხილოვანი ბაღის შეწამვლის პროცესი, აღარ უშლის ხელს დეკორატიულ ბაღს.    

ბოლო წლებში ძალიან ტრენდული გახდა მცენარეთა განათება. კომპოზიცია, მცენარეთა განლაგება  ისე უნდა იყოს აგეგმარებული, რომ ლამაზი განათებით მიიღო მაქსიმალური სიამოვნება. საშობაოდ ბაღში ბევრი ადამიანი რთავს ნაძვის ხეს, რასაც სჭირდება განათება, იმისათვის, რომ ნაძვის ხე გაანათო, ახალ წელს კი არ უნდა დაიწყო ამაზე ფიქრი, იქ წინასწარ უნდა იყოს მიყვანილი დენის წყარო, უსაფრთხოების ნორმების დაცვით. ბაღის მოწყობისას ყველა დეტალი წინასწარ უნდა იყოს დაგეგმილი და მოფიქრებული.    

 - ქართველი მომხმარებელი ხშირად გარღვევინებთ არსებულ წესებს? პრეტენზიულები არიან ისინი?

- ქართველი მომხმარებელები  საკმაოდ პრეტენზიულები არიან, ამაში ჩანს ჩვენი ხასიათიც (იცინის) ამას, პირველ რიგში ალბათ ის განაპირობებს, რომ ჩვენთან ჯერ კიდევ არ არის ცნობიერება ისეთ დონეზე, რომ როგორც სპეციალისტს, მთლიანად მოგენდოს. ბაღი ფუნქციურად გათვლილი  უნდა იყოს მრავალ წელზე, რასაც მეპატრონე მხოლოდ  კომპეტენტური სპეციალისტის  დახმარებით შეძლებს, თუმცა ბევრი ამას ჯერ კიდევ მარტივად უყურებს. თუ დამკვეთს უნდა რომ კარგად გამართული და გრძელვადიანი ბაღი ჰქონდეს, ის უნდა მიენდოს სპეციალისტს.    

მქონია არაერთი შემთხვევა, როდესაც მომხმარებელი ბაღის დაგეგმვისას ითხოვს ყველაფერს ერთად. მას სურს, დარგოს ყველა მცენარე, რაც მოწონს და არ ითვალისწინებს იმას, ხარობს თუ არა ის მცენარე იმ გარემოში. მცენარეების შერჩევისას აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული ეკოლოგიურობა, ზონალურობა, ეკოსისტემა. მაგალითად, კამელია, აზალია, მაგნოლია დასავლეთ საქართველოს  მცენარეებია და მათ არ უხდებათ თბილისის შემოგარენში დარგვა, ამ ზონაში ისინი ძნელად მოსავლელია. ისინი ნოემბრიდან მარტის ბოლომდე  უნდა შეიფუთოს. როგორც კი დამკვეთი ამის შესახებ იგებს, მას უკვე აღარ სურს ეზოში შეფუთული მცენარეების ქონა და ურჩევნია სხვა მცენარეებზე გააკეთოს არჩევანი, სპეციალისტები ვარჩევთ კონკრეტულ მცენარეებს, რაც იმ კონკრეტული არეალისთვის არის განკუთვნილი. მცენარეების შერჩევისას, გათვალისწინებული უნდა იყოს ბევრი დეტალი. არ არის საჭირო ყველაფრის ერთად დარგვა.

ბოლო პერიოდში გაიზარდა მოთხოვნა ზეთისხილზე, ეს არის ფორმირებული ზეთისხილები, რომელიც  ძირითადად შემოდის იტალიიდან, თურქეთიდან, საბერძნეთიდან. ეს არის ასაკიანი ზეთისხილი, რადგან ზეთისხილი რაც უფრო ასაკიანია, მით უფრო ლამაზი განშტოება აქვს და მეტად ფასობს. ასევე მოთხოვნადი გახდა ვერცხლისფერი ნაძვი, რომელიც  საოცრად ლამაზია. ყველას უნდა რომ საშობაოდ ეზოში ვერცხლისფერი ნაძვი ჰქონდეს მორთული. ვერცხლისფერი ნაძვი ჩვენთან შემოტანილია იტალიის, ესპანეთის, პოლონეთის, თურქეთის სანერგეებიდან.  საქართველოში მოდიდან ალბათ არასდროს გადავა და ყოველთვის ტრენდულია ვარდების ნაირფეროვნება. მიუხედავად იმისა, რომ ვარდებს ბევრი მოვლა და ყურადღება სჭირდება და საკმაოდ მოკლე პერიოდით ყვავილობს, მათზე  მოთხოვნა მაინც დიდია. მე ყოველთვის ვცდილობ დავარწმუნო დამკვეთი, რომ  ვარდი ჩავანაცვლოთ ისეთი ყვავილებით, რომლებიც უფრო მეტხანს ყვავილობს, უცხოა, განსხვავებულად ლამაზი, რაც ბაღს ინდივიდუალიზმს  შემატებს, ასეთი ყვავილები საკმაოდ ბევრია  ჩვენს სანერგეებში. მე დიდ ყურადღებას ვაქცევ სეზონურობას - მირჩევნია გავითვალისწინო სეზონურობა და შევარჩიო ყვავილები, რომლებიც ყვავის ადრიანი გაზაფხულიდან, ამას მოჰყვება ზაფხულის და შემოდგომის მოყვავილე, რაც იძლევა საშუალებას ბაღი სამ სეზონზე ლამაზი და ეფექტური იყოს და არ ჰქონდეს  წყვეტა.

ძალიან  ხშირია ბაღების შემოღობვა მაღალი გალავნებით და ბეტონში ჩასმული ბილიკები. ეს არ არის კარგი, პირველ რიგში ეკოლოგიური თვალსაზრისით, ასე „ჩაკეტილი“ ეზო არ ნიავდება და დროთა განმავლობაში გარკვეულ პრობლემებს იწვევს. ბეტონის კედლები უმჯობესია ჩავანაცვლოთ ცოცხალი მცენარეების რიგით, ეს უფრო მარტივიც არის და უფრო ეკოლოგიურია, ევროპაში ყველას გვინახავს,გამწვანებული, შემოუღობავი ეზოები, სადაც არ არის გალავნები.

ქართველებს გალავნები ისე გვიყვარს, ალბათ, ამაზე ვერ იყოლიებთ დამკვეთებს.

სამწუხაროდ ასეა, ქართულ ხასიათშია მე და ჩემი ციხესიმაგრე (იცინის) ქალაქიდან ხომ იმიტომ გადიხარ, რომ ბეტონის ჯუნგლებს დააღწიო თავი. როდესაც ამას გაურბიხარ, ეს ნიშნავს, რომ გჭირდება ბევრი სიმწვანე, ამიტომ უნდა შეეცადო, ეზოში იყოს ნაკლები ბეტონი და მეტი სიმწვანე. როცა ბილიკს აბეტონებ, ვერ მიიღებ ბუნებრივ გარემოს. ამას გარდა, ასეთ ბილიკებს არ აქვთ ფუნქციონალური დანიშნულება. მათ არ იყენებს ადამიანი. უცხოელი დიზაინერები მაქსმალურად ცდილობენ დიზაინში შემოიტანონ ბუნებრიობა, ვითომ ეს ყველაფერი თავისით არის აღმოცენებული და გაშენებული.  

საბედნიეროდ, როგორც ევროპაშია, თანამედროვე ტენდენციები ჩვენთანაც უფრო ბუნებრიობისკენ მიდის. ეს უფრო ახალგაზრდა ოჯახებს ახასიათებს,  მათ არ უნდათ გაპრანჭული, გაკრეჭილი ხე-მცენარეები, უფრო მოწონთ ნატურალური და ბუნებრივი გარემო, ხეხილიც კი,  რომელსაც ასევე  სწორად უნდა  შერჩევა. არის ხეები, რომელთა დარგვას უნდა მოვერიდოთ,  მაგალითად, რა აზრი აქვს  ბლის ხის დარგვას, რომელიც ნაყოფს  ორი კვირა იძლევა, უჩნდება ბევრი დაავადება და აქვს დიდი რაოდენობით ჭუჭყი. თუ ადამიანს სურს ეზოში ჰქონდეს ხილი, რომ საკუთარი ხელით მოკრეფილი ხილი აჭამოს ოჯახის წევრებს, მან აუცილებლად უნდა დარგოს ხეები კონკრეტულ ზონაში, რაც ხეებისთვისაა გამოყოფილი. სამწუხაროდ, ჩვენთან  300-400 კვადრატულ მიწაზე სახლს იმხელა ფართზე აშენებენ, რომ ენანებათ მიწა ბაღისთვის, სადაც  ხეხილის ადგილი, რა თქმა უნდა, აღარ არის.  

