USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Тбилиси
კოსმონავტების სანაპიროზე გამომწყვდეული თბილისური ქუჩების ამბები
дата:  2873

თბილისის ქუჩების სახელწოდებების საკითხის შესასწავლად თბილისის საკრებულოში ფუნქციონირებს სახელდების და სიმბოლოკის კომისია, რომლის კომპეტენციასაც წარმოადგენს დედაქალაქის ტერიტორიაზე მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდება.

Картинки по запросу მიუხედავად ასეთი სერიოზული კომისიის არსებობისა, თბილისში ვხვდებით უამრავ უცნაური და სახალისო დასახელების ქუჩას. ზოგი მათგანის სახელი რაღაცასთან ასოცირდება, ზოგი – ვიღაცასთან, ზოგი კი, საერთოდ, გაურკვეველია, რასთან, ან ვისთან არის დაკავშირებული.

მაგალითისთვის, საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილის უკმაყოფილებას იწვევს ის, რომ საქართველოს დედაქალაქის ერთ-ერთ ქუჩას „ჯორჯ ბუშის ქუჩა“ ეწოდება. ეს, ჯერ კიდევ, 2005 წლიდან მოყოლებული. ამავე ტიპის გახლავთ შემთხვევა, როდესაც ქუჩას „ევროპის ქუჩა“ ეწოდება და, ნაცვლად ერთი კონკრეტული პიროვნებისა, ის მთლიანი კონტინენტის სახელს ატარებს. ცნობისთვის, ის სამგორის რაიონში, აეროპორტის დასახლებაში მდებარეობს.

 აღსანიშნია, რომ თბილისში ვხვდებით ქუჩებს, რომლებსაც სხვადასხვა უცხო ქვეყნის პირველი პირის, ან საზოგადო მოღვაწის პატივსაცემად აქვს სახელწოდება შერჩეული.

 თავის დროზე, დიდი მითქმა-მოთქმა და დისკუსია გამოიწვია დიდი დიღომის ახალ დასახლებაში უსახელო ქუჩებისათვის „ვეფხისტყაოსანის“ პერსონაჟების სახელიბის დარქმევამ.

რას არ ნახავთ აქ - მურადინ - ფრიდონის ქუჩა, მელიქ-სურხავის ქუჩა, მულღაზანზარის ქუჩა, გულანშაროს ქუჩა, ფატმანის ქუჩა, როსტევანის ქუჩა, უსენის ქუჩა, ასმათის ქუჩა, თინათინის ქუჩა, დავარის ქუჩა, შერმადინის ქუჩა, ნესტან დარეჯანის ქუჩა, ავთანდილის ქუჩა, ტარიელის ქუჩა, ხატაეთის ქუჩა, ვეფხისტყაოსნის ქუჩა, ჭაშნაგირის ქუჩა, ფარსადანის ქუჩა, რამაზის ქუჩა.

Картинки по запросу თბილისში შეგიძლათ, „სევანის ქუჩაზეც“ აიარ-ჩამოიაროთ. ჭირნახულის ქუჩას ესტუმროთ ლილოს დასახლებაში. შეგიძლიათ მოხვდეთ „გამარჯვების“ და „მშვიდობის“ ქუჩებზე, ასევე ეწვიოთ „ტოლენჯის“, „ხიზაბავრის“, „ბოტანიკისა“ და „შუშინის“ ქუჩებს.

რას არ შეხვდებით თბილისში:  - „იმედის ხეივანი“; „იბრაჰიმ ისპასჰანლის ქუჩა“; „სამღერეთის ქუჩა“; „სანქტ-პეტერბურგის ქუჩა“; „ფერისცვალების ქუჩა“; „ვატუტინის ქუჩა“; „ინდუსტრიალიზაციის ქუჩა“; „ტრაქტორის ქუჩა“; „ნიაღვრის შესახვევი“;„ავლაბრის მე-2 ფერმა“; „დეპუტატის ქუჩა“; „პიონერის ქუჩა“; „მეგობრობის გამზირი“; „პარალელურის ქუჩა“; „პრავდის ქუჩა“; „ზაკომოლდინის ქუჩა“; „კოლექტივიზაციის ქუჩა“…

განსაკუთრებით საინტერესოა ის ფაქტი, რომ მტკვრის მარცხენა სანაპიროს ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის სანაპირო ქვია, მაგრამ მის დიდ ნაწილზე მდებარე შენობა-ნაგებობების მისამართები ჯერ კიდევ  „კოსმონავტების სანაპიროს“ სახელით ფიქსირდება ოფიციალურ დოკუმენტებში.

 ქუჩის ფენომენის, მისი ისტორიის, სახელდების და ტრადიციების შესახებ ცნობილი ქართველი ისტორიკოსის, მეცნიერის, მკვლევარის და პედაგოგის ოთარ ჯანელიძის საინტერესო ნარკვევი გვინდა შევთავაზოთ „თბილისის პოსტის“ მკითხველს:

 „ქუჩა ქალაქური ფენომენია, რომლის დასაბამი საუკუნეთა სიღრმეშია საძიებელი. პირველი ქუჩები უძველეს ქალაქებში წარმოიშვა, მათი სახელდების ტრადიცია კი მოგვიანებით გაჩნდა. ქუჩათა სახელწოდებებში არა მარტო კონკრეტული ქალაქის, არამედ ცალკეული ქვეყნის სოციალური, ეკონომიკური თუ კულტურის ისტორიის ამოკითხვა და მისი განვითარებისთვის თვალის გადევნებაცაა შესაძლებელი.

Картинки по запросу ამ მხრივ საინტერესოა საქართველოს დედაქალაქი თბილისი და მისი ქუჩების ონომასტიკა. ტოპონიმიკური მოგზაურობა თბილისში, რომელიც საქართველოს სატახტოდ V საუკუნის მეორე ნახევარში ამ ქალაქის დამაარსებელმა მეფე ვახტანგ გორგასალმა აქცია, წარსულის მრავალ ფაქტსა და მოვლენას გაგვახსენებს. მოგზაურობისას შევხვდებით არაერთ ისტორიულ პირს, რომელთაც თავიანთი მოღვაწეობით კვალი დატოვეს თბილისის ცხოვრებაში. ქუჩები “გაიხსენებენ” და შეულამაზებლად “მოგვიყვებიან” თავიანთ თავგადასავალს, რადგან მათ ბევრი რამ “იციან” და კარგადაც “ახსოვთ”. საკმარისია, თვალი გადავავლოთ ბოლო ორი ასწლეულის საქართველოს ისტორიას და ამაში ჩვენც ცხადად დავრწმუნდებით.

XIX საუკუნის დამდეგს აღმოსავლეთი საქართველო რუსეთის იმპერიაში იქნა ინკორპორირებული. მალე რუსეთმა დასავლეთი საქართველოც დაიპყრო, ირან-ოსმალეთს კავკასიიდან ფეხი ამოუკვეთა და აქ თვითონ გაბატონდა. თბილისი, რომელიც მხარის გეოგრაფიული ცენტრი იყო, რუსეთის მეფის მთავრობამ რეგიონის პოლიტიკურ ცენტრადაც აქცია, რადგან სწორედ ამ ქალაქში იყო განლაგებული ადგილობრივი რუსული ადმინისტრაცია ჯერ მთავარმართებლის, ხოლო 1845 წლიდან კავკასიის მეფისნაცვლისა და მათი სტრუქტურების სახით.

მიუხედავად ამისა, თბილისმა დიდხანს ვერ მოიშუშა 1795 წელს ირანის შაჰის აღა მაჰმად-ხანის შემოსევით მიყენებული იარები. მტერმა მაშინ ისეთი სისასტიკით ააოხრა ქალაქი, რომ ამ ამბებიდან სამი ათეული წლის შემდეგაც კი თბილისის ქუჩები ნანგრევებით ყოფილა სავსე.

თბილისის აღდგენა, განაშენიანება და ძირითადი საქალაქო ინფრასტრუქტურის შექმნა XIX საუკუნის 40-50-იანი წლებიდან იწყება. პარალელურად წარმოებდა დაპყრობილი მხარის მოსახლეობის გარუსება და ასიმილირება, რისთვისაც საიმპერიო ხელისუფლება მრავალ საშუალებას მიმართავდა. ერთ-ერთი ასეთ საშუალება გახლდათ რუსული ტოპონიმიკის დანერგვა.

Картинки по запросу რუსეთი სამხედრო-პოლიტიკური იმპერია იყო. მისი საზღვრების გაფართოებაში მთავარი როლი არმიას ეკისრებოდა. სამხედრო ძალა იყო ძირითადი საყრდენი დაპყრობილ ხალხებზე ბატონობის შესანარჩუნებლადაც. საქართველოს ანექსიის შემდეგ მხარის უმაღლესი ხელისუფალი რუსი მთავარმართებელი გახდა. ამ პოსტზე, როგორც წესი, მაღალი რანგის სამხედროები – გენერლები ინიშნებოდნენ. სამხედრო პირს ებარა ადგილობრივი სამოქალაქო საქმეების გაძღოლა და ასეთივე მოხელენი იდგნენ მაზრების, ქალაქებისა თუ სასამართლო დაწესებულებათა სათავეშიც. 

მართვა-გამგეობის ამგვარი ორგანიზაცია, არსებითად, სამხედრო-საოკუპაციო რეჟიმს წარმოადგენდა. ამიტომ არ ყოფილა შემთხვევითი, რომ ახალშემოერთებული ქვეყნის მთავარი ქალაქის ქუჩებისა თუ მოედნების სახელწოდებებში საიმპერატორო ოჯახის წევრთა და რომანოვთა დინასტიის ცნობილ წარმომადგენელთა სახელების გვერდით სამხედრო დასახელებები მოჭარბდა (შტაბის, არსენალის, ყაზარმის, არტილერიის, მესანგრეთა და სხვ. ქუჩები).

თბილისის გოდონიმიაში თავდაპირველად მხარის დამპყრობი გენერლების, კავკასიის რუს მმართველ-გამგებელთა სახელები გამოჩნდა, რომლებმაც ძველი ქართული სახელწოდებები ჩაანაცვლა. XIX საუკუნის 60-იანი წლების შუა ხანების ერთი საარქივო საბუთის თანახმად, რომელიც დასათაურებულია როგორც “Медико-топографические описание города Тифлиса”, თბილისში 134 ქუჩა, 61 შესახვევი და 17 მოედანი მოითვლებოდა. ამავე პერიოდში შედგენილი სტატისტიკური კომიტეტის ცნობით კი თბილისის ქუჩების რაოდენობა 200-ს აღემატებოდა. აღსანიშნავია, რომ ყველა მათგანს უკვე არაქართული სახელი ჰქონდა მიკუთვნებული. 

კავკასიის რუსული ადმინისტრაციის მიერ თბილისში დანერგილი ონომასტიკური სისტემა, რომელიც 1917 წლის თებერვლის რევოლუციამდე მოქმედებდა, თვითმპყრობელობის კოლონიურ ინტერესებს ასახავდა და მასვე ემსახურებოდა.

Картинки по запросу მას შემდეგ, რაც რუსეთში მეფის მთავრობა დაემხო და იმპერიაც დაიშალა, 1918 წლის 26 მაისს საქართველომ ეროვნულ-პოლიტიკური თავისუფლება აღიდგინა. შეიქმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, რომელმაც სამი წელი იარსება. მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე აღბეჭდილი ახალი ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტი უცხოეთის 20-მდე ქვეყანამ ოფიციალურად ცნო და აღიარა. დემოკრატიული აღმშენებლობის გზაზე დამდგარი დამოუკიდებელი საქართველოს მესაჭეობა ხალხმა ქვეყნის ყველაზე გავლენიან პოლიტიკურ ძალას – სოციალ-დემოკრატიულ პარტიას და მის ლიდერებს დააკისრა. ნოე ჟორდანიას ხელისუფლებამ მოკლე ხანში ძირფესვიანად შეცვალა დედაქალაქის ქუჩების, მოედნებისა თუ გამზირების სახელდება და წინა პლანზე ქართული სახელწოდებები წამოსწია. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდის თბილისის ტოპონიმიკაში მმართველი პარტიის იდეურ-მსოფლმხედველობრივი ორიენტაციაც საკმაოდ აისახა (პლეხანოვის, კაუცკის, სოცინტერნის და მისთ. ქუჩები).

1921 წლის თებერვალ-მარტში საქართველო ბოლშევიკური რუსეთის აგრესიის მსხვერპლი გახდა. უთანასწორო ომში დამარცხებულმა საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არსებობა შეწყვიტა. გამოცხადდდა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შექმნა, რომელსაც მოსკოვზე დამოკიდებული ადგილობრივი მარიონეტული ხელმძღვანელობა – რევკომი განაგებდა. მომდევნო წლის ბოლოდან ხელახლა დაპყრობილი საქართველო ამიერკავკასიის ფედერაციის მეშვეობით, რომელშიც აზერბაიჯანი და სომხეთიც შედიოდნენ, სსრ კავშირად წოდებულ მოდერნიზებულ რუსეთის იმპერიაში გააერთიანეს. 1936 წელს ხსენებული ფედერაცია გაუქმდა. საქართველომ ე.წ. მოკავშირე რესპუბლიკის სტატუსი შეიძინა, მაგრამ ათწლეულების განმავლობაში კვლავ საბჭოური იმპერიის შემადგენლობაში იმყოფებოდა და მის დიქტატს ემორჩილებოდა. 

 საბჭოთა ტოტალიტარულმა რეჟიმმა თბილისში ახალი რევოლუციური ტოპონიმიკა შემოიღო და უფროსი თაობის მკვიდრნი კიდევ ერთხელ აიძულა, თავიდან შეესწავლათ საკუთარი ქალაქი. პროლეტარიატის ბელადების დარად, არ დარჩენილა არც ერთი თვალსაჩინო ბოლშევიკი ლიდერი, წარსულში ცნობილი ტერორისტი, საკავშირო თუ საერთაშორისო რანგის კომუნისტური მოძრაობის აღიარებული მოღვაწე, რომლის სახელი საქართველოს დედაქალაქის ქუჩებისა თუ მოედნებისთვის არ დაერქმიოთ.

საბჭოურ რეჟიმს, განსაკუთრებით – სტალინის პერიოდში, ათვალწუნებული კომუნისტი ხელმძღვანელების შერისხვა და ისტორიიდან მათი სახელების გაქრობის მცდელობა ახასიათებდა. ეს პროცესი მკაფიოდ აისახა თბილისის გოდონიმებისა და აგრონიმების ცვლილებებში. მანამდე განდიდებული და შემდგომ რეპრესირებული ტროცკის, ზინოვიევის, ბუხარინისა და სხვათა სახელებს ქუჩების აბრებზე ახლად აღზევებულ მათივე თანაპარტიელთა სახელები ენაცვლებოდა. ასე გრძელდებოდა საბჭოური რეჟიმის აღსასრულამდე.

პოლიტიზებული და იდეოლოგიზებული სახელწოდებები გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან საბჭოთა წარსულთან ერთად სამუდამოდ ჩაბარდა ისტორიას.

Картинки по запросу ზემოთ ზოგადი შტრიხებით გადმოცემული საქართველოს ბოლო ორი საუკუნის ისტორია შთამბეჭდავად იკითხება მისი დედაქალაქის ქუჩათა სახელწოდებებსა და მათ ცვლილებებში. საკმარისია თვალი გადავავლოთ თბილისის რამდენიმე პროსპექტის, ქუჩისა და მოედნის დასახელებათა ევოლუციას, რომ ნათქვამის სისწორეში დავრწმუნდებით.

ძველი თბილისის ქუჩების უმრავლესობას სახელი არ ერქვა. ქალაქი რამდენიმე ძირითად უბნად (კალა, ისანი, აბანოთა უბანი და სხვ.) იყო დაყოფილი. ზოგიერთი დასახელება ამ კონკრეტულ მიდამოში მცხოვრები ქალაქის მოსახლეობის უმრავლესობის ეთნიკურ წარმომავლობას ასახავდა (ქართველთა უბანი, ურიათა უბანი, მოგვთა უბანი და ა.შ.), ზოგიც სოციალური, პროფესიული თუ კონფესიური ნიშნით ყალიბდებოდა. მაგალითად, დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში არსებულ არისტოკრატიის უბანს მეფის სასახლე, სამეფო გვარისა და დაწინაურებული სათავადოების წარმომადგენელთა სახლები და მიმდებარე ბაღები შეადგენდა. მდაბიო მოსახლეობა კეთილმოწყობას მოკლებულ გარეთუბანში ცხოვრობდა. თბილისის ისტორიულ ქვემო უბანში, რომელიც მრავალეროვნული მოსახლეობით გამოირჩეოდა, ქართული ტაძრების გვერდით სომხური ეკლესია, მეჩეთი, სინაგოგა და კათოლიკური ეკლესიაც იდგა. ქუჩათა ნაწილის სახელწოდებას მის გასწვრივ განლაგებული სავაჭრო რიგების ხასიათი განსაზღვრავდა (მაგალითად, ბამბის რიგი, სირაჯხანა, მექვაბის რიგი, თოფხანა, ხარაზხანა). არცთუ იშვიათად დასახელება ხელოსანთა საქმიანობის (დაბახანა, სამღებროს, მჭედლის ქუჩები) ან ამ უბანში არსებული საეკლესიო ნაგებობათა (ანჩისხატი, სიონი, ბეთლემი) მიხედვით შეირჩეოდა.

Картинки по запросу თანამედროვე თბილისის მთავარი მოედანი, რომელიც ქალაქის სხვა უბნებს რამდენიმე ქუჩით უერთდებოდა, XIX საუკუნის 20-იანი წლების დამდეგს წარმოიშვა. მისი პირველი სახელწოდება, შტაბის მოედანი, აქ აგებულმა რუსეთის საოკუპაციო არმიის შტაბის შენობამ განაპირობა. გერმანული წარმომავლობის ამ სამხედრო ტერმინით მოედანი რამდენიმე წლის განმავლობაში იწოდებოდა. საგულისხმოა, რომ მოედნის მომდევნო დასახელებაც რუსეთის საჯარისო შენაერთების სამხედრო მიღწევასთანაა დაკავშირებული.

1826 წელს დაწყებული რუსეთ-ირანის ომის მეორე წელს კავკასიის რუსული არმია მხარის მთავარსარდლისა და მთავარმართებლის, გრაფ ივან პასკევიჩის მეთაურობით ერევნის სახანოში შეიჭრა, ქალაქი ერევანი აიღო და რუსეთის იმპერიას დაუმორჩილა. ამ წარმატების აღსანიშნვად პასკევიჩს “ერევნელის” ტიტული უბოძეს, მთავარმართებლის პატივსაცემად კი თბილისის მთავარ მოედანს პასკევიჩ-ერევნელის მოედანი დაერქვა (ეს უკანასკნელი ხალხურ მეტყველებას შეცდომით ერევნის მოედნის სახელით შემორჩა). 

ათწლეულების განმავლობაში, ვიდრე 1918 წლამდე, ხსენებული მოედანი რომანოვთა იმპერიის მნიშვნელოვნად განმამტკიცებელი რუსი გენერლის, პოლონეთის ცნობილი აჯანყების ჩახშობისთვის გრაფის წოდებაში აყვანილი თავადის სახელს ატარებდა. მაგრამ შეუძლებელია, დაპყრობილ ქვეყანაში დამპყრობელმა უკვდავება დაიმკვიდროს. პასკევიჩ-ერევნელის ვინაობა მაშინვე მიეცა დავიწყებას, როგორც კი საქართველომ ეროვნული თავისუფლება მოიპოვა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

ეს კი 1918 წლის 26 მაისს მოხდა, როცა საქართველოს ეოვნული საბჭოს სხდომამ დამოუკიდებლობის აქტი დაამტკიცა და სათავე დაუდო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წელთაღრიცხვას. ამ მოვლენის აღსანიშნავად ახლად განახლებული სახელმწიფოს პოლიტიკურმა მესვეურებმა დედაქალაქის ცენტრალურ მოედანზე თავისუფლების სიმბოლური ხე დარგეს და მოედანსაც თავისუფლების მოედანი უწოდეს.

სამწუხაროდ, ქვეყანის თავისუფლებამ მცირე ხანს გასტანა. თავისუფლების სახელი ხანგრძლივად ვერც დედაქალაქის მთავარმა მოედანმა შეინარჩუნა. 1921 წლიდან ძალაუფლებას დაუფლებულ ბოლშევიკთათვის ეროვნული თავისუფლების იდეა მიუღებელი აღმოჩნდა, მათ საქართველო კვლავ რუსეთის იმპერიულ უღელში შეაბეს, რომელსაც დაშლილი ,,ხალხთა საპყრობილის” ნანგრევებზე კრემლი ხელახლა აკოწიწებდა.

თავის დროზე მეფის რუსეთი ცდილობდა, დაპყრობილი ქართველი ხალხის მეხსიერებიდან წაეშალა სამშობლოსა და ეროვნული სახელმწიფოებრიობის გამომხატველი ცნება “საქართველო”, რომლის სანაცვლოდაც თბილისისა და ქუთაისის გუბერნიათა სახელწოდებები შემოიღო. ამავე კურსის გაგრძელება იყო 1921 წელს მოსკოვში მიღებული გადაწყვეტილება, ფაქტობრივად ანექსირებული, გასაბჭოებული საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის გაერთიანებით შეექმნათ ახალი პოლიტიკური ერთეული – ამიერკავკასიის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა და იგი კვლავ იმპერიულ სივრცეში მოექციათ.

კრემლის მორჩილმა საქართველოს ხელისუფლებამ ამ სრულიად ხელოვნური წარმონაქმნის – ამიერკავკასიის ფედერაციის სახელი 1922 წელს დედაქალაქის ცენტრალურ მოედანსაც დაარქვა და მისი დამკვიდრება საზოგადოების ცნობიერებაში ამ გზითაც სცადა.

ამიერკავკასიის ფედერაცია, როგორც ზედმეტი რგოლი, 1936 წელს გაუქმებულ იქნა, მაგრამ მისი სახელი თბილისის მთავარ მოედანს კიდევ რამდენიმე წელი ერქვა. 1938 წელს მოედანს ცნობილი ქართველი ბოლშევიკი მოღვაწისა და თვალსაჩინო ჩეკისტის ლავრენტი ბერიას სახელი უწოდეს. აქამდე საქართველოსა და ამიერკავკასიის ფედერაციის კომუნისტი ხელმძღვანელი ბერია ის-ის იყო კიდევ უფრო დააწინაურეს, მოსკოვში გადაიყვანეს, ჯერ სახელმწიფო უშიშროების საკავშირო უწყება ჩააბარეს, მერე შინაგან საქმეთა სახალხო კომისრად დანიშნეს, ხოლო მოგვიანებით ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი პოლიტბიუროს შემადგენლობაშიც შეიყვანეს.

XX საუკუნის 30-იან წლებში საბჭოთა ქვეყანაში განხორციელებული პოლიტიკური რეპრესიების ერთ-ერთი შემოქმედი ბერიაც იყო. საქართველოში, სადაც ამ დიდი ბოროტების მსხვერპლი 12 ათას კაცს მოითვლიდა, რეპრესიები სწორედ ბერიას სახელს უკავშირდებოდა. ამიტომ მისი განდიდება სრულიად ამორალური მოვლენა გახლდათ, მაგრამ საბჭოეთში ადამიანურ მორალსა და ზნეობას არავინ დაგიდევდათ. ლ. ბერია მხოლოდ ი. სტალინის სიკვდილის შემდეგ იქნა შერისხული. ცხადია, მისი სახელი ჩამოაშორეს თბილისის მთავარ მოედანსაც, რომელიც ახლა ვლადიმერ ლენინის მოედნად მოინათლა. სიახლე იმითაც გამოიხატა, რომ თუ აქამდე მოედანზე ვისიმე ძეგლი არ მდგარა, 1956 წელს აქ პროლეტარიატის ბელადის მონუმენტური – 18,5 მ – სიმაღლის ქანდაკება წამოიმართა და პარადების მისაღებად უფრო მაღალი ტრიბუნა მოეწყო.

ხსენებული მოედნიდან ლენინი 30 წელზე მეტხანს “გაჰყურებდა” ქალაქს, მაგრამ მალე ვითარება კარდინალურად შეიცვალა.

80-იანი წლების შუა ხანებიდან საბჭოთა სივრცეში ზემოდან დაშვებულმა დათმობებმა (ე. წ. პერესტროიკა) არარუსულ რესპუბლიკებში ბიძგი მისცა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აღმავლობას. საქართველოში ამ მოძრაობას რამდენიმე თავისებურება ჰქონდა. ერთ-ერთი ისიც იყო, რომ იგი არა დარბაზებში, არამედ ქუჩებში აზვირთდა და განვითარდა. გამოიკვეთნენ მოძრაობის აღიარებული ლიდერები მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია და სხვები, რომლებიც საზოგადოების სულ უფრო მზარდ მხარდაჭერას პოვებდნენ. ეროვნულ-განმათავისუფლებელმა მოძრაობამ წინა პლანზე ეროვნული იდეალები, რუსიფიკაციასთან ბრძოლის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, ქრისტიანული რწმენის განმტკიცების, ეკოლოგიური უსაფრთხოების და სხვ. საკითხები წამოაყენა. მალე მთავარ პოლიტიკურ მოთხოვნად საბჭოური იმპერიიდან საქართველოს გამოყოფისა და მისი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხი იქცა. 

Картинки по запросу იმპერიის მესვეურები დააფრთხო პროცესების ამგვარმა განვითარებამ. 1989 წლის 9 აპრილს თბილისში, ცენტრალური მოედნის მახლობლად, მთავრობის სახლთან შეკრებილი ხალხმრავალი მშვიდობიანი მიტინგი, რომელშიც 10 ათასამდე კაცი მონაწილეობდა, ძალის გამოყენებით უხეშად აღკვეთეს. დაიღუპა 20-მდე დემონსტრანტი. უმთავრესად ქალები. ბევრმა სხვადასხვა ფორმით სხეულის დაზიანება მიიღო, უფრო მეტი კი მიტინგის დარბევისას გამოყენებული ცრემლსადენი გაზით მოიწამლა. იმპერიის ხელისუფლების მხრივ ხალხთან ასეთმა ანგარიშსწორებამ საპროტესტო განწყობა ვერ დააცხრო. ქუჩის გავლენა ადგილობრივ სახელისუფლო სტრუქტურებზე კიდევ უფრო გაიზარდა. რესპუბლიკის ხელმძღვანელობა იძულებული გახდა, ზოგიერთ დათმობაზე წასულიყო. დათმობათა რიგს განეკუთვნებოდა ისიც, რომ, ეროვნული მოძრაობის მოთხოვნით, დასახელებები შეეცვალა საქართველოს არაერთ ქალაქს, რაიონსა თუ სოფელს, რომელთაც ბოლშევიკ-რევოლუციონერთა სახელების ნაცვლად თავიანთი ისტორიული სახელწოდებები აღუდგინეს.

Картинки по запросу "ქუჩების ძველი აბრები"დიდი მნიშვნელობა ჰქონდა დედაქალაქის ცენტრალური მოედნიდან ლენინის ძეგლის აღებას და მოედნისთვის კვლავ თავისუფლების სახელის მიკუთვნებას, რაც ჯერ კიდევ კომუნისტური მმართველობის უკანასკნელ წელს განხორციელდა. ამ ძეგლის დემონტაჟითა და მოედნისათვის პროლეტარიატის ბელადის სახელის ჩამოშორებით საქართველოში დასაბამი მიეცა საბჭოურ სინამდვილესთან გამოთხოვების პროცესს. ქართველი ხალხი ზურგს აქცევდა ბოლშევიკურ იდეოლოგიას, მის ფასეულობებს და განვითარების ახალ ფაზაში, ახალ განზომილებაში იწყებდა გადასვლას. 1990 წლის ოქტომბერში გამართულ მრავალპარტიულ არჩევნებში საქართველოს კომუნისტურმა პარტიამ მარცხი განიცადა და ხელისუფლებაში ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით ეროვნულ-პოლიტიკური ძალები მოვიდნენ. კომუნისტური რეჟიმი მშვიდობიანი გზით შეიცვალა. საქართველოს სახელმწიფოებრიობის ისტორიაში ახალი ეტაპი დაიწყო. მომდევნო წლის 9 აპრილს საქართველომ სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის აღდგენა გამოაცხადა.

1837-1840 წლებში თბილისში ყველაზე განიერი ქუჩის გაყვანა და კეთილმოწყობა დაიწყეს. მას თავდაპირველად “რუსეთისაკენ მიმავალ გზას” უწოდებდნენ, რადგან იგი რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელ საქართველოს სამხედრო გზას უერთდებოდა, რომელიც ქალაქის განაპირას იწყებოდა. რამდენიმე წლის შემდეგ ახალგაყვანილი ქუჩა პროსპექტად იქცა და მას საქართველოს იმდროინდელი მთავარმართებლის გენერალ გოლოვინის სახელი მიაკუთვნეს. ამ უხეირო რუსი დიდმოხელის გვარი საქართველოს ისტორიას არც შემორჩებოდა, რომ არა ეს გამზირი, რომელმაც სრულიად შეუსაბამო სახელწოდება შვიდ ათეულ წელზე მეტხანს ატარა.

1918 წელს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ გამზირს სახელი შეუცვალა და მას უდიდესი ქართველი პოეტისა და მოაზროვნის, უკვდავი “ვეხისტყაოსნის” შემოქმედის, შოთა რუსთაველის სახელი დაუმკვიდრა. დედაქალაქის მთავარი გამზირი დღესაც რუსთაველის გამზირად იწოდება, რადგან საბჭოთა პერიოდის კომუნისტურმა მმართველობამ მას სახელწოდება შეუნარჩუნა და პროსპექტი პოეტის შთამბეჭდავი ძეგლითაც დაამშვენა.

კოლონიური წარსული თანამედროვე თბილისის მეორე გამორჩეული პროსპექტის სახელწოდებაშიც აისახა. XIX საუკუნის შუა ხანებში მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გაშენებულ გამზირს კავკასიის მეფისნაცვლის, იმპერატორ ნიკოლოზ I-ის შვილის, დიდი მთავრის მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის სახელი დაარქვეს. 1918 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სოციალ-დემოკრატიულმა ხელისუფლებამ იმხანად გარდაცვლილი საერთაშორისო სოციალისტური მოძრაობის გამოჩენილი მოღვაწის, მარქსიზმის თეორეტიკოსისა და პროპაგანდისტის გიორგი პლეხანოვის უკვდასაყოფად პროსპექტს მისი სახელი მიანიჭა. 

მიუხედავად იმისა, რომ პლეხანოვი მენშევიკი იყო და რუსეთში განხორციელებულ ოქტომბრის რევოლუციას (ბოლშევიკურ სახელმწიფო გადატრიალებას) არ თანაუგრძნობდა, საქართველოს კომუნისტურ ხელისუფლებას საბჭოთა პერიოდში პროსპექტისთვის სახელი არ გადაურქმევია. გიორგი პლეხანოვი ლენინის გზას მხოლოდ XX საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს ეროვნული მოძრაობის აღმავლობამ “გაუყენა”. თბილისის ერთ-ერთ გამორჩეულ გამზირს სახელწოდება 1990 წელს შეეცვალა და იგი ახლა საქართველოს ისტორიაში ყველაზე სახელოვანი მეფის – დავით აღმაშენებლის სახელით იწოდება. 

არანაკლებ საინტერესოა თბილისის კიდევ ერთი ძველი მოედნის სახელწოდებათა ევოლუციაც. მოედანი, რომელიც დღეს მეფე ერეკლე II-ის სახელს ატარებს, ჯერ კიდევ XVII საუკუნეში წარმოიშვა. იგი თავდაპირველად ბატონის (მეფის) მოედნად იწოდებოდა, მის ერთ ნაწილს კი სალაყბო ერქვა, რადგან აქ ხშირად იკრიბებოდნენ ქალაქის მცხოვრებნი და ქვეყნის ამბებზე ბჭობდნენ. XIX საუკუნის დასაწყისში ამ ადგილას საქართველოს სამოქალაქო გუბერნატორის რეზიდენცია აიგო და მოედანსაც “გუბერნატორის” მოედანი დაერქვა. 1885 წლიდან მოედანი ეგზარქოსის მოედნად იწოდებოდა. საქართველოში საბჭოთა რეჟიმის დამყარების შემდეგ მას გერმანელი სოციალისტის ავგუსტ ბებელის სახელი მიაკუთვნეს, ხოლო 1948 წლიდან კი ერეკლე მეორის მოედნად იქნა სახელდებული.

Картинки по запросу "ქუჩების ძველი აბრები"სახელწოდებათა მრავლგზის შეცვლას ვერ გადაურჩა თბილისის ერთ-ერთი ძველი ბაღიც, რომელიც ქალაქის ცენტრში, რუსთაველის პროსპექტის მახლობლად მდებარეობს. ძველად ამ ადგილს ყაბახს უწოდებდნენ და იგი სპორტულ შეჯიბრებათა ასპარეზად გამოიყენებოდა. საქართველოში რუსული კოლონიური რეჟიმის დამყარების შემდეგ აქ სამხედრო აღლუმებისა და ჯარის ნაწილების სამწყობრო ვარჯიშებისთვის პლაცი მოეწყო, 1872 წლისთვის კი მშვენიერი ბაღი გაშენდა, რომელიც იმპერატორ ალექსანდრე II-ის პატივსაცემად მისი სახელობის ბაღად მონათლეს. თვითმპყრობელობის დამხობამდე თბილისელთა გართობა-დასვენების ამ კერას რუსთხელმწიფის სახელი ერქვა. 1918 წლიდან ბაღი კომუნარების სახელს ატარებდა, ხოლო საბჭოთა წლებში აქ საქართველოს კომკავშირის ერთ-ერთი დამაარსებლის, ბორის ძნელაძის ძეგლი აღმართეს და ბაღსაც ბორის ძნელაძის სახელი დაარქვეს. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის განახლების შემდეგ, გასული საუკუნის 90-იანი წლების დამდეგს, ბაღს კიდევ ერთხელ შეეცვალა სახელი და დღეს იგი 9 აპრილის ბაღის სახელით არის ცნობილი. 

როგორც დავინახეთ, ქუჩებისა და მოედნებისთვის სახელწოდებათა პერმანენტული ცვლა უმეტესად პოლიტიკური კონიუნქტურით იყო განპირობებული. იმედია, ეს მახინჯი მოვლენა საბოლოოდ აღმოიფხვრება და აღარ განმეორდება, ტოპონიმიკა თავს დააღწევს პოლიტიკის გავლენას და ქუჩებს მომავალში უფრო ბუნებრივი, ქალაქური ცხოვრების სხვა ნიუანსები ექნებათ მოსათხრობი.“

аналитика
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати