USD 2.7227
EUR 3.1910
RUB 3.4642
Тбилиси
ლადო კახაძე: გულღიაობა და გულწრფელობა იყო თბილისის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი, რაც აღარ არსებობს. სიხარულიც სხვანაირი იცოდა ქალაქმა და ცრემლიც
дата:  1031

პარლამენტის წევრი ლადო კახაძე მათ შორისაა, ვისაც თბილისის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება და ისტორიები აქვს. გარდა იმის, რომ ის თბილისის პირველი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარეა, სადაც დედაქალაქის პრობლემებზე ზრუნვა მისი პირდაპირი მოვალეობა იყო, მრავალი წელი გაატარა მედიცინაში, რაც მისი ცხოვრების მთავარი ისტორიაა. ჰიპოკრატეს ფიცი და თეთრი ხალათი მისთვის ის სუბსტრატია, რასაც ვერც პოლიტიკაში შეელია.   

ცნობილი ექიმი და საქართველოში ულტრა ბგერითი დიაგნოსტიკის ერთ-ერთი დამფუძნებელი, უკვე ორი მოწვევის პარლამენტის წევრია. მართალია პოლიტიკის წყალობით, მისი ცხოვრება გართულდა და ხშირად ხვდება პოლიტიკური დაპირისპირების ორომტრიალში, მაგრამ თავად ამას მშვიდად ხვდება - თმენის ვალდებულებას და ეტიკეტის დაცვას ჯერ კიდევ საყვარელ პროფესიაში ყოფნისას შეეჩვია, რასაც მრავალი წელია არც დეპუტატის რანგში ღალატობს.  

ლადო კახაძე: ჩემი განცდებით, თბილისი ჩემთვის  მრავალთაობიანი ოჯახია, რომელიც ბიოლოგიური ოჯახის ტოლფასია. ეს იყო ერთმანეთზე მზრუნველი და ერთმანეთის პატივისმცემელი თაობები, მკაცრად დაცული ასაკობრივი ცენზით. ჩემ თაობაში, უფროსი თაობა უპირატესი იყო, თუმცა ისიც მახსოვს, როგორი პატივისცემით გვეპყრობოდნენ ისინი პატარებს. იმ პერიოდში, ომი ახალი დამთავრებული იყო, ჩვენ ხშირად გვიწევდა ნავთის და პურის რიგებში დგომა. არ მახსოვს, ბიდონით დავენახეთ უფროსებს და ნავთის რიგში გავეჩერებინეთ. პატარებს, თუნდაც მშობლებთან ერთად ვყოფილიყავით, პირველებს გვიშვებდნენ. 

მე ნარიყალაზე დავიბადე,  გომის ქუჩაზე. ჩვენ ზემოთ  ქუჩა აღარ იყო, გვესაზღვრებოდა ზემო ბეთლემის ეკლესია, რომელიც მაშინ მოქმედი არ იყო. ამ ქუჩასთან არის დაკავშირებული ჩემი ბავშვობის საუკეთესო მოგონებები. გასულ წელს ეკლესიაში ღამის წირვაზე დავტოვე მეუღლე, გულმა ვერ გამიძლო და ჩემი ქუჩა ფეხით ავიარე. ჩემ თვალწინ გაცოცხლდა ყველაფერი, ყველა სახე, ყველა ემოცია, რაც ბავშვობასთან არის დაკავშირებული. ჩვენი უბანი მრავალეროვნული უბანი იყო, ერთად მეგობრულად ვცხოვრობდით ქართველი, ებრაელი, რუსი, უკრაინელი, ქურთი, სომეხი, ბერძენი, იეზიდი. ერთმანეთთან ისეთი დამოკიდებულება გვქონდა, სულ ვიცოდით, ვის როდის რა დღესასწაული ჰქონდა,  ერთმანეთის რელიგიურ დღესასწაულებს ისე ვაფასებდით, როგორც საკუთარს, ამას ეზოს მოსახლეებზე არ ვამბობ, მაშინდელი საერთო  ეზო ერთი ოჯახივით ცხოვრობდა, მთელი ქუჩის მაცხოვრებლები ასე ვიყავით. ყველამ ვიცოდით, ვის უხაროდა, ვის უჭირდა. მე იმ პერიოდსაც მოვესწარი, როცა ტელევიზორი ყველა ოჯახს არ ჰქონდა, მახსოვს ერთ ოჯახში შეკრებილი მთელი სამეზობლო, ბავშვები. გარჩევებიც იყო ბავშვურ დონეზე, მაგრამ არ მახსოვს მასში უფროსები ჩარეულიყვნენ, თუ ჩვენ არ ვთხოვდით რაიმეს ახსნას და გარკვევას. მახსოვს, სკოლის პერიოდში მასწავლებელი სახლში მოდიოდა მოსწავლის  დაბადების დღეზე, მის დაბადების დღეზე კი მთელი კლასი მივდიოდით ხოლმე მისალოცად. დღეს თბილისში აღარ არის  სტუმრობის ფენომენი, რასაც ხშირად სოციალურ გაჭირვებას აბრალებენ. გაჭირვება ჩვენ  ბავშვობაში რომ იყო, დღევანდელს რას შეედრება, ამის მიუხედავად, რაც ჰქონდა ოჯახს, ის გულით ნაწილდებოდა. ეს ეპიზოდები ვერასდროს წაიშლება  ჩემი მეხსიერებიდან.  მაშინ თბილისში ბევრი კინო იყო, გვიან სეანსებზე ბავშვები არ დავიშვებოდით, მაგრამ დღის სეანსებზე დავდიოდით, ხან ერთი მეგობრის ბებია -ბაბუა წაგვიყვანდა კინოში და თეატრში, ხან -მეორის. ეს იყო სასწავლო პოლიგონი ჩვენი თაობის ბავშვებისთვის.    სახელებით ვიცოდით, უბანში რომელ სახლში მხატვარი ცხოვრობდა, რომელში - მეცნიერი, სპორტსმენი თუ წარჩინებული ექიმი. მაშინ არც ტელევიზორი იყო, არც სოციალური ქსელი, მაგრამ უფროსებისგან ზეპირსიტყვიერად მათზე იმდენი კარგი გვესმოდა, ჩვენც გვინდოდა მათ დავმსგავსებოდით, ერთი სული გვქონდა, თუ ქუჩაში შეგვხვდებოდნენ, გაგვიჩერდებოდნენ ან გამოგველაპარაკებოდნენ  ხოლმე. ეს იყო ერთი დიდი ბედნიერება.