ძალიან ხშირად ვაწყდებით პრობლემას ცრუ რწმენასთან დაკავშირებით, მაგალითად, არავის  სურს ეზოში ჰქონდეს ტირიფი, რომელიც ულამაზესი მცენარეა ჩამოშვებული ღეროებით. არსებობს ფორმირებული მაღალდეკორატიული  მცენარეები, მაგრამ მტირალა ფორმის,  რისი გაგონებაც არ უნდათ დამკვეთებს.  როგორ შეიძლება მცენარე ცუდი აურის შემომტანი იყოს?! მე გამიგია, რომ ადრინდელ ბაღებში ამ ცრურწმენების გამო არ რგავდნენ ნაძვს, რაც უკვე ჩაბარდა წარსულს. დღეს წიწვოვანი მცენარეები, მათ შორის ნაძვი, ძალიან მოთხოვნადია. იმდენი ლამაზი წიწვოვანი მცენარეა ჩვენს სანერგეებში, შეუძლებელია არ მოგინდეს რომ ის ეზოში გქონდეს. 

     

 -  ლანდშაფტის დიზაინის განვითარება  ალბათ მაინც  კერძო სექტორის დამსახურებაა, ჩვენი ქალაქები საზოგადოებრივი სივრცეების და რეკრეაციული არეალების სიმრავლით არ გამოირჩევა, შესაბამისად, ლანდშაფტის დიზაინის საჭიროებაც ალბათ ნაკლებია. 

 -  თავიდან განვითარება დაიწყო კერძო სექტორმა, შემდეგ აჰყვა სახელმწიფო სექტორი. საწყის ეტაპზე აქცენტი მაინც უფრო კვების მიმართულებით კეთდებოდა, ეს იყო  ბოსტანი, ხილის ბაღები და ა.შ. დღეს იმ პერიოდში გაკეთებულ ძველ ბაღებში რომ შეხვიდეთ ყველგან ხეხილის სიჭარბეა. როდესაც გაიხსნა საზღვრები და ჩვენმა ხალხმა შეძლო უცხოეთში მოგზაურობა, გაფართოვდა თვალსაწიერი, გაჩნდა ახალი უბნები თბილისის შემოგარენში, ადამიანებმა გააცნობიერეს, რომ ეზოსაც სჭირდება დეკორატიული გაფორმება, აქედან გამომდინარე  გაჩნდა  მოთხოვნა ლანდშაფტის დიზაინზე.  მას შემდეგ რაც  დედაქალაქის მერმა გამოსცა დადგენილება, რომლის მიხედვითაც სამშენებლო ორგანიზაციებს არ აქვთ უფლება მშენებლობის უფლება  გამწვანების პროექტის გარეშე, ეს აისახა ქალაქზე და იმედი მაქვს, არსებული სიტუაცია  უკეთესობისკენ შეიცვლება. 2023 წლის მარტის დადგენილებით, უკვე რეგიონებშიც ამოქმედდა კანონმდებლობა, ცხადდება ტენდერები ახალი სკვერების გაშენებაზე, მე პირადად  ვიმუშავე ზუგდიდის, ხონის, კახეთის რამდენიმე რაიონში. იქ სადაც არ არის დეველოპერული ქაოსი, შედარებით უკეთესი მდგომარეობაა. ძალიან კარგია, რომ დეველოპერებს თავისი ბიზნესის განხორციელება ასე თუ ისე უკვე ახალი კანონის ფარგლებში უწევთ.   

ქალაქს ბევრი მწვანე პროექტი სჭირდება. რამდენიმე წელია მერიამ დაამტკიცა თბილისის შემოგარენში პრიორიტეტული ხეების სია. ეს პრობლემა ძალიან მწვავედ იდგა.  ჩვენ გეოგრაფიულად ისეთ ზონაში ვართ, რომლისთვისაც დამახასიათებელია ხშირი ქარები. ალბათ გახსოვთ, საქართველოს რეგიონებში, სოფლებში, იყო ბევრი ქარსაფარი ზონა, რომელსაც ემსახურებოდა ალვის, კედრების, მარადმწვანე ხეების  ზოლები. ისინი იცავდა მოსავლიანობას, რადგან ქარი  ფესვთა სისტემის ძირითადი მტერია. ბოლო წლებში ნელ-ნელა ისევ დაიწყო ქარსაცავი ზოლების  შექმნა. თბილისის შემოგარენში ირგვება სპეციალისტების მიერ შერჩეული ხეები, მარადმწვანე მუხა,  გინკო ბილობა, კავკასიური ცაცხვი, ნეკერჩხალი, ჰიმალაური იფანი, ირმის რქა, ტვიდო. მათი რიგები  არ არის ერთფეროვანი და მოსაწყენი, პირიქით, ძალიან საინტერესო გამოდის.  ჩვენ როდესაც ვაკეთებთ ქალაქგეგმარებას, ვხელმძღვანელობთ ამ ნუსხით, რადგან არასწორად შერჩეულმა ხეებმა შეიძლება ბევრი პრობლემა შექმნას. გასათვალისწინებელია, რომ საზოგადოებრივ სივრცეში დარგული ხე არ იყოს „შხამიანი“, რადგან ის  შეიძლება ბავშვმა მოწყვიტოს. მაგალითად ოლეანდრას  ულამაზესი ყვავილობა აქვს, მაგრამ ის „შხამიან“ მცენარედ მიიჩნევა. ასევე თავი უნდა შევიკავოთ ეკლიანი და ალერგიის მომცემი მცენარეებისგან, როგორიცაა კიპარისები.  სიიაფის გამო ბოლო წლებშიც კი ძალიან ბევრი კიპარისი დაირგო, როდესაც სპეციალისტებმა დადეს დასკვნა, მათ მიერ ალერგიული რეაქციების გამოწვევის  შესახებ,  მთავრობის დადგენილებით ქალაქის გამწვანებაში კიპარისების დარგვა აიკრძალა.  

 -  რა გამოწვევეები აქვს დღეს ჩვენთან ლანდშაფტის დიზაინს?    

- გამოწვევა არის ბიუჯეტები, მაგრამ ეს არ  არის განსაკუთრებული პრობლემა, დაძლევადია. ჩვენ სხვა პრობლემის წინაშე ვდგავართ - ჩვენი  ბაზარი  აუთვისებელია, არ არის დატვირთული პროფესიონალებით, შესაბამისად, ბაზარზე არსებული მოთხოვნის გამო, ეს ნამდვილად  პრობლემაა. ყველა დიზაინერობას იჩემებს, მაგრამ მაინც ძველმოდურ მიდგომებით მუშაობას არჩევენ. დღეს ჩვენს ბაზარზე არსებობს  ერთი  დიდი პრობლემა - ეს არის უკრაინელი და რუსი სპეციალისტების მოზღვავება, რომლებიც ტექნოლოგიურად  ჩვენზე წინ არიან და პრობლემებს უქმნიან ქართველ სპეციალისტებს. ისინი, ჩვენგან განსხვავებით, გუნდურად მუშაობენ. იმდენად გაზრდილია მოთხოვნა, რომ საჭიროა ქართველი  სპეციალისტების გადამზადება, რათა ისინი სხვა ქვეყნიდან ჩამოსული სპეციალისტების არაჯანსაღი კონკურენციის შედეგად არ დაზარალდნენ. მე პირადად მაქვს ჩემი საავტორო სასწავლო კურსი, სადაც ყოველ ჯერზე უფრო და უფრო იზრდება მსმენელთა რაოდენობა.

- არის ფაკულტეტები, სადაც ხდება კვალიფიციური კადრების მომზადება?

- რა თქმა უნდა, არსებობს. მე ინსტიტუტი 90 იან წლებში დავამთავრე, მქონდა მრავალწლიანი წყვეტა, მაგრამ მაინც ამ სფეროს დავუბრუნდი. ჩემ ირგვლივ იმდენი მებაღე -დეკორატორი იყო, მათი გავლენით მეც გამიჩნდა ინტერესი, ცოტა ხატვაც მიყვარდა, შემოქმედებითი ადამიანი ვიყავი, სხვა პროფესიაზე არც მიფიქრია.სამწუხაროდ, ომის პერიოდი დაემთხვა, სოხუმში მხოლოდ პირველი კურსი დავასრულე, შემდეგ  როდესაც სოხუმიდან მოგვიწია წამოსვლა, მე ქუთაისში გავაგრძელე სწავლა და წითელ დიპლომზე დავამთავრე ინსტიტუტი. იმ წლებში არავის სჭირდებოდა არც ჩემი წითელი დიპლომი, არც ჩემი კვალიფიკაცია, შევიცვალე სპეციალობა და საბანკო  სექტორში გადავედი.

ერთ დღეს აღმოვაჩინე, კომპანიას ლანდშაფტის დიზაინერის ვაკანსია ჰქონდა. იქიდან გამომდინარე, რომ უკვე შეცვლილი იყო მიდგომები, არსებობდა თანამედროვე ხედვები, კვალიფიკაციის ასამაღლებლად საპატრიარქოსთან არსებულ სამების სამებაღეო კოლეჯში  მივედი.  როდესაც დედა თეკლამ ჩემი დიპლომი ნახა, მკითხა, ისეთი ისტიტუტი გაქვს დამთავრებული, მე რა უნდა გასწავლოო? (იცინის)  ჩვენი ლექტორები იყვნენ საქართველოში წამყვანი ლანდშაფტის დიზაინერები, კოლეჯში ვისწავლე ორწელიწადნახევარი. ეს იყო ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო  გადაწყვეტილება, შევისწავლე ახალი ბაზარი, ტექნოლოგიები, რომ მოვრგებოდი დამკვეთის სურვილებს.

წლების შემდეგ აღმოვაჩინე კომპანია, სადაც ლანდშაფტის დიზაინერი ესაჭიროებოდათ. მადლიერი ვარ ამ კომპანიის და მისი დამფუძნებელის ბატონი გოგი ლორთქიფანიძის, რომელმაც დამასაქმა კომპანიაში, რაც იყო ჩემი პროფესიული კარიერის პირველი სამსახური, რასაც ძალიან ვაფასებ. მიხარია, რომ ეს სფერო ვითარდება, ჩნდება ახალ-ახალი პროექტები. ტურისტული ქვეყანა გვაქვს, შესაბამისად შენდება ბევრი ახალი სასტუმრო და კვების ობიექტი. ბიზნესის მწარმოებლები მიხვდნენ, რომ სტუმრებს გარემო მაქსიმალურად გამწვანებული და კომფორტული უნდა დაახვედრო, მხოლოდ ქვევრი და ურემი ტურისტს აღარ იზიდავს. მეტი მოსასვენებელი ზონაა საჭირო. ამ სფეროში კონკურენცია  იმდენად დიდია, ბიზნესი ფეხს უწყობს ამ გამოწვევებს, მით უმეტეს რეგიონებში. მე პირადად მქონდა ძალიან საინტერესო პროქტი  ლაგოდეხში, ზურგოვანში, „ლაგოდეხი  ჰილსში“. დამკვეთებთან ერთად შეთანხმებულად ვიმუშავეთ და მივიღეთ საოცრად კარგი გარემო, რასაც ყველა სტუმარი აღნიშნავს. ეს ლოკაცია დიდი პოპულარობით სარგებლობს იმ კუთხეში, რაც ძალიან მახარებს, როგორც ლანდშაფტის დიზაინის პროექტის ავტორს, თუმცა მჯერა, რომ წინ კიდევ ბევრი საინტერესო საქმე მელის.  

თამუნა ნიჟარაძე

sport
ქართველმა მილიარდერმა, მიხეილ ლომთაძემ, ინგლისური საფეხბურთო კლუბი იყიდა

ქართველმა მილიარდერმა, მიხეილ ლომთაძემ, ინგლისური პროფესიული კლუბის Wycombe Wanderers-ს აქციების 90% იყიდა. ამის შესახებ კლუბის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

პრესრელიზის მიხედვით, შპს Feliciana EFL-მა საკუთარ მფლობელობაში არსებული აქციების 90% მიხეილ ლომთაძის მფლობელობაში მყოფ Blue Ocean Partners II Limited-ს მიჰყიდა. შედეგად, ლომთაძე გახდა კლუბის დირექტორთა საბჭოს წევრიც. (დირექტორთა საბჭოს ორ ახალ წევრთან - ედუარდ ვიშნიაკოვთან და დანიელ რაისთან ერთად).

ქართველმა მილიარდერმა, კლუბის და გულშემატკივრებისთვის მიწერილ გზავნილში თქვა, რომ ის მსუბუქად არ მოეკიდება აღებულ პასუხისმგებლობას გულშემატკივრების, პერსონალისა და ფეხბურთელების წინაშე.

„ჩვენი მიზანია მივაღწიოთ გრძელვადიან წარმატებებს როგორც მოედანზე, ისე მის ფარგლებს გარეთ ფინანსურად მდგრადი კლუბის აშენებით“, - განაცხადა ლომთაძემ.

1887 წელს დაარსბული Wycombe Wanderers ბუკინგემშირში სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში მდებარეობს.

მიხეილ ლომთაძე არის Kaspi.kz-ის სამი ძირითადი აქციონერიდან ერთ-ერთი. 2024 წლის 1 აპრილის მდგომარეობით იგი ფლობდა ყაზახური ფინტექს კომპანიის საერთო აქციების 22,6%-ს. 2022 წელს მან მეშვიდე ადგილი დაიკავა ყაზახეთის 50 ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენის რეიტინგში.

ლომთაძე ბიძინა ივანიშვილის შემდეგ რიგით მეორე ქართველი მილიარდერია, რომელიც forbes-ის შეფასებით ივანიშვილზე მდიდარია, ხოლო Bloomberg-ის ცნობით, ივანიშვილზე 700 მლნ-ით ნაკლები ქონება აქვს.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way