ყოველ სულს ჰყავს თავისი ტყუპისცალი. ისინი შექმნილნი არიან ერთდროულად, სინათლის იდენტური სხეულით. მას შემდეგ, რაც პირველი ცოცხალი არსების – ანდროგენის გაყოფის შედეგად გაჩნდა ორი სქესი, ყოველი სული ატარებს მეორე ნახევრის ხსოვნას და სიცოცხლიდან სიცოცხლეში ეძებს მას გაუცნობიერებლად.

ეს არის ის ადამიანი, ვისთან ერთადაც თამამად შეაბიჯებ უსასრულობაში. სულიერ დონეზე ისინი დაკავშირებულნი არიან ერთმანეთთან. ეს ერთი სულია ორ სხეულში. სულიერი ტყუპი არის ის, ვინც შორიდან გზას გინათებს, რომ არ დაეცე. ის მეორე მეა, რომელიც შენში ცხოვრობს მანამდეც, სანამ შეხვდებოდი მიწიერი განსხეულებისას. სულიერ ტყუპებს შორის ძლიერი ენერგეტიკული ხიდია და სხვადასხვა განზომილებებშიც გრძნობენ ერთმანეთს. სულიერი ტყუპის შესახებ ინფორმაციას ინახავს დნმ-ის “აკაშის ქრონიკები”. იდუმალი ფლუიდები აერთიანებს მათ გონებას და ამიტომ ბავშვობიდანვე აქვთ ხილვები ერთმანეთზე. სულიერი ტყუპისცალის პოვნა სულიერ სამშობლოში დაბრუნება, დაკარგული საწყისისადმი მისწრაფება და სრულყოფილების ძიებაა. თავდაპირველ ადამიანში არსებულ ერთიან საწყისში ჩადებული მაგნიტი მუდამ ეცდება გათიშულ ნახევრებს აპოვნინოს ერთმანეთი.

გლობალიზაციის ეპოქაში ენერგეტიკული ორეულის პოვნის მეტი საშუალებაა. კაცობრიობის განვითარების ახალ საფეხურზე გადასვლის წინ ისინი ერთდროულად განსხეულდებიან, რათა ერთი მისია შეასრულონ. ეს გასხივოსნებისა და ამაღლების პირობაა. მომავალ ეპოქაში პარტნიორული ურთიერთობები ამ პრინციპზე იქნება დამყარებული. მანამდე კი ერთმანეთისათვის კუთვნილი საწყისები სხვადახვა გზებით ვითარდებიან და შესაძლოა საუკუნეებიც ვერ შეხვდნენ ერთმანეთს, თუმცა ყველა პარტნიორში ამ ტყუპისცალს ეძებენ. ზემატერიალურ სამყაროში მსგავსი მიელტვის მსგავსს. იქ ისინი ერთ სხეულს წარმოადგენენ და ერთად იქნებიან. სულიერი ტყუპების მაგა- ლითია კრიშნა და რადჰა, აისისი და ოსირისი…

სულიერი ტყუპების შეხვედრა ზეციური ძალების ხელდასხმით ხდება. სიყვარულის ღვთაებები და სერაფიმები ერთმანეთისთვის შექმნილ სულებს ახვედრებენ ერთმანეთს.მათი ერთობა დიდ კოსმიურ მისიას ისახავს მიზნად, რადგან ერთნაირი ენერგიების კავშირი იძლევა საშუალებას, რომ შექმნას ყველაზე დიადი. მათ შეუძლიათ შეცვალონ სამყარო. ამიტომ მათი შეხვედრა საჭიროებს საიდუმლოდ შენახვას ნეგატიური ძალებისაგან.

დამოკიდებულება ღვთისადმი შეიცავს სულიერი ტყუპის პოვნის გასაღებს. ის მოდის მხოლოდ მაშინ, როდესაც ხარ ღმერთთან ახლოს, ასრულებ მისიას და სრულყოფისაკენ ისწრაფვი. სანამ არ გახდები ჰარმონიული საკუთარ თავში, სულიერი ტყუპის ნაცვლად მხოლოდ კარმული პარტნიორები მოგიახლოვდებიან. სულიერი მეორე ნახევარი გეხმარება სულიერ განვითარებაში, რომ გახდე სრულყოფილი, დაინახო შენი ღვთიური “მე”. ასეთ შემთხვევაში მამაკაცი არის მასწავლებელი, ქალი კი მამაკაცის სტიმული.

რაც უფრო უახლოვდება ადამიანი თავის უმაღლეს “მე”-ს, მით სწრაფად იპოვის ტყუპისცალს, რადგან გაძლიერებული სულიერი სხეული ხდება მაგნიტი, რომელიც იზიდავს თავის მეორე ნახევარს. საკუთარი თავის სრულყოფით ადამიანი ეხმარება კოსმიურ პარტნიორს სხვა განზომილებებშიც კი, რადგან ერთის განვითარება გავლენას ახდენს მეორეზე. ენერგეტიკული კავშირის წყალობით, მათი ემოციები გადადის ერთმანეთზე. უმიზეზო სიხარული ან დეპრესია ხშირად ამის შედეგია.

სულიერ ტყუპებს უსიტყვოდ ესმით ერთმანეთის. ისინი ავსებენ ერთმანეთს. მათი აურა, ენერგეტიკული ველის რხევათა სიხშირე ერთნაირია. მათი გულები ერთ რიტმში ფეთქავს. მათი დღის რეჟიმი, გემოვნება, ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა. ისინი იცავენ და აძლიერებენ ერთმანეთს საკუთარი ენერგიებით, აქვთ ტელეპატიური კავშირი და ჯადოსნური სინქრონულობა, ხშირად ერთდროულად ფიქრობენ ერთსა და იმავეზე, აქვთ ერთნაირი ცხოვრებისეული სიტუაციები და გამოცდილება, ერთნაირი სიზმრები, შორ მანძილზეც გრძნობენ ერთმანეთის განწყობებს. ეს მისტიკური მიჯნურობაა, მათი ერთობა კი კოსმიური კანონი.

ძველ ინდოეთში არსებობდა ტრადიცია: ქორწინების რიტუალი ვერ შედგებოდა, თუ პარტნიორები ერთმანეთის შეკითხვაზე: “ვინ ხარ შენ”? სწორ პასუხს არ გასცემდნენ. სწორი პასუხი კი ასეთი იყო: “მე ვარ შენ”!

სულიერი ტყუპების ურთიერთობა გამოირჩევა ნდობით, ზრუნვით, სიამოვნებით ფიზიკური კავშირის გარეშეც. ეს ურთიერთობა საუკუნეებს ითვლის და დროსა და სივრცეზე არ არის დამოკიდებული. ასეთი სიყვარული სულიერი გამოცდილებაა და კონკრეტული ინკარნაციის სხეულთან არ არის დაკავშირებული. მათ შორის ღვთიური სუნთქვის სიო ქრის. ამ ურთიერთობაში დნება ორივე და რჩება მხოლოდ სიყვარული. ისინი საკუთარ გულს ღმერთს აძლევენ და ამით ერთიანდებიან ღმერთში. ეს ერთი სულის ზიარებაა მეორეში. მათი ერთიანი ენერგეტიკული ველი არის ძლიერი დამცავი ორივე პარტნიორისათვის.

საუკუნეების წინ შემდგარი შეხვდრის შემდეგ სულიერი ტყუპები ისევ დაბრუნდებიან დედამიწაზე, რათა იპოვონ ის, ვინც ოდესღაც დაკარგეს – ვარსკვლავური პარტნიორი. “მე მოვდიოდი შენს სანახავად, გადმოვიარე უდაბნო და მაღალი მთები. ჩვენ ერთი სისხლისანი არ ვართ. ჩვენ ერთი ენა არ გვაქვს, მაგრამ გული ეხმიანება გულს”. ისინი ბრუნდებიან, რათა სხვებს გაახსენონ, რა არის ნამდვილი სიყვარული. მანამდე კი ღმერთის დუმილიან მეხსიერებაში ერთმანეთისთვის შექმნილი სულები ვარსკვლავებივით არიან, შორს, მაგრამ იქიდანაც რომ უნათებენ ერთმანეთს გზას. სადღაც, აუცილებლად არსებობს ის, ვინც არ გიცნობს, მაგრამ ძილის წინ შენზე ფიქრობს, ვინც შენთვის დაიბადა, ვისთვისაც მთელი სამყარო ხარ, ვისი გულიც ინახავს შენს ხსოვნას საუკუნეებისა და სამყაროების მიღმა და ეცადე ისე იცხოვრო, როდესაც შეხვდები, მისი ღირსი იყო! ახალ ეპოქაში სულიერ ტყუპისცალთან სიახლოვე აუცილებელია ფიზიკური და სულიერი დაცვისათვის. მათი ფიზიკური კავშირი კი კოსმიურ ენერგიებთან შერწყმის საშუალებაა.

სექსი შედეგია და არა მიზანი, რომელიც ენერგიების კავშირს მოსდევს. სხვადასხვა ენერგიების ადამიანთა ფიზიკური ინტიმი ექსტაზის დაბალი დონეა. ის აზიანებს პარტნიორთა ენერგიებს, აბინძურებს კარმას. საბოლოოდ ასეთი წყვილები ანგრევენ ერთმანეთის ცხოვრებას. მსგავსი ვიბრაციების მქონე წყვილის ფაქიზი ენერგიების შერწყმის დროს იქმნება სხივი, რომელიც აღწევს კოსმოსამდე. სასიყვარულო ურთიერთსწრაფვის შედეგად შეიქმნა სამყაროები და ახლაც, ორი მსგავსი სულის კავშირი ის შემოქმედი ძალაა, ცაზე ვარსკვლავებს რომ ანთებს. რაც უფრო ახლოს არიან პარტნიორები ღმერთთან, რაც უფრო სუფთაა მათი აურა და გახსნილია ჩაკრები, მით მეტ ენერგიებს აძლევენ ერთმანეთს. ასეთი ურთიერთობა გალანტურია, ღრმა და სათუთი.

რაც უფრო მგრძნობიარეა ადამიანი, მით მეტია მისი ხარისხი ორგაზმისა. რაც უფრო ნაკლებია პარტნიორი, მით ძლიერია ენერგეტიკა. მხოლოდ სექსი უმცირესია, რაც ორმა ადამიანმა ერთმანეთს შეიძლება უწილადონ. სულიერი კავშირის დროს,განსხვავებით მხოლოდ ფიზიკური კავშირისაგან, ენერგიები აღარ იკარგება, გადადის გულის ჩაკრაში და ქმნის წრეს. ის აღარ რჩება ჰორიზონტალურ,ბიოლოგიურ დონეზე და იწყებს ცირკულირებას. ამ დროს წარმოიქმნება კოლოსალური ენერგია,რომელიც გარდაიქმნება უნივერსალურ სუბსტანციად. ის წმენდს გზად ყოველგვარ ნეგატივს,იწვევს მეტამორფოზას ფიზიკურ,ასტრალურ,სულიერ დონეებზე, აწონასწორებს კარმას, აძლიერებს იმუნიტეტს, კურნავს და აახალგაზრდავებს. ეს უკვე მედიტაციური ორგაზმი და ღმერთთან შერწყმის საშუალებაა.

როდესაც პატრნიორთა ენერგეტიკული სტრუქტურები მსგავსია და არ არის ჩაკეტილი, ისინი ადვილად გადადიან ერთმანეთში. იქმნება ერთიანი ენერგოსისტემა, ველი, რომელიც ხდება დამცავი წყვილისაც და მათი შთამომავლობისაც. როდესაც ორი გული და ენერგეტიკული პულსარები ერთნაირად ფეთქავს, ფიზიკური სხეულის საზღვრები იშლება და რჩება შეგრძნება ერთიანი ენერგეტიკული არსებისა. ამ გზით პარტნიორები საკუთარ ღვთიურ ბუნებას შეიცნობენ,ღვთიურ მონადას,რომელიც მარადიულია. ამიტომ ქრება სიკვდილის შიშიც. როდესაც დამკვირვებელი და დაკვირვების საგანი ერთიანდება, ეგო ქრება. ადამიანები იძირებიან უსასრულობის მაღალ ვიბრაციებში. ეს სულიერი ექსტაზია, როდესაც ცეცხლს შენობით ესაუბრებიან. ამ დროს სექსუალური ენერგია ღვთიური ხდება, რომლის საშუალებითაც შეიძლება ნებისმიერი მოვლენის ტრანსფორმაცია.

ავტორი: თამარ არაგველია

წყარო:https://shen.ge/