- როგორ ფიქრობთ, ყველაზე მეტად ბავშვობიდან და ნარიყალაზე მიღებული ცხოვრებისეული გამოცდილებიდან, რა გამოგადგათ ?

- ადამიანებთან ურთიერთობა, კომუნიკაცია. ამ მხრივ ბევრი მომცა ოჯახმა, მე მახსოვს ბებიაჩემის დედა, ჩვენ, დიდი ოჯახის  ბევრი წევრი   ვცხოვრობდით ერთად. ოჯახში ნასწავლი ოჯახური იერარქიის მიღმა იყო ურთიერთობები სკოლაში, ქუჩაში, უბანში. ჩვენ ვსწავლობდით ყველაფერს - მისალმების კულტურით დაწყებული ერთმანეთის, სხვადასხვა ეროვნების ბავშვების, ეთნოკულტურით დამთავრებული.  ვმსჯელობდით ბევრს, ვთამაშობდით ფეხბურთს, კალათბურთს, უნდა გენახათ გამარჯვებულს როგორ ეგებებოდა დამარცხებული - ყოველგვარი შურის გარეშე, ღირსეულად! გულღიაობა და გულწრფელობა იყო მაშინ თბილისის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი, სიხარულიც სხვანაირი იცოდა ქალაქმა და ცრემლიც, როცა რამე უბედურება ხდებოდა.

ბავშვები ძალიან დაკავებულები ვიყავით, მაგრამ ერთი სული გვქონდა თავისუფალი დრო გვეპოვა, რომ მეგობრებთან ერთად გაგვეტარებინა,  ბირჟაც ჩვენი ცხოვრების ნაწილი იყო, რადგან იქ ბევრი ჩვენი მეგობარი იდგა. ისინი საჭირო დროს სულ ჩვენ გვერდით იყვნენ, გვესარჩლებოდნენ. ჩემს ბავშვობაში კამათიც იყო და საქმის გარჩევაც, მაგრამ დიდ ჩხუბში არ მოვხვედრილვარ. სადაც მე ვიყავი, იქ ჩხუბი არ იყო. ყველაფერი მშვიდობით სრულდებოდა. არტეკში, პიონერულ ბანაკში გადამხდა  ერთი ისტორია. 13 -1 4 წლისები ვიყავით, ბანაკში დღისით ბავშვებს შორის წაკინკლავება მოხდა. იმდენი მეთვალყურე გვყავდა, დღისით საქმის გარჩევის საშუალებას ვინ მოგვცემდა და ღამით, ათ  საათზე მოვახერხეთ გაპარვა ერთი ბანაკიდან მეორე ბანაკის ტერიტორიაზე, სადაც მეორე ბანაკმა დაიბარა ჩვენი ბიჭები. მეც წავყევი. რამდენიმე ქართველი ვიყავით, ერთი უკრაინელი და ერთი შვეიცარიელი. როდესაც გადავედით მეორე ბანაკში, უცებ აღმოვჩნდით ალყაში. ჩვენ ცოტანი ვართ, მეორე მხარეს - ბევრნი. გარდაუვალია, ჩხუბის,  ხელის დარტყმის გარეშე დამთავრდეს. ვიღაცას ხელის ფანარი უჭირავს და სახეზე გვანათებს ყველას ვინც ჩვენ მხარეს ვართ. ერთს მიანათეს და ეს უნდა გავლახოთო, თქვეს, მეორეს მიანათეს და ესეც გასალახიაო. ჩემი რიგი რომ მოვიდა და მომანათა ფანარი, უცებ გაჩერდა და მეკითხება: შენ აქ როგორ მოხვდიო? მე ვუთხარი, ესენი ჩემი მეგობრები არიან და გამოვყევი -მეთქი. ჩემი დანახვა იყო და ჩხუბი აღარ მოხდა, აღარ შედგა დუელი (იცინის) 

მე მაქვს ჩემი ახსნა, რატომ აღარ არის თბილისში ისეთი ურთიერთობები, რაც ჩვენ ახალგაზრდობაში იყო. მაშინ ჩვენ მშობლები ერთმანეთის კონკურენტებად არ გვზრდიდნენ, პირიქით, გვზრდიდნენ მეგობრებად, მოყვარეებად. დღეს ურთიერთობები უფრო გამოყენებითია, უფრო  მომხმარებლური, დღეს აუცილებლად უნდა აჯობო სხვას, ჩვენ დროს  ასე არ იყო. მე  სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე, ეს არ იყო მაშინ იოლი. რესპუბლიკური ოლიმპიადები მქონდა მოგებული მათემატიკაში, ფიზიკაში, ქიმია-ბიოლოგიაში, თუმცა ლიტერატურაც ძალიან მიყვარდა. ოქროს მედალი კონკურენციაში იწრთობოდა, მაგრამ კონკურენცია იყო ჯანსაღი. საგანმანათლებლო სისტემა მკაცრად გვხედნიდა მოსწავლეებს, მით უმეტეს ფრიადოსნებს, დანარჩენი სკოლა ისე გვგულშემატკივრობდა ხოლმე, მე მახსოვს კლასს უარი უთქვავს, შატალოზე წასვლაზე, იმის გამო, რომ  ჩვენთვის, ფრიადოსანი მოსწავლეებისთვის  ზიანი არ მოეყენებინათ. მე დავამთავრე 39 -ე საშუალო სკოლა. ეს იყო ძალიან ცნობილი მეორე ვაჟთა სკოლა, სადაც სწავლობდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, კონსტანტინე გამსახურდია, ჯანსუღ ჩარკვიანი, ვაჟა ოკუჯავა, ირაკლი ციციშვილი. პედაგოგები შეხვედრებს გვიწყობდნენ ხოლმე სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებთან, რომელთაც სკოლა უკვე დამთავრებული ჰქონდათ. ამ სკოლამ ძალიან კარგ განათლებასთან ერთად ბევრი რამ მომცა.  

- სანიმუშო მოსწავლემ  ექიმის პროფესია, როგორც მიღებული იყო  წარმატებულ ოჯახებში, იმიტომ აირჩიეთ თუ თქვენი პროფესიული არჩევანი სხვა ფაქტორებმა განსაზღვრა? 

- ბაბუაჩემი, დედაჩემის მამა მიხეილ ჯინჯიხაძე 1913 წელს, როდესაც სამედიცინო  უნივერსიტეტი გაიხსნა, გახდა ამ უნივერსიტეტის სტუდენტი. როდესაც წითელი რუსეთი შემოვიდა საქართველოში, ბაბუა წავიდა ომში. 24 თებერვალს ისე  მძიმედ დაიჭრა, ძლივს გადმოიყვანეს. 2 წელი მკურნალობდა და რეაბილიტაციას გადიოდა, რის გამოც უნივერსიტეტი ვერ დაამთავრა. მერე გაჰყვა ლიტერატურას, სადაც პრაქტიკული საქმიანობა ნაკლები იყო. მთელი ცხოვრება ემსახურა წიგნს, ჰაგიოგრაფიას,  გრამატიკას, ლიტერატურას, ისტორიას.  სულ ხინჯად  ჰქონდა, უნივერსიტეტი რომ ვერ დაამთავრა. მის იუბილეზე, მეცნიერებათა აკადემიაში, სადაც ბაბუას 120 წლის იუბილე გადაიხადეს, სამადლობელ სიტყვაში ვთქვი: ბაბუაჩემმა დაიწყო სწავლა და მე დავამთავრე მეთქი. ამას გარდა, ახალგაზრდა ვიყავი, როდესაც შემემთხვა ინციდენტი, რომელმაც დიდი ტრამვა მომაყენა. დამიზიანდა თვალი, რის გამოც შეიძლებოდა ყველაფერზე ხელი ამეღო, ნიჰილიზმში ჩავვარდნილიყავი, მაგრამ ექიმებმა მიშველეს - დღემდე მახსოვს იმ ექიმების თვალები, მათი მოვლა და პატრონობა. 64 დღე გავატარე საავადმყოფოში. 57 წელიწადია ერთი თვალით ვცხოვრობ. ეს ბევრმა არც იცის. იმ პერიოდისთვის, შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანი ვიყავი, მაგრამ მაშინ ასეთი დეფინიციები არ იყო. ეს ინციდენტიც აღმოჩნდა ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც ექიმად გახდომის გადაწყვეტილება მივიღე.  

ექიმობა,ისეთი სუბსტრატია, ნებისმიერ დროს, სულ რომ პენსიაზე იყო, მაინც ექიმად რჩები, თუ გაჭირვებაა, ვერ განერიდები ადამიანებს, ეს ვალდებულება არის ყველა ექიმში. ის თვითონ ცოცხლდება, როდესაც სხვას ეხმარება. მე მყავდა სიმამრი, აკადემიკოსი, ქირურგი, ონკოლოგი გენიალური ექიმი - გივი ორჯონიკიძე. ისეთი შემთხვევა ჰქონდა, გართულებული წითელი ქარი, ფეხი რთულ მდგომარეობაში, 39 სიცხე და ამ დროს, პაციენტი ელოდებოდა ურთულეს ოპერაციაზე. 8 საათი დამჯდარი აკეთებდა ოპერაციას, ნებისმიერ წუთში, შესაძლებელი იყო ტრომბი მოსვლოდა და ადგილზე გარდაცვლილიყო. ისტორია ინახავს ბევრ ასეთ მაგალითს. ჩემი გამზრდელი მასწავლებელი იყო მიხეილ  გიგინეიშვილი. ყველაფერი, რაც მე შევძელი, როგორ ექიმადაც მე ჩამოვყალიბდი, მის სახელთან არის დაკავშირებული. მას უყვარდა ამ ისტორიის მოყოლა - იყო ასეთი პროფესორი ლეონტი ელიაშვილი. ასაკოვანი კაცი იყო, თურმე  სამშობიარო სახლში გართულდა პაციენტის მდგომარეობა, გამოცდილება იყო საჭირო და “მაშების” გამოყენება. მივიდა ბატონი ლეონტი, მაშები დაადო ქალბატონს, ნაყოფი დაიბადა, დედაც გადარჩა, ბავშვიც, ორი ადამიანი გადაარჩინა და თვითონ იქვე ადგილზე გარდაიცვალა. ასეთი უნდა იყოს ექიმი და ასეთი ექიმი ჩვენ ყოველთვის ბევრი გვყავდა. 

თეთრი ხალათის ჩაცმა დიდი პასუხისმგებლობაა. სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტებთან შეხვედრებზე, ყოველთვის ვამბობდი: ადამიანი, კარგად უნდა გაეცნოს ჰიპოკრატეს ფიცს და შემდეგ გადაწყვიტოს ექიმობა. უნდა გააცნობიერო, რა ვალდებულებებს გაკისრებს ეს ფიცი, რომელიც იწყება ფრაზით, მამად მიმაჩნდეს, ვინც მასწავლა. ეს რამხელა პატივისცემა და ვალდებულებაა იმ ადამიანის მიმართ, ვინც შენ ამ პროფესიას გაზიარებს. ჩემი აზრით, ეს მორალის უზენაესი საფეხურია. მეხუთე მცნებაში ხომ გვიწერია პატივი ეცი მამასა და დედასა შენსა, ეს ბიოლოგიურ მშობლებზეა საუბარი, ექიმის ფიცით, ამ ადამიანებს მასწავლებელიც ემატება. ფიცის მეორე პუნქტია, მემკვიდრეობითობის კავშირი, რომ ცოდნა, რომელიც შენ, ექიმმა მიიღე, უანგაროდ უნდა გადასცე მომავალ თაობას.

როდესაც მედიცინაში ღრმად ჩაიხედავ, მედიცინა არის თეატრიც, სამხედრო პოლიგონიც, სპორტული მოედანიც, სადაც შენი მოწინააღმდეგე დაავადებაა, რომელიც თავს მალავს და მის აღმოსაჩენად ყველა ხერხი უნდა მოძებნო. ექიმისთვის ადამიანთან კომუნიკაცია უმნიშვნელოვანესია, პაციენტი ყველაფერს გიყვება და შენ უბარიეროდ ხვდები მის გაჭირვებაში შესვლას, თუ ის ჩაიკეტა და დეტალები არ მოგიყვა, შენ ვერ მიხვდები მას რა უჭირს. პაციენტი უნდა ენდოს შენს სიტყვას და შენი დამოკიდებულება უნდა იყოს უანგარო. დღევანდელ პირობებში არსებობს გადასახადის ფორმა, მაგრამ ეს ალბათ მინიმალურია იმასთან შედარებით, რომ  შენ სასიცოცხლო გადაწყვეტაში მონაწილეობ. ჩემი სპეციალობის, მეან გინეკოლოგის და საქართველოში ულტრასონოგრაფიის ერთ-ერთი დამფუძნებლის საქმეს ჰქონდა უამრავი ხიბლი - სიცოცხლის მოვლინებაზე მნიშვნელოვანი რა უნდა იყოს?! თან მოვლინებამდე დედას რომ უნდა ამცნო, რომ  ბავშვი რომ ჩასახულია, უნდა აგრძნობინო, რომ მუცელში ცოცხალი არსება ჰყავს და მისი გულისცემა მოასმენინო. ბევრჯერ მქონია შემთხვევა, აბორტზე მოსული ქალი უკან გამიბრუნებია და მისთვის გადაწყვეტილება შემიცვლევინებია.

- ჰიპოკრატეს ფიცი არასდროს დაგირღვევიათ?

- მითქვავს პროფესიული ტყუილი, ამ ტყუილის დახმარებით 23 ბავშვის სიცოცხლე გადარჩა. აბორტის გასაკეთებლად მოსული ქალისთვის ვადა მომიტყუებია და მითქვავს, რომ არაფრით შეიძლებოდა მისთვის აბორტის გაკეთება. ამ ბავშვებიდან  ორის ნათლია  ვარ. ჩემ დროს ონკოლოგიური დაავადებები დიდი გამოწვევა იყო. დღეს ამ თემაზე ღიად ლაპარაკობს ექიმი, მაგრამ მაშინ პირდაპირ რომ გეთქვა პაციენტისთვის, შენ გაქვს კიბო, ეს ძალიან მძიმე განაჩენი იყო. ასეთ შემთხვევებში მომივლია შორიდან, მომიგონია ზღაპრები. როდესაც ადამიანს უნდა უთხრა ცუდი ამბავი, რომელიც ძნელი გადასატანია, ის ამ ზღაპარში ისე  უნდა შეიყვანო, რომ იმ  ჭინკებით, რომელიც იმ ტყეში დახვდება, არ  შეაშინო. პაციენტისთვის ასეთი “ზღაპრები” მითქვავს და მომიტყუებია, მხოლოდ შეგუების შემდეგ გამიშლია პაციენტისთვის კარტები. ეს არ იყო იოლი. ამხელა კაცი ვარ, იმ წუთას მეტყობა, თუ რამეს არასწორად  ვაკეთებ, ან სიმართლეს არ ვამბობ. არ არის ეს ჩემთვის კომფორტული მდგომარეობა, მაგრამ ასეთებიც ხდებოდა.

 - პოლიტიკამ ალბათ შეგაჩვიათ ასე სათქმელს. დღეს როგორ გახსოვთ პერიოდი, როდესაც პირველად დაუკავშირეთ ცხოვრება პოლიტიკას და  თბილისის  საკრებულოს თავმჯდომარე გახდით?

- ეს იყო სრულიად ახალი ამპლუა, მაგრამ არ გამჭირვებია. ისევ ადამიანებთან ურთიერთობის ჩემი უნარები დამეხმარა. საკრებულოს თავმჯდომარე 1998 წელს გავხდი.  არ იყო იოლი  დრო. ჩემი ჩათვლით  საკრებულოში 55 დეპუტატი ვიყავით, მათ დიდ ნაწილს მანამდეც კარგად ვიცნობდი, ზოგს როგორც უფროსი თაობის წარმომადგენელს, ზოგს როგორც ჩემს პაციენტს, ზოგს როგორც მეგობარს, უბნელს. არ გამჭირვებია არანაირი ურთიერთობების დამყარება, ოპონირების რეჟიმი მაშინაც იყო, მაგრამ მე არ მახსოვს, ვინმესთან პირადი კონფლიქტი მომსვლოდა.    პირიქით, როდესაც რთული პერიოდი იყო და საჭირო  ხდებოდა საქმეზე  კონცენტრაცია, ყოფილა შემთხვევები, სამკაციანი ფრაქციის საკითხიც კი გამიტანია. სამედიცინო სფეროში ყველაზე წარმატებული კონსილიუმის ინსტიტუტია, როდესაც შენ არ იცი რაღაც, ის შესაძლოა შენმა კოლეგამ იცის და საერთო აზრი გამოგაქვთ. აქაც მედიცინაში მიღებული გამოცდილება დამეხმარა. იმ საკრებულოში იყვნენ სასწაული ადამიანები, პროფესიონალები. გიგა ბათიაშვილი რომ გყავს გვერდით, როგორ უნდა გაგიჭირდეს მშენებლობის დარგი იქნება თუ არქიტექტურის დარგში გადაწყვეტილების მიღება, როდესაც შენს ქალაქს ეს სჭირდება?! ადამიანმა არასდროს არ უნდა იძახო მე, მე!  ეს უხერხულია ამ ქალაქში, თუ რამეში პირველი უნდა გახდე, სხვამ უნდა გაღიაროს.

- უკვე დიდ პოლიტიკაში მოხვედრილს ცხოვრების  რა დაგეხმარათ, გაართულა პოლიტიკამ თქვენი ცხოვრება?

- თუ გინდა გაიგო, შენზე რას ფიქრობენ ადამიანები, პოლიტიკაში უნდა წახვიდე. მე თმენას მიჩვეული კაცი ვარ, თეთრ ხალათს რომ ჩაიცმევ, უკვე გაქვს თმენის ვალდებულება, რაც პოლიტიკაშიც აუცილებელია. შენი ცხოვრებით უნდა გააბათილო, ის ხმები, რასაც პოლიტიკური მოწინააღმდეგები დაგაბრალებენ. ხანდახან ისეთ თემებს “აწევენ”, რომ შენც ჩაგრთონ და თავის მართლების რეჟიმში მოგიწოს ყოფნა, ამას გაჩუმება სჯობს. როდესაც ტალახს მესვრიან, მე ძალიან მეუხერხულება ხოლმე იმ ხალხთან, ვისთანაც შეცდომა არასდროს დამიშვია, მაგრამ მათაც ესმით, რომ ეს პოლიტიკაში ჩვეულებრივი რამ არის. იყო თემები, რომელშიც ყველაზე ანგარიჟებული კამპანიის მსხვერპლი გახდა ყველაზე სათუთი ადამიანი, ჩვენი პატრიარქი. პატრიარქს რომ გალანძღავენ, რაზეა ლაპარაკი, შენ ვინ ხარ რომ არ მოჰყვე ტალახის სროლაში.  რომ იცი კაცის ქველმოქმედება და სიკეთე და იცი მრავალი წელია, და ყოველი ფეხის ნაბიჯზე ისეთი ადამიანი ლანძღავს მას, თავის ცხოვრებაში არაფერი რომ არ გაუკეთებია,  რა უნდა გაგიკვირდეს და გეწყინოს?!  პარლამენტში ჩემს ოპონენტ დეპუტატებს შორის პატარა გოგონებიც არიან, ზოგი ჩემი შვილების ტოლია, ისინი რაში უნდა დავადანაშაულო? ვეტყვი ხოლმე, თქვენ კი არა, თქვენს მშობლებს მოეთხოვებათ პასუხი-მეთქი. მე სულ ვდილობ ვიყო კორექტული, ვერ ვაკადრებ ცუდს ვერავის.  ჩემს პასუხს ფურცელზე ვწერ. ოთხი წიგნის ავტორი ვარ. მეოთხე ახლა გამოდის. იმას რასაც ვერ ვამბობ და განვიცდი, ჩემს წიგნებშია ასახული. 

- მემუარები პოლიტიკოსთა საყვარელი ჟანრი გახდა.

- ფურცელი, ფანქარი, სიტყვები, ლექსი, მინიატურა, მოთხრობა ძალიან მეხმარება როგორც დაგროვილი ტკივილის გადმოსაცემად, რაც მედიცინიდან, ცხოვრებიდან მომაქვს, ასევე ის, რაც დამიგროვდა პოლიტიკურ ასპარეზზე. არ არსებობს არ გამოვეხმაურო რომელიმე მოვლენას, მაგრამ ამას ვაკეთებ ლექსით, სადაც ჩემს  სათქმელს გადმოვცემ.

ვერ ვიტყვი, რომ რთული მხოლოდ  ქართული პოლიტიკის კულისებია. ნახეთ, რა ხდება ამერიკაში, საფრანგეთში, ჰოლანდიაში, ინგლისში. პოლიტიკა ასეთი ყოფილა ყველგან, მაგრამ  ჩვენს პატარა ქვეყანაში ყველაფერი სხვანაირად ჩანს. მოღალატეები, აგენტები რომ გვეძახეს გამჭირვალობის კანონზე, ეს ხომ არ იყო სწორი. მთელი ცხოვრება გამჭვირვალობას ვემსახურები, ჩემთან პაციენტი შიშვლდება. იმაზე დიდი ინტიმი, რაც პაციენტს და ექიმს შორისაა, სხვაგან სად  არსებობს. პოლიტიკაშიც მეტი გამჭირვალობა და ღიაობა საჭირო, სხვანაირად მოვლენას თავს და ბოლოს ვერ გაუგებ.  

- ჩვენს პოლიტიკაში გამჭვირვალობა იოლი არ  იქნება.

- ეს ჩემთვის ძნელი არ არის. როდესაც პოლიტიკას გამოიყენებ შენთვის, შენი ინტერესისითვის, ეს ძალიან ცუდია და ამას მოჰყვება ცუდი ამბები.  როდესაც ნდობის ვალდებულებას და დელეგირებული ამომრჩევლის ხმის ვალდებულებას ასრულებ, ეს არის სრულიად სხვა და პოლიტიკაში ყოფნა სირთულეს არ წარმოადგენს.

 - თქვენი ოჯახი როგორ ხვდება, როდესაც პოლიტიკური ოპონენტების კრიტიკის ქარცეცხლში ხვდებით? 

- ჩემს ახლობლებს გაუჭირდათ, როდესაც ჩემ შესახებ ოპონენტებისგან ესმოდათ ისეთი რამ, რაც ჩემს ცხოვრებაში არ ყოფილა. ხანდახან ისეთ რამეს დაგაბრალებენ, არ არის იოლი, ამაზე ნერვიულობენ შვილები, მეუღლე, მეგობრები. ზოგჯერ ჩემი მეგობრები გასცემენ ხოლმე პასუხს იმ ბრალდებებზე, რაც ესმით, მაგრამ ისე რომ მე წარმოდგენაც არ მაქვს.

მე და ჩემი მეუღლე 56 წელია ერთად ვართ და თვალდახუჭული ვენდობით ერთმანეთს. მეუღლე პოლიტიკაშიც მენდობა. ერთხელ ვიხუმრე, რაც ჩემს თეთრ ხალათზე ჩემს მეუღლეს პომადის კვალი უნახავს, ამაზე რომ ეეჭვიანა, ვერ იქნებოდა კარგად ჩვენი საქმე მეთქი, ჩემს პოლიტიკურ ხალათზე რამდენი ტალახი ნახა?! მე მის თვალებში ვკითხულობ, რომ განიცდის, როდესაც პოლიტიკის გამო კრიტიკის ობიექტი ვხდები. ჩემი შვილებიც ისეთი ადამიანები არიან, კარგად იციან ცხოვრება, ჩემი შვილიშვილები, ტყუპები პატარები არიან,  მეორე კლასში, უფროსები ნიკოლოზი სტუდენტია, სამედიცინო ინსტიტუტის, ანდრია წელს გახდა ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი, მათაც ესმით ალბათ, როდესაც ჩემზე საუბრობენ, მაგრამ მე ამ თემებზე მხოლოდ მაშინ ვლაპარაკობ, როდესაც მე და ჩემი ცოლი მარტონი ვრჩებით. შვილებს და შვილიშვილებს ამ თემებს არ ვაკარებ. ჩემი ცოლი გადამიშლის ხოლმე გულს და მიზიარებს თავის ფიქრებს. რუსუდანი ჩემთვის ყველაფერია. სანამ ცოლ-ქმარი გავხდებოდით, 7 წელი ვმეგობრობდით. სკოლიდან ერთად  მოვდივართ, ინსტიტუტშიც ერთად ვიყავით. ბევრჯერ მიფიქრია, მარტომ რომ ვიყო, შეიძლება რაღაც ცდუნება გამჩენოდა, რომ მათთვის მეპასუხა, მაგრამ ისევ ჩემებს ვუფრთხილდები, სწორედ ამიტომ, არასდროს ვცემ პასუხს ბრალდებებს. როცა ყანას თესავ და მწვანე ჯეჯილს ელი, იმას სარეველაც აუცილებლად მოჰყვება. საქმის გაკეთება სარეველის გარეშე არ გამოდის. ექიმი ყოველთვის ოპტიმისტია და მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. 

ყველაზე მეტად რა გენატრებათ წარსულიდან?

- ჩემი მეგობრები, ისინი უკვე ცაში არიან. ეს არის აღუვსებელი რამ, რასაც ვერ შევავსებ. ჩემთვის ყველაზე დიდი სიმდიდრე და ბედნიერება იყო ამ ადამიანებთან ურთიერთობა. ჩვენ უკვე ოჯახებით ვიყავით ერთმანეთთან გადაჯაჭვული, ერთმანეთის შვილები გვყავდა მონათლული.   რასაკვირველია, ჩემი მეგობრების დანატოვართან, მეუღლეებთან, შვილებთან, შვილიშვილებთან დღემდე გვაქვს ურთიერთობა, მაგრამ მე ჩემი მეგობრები მენატრება, მათ გარეშე ცხოვრება მიჭირს.

მაწუხებს ის, რომ ბოლო წლებში ძალიან გავამდარეთ ჩვენი ენა და ბევრი ბილწსიტყვაობა, უცენზურო სიტყვა შემოვიდა ჩვენს ჰარმონიულ  ენაში. ჩემთვის ძალიან  მტკივნეულია ეს თემა. ჩვენ ახალგაზრდობაში ამას დიდ ყურადღებას ვაქცევდით. როგორ გაბედავდი კაცი უწესო საუბარს? მე რასაც შევძლებ ჩემს კუნძულზე:  ჩემს ოჯახში, სამეგობროში, სანათესაოში, ამას არ დავუშვებ, ვიცი, რომ  ჩემი კუნძულის  ბინადრები ასეთ ფრაზებს არ გამოიყენებენ, ჩემი ასაკის მიუხედავად, სხვებს ვერ შევკადრებ რჩევებს და შენიშვნებს.  

მე დღესაც აქტიური ცხოვრება მაქვს. ჩემი უფროსი ქალიშვილი თეტრალია და არ მახსოვს, ჩემი მოუცლელობის მიუხედავად, სადმე პრემიერა იყოს და არ მივიდე, არ ვაცდენ გამოფენებს, შეძლებისდაგავრად ყველგან მივდივარ, სადაც დამპატიჟებენ. დღეს მაგალითად მეცნიერებათა აკადემიაში ვიყავი, ზურაბ წერეთელის საიუბილეო საღამოზე. მე იქ  ადამიანები ვნახე, თვალზე ცრემლი მომადგა. ისინი ქართული ისტორიის, ჩვენი ეთნოკულტურის სასწაული მოამაგეები არიან, რაც ძალიან მახარებს. თუნდაც ზურაბ წერეთელი, მან  სადაც არ უნდა დადგას ძეგლი, ის ყველგან ქართველია. ქართველი, სადაც არ უნდა იყოს. საფრანგეთში, ამერიკაში თუ მტრის ბუნაგში, ყველგან ქართველია. ეს უფლისმიერი მისიაა, რომელსაც ადამიანი ვერ გაექცევი.   

თამუნა ნიჟარაძე  

аналитика
«The Guardian»: „ პლანეტაზე მშვიდობის ბედი სასტიკი და დაუნდობელი პატრიარქების ხელშია, რომლებიც მომავალ თაობას მსოფლიო წესრიგის ნანგრევებს უტოვებენ“

„სწორედ იმ დროს, როცა მსოფლიოს უაღრესად ჭირდება ბრძენი უხუცესები, პლანეტაზე მშვიდობის ბედი სასტიკი და დაუნდობელი პატრიარქების ხელშია, რომლებიც მომავალ თაობას მსოფლიო წესრიგის ნანგრევებს უტოვებენ“ - ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ გაზეთ „გარდიანში“ (The Guardian) გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ავტორია დევიდ ვან რეიბრუკი, ნობელის პრემიის ლაურეატი ფილოსოფიაში ნიდერლანდებიდან.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

მოდით ერთ დელიკატურ საკითხზე მსჯელობას შევეცადოთ: ვისაუბროთ ასაკზე ისე, რომ ეიჯიზმში - ასაკობრივ დისკრიმინაციაში - არ გადავვარდეთ.

არასოდეს არ მომხდარა ისეთი პრეცედენტი პლანეტის თანამედროვე ისტორიაში, როგორიც დღეს არის: მსოფლიოში მშვიდობის ბედი ისეთი ადამიანების ხელშია, რომლებიც საკმაოდ ხანდაზმულები არიან. ვლადიმერ პუტინს და სი ძინპინს 72 წელი შეუსრულდათ, ნარენდრა მოდი - 74 წლისაა, ბენიამინ ნეთანიაჰუ - 75-ის, დონალდ ტრამპი - 79-ის, ალი ჰამენეი - 86-ის.

რასაკვირველია, მედიცინის განვითარების წყალობით, ადამიანები სულ უფრო მეტ ხანს ცოხლობენ და შეუძლიათ აქტიური ცხოვრებით იცხოვრონ, მაგრამ ამის მიუხედავად, დრეს ცვენ მოწმენი ვართ იმ პოლიტიკური ლიდერების რაოდენობის ზრდისა, რომლებიც ასაკის კვალობაზე სულ უფრო ამკაცრებენ საკუთარ ხელისუფლებას, ხშირად თავიანთი ახალგაზრდა კოლეგების ხარჯზე.

გასულ კვირაში ჰააგაში ნატოს ყოველწლიურ სამიტზე ალიანსის ლიდერები, ემანუელ მაკრონის და მეტე ფრედერიქსონის (ორივე 47-47 წლისაა), ჯორჯა მელონის (48 წლის), პედრო სანჩესის (53 წლის) ჩათვლით, იძულებულნი იყვნენ დათანხმებულიყვნენ დონალდ ტრამპის მოთხოვნას სამხედრო ბიუჯეტის გაზრდის შესახებ. ნატოს წევრი ქვეყნების მეთაურების საშუალო ასაკი 60 წელს შეადგენს: გერმანიის კანცლერი 69-ისაა, ხოლო თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი - 71 წლის.

ყველა დაეთანხმა სამხედრო ასიგნებათა 5%-იან ზრდას, თუმცა აშკარაა, რომ ეს ციფრო თვითნებურად არის დადგენილი - მისი განხილვა სერიოზული დებატებით არ მომხდარა არც ნატოში და არც წევრი ქვეყნების შიგნით. ამ დროს უფრო მეტად სამხედრო-პოლიტიკური რეალობას კი არ მიექცა ყურადღება, არამედ ჭირვეული ამერიკელი პატრიარქის პატივისცემას და მის აკვიატებულ მოთხოვნას. ნატოს გენერალური მდივანი მარკ რიუტე, რომელიც მხოლოდ 58 წლისაა, ისე შორს წავიდა აშშ-ის პრეზიდენტისადმი მოწიწებაში, რომ დონალდს „მამიკოთი“ (Daddy) მიმართა. ეს დიპლომატია არ არის. ეს მორჩილებაა.

თაობათა კონფლიქტი სხვა არენებზეც ხდება: უკრაინის 47 წლის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უპირისპირდება მასზე ბევრად უფროსი ასაკის კოლეგას - რუსეთის 72 წლის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. იმავე ასაკის მქონე სი ძინპინი მტრული თვალით უყურებს ტაივანის  პრეზიდენტს, რომელიც კომუნისტ ბელადზე 7 წლით უმცროსია. ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომლის წლოვანება საუკუნის სამ მეოთხედს შეადგენს, აუღელვებლად უყურებს ღაზას სექტორის განადგურებას, რომლის მოსახლეობის საშუალო ასაკი 18-20 წელია. ირანში 86 წლის ლიდერი მართავს ქვეყნის 80-მილიონიან მოსახლეობას, რომელთა საშუალო ასაკი 32 წელია. კამერუნელი 92 წლის პრეზიდენტი პოლ ბია 1982 წლიდან იმყოფება იმ ქვეყნის სათავეში, რომლის მცხოვრებლების საშუალო ასაკს 18 წელი შეადგენს, ხოლო სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა - 62 წელს.

რასაკვირველია, ჩვენ არ ვდგავართ გერონტოკრატიული შეთქმულების წინაშე. ჯერ-ჯერობით არც მოხუცი მოქმედი ლიდერების კლუბი არ არსებობს, რომლებიც მსოფლიოს ბატონობას სიცოცხლის ბოლომდე ესწრაფვიან... მაგრამ არის რაღაც შემაშფოთებელი იმაში, რომ  მშვიდობა ინგრევა სწორედ იმ ადამიანების მიერ, რომელთა ცხოვრება მეორე მსოფლიო ომის შემდომი არქიტექტურით განისაზღვრა. ალი ჰამენეი 6 წლისა იყო, როცა ჯერ გერმანიამ, შემდეგ კი იაპონიამ ხელი უსიტყვო კაპიტულაციას მოაწერეს.

დონალდ ტრამპი 1946 წელს დაიბადა, როცა გაერომ თავისი პირველი გენერალური ასამბლეის სხდომა ჩაატარა. ბენიამინ ნეთანიაჰუ  დაიბადა ისრაელის სახელმწიფოს შექმნიდან ერთი წლის შემდეგ. ნარენდრა მოდი დაიბადა 1950 წელს, როცა ინდოეთი საპარლამენტო რესპუბლიკად გამოცხადდა და ქვეყნის კონსტიტუცია მიიღეს. ვლადიმერ პუტინი ქვეყანას 1952 წლის ოქტომბერში მოევლინა, იოსებ სტალინის სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე. ამხანაგი სი ძინპინი - 1953 წლის ივნისში დაიბადა, სტალინის სიკვდილის შემდეგ. რეჯეფ ერდოღანი გაჩნდა 1954 წელს, თურქეთის ნატოში შესვლიდან ორი წლის შემდეგ. ყველა ჩამოთვლილი პირები ომისშემდგომი ეპოქის ბავშვები არიან და ახლა, როცა თავიანთი სიცოცხლის მიჯნას უახლოვდებიან, ისინი, როგორც ჩანს, მზად არიან იმ მსოფლიოს დასანგრევად, რომლებშიც თვითონ დაიბადნენ. ასთი მოქმედება შურისძიებას ჰგავს.

დიახ, საერთაშორისო წესრიგი, რომელიც თეორიულად გარკვეულ წესებს ემყარებოდა, პრაქტიკაში ყოველთვის არეულ-დარეული იყო, ვიდრე ეს ქაღალდზე ჩანდა. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში რაღაც იდეალი არსებობდა, რომლის მიღწევას ყველა თავისებურად ცდილობდა. არსებობდა საერთო მორალური პრინციპები - დიახ, მყიფე, მაგრამ გულწრფელი, რომელიც იმ რწმენას ემყარებოდა, რომლის მიხედვით, კაცობრიობას აღარ უნდა გაემეორებინა მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის მხეცობები და რომ უმჯობესია უთანხმოებები დიალოგისა და დიპლომატიის მეშვეობით მოგვარდეს. დღეს ეს რწმენები აორთქლდა, გაქრა და უმეტესად იმ ადამიანთა გონებასა და სულში, რომლებისთვისაც ყველაზე ძვირფასი უნდა ყოფილიყო და რომელებიც სიკეთის რწმენას ყველაზე მეტად უნდა გაფრთხილებოდნენ.

დღეს უპრეცედენტო მომენტია. წინა მსოფლიო მართლწესრიგის არქიტექტორები - ადოლფ ჰიტლერი, ბენიტო მუსოლინი, იოსებ სტალინი და მაო ძედუნი სულ რაღაც 30-40 წლისანი იყვნენ, როცა ხელისუფლებაში მოვიდნენ. ახალმა თაობამ ახალი მსოფლიო ააშენა, მაგრამ წინა მართლწესრიგის შედეგებს შეეჯახნენ. დრეს ახალი მსოფლიოც ინგრევა იმ ძველი თაობის ადამიანების მიერ, რომლებიც ვერ იცოცხლებენ იმ დრომდე, რათა დაინახონ, როგორი ნანგრევები დარჩება მათი მოქმედებით.

ჩვენ შეიძლებოდა გვქონოდა იმის იმედი, რომ თაობა, რომელსაც ბედმა გაუღიმა და სიცოცხლის ხანგრძლივობა გაუგრძელდა, თავიანთი სიკვდილის შემდეგ სიკეთის, პტივისცემის და გლობალური პოზიტიური ხელმძღვანელობის მემკვიდრეობას დატოვებდა. ამის ნაცვლად ჩვენ მოწმენი ვართ ბოლო ათწლეულებში მომხდარი ყველაზე უარესი რეპრესიების, ძალადობის, გენოციდების, ეკოციდების და საერთაშორისო სამართლის მიმართ უპატივცემლო დამოკიდებულებისა, რომლებსაც ყველაზე მეტად ულმობელი 70-80 წლის მოხუცები სჩადიან და რომლებიც, როგორც ჩანს, უფრო მეტად იმით არიან დაინტერესებული, რომ თავი აარიდონ სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ვიდრე მშვიდობის შენარჩუნებაზე იზრუნონ.

მაგრამ ასე არ უნდა იყოს.

როცა ნელსონ მანდელამ 1999 წელს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტი დატოვა, მან ჩამოაყალიბა ორგანიზაცია „უხუცესები“, რომელიც ყოფილ მსოფლიო ლიდერებს აერთიანებდა. ისინი მუშაობდნენ მშვიდობის, სამართლიანობისა და ადამიანის უფლებების მხარდასაჭერად. დღეს, მოქმედებენ რა კონსენსუსის ტრადიციებით და წინა თაობების პოლიტიკოსთა საუკეთესო გამოცდილებით, „უხუცესების“ წევრები ითვლებიან იმის მაგალითად, თუ როგორ შეუძლიათ ასაკოვან ადამიანებს კაცობრიობას მოუტანონ მეტი სინათლე, გამოხატონ თანაზიარობა, იმოქმედონ სინდისით და არა მარტო გავლენითა და ძალით.

პრობლემა მოხუცებულობაში არ არის. პრობლემა იმაშია, თუ როგორი მიზნის მიღწევა სურთ მისი სარგებლობით და რას აძლევენ უპირატესობას. მსოფლიოს არ სურს ისეთი ახალი მოხუცი ძალოვანი პირები, რომლებსაც მმართველის საჭისა და ტახტის დატოვება არ სურთ. მსოფლიოსათვის უკეტესია ის მოხუცი ლიდერები, ის უხუცესები, რომლებიც მზად არიან კომპრომისებისათვის და ადამიანთა ენერგიის სასიკეთოდ წარმართვისათვის. ისინი, ვინც მემკვიდრეობაზე ფიქრობენ არა როგორც პირად დიდებაზე, არამედ როგორც მშვიდობაზე, რომელსაც ისინი თავიათი სიცოცხლის შემდეგ დატოვებენ. ჩვენს დროში გვჭირდება არა ბატონობა, არამედ სიბრძნის გამოვლენა. და ეს, საბოლოო ჯამში, არის ის, რაც მმართველს ლიდერისაგან განასხვავებს.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати