USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Tbilisi
«Tōkyō Shinbun//東京新聞» (იაპონია): „რუმინეთი, ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით, დღეს „უკრაინის ცივ მეზობლად“ ითვლება“
Date:  734

ევროპის ქვეყნების დამოკიდებულება რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ სხვადასხვანაირია. იმ დროს როცა დასავლეთი ევროპა კიევს სრულ სოლიდარობას უცხადებს, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მიდგომები (იმის მიუხედავად, რომ ისინი ნატოსა და ევროკავშირის წევრები არიან) კიევ-მოსკოვის სამხედრო კონფლიქტისადმი ერთმანეთისაგან განსხვავდებიან. ეს მომენტი ისტორიული მიზეზებით აიხსნება: აღმოსავლეთ ევროპას კარგად ახსოვს თავისი დაკარგული მიწები, რომლებიც ჟამთა სიავის გამო უკრაინის საზღვრებში აღმოჩნდნენ, - ნათქვამია იაპონურ გაზეთ „ტოკიო შიმბუნში“ (Tōkyō Shinbun//東京新聞) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „რუმინეთი, ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით, დღეს „უკრაინის ცივ მეზობლად“ ითვლება“ (ავტორი - იუძი კონაინაგი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

უკრაინის ზოგიერთი აღმოსავლეთევროპელი მეზობელის პოზიცია კიევის მიმართ მხარდაჭერისა და დახმარების გაწევის საკითხში ერთმანეთისაგან არსებითად განხვავდება. ეს დაკავშირებულია ისტორიული მომენტებით - საბჭოთა პერიოდში უკრაინამ მიიღო ის, რაც მისმა დასავლელმა მეზობლებმა დაკარგეს. ეს განსაკუთრებით პოლონეთს, რუმინეთს და უნგრეთს. თუმცა, რასაკვირველია, ასევე განსხვავდება თითოეულის წინამძღვრები და თავისებურებები.

მოდით, განვიხილოთ რუმინეთთან დაკავშირებული მომენტები: რატომ აქვს ბუქარესტს შერეული და წინააღმდეგობრივი გრძნობები უკრაინის მიმართ.

„ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინელებს აწამებს“

რუმინეთი ევროკავშირის და ნატოს წევრ სახელმწიფოს წარმოადგენს. ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში - ბუკოვინაში მდებარე ძველი ქალაქი სუჩავა უკრაინის საზღვრისგან სულ ახლოს მდებარეობს და ბევრი ლტოლვილი ომს თავს სწორედ აქ აფარებს. თუმცა, საინტერესოა, რომ ქალაქის ქუჩებში არ ჩანს არც პლაკატები და არც ლოზუნგები უკრაინის მხარდასაჭერად, არ ფრიალებს უკრაინის დროშები. ასეთი სიტუაცია კონტრასტულია ბალტიისპირა ქვეყნებთან შედარებით, რომლებიც ასევე აღმოსავლეთ ევროპაში მდებარეობენ და ძლიერ პროუკრაინულ (და ანტირუსულ) განწყობას გამოხატავენ.

„ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მარიონეტს წარმოადგენს. იგი თავის ხალხს აწამებს და იარაღის მათხოვრად არის გადაქცეული“, - ამბობს ჩემთან საუბარში 58 წლის ფლორიანი, რომელიც ტელესაკომუნიკაციო მოწყობილობების კომპანიაში მუშაობს და თავის აზრებს მიზიარებს. იგი თავისუფლად ლაპარაკობს ინგლისურად, ხოლო მისი შვილები ელიტურ გარემოში ცხოვრობენ და სწავლობენ - ჩრდილოეთ ევროპაში. და მაინც ფლორიანი მხარს არ უჭერს უკრაინისადმი გაწეულ დასავლეთის მხარდაჭერას.

ვის ეკუთვნოდა ბუკოვინა?

სუჩავაში ყოფნისას რაც თვალში აუცილებლად გეცემა, ეს არის საინფორმაციო პლაკატები - „რუმინელისთვის მხოლოდ ერთი ბუკოვინა არსებობს“. ამჟამად ბუკოვინის ისტორიულ-ეთნიკური მხარე ორადაა გაყოფილი - მისი ერთი ნაწილი რუმინეთში მდებარეობს, ცენტრით ქალაქ სუჩავაში, ხოლო მეორე - დასავლეთ უკრაინაში, ცენტრით ქალაქ ჩერნოვცში, თუმცა ოდითგანვე ბოკუვინა ერთ კულტურულ არეალს წარმოადგენდა.

ამ მთიანი ადგილი მმართველები პერმანენტულად სხვადასხვა უფრო ძლიერ მფლობელებს ემორჩილებოდნენ - იყო დროს, როცა ბუკოვინა ძველ სლავურ სახელმწიფოს - კიევის რუსეთის შემადგენლობაში შედიოდა, შემდეგ მოლდოვას სამთავროში, ოსმალეთისა და ავსტრია-უნგრეთის იმპერიაშიც. 1918 წელს შევიდა ახლადშექმნილ რუმინეთის სახელმწიფოში.

მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, საბჭოთა კავშირ-გერმანიის პაქტის საფუძველზე, ბუკოვინის ჩრდილოეთი ნაწილი უკრაინის სსრ-ს შეუერთდა. საბჭოთა კავშირმა მიიღო რუმინეთის კიდევ ერთი მხარე - ბესარაბია (დღევანდელი მოლდოვის დიდი ნაწილი) და იმიერკარპატისპირეთი, რომელსაც უნგრეთი თავისად თვლის. მეორე მსოფლიო ომის დროს რუმინეთი გარკვეული პერიოდით ფაშისტურ გერმანიის მომხრე იყო - ბუქარესტს ტერიტორიების დაბრუნების იმედი ჰქონდა, მაგრამ იმედი გაუცრუვდა: გერმანია დამარცხდა და მოკავშირეებმა (აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საბჭოთა კავშირმა), იალტის კონფრენციაზე, საბჭოთა კავშირის (ანუ უკრაინის სსრ-ის) საზღვრები რუმინეთთან მიმართებით უცვლელად დატოვეს. სსრკ-ის დაშლის შემდეგ კი ჩრდილოეთი ბუკოვინა უკრაინის რესპუბლიკის შემადგენლობაში დარჩა. ფლორიანი დარდობს: „აი, ამ მიზეზებით ისტორიულად ერთიანი ბუკოვინა ორად იქნა გაყოფილი“.

სუჩავასთან ახლოს მდებარე მე-15 საუკუნეში აგებულ მონასტერში კარგად მოჩანს ფრესკები და მათზე არსებული გერმანული წარწერები. საქმე ისაა, რომ მე-20 საუკუნის დასაწყისამდე ბუკოვინის გარკვეული ნაწილი გერმანულენოვანი იყო, რომელიც ავსტრია-უნგრეთის იმპერიის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა. ეს მონასტერიც ამას ადასტურებს. სხვათა შორის, ცნობილი გერმანელი პოეტი (ებრაული წარმოშობით) ჩერნოვცელი იყო.

რუსეთ-უკრაინის ომის ექო ბუკოვინაში

ახლა, როცა ბუკოვინის ისტორიაზე ვწერ, ალბათ, ზოგიერთებს ვლადიმერ პუტინის ნათქვამი გაახსენდება, რომელიც მან ომის დაწყების წინ გააჟღერა: „დღევანდელი უკრაინა საბჭოთა კავშირის მიერ ხელოვნურად იქნა შექმნილიო“, რითაც მან ხელი შეუწყო აღმოსავლეთ ევროპის მეორე მსოფლიოს შემდგომ არსებული წესრიგის შეცვლას.

დღევანდელ საერთაშორისო საზოგადოებაში ხაზგასმულია პრინციპი „უკრაინის მთლიანობა და განუყოფლობა“, მაგრამ ბუქარესტი უკმაყოფილოა იმით, რომ ევროკავშირი ყურადღებას არ აქცევს საზღვრების სამართლიან გადაწყვეტის საკითხს აღმოსავლეთ ევროპაში. შესაბამისად, რუმინეთი გაღიზიანებულია უკრაინის ამბიციებით, რომელსაც, ბუქარესტის აზრით (არაოფიციალურად), ბუკოვინა უსამართლოდ აქვს დაკავებული. რუმინეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტყრის ანდრეი მარგამ გასული წლის სექტემბერში საჯაროდ განაცხადა, რომ „უკრაინის საზღვრები არაბუნებრივია“: მისი აზრით, „ისტორიული სიმართლისა და საერთაშორის სამართლის თანახმად, უკრაინამ იმიერკარპატეთი უნგრეთს უნდა დაუთმოს, გალიცია - პოლონეთს, ბუკოვინა - რუმინეთს, დონბასი და ყირიმი კი - რუსეთს“.

ბევრი დამკვირვებლისა და ექსპერტის მიერ არის შენიშნული, რომ რუმინეთის მთვარობა უკრაინას უფრო ნაკლებად უჭერს მხარს, ვიდრე დასავლეთევროპული ქვეყნები. ამერიკული რადიოსადგური „თავისუფალი ევროპა // თავისუფლება“ კი, რომელსაც აშშ-ის კონგრესი აფინანსებს, რუმინეთს „უკრაინის გულცივ მეზობლად“ მოიხსენიებს...

როგორც უკვე ვახსენეთ ზემოთ, უკრაინის დასავლეთ ოლქში - იმიერკარპატეთში (ცენტრი - უჟგოროდი) ბევრი უნგრელი ცხოვრობს. შესაბამისად, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ხშირად აცხადებს თანამემამულეთა მხარდაჭერის ლოზუნგებს, კიევის ხელისუფლება კი პერმანენტულ შეშფოთებას გამოხატავს ასეთი „შტატგარეშე“ სიტუაციების გამო.

წყარო: https://www.tokyo-np.co.jp/article/268581

 

tbilisi
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

See all
Survey
By the way