USD 2.7015
EUR 3.1697
RUB 3.4107
Тбилиси
კირილო ბუდანოვი: „ვისაც რა უნდა ის თქვას, მაგრამ დასავლეთის სამხედრო საწყობები ჯერ არ დაცარიელებულა“
дата:  

ბრიტანული ჟურნალის „ეკონომისტის“ (The Economist) ვებ-გვერდზე სათაურით „ვისაც რა უნდა ის თქვას, მაგრამ დასავლეთის სამხედრო საწყობები ჯერ არ დაცარიელებულა“, გამოქვეყნებულია ინტერვიუს შინაარსი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოს უფროსთან კირილო ბუდანოვთან, რომელშიც იგი საუბრობს მისდამი დაქვემდებარებული უწყების მიერ რუსეთის წინააღმდეგ მომზადებულ და განხორციელებულ ოპერაციებზე, დასავლეთის ქვეყნების სამხედრო დახმარებაზე, რუსეთის დაზვერვის განეიტრალებაზე, ომის სავარაუდო შედეგებით დასრულებაზე და ა.შ.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

კირილო ბუდანოვი არ არის იმ განწყობაზე, რომ თავისი ქვეყნის არმიის კონტრშეტევის შესახებ ისაუბროს. „მხოლოდ ფაქტები და არა დისკუსია“ - ამბობს გენერალ-ლეიტენანტი. შეტევის ნელი ტემპი კარგად მომზადებული და ჩასანგრებული მტრის წინააღმდეგ - ეს რეალობის არეკვლას წარმოადგენს. მას არ ესმის იმ ადამიანებისა, ვინც რუსეთის თავდაცვითი ხაზების კრახს წინასწარმეტყველებდა. „საიდან მიხვდებით, ფანქარი რბილია თუ მაგარი, სანამ თვითონ არ შეამოწმებთ?“. კონტრშეტევა გრძელდება, უკრაინას კიდევ აქვს დრო დარჩენილი - წვიმებისა და ტალახის სეზონამდე ჯერ კიდევ დაახლოებით ერთი თვე რჩება. „სხვათა შორის, ესეც რეალური ფაქტია“, - ამბობს გენერალი.

სამხედრო დაზვერვის სამმართველოს 37 წლის ხელმძღვანელი, რომელსაც სამხედრო წოდება პრეზიდენტმა ამას წინათ სამვარსკვლავიან რანგამდე მოუმატა, მშვიდად და დასვენებულად გამოიყურება. მისი თქმით, სწორედ რუსეთს აქვს მღელვარების მიზეზები და არა უკრაინას. მოსკოვის თავდაცვითი ხაზი ზაპოროჟიეს ფრონტზე უკვე რამდენიმე ადგილზე არის გარღვეული, რაც იმას ნიშნავს, რომ ყირიმ-დონბასის ერთმანეთთან დამაკავშირებელი სახმელეთო დერეფანი შეიძლება ზამთრის დადგომამდე იქნას გადაჭრილი, ამის შემდეგ კი უკრაინის ჯარებს წინ ვერაფერი დაუდგება და ისინი აზოვის ზღვის ნაპირებზე გავლენ.

დიახ, უკრაინა უკვე ბოლომდე იყენებს თავის შეზღუდულ რეზერვებს, მაგრამ რუსეთი უფრო ცუდ დღეშია ჩავარდნილი - მოსკოვის არმია განწირულ მდგომარეობაშია: „რასაც კრემლი აცხადებს, სრული სიცრუეა. რუსეთს აბსოლუტურად აღარ ჰყავს სტრატეგიული რეზერვი’, - ამბობს გენერალი. მისი თქმით, რუსეთის 25-ე არმიას, რომელიც ამჟამად ჩრდილოეთის ფრონტზე, ლიმანთან და კუპიანსკთან არის დისლოცირებული, ცოცხალი ძალის მხოლოდ 90% აქვს შენარჩუნებული და ტექნიკის - მხოლოდ 55%, ანუ რაც უნდა ჰქონდეს, იმის თითქმის ნახევარი აღარ აქვს.

იმ შეტყობინებების ფონზე, რომ რუსეთი აპირებს კვლავ მობილიზაცია გამოაცხადოსო, გენერალი კირილო ბუდანოვი ამბობს, რომ ჯარში გასაწვევი პერსონალის რაოდენობა რუსეთის ერთადერთ აშკარა უპირატესობას წარმოადგენს უკრაინასთან შედარებით. „რუსეთის ადამიანური რესურსები, პრაქტიკულად, უსაზღვროა. მართალია, მათი საბრძოლო მომზადების დონე დაბალია, მაგრამ რაოდენობა საკმარისი ჰყავს“. რაც შეეხება რუსეთის ძალისხმევის სხვა კომპონენტებს, გენერლის აზრით, მოსკოვის რესურსები იფიტება და მას კრახი ელოდება: „ვფიქრობ, რომ რუსეთის ეკონომიკა ომს მხოლოდ 2025 წლამდე გაუძლებს, ხოლო იარაღის მარაგი - ან 2026 წლამდე გამოელევა, ან უფრო ადრე“, - დამარწმუნებლად აცხადებს კირილო ბუდანოვი, - ამის დადასტურებაა ვლადიმერ პუტინისა და კიმ ჩენ ინის მოლაპარაკება: „თუ რუსეთს ყველაფერი წესრიგში აქვს,მაშინ რატომ ეძებენ იარაღს მთელ მსოფლიოში. პასუხი აშკარაა: თავისი უკვე ყველაფერი ამოღებული და გამოყენებული აქვს“.

დაზვერვის უფროსი აღიარებს, რომ უკრაინაც ძალიან რისკავს საკუთარი რესურსების გამოფიტვის თვალსაზრისით: „ჩვენ გარეშე მოთამაშეებზე ვართ დამოკიდებულნი, ხოლო რუსეთი - ძირითადად საკუთარ თავს ეყრდნობა. აქედან გამომდინარე, ხანგრძლივი ომი უკრაინისათვის სახიფათოა იმდენად, რამდენადაც იფიტება არამარტო უკრაინის, არამედ მისი დასავლელი მფარველების რესურსებიც. უკრაინის ოფიციალური პირები უკვე ამჩნევენ პარტნიორების გარკვეულ ყოყმანს და გადახრებს მათ მზადყოფნაში, რომ მხარდაჭერა ძველებურად გააგრძელონ. ზოგიერთები იმასაც კი ვარაუდობენ, რომ შესაძლოა საბრძოლო მასალებით უზრუნველყოფა დასავლეთიდან ან ძალიან შემცირდეს, ან საერთოდ შეწყდეს (მოკავშირე ქვეყნებში პოლიტიკური სიტუაციის მიხედვით), რაც კონტრშეტევის შეჩერებას გამოიწვევს. გენერალი კირილო ბუდანოვი ორივე ვერსიას უარყოფს და ამბობს, რომ მას სანდო სადაზვერვო მონაცემები აქვს დასავლეთის ქვეყნებში შექმნილი პოლიტიკური რეალიების შესახებ. „ყველაფერი ჯერ კიდევ აბსოლუტურად ცნობილი არ არის. არავინ არ იცის ზუსტად, ვინ მოვა ამა თუ იმ ქვეყნის სათავეში... დასავლეთის ქვეყნების სამხედრო საწყობებში ჯერ კიდევ ბევრი იარაღია. არ აქვს მნიშვნელობა, თუ ვინ რას ლაპარაკობს. მერწმუნეთ, რომ ჩვენ, სადაზვერვო სამსახური, ამ მომენტებს ძალიან კარგად ვხედავთ და ვიცით“.

უკრაინის სამხედრო მრეწველობა ათწლეულების განმავლობაში განიცდიდა მნიშვნელოვანი ინვესტიციების ნაკლებობას. დარგში გამეფებული იყო კორუფცია და საბოტაჟი. ამიტომაც საკუთარი იარაღის წარმოება ნელი ტემპით იზრდება. ერთ-ერთი მიმართულებაა უპილოტო საფრენი აპარატების (დრონების) და შორი მოქმედების რაკეტების წარმოება, რომლებსაც მტრისთვის ფრონტი ხაზის მიღმა, ღრმა ზურგში ზიანის მიყენება შეუძლიათ. გასულ კვირას მსოფლიო მოწმე გახდა უკრაინის ახალი ძლიერი შესაძლებლობებისა, როცა კიევმა რაკეტებისა და დრონების სერიით დარტყმა მიაყენა ყირიმში რუსეთის სამხედრო საზღვაო ბაზაში (სევასტოპოლში) დისლოცირებულ ხომალდებს, წყალქვეშა ნავებს, მშრალ გემთსაშენს და ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის საშუალებებს. გენერალ კირილო ბუდანოვის სადაზვერვო სამსახურს ამგვარი ოპერციების დაგეგმავაში და მათ რეალიზებაში დიდი წვლილი მიუძღვის. როგორც იგი  აღნიშნავს, ასეთ შემთხვევაში დრონებს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭებათ.

რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ უკრაინულ დრონებს ძირითადად სამი მიზანი აქვთ: ა) დააზიანონ და „მოქანცონ“ რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემები; ბ) გამოიყვანონ მწყობრიდან რუსული ტრანსპორტი და ბომბდამშენები; გ) მიაყენონ დარტყმები სამხედრო მრეწველობის ობიექტებს. მაგალითად, ამას წინათ უკრაინულმა დრონებმა ტვერის ოლქში რუსეთის სარაკეტო საწვავის ქარხანა გაანადგურეს: „ჩვენ გვინდა, რომ რუსული ზურგის ობიექტები კომფორტის მდგომარეობიდან გამოვიყვანოთ - დაე, მათაც იგრძნონ ომის სიმწვავე“. არის კიდევ შედარებით მეორეხარისხოვანი მიზანიც - ფსიქოლოგიური ზეწოლა, მოსახლეობაში შიშის გრძნობის დანერგვა და რუსეთის სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციის დარღვევა. მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის აეროპორტების ნორმალური მუშაობისათვის ხელის შეშლა და მათი დახურვის ფაქტები სულ უფრო ხშირად ხდება და თითქმის ყოველდღიურ მოვლენად იქცა.

გენერალი კირილო ბუდანოვი უარყოფს იმ ვარაუდებს, რომ ახალი დამრტყმელი პოტენციალის შეძენა (იგულისხმება მძლავრი დასავლური იარაღით აღჭურვა) ვითომდა ომის ესკალაციას გამოიწვევს და უკრაინას აგრესორად წარმოსახავს. მისი თქმით, უკრაინის არმია ომის წარმოების წესებს არ არღვევს: „რუსეთში თითქმის ნულოვანი დონეა უკრაინის გამო სამოქალაქო მოსახლეობის სიკვდილიანობის თვალსაზრისით. ეს ნიშნავს, რომ კიევი [ჟენევის კონვენციების] მოთხოვნებს იცავს. განა დიდი ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები, როცა მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიის ტერიტორიას ბომბავდნენ, აგრესორები იყვნენ? ამას ხომ არავინ არ დაიჯერებს“. რაც შეეხება ბირთვულ საფრთხეს, კირილ ბუდანოვის თქმით, ეს არგუმენტი იმათი მოგონილია, ვინც რუსეთის ლობისტია და კრემლის მიმართ სიმპათიებს გამოხატავს: „ეს ომი აბსოლუტურად ჩვეულებრივი ომია, წყალქვეშა ნავებისა და სტრატეგიული ავიაციის გამოყენებით, მაგრამ ბირთვული პოტენციალის გარეშე“.

უკრაინის დაზვერვის შეფის თქმით, მისი უწყება მუშაობს, რომ რუსეთმა, შარშანდელი ზამთრის კამპანიის მსგავსად, ახლაც, მოახლოებულ ზამთარში „შურისგების“ ოპერაციები არ განახორციელოს (იგულისხმება ენეროობიექტების დაბომბვები - ს.კ.). „ჩვენ თავს შევიკავებთ. დაე, თვითონ დაიწყონ და ყველა დაინახავს, ჩვენგან როგორ პასუხს მიიღებენ“.

კირილო ბუდანოვი არ ელოდება, რომ უკრაინას რუსეთი ოდესმე საკუთარი არჩევანით დანებდება. მისი თქმით, ომები რუსეთის ისტორიაში მისი არსებობის თანმდევ მოვლენას წარმოადგენს. „ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ უკრაინის არმია ომს მოსკოვის წითელ მოედანზე რუსეთზე გამარჯვების აღსანიშნავად ჩატარებული აღლუმით არ დაასრულებს... მაგრამ მოსკოვს არასოდეს არ უნდა ჰქონდეს იმის იმედი, რომ რუსეთი უკრაინაზე გამარჯვების აღსანიშნავ აღლუმს კიევში გამართავს“.

წყარო: https://www.economist.com/europe/2023/09/17/an-interview-with-the-head-of-ukraines-defence-intelligence

 

Тбилиси
გადასასვლელ ხიდთან 280-მეტრიანი საავტომობილო ესტაკადის მშენებლობაზე ₾100 მილიონი დაიხარჯება

თბილისის მერია გადასასვლელ ხიდთან, ცოტნე დადიანისა და სადგურის მოედნის დამაკავშირებელი ესტაკადის მშენებლობას გეგმავს. ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი 2026 წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია და მასზე მომდევნო წელს 10 მილიონი ლარი დაიხარჯება, 2027 წელს კი დამატებით 87.5 მილიონი ლარი. მთლიანობაში 280-მეტრიანი ესტაკადის პროექტირება-მშენებლობის წინასწარი სავარაუდო ღირებულება 100 მილიონ ლარს შეადგენს. პროექტზე საგზაო მარშრუტის კვლევაზე 2025 წელს უკვე 2.5 მილიონი ლარი დაიხარჯა.

2026 წლის ბიუჯეტის განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ სარკინიგზო მაგისტრალი ქალაქის ცენტრალურ მონაკვეთს ყოფს იმგვარად, რომ მოედნის პარალელურად არსებულ ქუჩებს შორის დაკავშირებადობა მინიმალურია და აუცილებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ახალი ინფრასტრუქტურის შექმნით ქალაქის უბნების დაკავშირებადობა გაუმჯობესდეს.

"ქალაქ თბილისის ცენტრში არსებული რკინიგზის კორიდორი და თანმდევი ინფრასტრუქტურა ქმნის 4-კილომეტრიან მონაკვეთს აღმოსავლეთ-დასავლეთ სატრანსპორტო კავშირის გარეშე, გარდა შეზღუდული რაოდენობის საფეხმავლო კავშირებისა. ეს ისტორიული დაბრკოლება ხელს უშლის თბილისის სატრანსპორტო გეგმის პრიორიტეტებისკენ მისწრაფებას. სადგურის მოედანი მდებარეობს აღნიშნულ ამ 4-კილომეტრიან მონაკვეთში. ის წარმოადგენს დედაქალაქის უმნიშვნელოვანეს სატრანსპორტო „ჰაბს“, სადაც თავს იყრის 61 ავტობუსის მარშრუტი, მეტროს 2 ხაზი, ისევე როგორც საქართველოს რკინიგზის სერვისები. ტერიტორია ემსახურება საათში 330 ავტობუსის სერვისს, საიდანაც მომავალში 150 გამოიყენებს ხიდს. თბილისის სატრანსპორტო გეგმის თანახმად, სადგურის მოედანი ასევე იქნება თბილისის საგარეუბნო რკინიგზის სერვისების თავმოყრის წერტილი, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანს გახდის მისი, როგორც სატრანსპორტო ჰაბის ფუნქციას. ამჟამინდელი მდგომარეობით, აღმოსავლეთ-დასავლეთ კავშირის არარსებობა აფერხებს მაღალი ხარისხის ჰაბის განვითარებას, ხშირად 22 ავტობუსის მარშრუტის შეწყვეტა ხდება ვადაზე ადრე ან ახორციელებენ 1.5 კილომეტრიანი შემოვლითი მგზავრობას, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის გადაადგილების დროს, ჰაერის დაბინძურებასა და ვიბრაციას, ისევე როგორც ამცირებს მარშრუტების ხარჯეფექტიანობას. თბილისის სატრანსპორტო გეგმით გათვალისწინებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის შეკავშირებულობის ალტერნატივების ანალიზის კვლევამ, რომელიც მსოფლიო ბანკის დახმარებით ჩატარდა, მულტიკრიტერიუმიანი ანალიზის საშუალებით, გამოავლინა თბილისის ცენტრში არსებული რკინიგზის ხაზის ორ მხარეს (აღმოსავლეთ და დასავლეთ) შორის ახალი კავშირის შექმნის საუკეთესო ალტერნატივა - საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრიორიტეტის მქონე საავტომობილო ხიდი, დადიანის ქუჩასა და სადგურის მოედანს შორის. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ფლობს თბილისის სატრანსპორტო გეგმით გათვალისწინებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის შეკავშირებულობის ალტერნატივების ანალიზის კვლევის საფუძველზე შექმნილ ანგარიშს, კონცეფციას. პროექტის მიზანი არის, ამ კონცეფციით განსაზღვრული, საავტომობილო ხიდის მშენებლობა.

აღნიშნული ობიექტი წარმოადგენს საავტომობილო ხიდს ქალაქ თბილისში, რომელიც დააკავშირებს სადგურის მოედანს დადიანის ქუჩასთან და იქნება 280 მეტრი სიგრძის, 8.5 მეტრი სიგანის სწორ მონაკვეთში, ხოლო 15 მეტრი სიგანის მოხვევის მონაკვეთში (ე.წ. სპირალი, რომელიც ეშვება სადგურის მოედანზე). ხიდი იქნება ორზოლიანი და დასავლეთით, სადგურის მოედანზე დაშვებისას, რამპას ექნება მარჯვნივ ჩამხვევი ზოლი. რკინიგზის დერეფნის კვეთისას აუცილებელია 7 მეტრიანი სხვაობა რკინიგზის ლიანდაგსა და ხიდის სტრუქტურას შორის. საავტომობილო ხიდი ითვალისწინებს 18 მეტრიანი ავტობუსების მართვის ტრაექტორიებს, მისი მაქსიმალური გრძივი ქანობი - 10.7%, ხოლო მინიმალური რადიუსი - 12 მეტრი. საავტომობილო ხიდის გამტარობა შერეული ნაკადების პირობაში იქნება 800 ავტომობილი ერთ საათში ერთი მიმართულებით", - ნათქვამია 2026 წლის ბიუჯეტის განმარტებით ბარათში.

წყარო: https://bm.ge

sadguris-moedani_o_h

более
голосование
Кстати