USD 2.7171
EUR 2.9516
RUB 2.7992
თბილისი
კონსტანტინე გამსახურდია - ევროპა ცივილიზაციური არჩევანია
თარიღი:  672

ოდესღაც გერმანელმა რომანტიკოსმა პოეტმა ნოვალისმა დაწერა ფანტასტიური ესსე "საქრისტიანო ანუ ევროპა". ცხადია, ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ქრისტიანობა მხოლოდ ევროპაშია. მაგრამ ნიშნავს, რომ ჭეშმარიტი გაგებით ევროპულობა პირველყოვლისა ქრისტიანობის განხორციელებაა ამ სიტყვის რელიგიური, სოციალური, კულტურული და პოლიტიკური გაგებითაც.

ევროპა სივრცეა, სადაც ეპოქათა გზაგასაყარზე დამკვიდრდა ოქროს საწმისი, ანუ დიადი ცოდნა ადამიანური ბუნების ალქიმიისა, თავდაპირველად ძველი სამყაროდან კოლხეთში გადარჩენილი.
ევროპა სივრცეა, სადაც ზეცისთვის მოტაცებული პრომეთეული ცეცხლი თავისუფლებისა და ცოდნისა წესით ყველა ინდივიდში უნდა აინთოს, ხოლო მისი მომტანი კავკასიაზე მიჯაჭვით დაისაჯა.
როდესაც ძველქართულ ჰაგიოგრაფიულ ტექსტში წერია, რომ ჩვენ ოდითგანვე ქვეყნიერების "ყურედ" მოვიაზრებდით თავს, ეს სწორედ ევროპულ-ბიზანტიური სივრცის ფორპოსტობას ნიშნავს.
როდესაც ვახტანგ გორგასალი სიკვდილის წინ იტყვის, "სიყვარულსა ბერძენთასა ნუ დაუტევებთო" - იგივე სივრცეს გულისხმობს.
ევროპულ-ბიზანტიური სივრცის გაგრძელებაა დავით აღმაშენებლის და თამარის საქართველო, ერთგვარი წმინდა აღმოსავლური სამეფო-რაიხი ჩრდილოეთ, ცენტრალურ და სამხრეთ კავკასიაში.
ეს შედეგია სულხან-საბას მართლაც სასოწარკვეთილი მცდელობისა, აეგო დიპლომატიური ხიდი ევროპასთან. ეს შედეგია ილია ჭავჭავაძის ბრძნული და თავდადებული მსახურებისაც.
ეს ამავდროულად შედეგია საქართველოს პირველი და მეორე დამოუკიდებელი რესპუბლიკების გმირთა ბრძოლის და მსხვერპლის. განსაკუთრებით 90-იანების პირველი, ეროვნული ხელისუფლების, ვინც თავისუფლებლობისთვის ბრძოლის მორალური მაგალითი მოგვცა.
ევროპელობა ნიშნავს არას თქმას გეოპოლიტიკური ურდოების წარმომადგენლობებისა და ნომანდთა კარვებისადმი.
ევროპის შესახებ მსჯელობისას ვითვალისწინებ პიერ ბერტოს (1907-1986) ნააზრევს, ვინც იყო მწერალი, კულტურის ისტორიკოსი და საფრანგეთის წინააღდეგობის მოძრაობის მონაწილე შარლ დე გოლთან ერთად. იმ დროს, როდესაც საქართველომ ჯერჯერობით გააკეთა თავისი არჩევანი ევროპის სასარგებლოდ, პოსტი ცალკეულ ასპექტებში პასუხობს კითხვას, რატომ ევროპა და არა რომელიმე სხვა. სიტყვას "ჯერჯერობით" შეგნებულად ვიყენებ, რადგან არავინ იცის, რა პროცესები განვითარდება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ალბათ ყველაზე სახიფათო ეტაპზე მყოფ მსოფლიოში.
მართლაც რა არის ევროპა, თავისი თითქმის ნახევარ მილიარდიანი მოსახლეობით, ანგლოსაქსურ-გერმანული, რომანული, უგრო-ფინური და სლავური ეთნიკური ელემენტით, დაქსელილი რკინიგზის ხაზებით და შახტებით გამოხრული, სამრწველო ინფრასტრუქტურით დაფარული, იმავდროულად დიდი ისტორიის და კულტურის მქონე, რაც წარსულის უამრავ მნიშვნელოვან ძეგლსა და მუზეუმში არის წარმოდგენილი? რაღაც საშუალო ოპტიმალური სოციალური და ეკონომიკური პირობების სივრცესა და "აღთქმულ მიწას" შორის, საითკენაც სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან მიგრანტების თითქმის უწყვეტი ნაკადები მიიჩქარიან?
ევროპული იდენტობა უპირველეს ყოვლისა უნივერსალისტული მოდელია, რომელიც განმანათლებლობის ტრადიციებიდან იკვებება, იგი ეფუძნება სახელმწიფოს და საზოგადოების ურთიერთგამიჯვნას. ეს სოციალურ--პოლიტიკური ქმნადობა მომდინარეობს ფრანგულ-რესპუბლიკური სახელმწიფოს გაგებიდან, რომელში ინტეგრირებაც ყველასთვისაა შესაძლებელი, ვინც რესპუბლიკის ფასეულობებს იზიარებს და წარმოადგენს. ამიტომ ვერ გუობს ნამდვილი ევროპულობა დესპოტიზმსა და ავტორიტარიზმს.
მეორე ხაზი დეფინიციისა უკვე არის განმანათლებლობის უნივერსალისტური ფასეულობანი, მიმართული აზრისმიერი თვითგამორკვევისკენ და შესაბამისად მოდერნიზაციისკენ. ევროპა ამრიგად ხდება წყარო მოდერნიზაციის პროცესებისა, რომლებიც თანამედროვეობაში ჩქარდებიან და გლობალურ ხასიათს იძენენ. იგი განასასახიერებს აღმატებულ პარადიგმას, რომელსაც სხვა კულტურებმა და ცივილიზაციებმა გარკვეული ფორმით უნდა მისდიონ, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ევროპა ამისთვის არავითარ "მადლობას" არ მოელის მათგან, არამედ უმალ მასობრივ და სახიფათო კონფლიქტებს უნდა ელოდოს. აქვე დავძენდი, რომ ხშირად ამ კონფლიქტებში მისი როლი შესაძლოა საკმაოდ უსუსურადაც კი წარმოჩნდეს, რის გამოც საუბარი წასულა (და დღესაც მიდის!) მის ოპორტუნიზმზე და თითქოს უპრინციპო პრაგმატიზმზე.
ევროპა ამავდროულად განასახიერებს სრულიად განსაკუთრებულ კულტურას, რომელსაც თავისი ინტელექტუალური პოტენციალის და ისტორიული გამოცდილების უჩვეულო ინტენსივობით ბადალი არ ყავს და შესაბამისად მისი კოპირებაც შეუძლებელია. ევროპას თუმცა ემუქრება საფრთხე არამხოლოდ მის მიერვე გაჩაღებული რევოლუციური მოდერნიზაციისგან, არამედ სუპერსახელმწიფოებისგანაც, რომლებიც პოტენციურად საფრთხეს წარმოადგენენ მისთვის - მაგალითად რუსეთი, ჩინეთი, გარკვეულწილად - აშშ-ც. არც „გლობალური სამხრეთია“ ისეთი წარმონაქმნი, რომელიც მაინცადამაინც მეგობრული იქნება მისდამი ყველა ასპექტში, მაგრამ ევროპის ძველი უპირატესობა კვლავ ახლიდან იჩენს ხოლმე თავს, რადგან არც ერთი სხვა ცივილიზაცია არ არის შემძლე ინტენსიური მიმოცვლის პროცესისგან ინოვაციის მსგავსი პოტენციალის წარმოქმნისა.
ისტორიას რომ დავუბრუნდეთ, რას ხედავდა ქართველი თეიმურაზ ბატონიშვილი, ქართლ-კახეთის უკანასკნელი მონარქის ძე სეფიან-აფშარ-ყაჯართა სპარსეთის აზიურ დესპოტურ სპარსეთში?
„როდესაც მე თვით შემდგომად მეფისა გარდაცვალებისა წარვედი სპარსეთსა... ...ვნახე თვით სპარსელთა ქცევა, ბილწი ჰაზრი მათი უსაფუძვლო განმგებლობისათვის და საომრად. ვსცან იგინი არა რაისა მცოდნენი, ყაენისაგან დაშორებულნი, ვერ გამბედავნი სიტყვისა თვისისა მეფესთან და სწორისაცა სასარგებლოისა ჰაზრისა არ გამომთქმელნი. დიდად მიკვირდა მდგომარეობა ირანისა, მეფეთა კარისა, და მოვიხსენებდი პაპისა ჩემისა კარსა და თვით მამისა ჩემისა, ყოვლად მეფურისა, დიდებულისა, მხიარულებითისა, სამართლიერისა და კარღია ტახტისა მდიდართა, მოკლებულთა, სნეულთა, მშიერთა, ობოლთა, ქვრივთა და პყრობილთათვის.
ეხლაც ვეკვირვი მიხედვით სპარსეთისა და სხვათაცა ევროპიისა მეფეთა, ჩემგან ნახულთა რეინისა პირამდინ, მამისა ჩემისა სიმაღლესა და ბრწყინვალებასა; ეხლაც ვხედავ, რომელ ქრისტიანობა არის სამკაული მეფეთა და მასზედა დაფუძნებული მეფობა და განმგეობა ქვეყანისა არის საჩინო, ტკბილი, სამართლიერი და უცთომელი. – „აი, ჩემო პლატონ, - მიბრძანებდა მეფის ძე, - რითაც იყო დიდი კარი მამისა ჩემისა, - იყო ქრისტეს მოყვარე ყოვლად და ამისთვის იყო მეფე პირველი, თუმცა მტერთაგან გარეულთა და შინაურთა შეიწრებული“. (თეიმურაზ ბატონიშვილი, გიორგი XII-ის ძე. პლატონ იოსელიანის თხზულებიდან გიორგი მეთორმეტის ცხოვრება.)
და რა ნახა ქართველობამ რუსეთის იმპერიაში, რომელიც თითქოს აზიურ დესპოტიას ჩაენაცვლა, როგორც ალტერნატივა? უპირველეს ყოვლისა დარღვეული ხელშეკრულებანი. შემდეგ ქრისტიანული ინსტიტუტი, როგორც სახელმწიფოსადმი სრულიად დაქვემდებარებული და ეს ქვეყანაში, რომელიც მართლმადიდებლური ეგონა; ჩრდილოეთის იმპერიის ამბიციური პროექტების ინსტრუმენტად ქცევა, რაც გულისხმობდა ერთის მხრივ, გასვლის მცდელობას ლა-მანშზე და გიბრალტარზე, მეორეს მხრივ სამხრეთით - ინდოეთის ოკეანეზე. ეს აბსურდულობამდე ეგოცენტრული პროექტები რომ არ შედგა, ხომ არ ნიშნავს იმას, რომ მზაობა ამისკენ არ იყო? ქართველობამ ასევე ნახა პრივილეგირებული ეროვნული უმცირესობის მდგომარეობაში ყოფნა, რამაც გარკვეული სტაბილურობის და უსაფრთხოების პარალელურად ეროვნული ენერგიაც ჩაახშო. სახელმწიფოებრიობის განცდა საგრძნობლად დაჩლუნგდა; ქართველობამ ასევე ნახა რუსულ ფილტრში გატარებული ევროპაც. ეს ის სამყარო იყო, სადაც ნიკალაი ტრუბეცკოი, რუსული ევრაზიზმის იდეოლოგი წერდა, რომ ქართული ნაციონალიზმი მხოლოდ მაშინ იღებს მავნე და საშიშ ფორმებს, როდესაც ევროპეიზმის ელემენტებით განიმსჭვალებაო.
დასავლეთში დღესაც არიან ადამიანები, რომლებიც აცნობიერებენ "ევროპულობის" უფრო სიღრმისეულ წვდომის საჭიროებას, ვიდრე ეს ლანგარზე მორთმეულივით დევს სხვადასხვა ეკონომიკურ თუ სამართლებრივ კონცეპტებში, კონფერენციების თუ პოლიტიკური სამიტების მასალებში. კაცობრიობის ისტორიის შუქჭრილში თუ შევხედავთ, დავინახავთ ამ გაერთიანების უნიკალურობას. იდეაში ისეა, რომ იგი მეტი უნდა იყოს, ვიდრე ვესტფალიური მშვიდობის საფუძველზე აღმოცენებული, კლასიკურ ეროვნულ სახელმწიფოთა კონცეპტი, დაფუძნებული ფარულ კონკურენციულ ურთიერთღრღნაზე, რესურსების მოპოვებისთვის ბრძოლაზე, საბოლოო ჯამში ბიოპოლიტიკაზე, სადაც მხოლოდ სიცოცხლის, თვითდინებაზე მიშვებული მოჩვენებითი პოლიტიკური სტაბილურობის, ასევე მექანიკური ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებაზეა საუბარი, რომლის სახელითაც თითქოს ყველაფერი მოსულა.

ევროპა ცივილიზაციური არჩევანია. დემოკრატია, მართალია მუდმივი ბრძოლის პროცესია, მაგრამ ის საერთოობის მოძიების მუდმივი პროცესიცაა. მხოლოდ ასეთ საერთო ღირებულებებზე შეთანხმებულ პარტიებს შეუძლიათ ქვეყნის ევროპული მომავლის გააზრება, რომელიც საკუთარ თავთან და საკუთარ პოლიტიკურ იდენტობასთან დაბრუნებას (Return back to Europe) გულისხმობს საქართველოსთვის. ჩვენი ქვეყნის რეფორმირებული კონსტიტუციის ბოლო (78-ე) მუხლი კონსტიტუციურ ორგანოებს ავალდებულებს, “მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.” ამ იდეის ბოლომდე რეალიზება მხოლოდ იმ პოლიტიკურ პროცესს შეუძლია, სადაც საერთო ღირებულებებზე შეთანხმება შემდგარია და ოპონირების მიუხედავად, ერთობლივი მიზანი ქვეყნისა დასახულია.

მიყევით ბმულს - კონსტანტინე გამსახურდია

რეგიონი
კოკოითი - "გამიხარდა ივანიშვილის განცხადება.... გვაქვს პრეტენზიები. გუდაური და თრუსო ჩვენი ტერიტორიებია"

ოკუპირებული ცხინვალის ყოფილი დე ფაქტო ლიდერი, ედუარდ კოკოითი ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ოსი დებისა და ძმებისთვის ბოდიშის მოხდაზე კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და ამბობს, რომ ივანიშვილის განცხადებამ გაახარა. ის ამბობს, რომ "სამხრეთ ოსეთს საქართველოსთან ტერიტორიებზე პრეტენზიები აქვს".

"გამიხარდა ივანიშვილის განცხადება, რომ მოვისმინე. ვიფიქრე, რომ დიახ, არიან პროგრესული ძალები, რომლებიც მზად არიან რუსეთთან შეხვედრაზე წავიდნენ. რამდენიმე დღის შემდეგ, მისი პარტიის გენერალური მდივანი სხვა განცხადებას აკეთებს, რომ რუსეთმა უნდა გაიყვანოს სამხედრო ბაზები სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან. დღეს საქართველო მტერია. ისინი ხელს არ აწერენ დოკუმენტებს არც სამხრეთ ოსეთთან და არც აფხაზეთთან. ჩვენ გვინდა მშვიდობა, მაგრამ სანამ მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდებით, მანამდე ძალის გამოუყენებლობაზე შეთანხმებას ხელი მოვაწეროთ. ჩვენ გვაქვს პრეტენზიები. სერიოზულად დგას საკითხი გუდოსა და თრუსოს ხეობაზე, იმიტომ, რომ ეს ტერიტორიები ჩვენია", - განაცხადა კოკოითმა.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.