USD 2.7102
EUR 3.1127
RUB 3.3361
Тбилиси
კრემლს სურს, რომ მხოლოდ ამერიკამ და რუსეთმა დაილაპარაკონ დახურულ კარს მიღმა და მეტმა არავინ- გიორგი კობერიძე
дата:  4226
ყურადსაღები რამ საერთაშორისო და ადგილობრივი მოვლენების გასააზრებლად: რუსულ გაზეთ "კამსამოლსკაია პრავადში" გამოქვეყნდა ინტერვიუ პუტინის ერთ-ერთ ყველაზე ახლო და სანდო პირთან, ნიკოლაი პატრუშევთან, რომელიც ღიად ამბობს იმას, რაც რუსეთის უმთავრესი მიზანია საგარეო პოლიტიკაში: კრემლს სურს მიმდინარე კონფლიქტურ და საომარ ტერიტორიებსა და ქვეყნებზე დაილაპარაკონ მხოლოდ ამერიკამ და რუსეთმა დახურულ კარს მიღმა და მეტმა არავინ. მათ შორის არც ლონდონმა, არც ბრიუსელმა და არც კონფლიქტის უშუალო მონაწილეებმა თუ სხვა მცირე ქვეყნების წარმომადგენლებმა
.
სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ რუსეთს სურს იალტის ახალი კონფერენციის მაგვარი შეხვედრა, რომლის შედეგადაც რუსეთი და აშშ გადაინაწილებენ გავლენის სფეროებსა და კონტროლის ზონებს რეგიონსა და მსოფლიოში.
 
მსგავსი ჰიპოთეტური კონფერენციის განხორციელება სრულიად თავდაყირა დააყენებს არსებულ საერთაშორისო წესრიგს, სადაც სუვერენიტეტი, თავისუფალი ნება და საერთაშორისო სამართალი უბრალოდ აღარ იარსებებს და მსოფლიო დაბრუნდება იქ, სადაც 1945 წელს აღმოჩნდა - ბიპოლარულ ან ამ შემთხვევაში მულტიპოლარულ სამყაროში. როგორც ჩანს კრემლის გარდა სხვა ქვეყნების პრორუსულ ძალებს იმის იმედი აქვთ, რომ ახალი იალტა მართლაც შედგება და ისინიც რუსული გავლენის სფეროში მოხვდებიან.
 
ამასთან, კრემლში ფიქრობენ რომ ტრამპთან, მისი ამბიციებიდან გამომდინარე ამ თემაზე დალაპარაკების მცდელობის შანსი არსებობს, მაგრამ ასეთი შემთხვევა არამხოლოდ სრულიად გამოთიშავს დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთსა და ევროკავშირს ნებისმიერი საერთაშორისო თამაშიდან, არამედ უშუალოდ დააზიანებს იმ საერთაშორისო პოლიტიკურ წესრიგს, რომელსაც თავად აშშ უჭერდა მხარს. თამაშგარედ აღმოჩნდება ჩინეთიც. შესაბამისად, ეს ყველაფერი უფრო რუსეთის სურვილია, ვიდრე რეალობა, მაგრამ კრემლი ტრამპის მოსვლის შემდეგ ყველანაირად შეეცდება ტრამპთან შეხვედრას და კულუარებში დალაპარაკებას ამ ყველაფერზე. მაგრამ აშშ-ს სახელმწიფო ინტერესებს მხოლოდ ერთი ადამიანი არ განსაზღვრავს.
 
ეს ყველაფერი მეორე რამეზეც მიუთითებს: რუსები კვლავ მეოცე საუკუნის 1945 წლის მდგომარეობით აზროვნებენ და თავს საბჭოთა ძალის ან იმპერიის დროინდელ კონტექსტში განიხილავენ, რაც ასე ნამდვილად არ არის. რუსეთი დღეს ბევრად სუსტია, ვიდრე საბჭოთა კავშირი 1945 წლიდან მისი არსებობის ბოლომდე იყო. თუმცა რუსული მხრიდან აგრესიული ცხელი, ცივი თუ ჰიბრიდული ომების სერია არაერთი ვიხილეთ. შესაბამისად, აგრესიული პოლიტიკური ნების არსებობა არანაკლებ მნიშვნელოვანია. ეს კი დასავლეთის მხრიდან უფრო მეტი მობილიზების საფუძველი უნდა გახდეს, ვიდრე რუსეთის დაშოშმინების. ლოგიკურად ასეა, რადგან დაშოშმინების მცდელობამ მეორე მსოფლიო ომი მოიტანა, ომის შემდეგ კი რკინის ფარდა.
 
ამ ფონზე დღეს დიდ ბრიტანეთსა და უკრაინას შორის ასწლიანი პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა. სხვა თუ არაფერი არაპროგნოზირებადი მომავალი გარემო ევროპულ სახელმწიფოებს სრულად გადაიარაღებისა და ახალ გარემოსთან ადაპტირებისაკენ უბიძგებს.
 
ფართო დაპირისპირების კონტექსტში კი, ყველა მხარის ინტერესებიდან გამომდინარე, სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკური ფასი ძალიან გაზრდილია. შესაბამისად, მისი დათმობა დასავლეთის მიერ საეჭვოა. სხვა თუ არაფერი ორი დღის წინ აშშ-სა და სომხეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა და ოფიციალურმა ერევანმა დააანონსა სწრაფვა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. საქართველო კი როგორც სამხრეთ კავკასიის, ისე შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს გასაღებია, მომიჯნავე ახლო აღმოსავლეთთან და არცთუ შორსაა ცენტრალური აზიისაგან, შესაბამისად გლობალურ კონტექსტში მისი როლი ძალიან მაღალი იქნება. ამიტომ წინ კომპლექსური საერთაშორისო პოლიტიკური მოვლენები გვექნება.
 
 

 

 
общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати