თბილისის ქუჩების სახელწოდებების საკითხის შესასწავლად თბილისის საკრებულოში ფუნქციონირებს სახელდების და სიმბოლოკის კომისია, რომლის კომპეტენციასაც წარმოადგენს დედაქალაქის ტერიტორიაზე მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდება.
მიუხედავად ასეთი სერიოზული კომისიის არსებობისა, თბილისში ვხვდებით უამრავ უცნაური და სახალისო დასახელების ქუჩას. ზოგი მათგანის სახელი რაღაცასთან ასოცირდება, ზოგი – ვიღაცასთან, ზოგი კი, საერთოდ, გაურკვეველია, რასთან, ან ვისთან არის დაკავშირებული.
მაგალითისთვის, საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილის უკმაყოფილებას იწვევს ის, რომ საქართველოს დედაქალაქის ერთ-ერთ ქუჩას „ჯორჯ ბუშის ქუჩა“ ეწოდება. ეს, ჯერ კიდევ, 2005 წლიდან მოყოლებული. ამავე ტიპის გახლავთ შემთხვევა, როდესაც ქუჩას „ევროპის ქუჩა“ ეწოდება და, ნაცვლად ერთი კონკრეტული პიროვნებისა, ის მთლიანი კონტინენტის სახელს ატარებს. ცნობისთვის, ის სამგორის რაიონში, აეროპორტის დასახლებაში მდებარეობს.
აღსანიშნია, რომ თბილისში ვხვდებით ქუჩებს, რომლებსაც სხვადასხვა უცხო ქვეყნის პირველი პირის, ან საზოგადო მოღვაწის პატივსაცემად აქვს სახელწოდება შერჩეული.
თავის დროზე, დიდი მითქმა-მოთქმა და დისკუსია გამოიწვია დიდი დიღომის ახალ დასახლებაში უსახელო ქუჩებისათვის „ვეფხისტყაოსანის“ პერსონაჟების სახელიბის დარქმევამ.
რას არ ნახავთ აქ - მურადინ - ფრიდონის ქუჩა, მელიქ-სურხავის ქუჩა, მულღაზანზარის ქუჩა, გულანშაროს ქუჩა, ფატმანის ქუჩა, როსტევანის ქუჩა, უსენის ქუჩა, ასმათის ქუჩა, თინათინის ქუჩა, დავარის ქუჩა, შერმადინის ქუჩა, ნესტან დარეჯანის ქუჩა, ავთანდილის ქუჩა, ტარიელის ქუჩა, ხატაეთის ქუჩა, ვეფხისტყაოსნის ქუჩა, ჭაშნაგირის ქუჩა, ფარსადანის ქუჩა, რამაზის ქუჩა.
თბილისში შეგიძლათ, „სევანის ქუჩაზეც“ აიარ-ჩამოიაროთ. ჭირნახულის ქუჩას ესტუმროთ ლილოს დასახლებაში. შეგიძლიათ მოხვდეთ „გამარჯვების“ და „მშვიდობის“ ქუჩებზე, ასევე ეწვიოთ „ტოლენჯის“, „ხიზაბავრის“, „ბოტანიკისა“ და „შუშინის“ ქუჩებს.
რას არ შეხვდებით თბილისში: - „იმედის ხეივანი“; „იბრაჰიმ ისპასჰანლის ქუჩა“; „სამღერეთის ქუჩა“; „სანქტ-პეტერბურგის ქუჩა“; „ფერისცვალების ქუჩა“; „ვატუტინის ქუჩა“; „ინდუსტრიალიზაციის ქუჩა“; „ტრაქტორის ქუჩა“; „ნიაღვრის შესახვევი“;„ავლაბრის მე-2 ფერმა“; „დეპუტატის ქუჩა“; „პიონერის ქუჩა“; „მეგობრობის გამზირი“; „პარალელურის ქუჩა“; „პრავდის ქუჩა“; „ზაკომოლდინის ქუჩა“; „კოლექტივიზაციის ქუჩა“…
განსაკუთრებით საინტერესოა ის ფაქტი, რომ მტკვრის მარცხენა სანაპიროს ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის სანაპირო ქვია, მაგრამ მის დიდ ნაწილზე მდებარე შენობა-ნაგებობების მისამართები ჯერ კიდევ „კოსმონავტების სანაპიროს“ სახელით ფიქსირდება ოფიციალურ დოკუმენტებში.
ქუჩის ფენომენის, მისი ისტორიის, სახელდების და ტრადიციების შესახებ ცნობილი ქართველი ისტორიკოსის, მეცნიერის, მკვლევარის და პედაგოგის ოთარ ჯანელიძის საინტერესო ნარკვევი გვინდა შევთავაზოთ „თბილისის პოსტის“ მკითხველს:
„ქუჩა ქალაქური ფენომენია, რომლის დასაბამი საუკუნეთა სიღრმეშია საძიებელი. პირველი ქუჩები უძველეს ქალაქებში წარმოიშვა, მათი სახელდების ტრადიცია კი მოგვიანებით გაჩნდა. ქუჩათა სახელწოდებებში არა მარტო კონკრეტული ქალაქის, არამედ ცალკეული ქვეყნის სოციალური, ეკონომიკური თუ კულტურის ისტორიის ამოკითხვა და მისი განვითარებისთვის თვალის გადევნებაცაა შესაძლებელი.
ამ მხრივ საინტერესოა საქართველოს დედაქალაქი თბილისი და მისი ქუჩების ონომასტიკა. ტოპონიმიკური მოგზაურობა თბილისში, რომელიც საქართველოს სატახტოდ V საუკუნის მეორე ნახევარში ამ ქალაქის დამაარსებელმა მეფე ვახტანგ გორგასალმა აქცია, წარსულის მრავალ ფაქტსა და მოვლენას გაგვახსენებს. მოგზაურობისას შევხვდებით არაერთ ისტორიულ პირს, რომელთაც თავიანთი მოღვაწეობით კვალი დატოვეს თბილისის ცხოვრებაში. ქუჩები “გაიხსენებენ” და შეულამაზებლად “მოგვიყვებიან” თავიანთ თავგადასავალს, რადგან მათ ბევრი რამ “იციან” და კარგადაც “ახსოვთ”. საკმარისია, თვალი გადავავლოთ ბოლო ორი ასწლეულის საქართველოს ისტორიას და ამაში ჩვენც ცხადად დავრწმუნდებით.
XIX საუკუნის დამდეგს აღმოსავლეთი საქართველო რუსეთის იმპერიაში იქნა ინკორპორირებული. მალე რუსეთმა დასავლეთი საქართველოც დაიპყრო, ირან-ოსმალეთს კავკასიიდან ფეხი ამოუკვეთა და აქ თვითონ გაბატონდა. თბილისი, რომელიც მხარის გეოგრაფიული ცენტრი იყო, რუსეთის მეფის მთავრობამ რეგიონის პოლიტიკურ ცენტრადაც აქცია, რადგან სწორედ ამ ქალაქში იყო განლაგებული ადგილობრივი რუსული ადმინისტრაცია ჯერ მთავარმართებლის, ხოლო 1845 წლიდან კავკასიის მეფისნაცვლისა და მათი სტრუქტურების სახით.
მიუხედავად ამისა, თბილისმა დიდხანს ვერ მოიშუშა 1795 წელს ირანის შაჰის აღა მაჰმად-ხანის შემოსევით მიყენებული იარები. მტერმა მაშინ ისეთი სისასტიკით ააოხრა ქალაქი, რომ ამ ამბებიდან სამი ათეული წლის შემდეგაც კი თბილისის ქუჩები ნანგრევებით ყოფილა სავსე.
თბილისის აღდგენა, განაშენიანება და ძირითადი საქალაქო ინფრასტრუქტურის შექმნა XIX საუკუნის 40-50-იანი წლებიდან იწყება. პარალელურად წარმოებდა დაპყრობილი მხარის მოსახლეობის გარუსება და ასიმილირება, რისთვისაც საიმპერიო ხელისუფლება მრავალ საშუალებას მიმართავდა. ერთ-ერთი ასეთ საშუალება გახლდათ რუსული ტოპონიმიკის დანერგვა.
რუსეთი სამხედრო-პოლიტიკური იმპერია იყო. მისი საზღვრების გაფართოებაში მთავარი როლი არმიას ეკისრებოდა. სამხედრო ძალა იყო ძირითადი საყრდენი დაპყრობილ ხალხებზე ბატონობის შესანარჩუნებლადაც. საქართველოს ანექსიის შემდეგ მხარის უმაღლესი ხელისუფალი რუსი მთავარმართებელი გახდა. ამ პოსტზე, როგორც წესი, მაღალი რანგის სამხედროები – გენერლები ინიშნებოდნენ. სამხედრო პირს ებარა ადგილობრივი სამოქალაქო საქმეების გაძღოლა და ასეთივე მოხელენი იდგნენ მაზრების, ქალაქებისა თუ სასამართლო დაწესებულებათა სათავეშიც.
მართვა-გამგეობის ამგვარი ორგანიზაცია, არსებითად, სამხედრო-საოკუპაციო რეჟიმს წარმოადგენდა. ამიტომ არ ყოფილა შემთხვევითი, რომ ახალშემოერთებული ქვეყნის მთავარი ქალაქის ქუჩებისა თუ მოედნების სახელწოდებებში საიმპერატორო ოჯახის წევრთა და რომანოვთა დინასტიის ცნობილ წარმომადგენელთა სახელების გვერდით სამხედრო დასახელებები მოჭარბდა (შტაბის, არსენალის, ყაზარმის, არტილერიის, მესანგრეთა და სხვ. ქუჩები).
თბილისის გოდონიმიაში თავდაპირველად მხარის დამპყრობი გენერლების, კავკასიის რუს მმართველ-გამგებელთა სახელები გამოჩნდა, რომლებმაც ძველი ქართული სახელწოდებები ჩაანაცვლა. XIX საუკუნის 60-იანი წლების შუა ხანების ერთი საარქივო საბუთის თანახმად, რომელიც დასათაურებულია როგორც “Медико-топографические описание города Тифлиса”, თბილისში 134 ქუჩა, 61 შესახვევი და 17 მოედანი მოითვლებოდა. ამავე პერიოდში შედგენილი სტატისტიკური კომიტეტის ცნობით კი თბილისის ქუჩების რაოდენობა 200-ს აღემატებოდა. აღსანიშნავია, რომ ყველა მათგანს უკვე არაქართული სახელი ჰქონდა მიკუთვნებული.
კავკასიის რუსული ადმინისტრაციის მიერ თბილისში დანერგილი ონომასტიკური სისტემა, რომელიც 1917 წლის თებერვლის რევოლუციამდე მოქმედებდა, თვითმპყრობელობის კოლონიურ ინტერესებს ასახავდა და მასვე ემსახურებოდა.
მას შემდეგ, რაც რუსეთში მეფის მთავრობა დაემხო და იმპერიაც დაიშალა, 1918 წლის 26 მაისს საქართველომ ეროვნულ-პოლიტიკური თავისუფლება აღიდგინა. შეიქმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, რომელმაც სამი წელი იარსება. მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე აღბეჭდილი ახალი ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტი უცხოეთის 20-მდე ქვეყანამ ოფიციალურად ცნო და აღიარა. დემოკრატიული აღმშენებლობის გზაზე დამდგარი დამოუკიდებელი საქართველოს მესაჭეობა ხალხმა ქვეყნის ყველაზე გავლენიან პოლიტიკურ ძალას – სოციალ-დემოკრატიულ პარტიას და მის ლიდერებს დააკისრა. ნოე ჟორდანიას ხელისუფლებამ მოკლე ხანში ძირფესვიანად შეცვალა დედაქალაქის ქუჩების, მოედნებისა თუ გამზირების სახელდება და წინა პლანზე ქართული სახელწოდებები წამოსწია. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდის თბილისის ტოპონიმიკაში მმართველი პარტიის იდეურ-მსოფლმხედველობრივი ორიენტაციაც საკმაოდ აისახა (პლეხანოვის, კაუცკის, სოცინტერნის და მისთ. ქუჩები).
1921 წლის თებერვალ-მარტში საქართველო ბოლშევიკური რუსეთის აგრესიის მსხვერპლი გახდა. უთანასწორო ომში დამარცხებულმა საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არსებობა შეწყვიტა. გამოცხადდდა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შექმნა, რომელსაც მოსკოვზე დამოკიდებული ადგილობრივი მარიონეტული ხელმძღვანელობა – რევკომი განაგებდა. მომდევნო წლის ბოლოდან ხელახლა დაპყრობილი საქართველო ამიერკავკასიის ფედერაციის მეშვეობით, რომელშიც აზერბაიჯანი და სომხეთიც შედიოდნენ, სსრ კავშირად წოდებულ მოდერნიზებულ რუსეთის იმპერიაში გააერთიანეს. 1936 წელს ხსენებული ფედერაცია გაუქმდა. საქართველომ ე.წ. მოკავშირე რესპუბლიკის სტატუსი შეიძინა, მაგრამ ათწლეულების განმავლობაში კვლავ საბჭოური იმპერიის შემადგენლობაში იმყოფებოდა და მის დიქტატს ემორჩილებოდა.
საბჭოთა ტოტალიტარულმა რეჟიმმა თბილისში ახალი რევოლუციური ტოპონიმიკა შემოიღო და უფროსი თაობის მკვიდრნი კიდევ ერთხელ აიძულა, თავიდან შეესწავლათ საკუთარი ქალაქი. პროლეტარიატის ბელადების დარად, არ დარჩენილა არც ერთი თვალსაჩინო ბოლშევიკი ლიდერი, წარსულში ცნობილი ტერორისტი, საკავშირო თუ საერთაშორისო რანგის კომუნისტური მოძრაობის აღიარებული მოღვაწე, რომლის სახელი საქართველოს დედაქალაქის ქუჩებისა თუ მოედნებისთვის არ დაერქმიოთ.
საბჭოურ რეჟიმს, განსაკუთრებით – სტალინის პერიოდში, ათვალწუნებული კომუნისტი ხელმძღვანელების შერისხვა და ისტორიიდან მათი სახელების გაქრობის მცდელობა ახასიათებდა. ეს პროცესი მკაფიოდ აისახა თბილისის გოდონიმებისა და აგრონიმების ცვლილებებში. მანამდე განდიდებული და შემდგომ რეპრესირებული ტროცკის, ზინოვიევის, ბუხარინისა და სხვათა სახელებს ქუჩების აბრებზე ახლად აღზევებულ მათივე თანაპარტიელთა სახელები ენაცვლებოდა. ასე გრძელდებოდა საბჭოური რეჟიმის აღსასრულამდე.
პოლიტიზებული და იდეოლოგიზებული სახელწოდებები გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან საბჭოთა წარსულთან ერთად სამუდამოდ ჩაბარდა ისტორიას.
ზემოთ ზოგადი შტრიხებით გადმოცემული საქართველოს ბოლო ორი საუკუნის ისტორია შთამბეჭდავად იკითხება მისი დედაქალაქის ქუჩათა სახელწოდებებსა და მათ ცვლილებებში. საკმარისია თვალი გადავავლოთ თბილისის რამდენიმე პროსპექტის, ქუჩისა და მოედნის დასახელებათა ევოლუციას, რომ ნათქვამის სისწორეში დავრწმუნდებით.
ძველი თბილისის ქუჩების უმრავლესობას სახელი არ ერქვა. ქალაქი რამდენიმე ძირითად უბნად (კალა, ისანი, აბანოთა უბანი და სხვ.) იყო დაყოფილი. ზოგიერთი დასახელება ამ კონკრეტულ მიდამოში მცხოვრები ქალაქის მოსახლეობის უმრავლესობის ეთნიკურ წარმომავლობას ასახავდა (ქართველთა უბანი, ურიათა უბანი, მოგვთა უბანი და ა.შ.), ზოგიც სოციალური, პროფესიული თუ კონფესიური ნიშნით ყალიბდებოდა. მაგალითად, დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში არსებულ არისტოკრატიის უბანს მეფის სასახლე, სამეფო გვარისა და დაწინაურებული სათავადოების წარმომადგენელთა სახლები და მიმდებარე ბაღები შეადგენდა. მდაბიო მოსახლეობა კეთილმოწყობას მოკლებულ გარეთუბანში ცხოვრობდა. თბილისის ისტორიულ ქვემო უბანში, რომელიც მრავალეროვნული მოსახლეობით გამოირჩეოდა, ქართული ტაძრების გვერდით სომხური ეკლესია, მეჩეთი, სინაგოგა და კათოლიკური ეკლესიაც იდგა. ქუჩათა ნაწილის სახელწოდებას მის გასწვრივ განლაგებული სავაჭრო რიგების ხასიათი განსაზღვრავდა (მაგალითად, ბამბის რიგი, სირაჯხანა, მექვაბის რიგი, თოფხანა, ხარაზხანა). არცთუ იშვიათად დასახელება ხელოსანთა საქმიანობის (დაბახანა, სამღებროს, მჭედლის ქუჩები) ან ამ უბანში არსებული საეკლესიო ნაგებობათა (ანჩისხატი, სიონი, ბეთლემი) მიხედვით შეირჩეოდა.
თანამედროვე თბილისის მთავარი მოედანი, რომელიც ქალაქის სხვა უბნებს რამდენიმე ქუჩით უერთდებოდა, XIX საუკუნის 20-იანი წლების დამდეგს წარმოიშვა. მისი პირველი სახელწოდება, შტაბის მოედანი, აქ აგებულმა რუსეთის საოკუპაციო არმიის შტაბის შენობამ განაპირობა. გერმანული წარმომავლობის ამ სამხედრო ტერმინით მოედანი რამდენიმე წლის განმავლობაში იწოდებოდა. საგულისხმოა, რომ მოედნის მომდევნო დასახელებაც რუსეთის საჯარისო შენაერთების სამხედრო მიღწევასთანაა დაკავშირებული.
1826 წელს დაწყებული რუსეთ-ირანის ომის მეორე წელს კავკასიის რუსული არმია მხარის მთავარსარდლისა და მთავარმართებლის, გრაფ ივან პასკევიჩის მეთაურობით ერევნის სახანოში შეიჭრა, ქალაქი ერევანი აიღო და რუსეთის იმპერიას დაუმორჩილა. ამ წარმატების აღსანიშნვად პასკევიჩს “ერევნელის” ტიტული უბოძეს, მთავარმართებლის პატივსაცემად კი თბილისის მთავარ მოედანს პასკევიჩ-ერევნელის მოედანი დაერქვა (ეს უკანასკნელი ხალხურ მეტყველებას შეცდომით ერევნის მოედნის სახელით შემორჩა).
ათწლეულების განმავლობაში, ვიდრე 1918 წლამდე, ხსენებული მოედანი რომანოვთა იმპერიის მნიშვნელოვნად განმამტკიცებელი რუსი გენერლის, პოლონეთის ცნობილი აჯანყების ჩახშობისთვის გრაფის წოდებაში აყვანილი თავადის სახელს ატარებდა. მაგრამ შეუძლებელია, დაპყრობილ ქვეყანაში დამპყრობელმა უკვდავება დაიმკვიდროს. პასკევიჩ-ერევნელის ვინაობა მაშინვე მიეცა დავიწყებას, როგორც კი საქართველომ ეროვნული თავისუფლება მოიპოვა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
ეს კი 1918 წლის 26 მაისს მოხდა, როცა საქართველოს ეოვნული საბჭოს სხდომამ დამოუკიდებლობის აქტი დაამტკიცა და სათავე დაუდო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წელთაღრიცხვას. ამ მოვლენის აღსანიშნავად ახლად განახლებული სახელმწიფოს პოლიტიკურმა მესვეურებმა დედაქალაქის ცენტრალურ მოედანზე თავისუფლების სიმბოლური ხე დარგეს და მოედანსაც თავისუფლების მოედანი უწოდეს.
სამწუხაროდ, ქვეყანის თავისუფლებამ მცირე ხანს გასტანა. თავისუფლების სახელი ხანგრძლივად ვერც დედაქალაქის მთავარმა მოედანმა შეინარჩუნა. 1921 წლიდან ძალაუფლებას დაუფლებულ ბოლშევიკთათვის ეროვნული თავისუფლების იდეა მიუღებელი აღმოჩნდა, მათ საქართველო კვლავ რუსეთის იმპერიულ უღელში შეაბეს, რომელსაც დაშლილი ,,ხალხთა საპყრობილის” ნანგრევებზე კრემლი ხელახლა აკოწიწებდა.
თავის დროზე მეფის რუსეთი ცდილობდა, დაპყრობილი ქართველი ხალხის მეხსიერებიდან წაეშალა სამშობლოსა და ეროვნული სახელმწიფოებრიობის გამომხატველი ცნება “საქართველო”, რომლის სანაცვლოდაც თბილისისა და ქუთაისის გუბერნიათა სახელწოდებები შემოიღო. ამავე კურსის გაგრძელება იყო 1921 წელს მოსკოვში მიღებული გადაწყვეტილება, ფაქტობრივად ანექსირებული, გასაბჭოებული საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის გაერთიანებით შეექმნათ ახალი პოლიტიკური ერთეული – ამიერკავკასიის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა და იგი კვლავ იმპერიულ სივრცეში მოექციათ.
კრემლის მორჩილმა საქართველოს ხელისუფლებამ ამ სრულიად ხელოვნური წარმონაქმნის – ამიერკავკასიის ფედერაციის სახელი 1922 წელს დედაქალაქის ცენტრალურ მოედანსაც დაარქვა და მისი დამკვიდრება საზოგადოების ცნობიერებაში ამ გზითაც სცადა.
ამიერკავკასიის ფედერაცია, როგორც ზედმეტი რგოლი, 1936 წელს გაუქმებულ იქნა, მაგრამ მისი სახელი თბილისის მთავარ მოედანს კიდევ რამდენიმე წელი ერქვა. 1938 წელს მოედანს ცნობილი ქართველი ბოლშევიკი მოღვაწისა და თვალსაჩინო ჩეკისტის ლავრენტი ბერიას სახელი უწოდეს. აქამდე საქართველოსა და ამიერკავკასიის ფედერაციის კომუნისტი ხელმძღვანელი ბერია ის-ის იყო კიდევ უფრო დააწინაურეს, მოსკოვში გადაიყვანეს, ჯერ სახელმწიფო უშიშროების საკავშირო უწყება ჩააბარეს, მერე შინაგან საქმეთა სახალხო კომისრად დანიშნეს, ხოლო მოგვიანებით ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი პოლიტბიუროს შემადგენლობაშიც შეიყვანეს.
XX საუკუნის 30-იან წლებში საბჭოთა ქვეყანაში განხორციელებული პოლიტიკური რეპრესიების ერთ-ერთი შემოქმედი ბერიაც იყო. საქართველოში, სადაც ამ დიდი ბოროტების მსხვერპლი 12 ათას კაცს მოითვლიდა, რეპრესიები სწორედ ბერიას სახელს უკავშირდებოდა. ამიტომ მისი განდიდება სრულიად ამორალური მოვლენა გახლდათ, მაგრამ საბჭოეთში ადამიანურ მორალსა და ზნეობას არავინ დაგიდევდათ. ლ. ბერია მხოლოდ ი. სტალინის სიკვდილის შემდეგ იქნა შერისხული. ცხადია, მისი სახელი ჩამოაშორეს თბილისის მთავარ მოედანსაც, რომელიც ახლა ვლადიმერ ლენინის მოედნად მოინათლა. სიახლე იმითაც გამოიხატა, რომ თუ აქამდე მოედანზე ვისიმე ძეგლი არ მდგარა, 1956 წელს აქ პროლეტარიატის ბელადის მონუმენტური – 18,5 მ – სიმაღლის ქანდაკება წამოიმართა და პარადების მისაღებად უფრო მაღალი ტრიბუნა მოეწყო.
ხსენებული მოედნიდან ლენინი 30 წელზე მეტხანს “გაჰყურებდა” ქალაქს, მაგრამ მალე ვითარება კარდინალურად შეიცვალა.
80-იანი წლების შუა ხანებიდან საბჭოთა სივრცეში ზემოდან დაშვებულმა დათმობებმა (ე. წ. პერესტროიკა) არარუსულ რესპუბლიკებში ბიძგი მისცა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აღმავლობას. საქართველოში ამ მოძრაობას რამდენიმე თავისებურება ჰქონდა. ერთ-ერთი ისიც იყო, რომ იგი არა დარბაზებში, არამედ ქუჩებში აზვირთდა და განვითარდა. გამოიკვეთნენ მოძრაობის აღიარებული ლიდერები მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია და სხვები, რომლებიც საზოგადოების სულ უფრო მზარდ მხარდაჭერას პოვებდნენ. ეროვნულ-განმათავისუფლებელმა მოძრაობამ წინა პლანზე ეროვნული იდეალები, რუსიფიკაციასთან ბრძოლის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, ქრისტიანული რწმენის განმტკიცების, ეკოლოგიური უსაფრთხოების და სხვ. საკითხები წამოაყენა. მალე მთავარ პოლიტიკურ მოთხოვნად საბჭოური იმპერიიდან საქართველოს გამოყოფისა და მისი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხი იქცა.
იმპერიის მესვეურები დააფრთხო პროცესების ამგვარმა განვითარებამ. 1989 წლის 9 აპრილს თბილისში, ცენტრალური მოედნის მახლობლად, მთავრობის სახლთან შეკრებილი ხალხმრავალი მშვიდობიანი მიტინგი, რომელშიც 10 ათასამდე კაცი მონაწილეობდა, ძალის გამოყენებით უხეშად აღკვეთეს. დაიღუპა 20-მდე დემონსტრანტი. უმთავრესად ქალები. ბევრმა სხვადასხვა ფორმით სხეულის დაზიანება მიიღო, უფრო მეტი კი მიტინგის დარბევისას გამოყენებული ცრემლსადენი გაზით მოიწამლა. იმპერიის ხელისუფლების მხრივ ხალხთან ასეთმა ანგარიშსწორებამ საპროტესტო განწყობა ვერ დააცხრო. ქუჩის გავლენა ადგილობრივ სახელისუფლო სტრუქტურებზე კიდევ უფრო გაიზარდა. რესპუბლიკის ხელმძღვანელობა იძულებული გახდა, ზოგიერთ დათმობაზე წასულიყო. დათმობათა რიგს განეკუთვნებოდა ისიც, რომ, ეროვნული მოძრაობის მოთხოვნით, დასახელებები შეეცვალა საქართველოს არაერთ ქალაქს, რაიონსა თუ სოფელს, რომელთაც ბოლშევიკ-რევოლუციონერთა სახელების ნაცვლად თავიანთი ისტორიული სახელწოდებები აღუდგინეს.
დიდი მნიშვნელობა ჰქონდა დედაქალაქის ცენტრალური მოედნიდან ლენინის ძეგლის აღებას და მოედნისთვის კვლავ თავისუფლების სახელის მიკუთვნებას, რაც ჯერ კიდევ კომუნისტური მმართველობის უკანასკნელ წელს განხორციელდა. ამ ძეგლის დემონტაჟითა და მოედნისათვის პროლეტარიატის ბელადის სახელის ჩამოშორებით საქართველოში დასაბამი მიეცა საბჭოურ სინამდვილესთან გამოთხოვების პროცესს. ქართველი ხალხი ზურგს აქცევდა ბოლშევიკურ იდეოლოგიას, მის ფასეულობებს და განვითარების ახალ ფაზაში, ახალ განზომილებაში იწყებდა გადასვლას. 1990 წლის ოქტომბერში გამართულ მრავალპარტიულ არჩევნებში საქართველოს კომუნისტურმა პარტიამ მარცხი განიცადა და ხელისუფლებაში ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით ეროვნულ-პოლიტიკური ძალები მოვიდნენ. კომუნისტური რეჟიმი მშვიდობიანი გზით შეიცვალა. საქართველოს სახელმწიფოებრიობის ისტორიაში ახალი ეტაპი დაიწყო. მომდევნო წლის 9 აპრილს საქართველომ სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის აღდგენა გამოაცხადა.
1837-1840 წლებში თბილისში ყველაზე განიერი ქუჩის გაყვანა და კეთილმოწყობა დაიწყეს. მას თავდაპირველად “რუსეთისაკენ მიმავალ გზას” უწოდებდნენ, რადგან იგი რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელ საქართველოს სამხედრო გზას უერთდებოდა, რომელიც ქალაქის განაპირას იწყებოდა. რამდენიმე წლის შემდეგ ახალგაყვანილი ქუჩა პროსპექტად იქცა და მას საქართველოს იმდროინდელი მთავარმართებლის გენერალ გოლოვინის სახელი მიაკუთვნეს. ამ უხეირო რუსი დიდმოხელის გვარი საქართველოს ისტორიას არც შემორჩებოდა, რომ არა ეს გამზირი, რომელმაც სრულიად შეუსაბამო სახელწოდება შვიდ ათეულ წელზე მეტხანს ატარა.
1918 წელს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ გამზირს სახელი შეუცვალა და მას უდიდესი ქართველი პოეტისა და მოაზროვნის, უკვდავი “ვეხისტყაოსნის” შემოქმედის, შოთა რუსთაველის სახელი დაუმკვიდრა. დედაქალაქის მთავარი გამზირი დღესაც რუსთაველის გამზირად იწოდება, რადგან საბჭოთა პერიოდის კომუნისტურმა მმართველობამ მას სახელწოდება შეუნარჩუნა და პროსპექტი პოეტის შთამბეჭდავი ძეგლითაც დაამშვენა.
კოლონიური წარსული თანამედროვე თბილისის მეორე გამორჩეული პროსპექტის სახელწოდებაშიც აისახა. XIX საუკუნის შუა ხანებში მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გაშენებულ გამზირს კავკასიის მეფისნაცვლის, იმპერატორ ნიკოლოზ I-ის შვილის, დიდი მთავრის მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის სახელი დაარქვეს. 1918 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სოციალ-დემოკრატიულმა ხელისუფლებამ იმხანად გარდაცვლილი საერთაშორისო სოციალისტური მოძრაობის გამოჩენილი მოღვაწის, მარქსიზმის თეორეტიკოსისა და პროპაგანდისტის გიორგი პლეხანოვის უკვდასაყოფად პროსპექტს მისი სახელი მიანიჭა.
მიუხედავად იმისა, რომ პლეხანოვი მენშევიკი იყო და რუსეთში განხორციელებულ ოქტომბრის რევოლუციას (ბოლშევიკურ სახელმწიფო გადატრიალებას) არ თანაუგრძნობდა, საქართველოს კომუნისტურ ხელისუფლებას საბჭოთა პერიოდში პროსპექტისთვის სახელი არ გადაურქმევია. გიორგი პლეხანოვი ლენინის გზას მხოლოდ XX საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს ეროვნული მოძრაობის აღმავლობამ “გაუყენა”. თბილისის ერთ-ერთ გამორჩეულ გამზირს სახელწოდება 1990 წელს შეეცვალა და იგი ახლა საქართველოს ისტორიაში ყველაზე სახელოვანი მეფის – დავით აღმაშენებლის სახელით იწოდება.
არანაკლებ საინტერესოა თბილისის კიდევ ერთი ძველი მოედნის სახელწოდებათა ევოლუციაც. მოედანი, რომელიც დღეს მეფე ერეკლე II-ის სახელს ატარებს, ჯერ კიდევ XVII საუკუნეში წარმოიშვა. იგი თავდაპირველად ბატონის (მეფის) მოედნად იწოდებოდა, მის ერთ ნაწილს კი სალაყბო ერქვა, რადგან აქ ხშირად იკრიბებოდნენ ქალაქის მცხოვრებნი და ქვეყნის ამბებზე ბჭობდნენ. XIX საუკუნის დასაწყისში ამ ადგილას საქართველოს სამოქალაქო გუბერნატორის რეზიდენცია აიგო და მოედანსაც “გუბერნატორის” მოედანი დაერქვა. 1885 წლიდან მოედანი ეგზარქოსის მოედნად იწოდებოდა. საქართველოში საბჭოთა რეჟიმის დამყარების შემდეგ მას გერმანელი სოციალისტის ავგუსტ ბებელის სახელი მიაკუთვნეს, ხოლო 1948 წლიდან კი ერეკლე მეორის მოედნად იქნა სახელდებული.
სახელწოდებათა მრავლგზის შეცვლას ვერ გადაურჩა თბილისის ერთ-ერთი ძველი ბაღიც, რომელიც ქალაქის ცენტრში, რუსთაველის პროსპექტის მახლობლად მდებარეობს. ძველად ამ ადგილს ყაბახს უწოდებდნენ და იგი სპორტულ შეჯიბრებათა ასპარეზად გამოიყენებოდა. საქართველოში რუსული კოლონიური რეჟიმის დამყარების შემდეგ აქ სამხედრო აღლუმებისა და ჯარის ნაწილების სამწყობრო ვარჯიშებისთვის პლაცი მოეწყო, 1872 წლისთვის კი მშვენიერი ბაღი გაშენდა, რომელიც იმპერატორ ალექსანდრე II-ის პატივსაცემად მისი სახელობის ბაღად მონათლეს. თვითმპყრობელობის დამხობამდე თბილისელთა გართობა-დასვენების ამ კერას რუსთხელმწიფის სახელი ერქვა. 1918 წლიდან ბაღი კომუნარების სახელს ატარებდა, ხოლო საბჭოთა წლებში აქ საქართველოს კომკავშირის ერთ-ერთი დამაარსებლის, ბორის ძნელაძის ძეგლი აღმართეს და ბაღსაც ბორის ძნელაძის სახელი დაარქვეს. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის განახლების შემდეგ, გასული საუკუნის 90-იანი წლების დამდეგს, ბაღს კიდევ ერთხელ შეეცვალა სახელი და დღეს იგი 9 აპრილის ბაღის სახელით არის ცნობილი.
როგორც დავინახეთ, ქუჩებისა და მოედნებისთვის სახელწოდებათა პერმანენტული ცვლა უმეტესად პოლიტიკური კონიუნქტურით იყო განპირობებული. იმედია, ეს მახინჯი მოვლენა საბოლოოდ აღმოიფხვრება და აღარ განმეორდება, ტოპონიმიკა თავს დააღწევს პოლიტიკის გავლენას და ქუჩებს მომავალში უფრო ბუნებრივი, ქალაქური ცხოვრების სხვა ნიუანსები ექნებათ მოსათხრობი.“