USD 2.7127
EUR 3.1386
RUB 3.3552
Тбилиси
«El Pais»(ესპანეთი): „დონალდ ტრამპი - ამერიკული ჰეგემონიის დიდი დამანგრეველი“
дата:  479

ესპანურ გაზეთ „ელ პაისში“ (El Pais) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „დონალდ ტრამპი - ამერიკული ჰეგემონიის დიდი დამანგრეველი“ (ავტორი - მაკარენა ბიდალ ლი). ქვეყანა, რომელიც დემოკრატიისა და მრავალფეროვნების სიმბოლო გახდა, ახლა უკან იხევს ყველა თავისი ფასეულობისაგან, უარს აცხადებს ვალდებულებების შესრულებაზე და ხელს უშლის თავის მოკავშირეებს“, - ნათქვამია პუბლიკაციაში, რომელშიც გაანალიზებულია აშშ-ის პრეზიდენტის პოლიტიკა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

კაცობრიობის არსებობის ისტორიული პროცესი ათასობით წლების განმავლობაში უცვლელი რჩებოდა: იმპერიები და მსოფლიოს ძალთა ცენტრები შინაგანი პრობლემების, მტრების შემოსევებისა თუ სტიქიური უბედურებების გამო ინგრეოდნენ, მაგრამ დღემდე არცერთი იმპერია არ გამქრალა იმისგან, რომ მისი ლიდერი თვითონ ანგრევს ქვეყნის ავტორიტეტს სახელმწიფოს შიგნით. როგორც ჩანს, დონალდ ტრამპი სწორედ ამით არის დაკავებული - ძირს უთხრის უკვე ჩამოყალიბებულ მსოფლწესრიგს, პირადი ინტერესებიდან გამომდინარე.

აშშ-ის პრეზიდენტი ლანძღავს და სჯის თავის მოკავშირეებს. იგი დასცინის აფრიკის ქვეყნებს, რომელთა შესახებ არასდროს არაფერი არ გაუგია. იგი სწრაფად უახლოვდება მეტოქე ქვეყანას, რუსეთს. იგი ტრაბახობს, რომ ვლადიმერ პუტინი ამერიკის ყველა პრეზიდენტს ატყუებდა, მაგრამ მისი მოტყუება ვერ შეძლო. „მას ჩემს წინაშე სიცრუე არასდროს არ უთქვამს“, - აცხადებს დონალდ ტრამპი. ამ ადაიანის თეთრ სახლში დაბრუნებამ მთელი მსოფლიო გადაატრიალა. ქვეყანა, რომლის დემოკრატიამ და მრავალფეროვნებამ მსოფლიოს წესებისა და კანონების სისტემა მისცა, ახლა რეანიმაციაში წევს.

ტრამპმა უკვე გამოაცხადა თავისი ქვეყნის გასვლა „უსამართლო და კორუმპირებული ინსტიტუტებიდან. ასეთებად აშშ-ის პრეზიდენტი თვლის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, გაეროს ადამიანის უფლებების კომიტეტს და პარიზის შეთანხმებას, რომელიც გლობალური კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ არის მიმართული.

შეერთებული შტატები ის ქვეყანაა, რომელიც ყველაზე მეტად იყო ერთგული დემოკრატიისა და მრავალფეროვნებისა, ახლა კი აშშ უკან იხევს თავისი ფასეულობებიდან და უარს აცხადებს ვალდებულებების შესრულებაზე. დონალდ ტრამპი ბარიერებს უქმნის სავაჭრო პარტნიორებს, ზრდის საბაჟო გადასახადებს იმ ქვეყნებისთვისაც კი, რომლებიც მისი მოკავშირეები და მხარდამჭერები არიან. ტრამპის გუნდი ერევა ევროპულ არჩევნებში და ულტრამემარჯვენე პარტიების მხარეზე გამოდის. ტრამპი ნატოს დაფინანსებას შეწყვეტით ემუქრება და ეჭვის ქვეშ აყენებს კოლექტიური თავდაცვის პრინციპს. იგი იკვეხნის, რომ ჩინეთთან მშვენიერი ურთიერთობის აწყობას აპირებს და ვლადიმერ პუტინს „გენიოსს“ უწოდებს.

და ამ ყველაფერთან ერთად დონალდ ტრამპი ტელეკამერების წინაშე, პირდაპირ ეთერში ლანძღავს ვოლოდიმირ ზელენსკის - მოკავშირე ქვეყნის პრეზიდენტს... იმ ქვეყნის ლიდერს, რომლის ნაწილი რუსეთს აქვს ოკუპირებული.

ჩვენ გვახსოვს ბევრი ეპიზოდი ისტორიიდან, როცა აშშ საკუთარ ინტერესებს მსოფლიო საზოგადოების ინტერესებზე მაღლა აყენებდა. ზოგიერთი ექსპერტი თვლის, რომ სწორედ ამერიკა გახდა მრავალპოლუსიანი მსოფლიოს ბირთვი: „თავისი უახლესი ისტორიის დიდი პერიოდის განმავლობაში აშშ აშენებდა ისეთ მსოფლიოს, რომელშიც ტერიტორიული სუვერენიტეტი ხელშეუხებელი იყო, ხოლო დანარჩენი დიდი სახელმწიფოები მასთან მხოლოდ გავლენის სფეროებსა და სიმდიდრის გადანაწილებაში კონკურირებდნენ“, - ამბობს ჯონ ოუენი, პოლიტოლოგიის პროფესორი ვირჯინიის უნივერსიტეტიდან, - „ამერიკა ქმნიდა მრავალმხრივი წესებისა და საზოგადოებრივი ინსტიტუტების მქონე მსოფლიოს, ერტმანეთზე დამოკიდებულ ეკონომიკებს, სადაც პრიორიტეტი ლიბერალ;ურ დემოკრატიას ენიჭებოდა. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ აშშ თვლდა, რომ სწორედ ასეთი მსოფლიო პასუხობს მის ინტერესებს. მაგრამ, როგორც ჩანს, თეთრი სახლის პოზიცია შეიცვალა“.

ასეთ თვალსაზრიის საქმით ადასტურებს აშშ-ის ახალი ადმინისტრაციაც. „მეორე მსოფლიო ომის შემდგომი მსოფლიო წესრიგი არამარტო მოძველდა, არამედ ის გადაიქცა იმ იარაღად, რომელსაც ჩვენს წინააღმდეგ იყენებენ““, - განაცხადა მარკო რუბიომ, აშშ-ის კონგრესის სენატში გამართულ მოსმენებზე, მისი კანდიდატურის სახელმწიფო მდივნად დანიშვნის დროს.

ტრამპის ახალი ძველი ხედვა

თავისი არსით, დონალდ ტრამპის ხედვა მსოფლიოზე ისეთია, როგორებიც იყვნენ გაბატონებულები ასწლეულების განმავლობაში. იგივე შეხედულებებს იზიარებენ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ძინპინიც. პროფესორი ჯონ ოუენი ასეთ რეზიუმეს აკეთებს: „მსხვილი სახელმწიფოები ერთმანეთთან მოლაპარაკებას აწარმოებენ, საზღვრებზე და სხვა საკითხებზე ხელშეკრულებებს დებენ, პატარა სახელმწიფოებმა კი მათი გადაწყვეტილება, როგორც მოცემულობა, ისე უნდა მიიღონ“.

წარსულთან პარალელი რომ გავატაროთ, აშშ-ის პრეზიდენტის კონცეფციას ამ შემთხვევაში მხარს ადვილად დაუჭერდნენ მხარს მე-19 საუკუნის პირველი ნახევრის მოღვაწეები - ავსტრიის კანცლერი კლემენს მეტერნიხი და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შარლ ტალეირანი. ტრამპის ხედვა ჰარმონიულად ერწყმის ნაციონალიზმის თანამედროვე ვერსიების უკიდურეს ფორმებს. საზოგადოებისათვის იოლი გამოსაცნობია, თუ რას ემსახურებიან ლოზუნგები „დავუბრუნოთ ამერიკას ძველი დიდება“ (MAGA) და „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“.

დავამატოთ ამას საერთაშორისო ურთიერთობების მერკანტილური კონცეფცია და კიდევ მშენებელთა ოჯახის ბექგრაუნდი. სხვაგვარად ვერ აიხსნება ის, თუ რატომ აღიქვამს დონალდ ტრამპი ღაზას სექტორს როგორც მიწის ისეთ ნაკვეთს, სადაც „ახლო აღმოსავლეთის რივიერა“ შეიძლება გააშენო. ან მოთხოვნა  უკრაინისაგან იმისა, რომ ამერიკას პრიორიტეტული უფლება ჰქონდეს მისი ბუნებრივი რესურსების გამოყენების დროს, გაწეული დახმარების სანაცვლოდ - იმ დახმარებისა, რომელსაც მმართველი დემოკრატიული პარტიის ადმინისტრაცია კიევს რაიმე პირობების წაყენების გარეშე უწევდა.

მოცემულ შემთხვევაში რესპუბლიკელი პრეზიდენტი კიდევ ერთხელ ახდენს იმ კონცეფციის დემონსტრირებას, რომლის თანახმად, პატარა და სუსტ ქვეყნებს პროტესტის გამოხატვის უფლებაც კი არ აქვთ. „თქვენ მომგებიანი კარტი არ აქვთ“, - იმეორებს დონალდ ტრამპი და უკრაინის ტრაგედიას პოკერის თამაშს ადარებს.

„თქვენ იმდენს მიიღებთ, რამდენსაც იმსახურებთ“. „არ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ ვინ ხართ - თეორიული მოკავშირე და პოტენციური დაუძინებელი მტერი“. ყველაფერი უკვე შეუბრალებლობამდე და გულგრილობამდე მივიდა. გასულ კვირაში კონგრესის წინაშე გამოსვლისას დონალდ ტრამპმა პატარა აფრიკული ქვეყანა მასხარად აიგდო, რომელიც აშშ-საგან განვითარებისათვის დახმარებას იღებდა: „საერთოდ გსმენიათ ვინმეს ლესოტოს არსებობა?“.

„დონალდ ტრამპის პოლიტიკის თითქმის ყველა ასპექტში არის მერკანტილური და საქმიანი იმპულსი“, - განაცხადა თავის ამასწინანდელ ინტერვიუში ჩარლზ კუპჩანმა, საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს ანალიტიკოსმა.

ტრამპის პირადი ჟინია  მუდმივად იყოს სიმაღლეზე და ყურადღების ცენტრში. მას სწყურა შოკისმომგვრელი გამარჯვებები კონკურენტებზე და რაც მალე მოხდება, მით უფრო სასურველია. იგი გამარჯვებისათვის უმოკლეს გზას ეძებს, რათა უსიტყვო გამარჯვებას მიაღწიოს და შემდეგ სხვა რაღაცაზე გადავიდეს, მაგრამ ეს ხდება გრძელვადიანი პერსპექტივის საზარალოდ. იგი არსად არ ჩერდება დიდხანს: თუ რარაც არ მუშაობს, უბრალოდ თავის პოზიციას ცვლისდა მაინც აცხადებს, რომ გაიმარჯვა. „ჩვენ ვხედავთ მრავალ ტაქტიკურ გადაწყვეტილებას, რომლებსაც სამომავლო მკაფიო სტრატეგია არ აქვს“, - ამბობს პროფესორი ჯეფ ლეგრო რიჩმონდის უნივერსიტეტიდან.

გასულ კვირაში პრეზიდენტმა განაცხადა, რომ წერილი გაუგზავნა ირანის ლიდერებს დაიწყონ დიალოგი ბირთვული პროგრამის თაობაზე - 7 წლის შემდეგ იმ დროიდან, რაც ირანისა და უცხო სახელმწიფოებს შორის გარიგება ჩაიშალა. საუბარია იმ შეთანხმების პროექტზე, რომელზეც 6 სახელმწიფო მუშაობდა, რათა თეირანს საკუთარი ბირთვული იარაღი არ შეექმნა. მოგვაინებით რესპუბლიკელმა 25%-იანი ბაჟი დაუწესა აშშ-შიშეტანილ კანადურ და მექსიკურ პროდუქციას, თუმცა ერთ დღეში თავისი გადაწყვეტილება გააუქმა - ამერიკული კომპანიების აქციები სწრაფად დაეცა. დონალდ ტრამპი უკან არ იხევს და თავის საყვარელ ლიდერს - ვლადიმერ პუტინსაც აკრიტიკებს ხოლმე შექების შემდეგ. „თუ რუსეთი მოლაპარაკების მაგიდასთან არ დაჯდება, მე მას სანქციებით მოვახრჩობ“, - თქვა დონალდ ტრამპმა.

ზეწოლა მსოფლიოს საფუძვლის დასანგრევად - მხოლოდ დიდი პოლიტიკის დასაწყისია. კონგრესის წინაშე გამოსვლისას დონალდ ტრამპი კიდევ შეეხო პანამის არხის თემას.  ხოლო როცა მან განაცხადა, რომ გრენლანდიას აქვს უფლება თვითგამორკვევის შესახებო (მიუხედავად იმისა, რომ კუნძული დე-ფაქტოდ დანიას აკუთვნის) კოპენჰაგენში შვებით ამოისუთქეს. მაგრამ რად გინდა - ტრამპმა იქვე დაიწყო თავისი ჩვეული რიტორიკა - „გრენლანდია ძალიან გვჭირდება და აშშ, ასე თუ ისე, კუნძულს მაინც შეიერთებსო“. როგორც ჩანს, დანიელებს ტრამპისაგან „მოსვენება არ ექნებათ“.

საკვანძო შეხვედრა

მიმდინარე კვირა სერიოზული გამოცდა იქნება დონალდ ტრამპის სტრატეგიისათვის. ხვალ, სამშაბათს, ამერიკული მომლაპარაკებელი მხარე მარკო რუბიოსა და მაიკლ უოტცის შემადგენლობით უკრაინელებს ხვდებიან ერ-რიადში. შეხვედრა ჩატარდება აშშ-ის სამხედრო დახმარების შეჩერებასთან დაკავშირებით. სამიტს ორი სავარაუდო სცენარი აქვს: პირველი - შეთანხმების პროექტის მიღწევა ცეცხლის შეწყვეტის და ორი ქვეყნის დიალოგის ნორმალიზების შესახებ და მეორე - დონალდ ტრამპის იმპულსური გადაწყვეტილებების შედეგები რუსეთთან დაახლოების საკითხში.

ევროპელი პარტნიორები შეხვედრას მოუთმენლად ელოდებიან. ამ შეხვედრაზე ასევე არის დამოკიდებული რესპუბლიკური ადმინისტრაციის სამომავლო ურთიერთობები მოკავშირეებთან, რომლებმაც გასულ კვირას სოლიდარობა გამოხატეს ტრამპისაგან გარიყული ზელენსკის მიმართ.

„ტრამპს შეუძლია ისარგებლოს დაშინების ტაქტიკით თავისი მიზნების მისაღწევად, მაგრამ მას არ შეუძლია საკუთარ თავს ნება მისცეს დესტრუქციული ნაბიჯების გადასადგმელად ან ცუდი გარიგება დადოს რუსეთთან უკრაინის საკითხში“, - წერს Atlantic Council-ის თანამშრომელი დენ ფრიდი. „გლობალური ხედვის არარსებობა, რომელიც ფასეულობებზე იქნება დამყარებული, ძალის ფაქტორზე დაყრდნობა და იმ პრინციპის გაზიარება, როცა ერთი იმარჯვებს, მეორე აუცილებლად უნდა დამარცხდეს“ იმას ნიშნავს, რომ ამერიკა მოკავშირეებს მტრობს, მტრებთან კი ზავს დებს“, - აღნიშნავს დენ ფრიდი.

80-წლიანი ქორწინების შემდეგ ჩრდილოატლანტიკურ იდილიაში ღარც აშკარად გატყდა. ამას ადასტურებს ევროპის გადაწყვეტილება გადაიარაღების დაწყების თაობაზე, რომლისთვისაც 800 მილიარდი ევრო დაიხარჯება. ან ემანუელ მაკრონის ამასწინანდელი გამოსვლა:  „მსურს დავიჯერო, რომ ამერიკა ჩვენს მხარეზე დარჩება. მაგრამ ჩვენ მაინც უნდა ვიყოთ მზად, თუ ეს არ მოხდება“.

რესპუბლიკურ პარტიასაც მოუწევს ფრთხილად მოეკიდოს დონალდ ტრამპის იმპერიულ ამბიციებს. დიდ სახელმწიფოებს შეუძლიათ მსოფლიო გავლენის სფეროებად დაჰყონ, მაგრამ, როგორც პროფესორი ჯიმ ოუენი აღნიშნავს, „მთელი ისტორიის განმავლობაში, ისინი ერთმანეთს მაშინაც ეომებოდნენ, როცა მსოფლიო სისტემა უფრო მარტივად იყო მოწყობილი“.

წყარო: https://elpais.com/internacional/2025-03-09/trump-el-gran-dinamitador-de-la-hegemonia-de-ee-uu.html

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати