კიმ პიკი ფილმ „წვიმის კაცში“ დასტინ ჰოფმანის მიერ განსახიერებული მთავარი გმირის პროტოტიპია.
ფენომენალური მეხსიერების მქონე კიმ პიკი 1951 წლის 11 ნოემბერს სოლტ-ლეიქ-სიტიში დაიბადა.
ახლობლებმა მას მეტსახელად შეარქვეს კიმ-პიუტერი (კომპიუტერის ანალოგიით), რადგან ის მიღებული ინფორმაციის 98%-ს იმახსოვრებდა.
ბუნებაში დაცულია გარკვეული ბალანსი და თუ რამე ჭარბად გაქვს ნაბოძები, ესე იგი, რაღაცაში დაიჩაგრები. კიმ პიკის ტვინის მარცხენა და მარჯვენა ნახევარსფეროებს შორის კავშირი იყო დარღვეული, ამიტომ მან სიარული მხოლოდ 4 წლის ასაკში ისწავლა. ცხოვრების ბოლომდე უჭირდა ელემენტარული, ყოფითი პროცედურების ჩატარება, მაგალითად, ღილების შეკვრა ან ზონრებით ბაფთის გამონასკვა, სიარულიც უცნაური ჰქონდა.
სამაგიეროდ, კიმმა კითხვა 16 თვისამ ისწავლა. 3 წლისა თავისუფლად კითხულობდა გაზეთებს და დამოუკიდებლად სარგებლობდა უცხო სიტყვების განმარტებითი ლექსიკონით. 7 წლის კიმმა ზეპირად იცოდა ბიბლია, 18 წლისამ კი — შექსპირის ყველა ნაწარმოები.
სპეციალისტების შეფასებით, რჩებოდა ისეთი შთაბეჭდილება, რომ ის წიგნების სკანირებას ახდენდა და ეს ინფორმაცია მუდმივად რჩებოდა მის მეხსიერებაში.
კიმ პიკმა ზეპირად იცოდა აშშ-ისა და კანადის ყველა გზის მარშრუტი, ყველა ქალაქის გეგმა, 12 ათასი ნაწარმოები, ყველა ისტორიული მოვლენა. მის მეხსიერებაში იყო შენახული 2 ათასი წლის კალენდარი ყველა მოვლენით - თარიღებისა და მისი მინაწილეების ჩათვლით.
კიმი ყველაზე სქელი წიგნის წაკითხვას, მაქსიმუმ, 20 წუთის განმავლობაში ახერხებდა და, რაც მთავარია, ამ ინფორმაციის ნებისმიერ დროს გახსენება შეეძლო.
50 წლის კიმ პიკი დაინტერესდა მუსიკით. წაიკითხა შესაბამისი ლიტერატურა და დამოუკიდებლად დაიწყო ფორტეპიანოზე დაკვრა. უკრავდა ნოტების გარეშე, მეხსიერებით და თანაც შეეძლო ნებისმიერი საკრავის პარტიების გადატანა ფორტეპიანოზე.
მეცნიერების შეფასებით, კიმს გააჩნდა შეუზღუდავი ინტელექტუალური შესაძლებლობები.
1984 წელს 33 წლის კიმმა მიიღო გადაწყვეტილება და მამასთან ერთად გაემგზავრა არლინგტონში გამართულ ეროვნულ კონფერენციაზე, რომელიც ეხებოდა ფსიქიკური დარღვევების მქონე ადამინების ფენომენის შესწავლას. სწორედ ამ ღონისძიებაზე გაიცნო მან მწერალი ბარი მეროუ, რომელიც აღფრთოვანდა კიმის შესაძლებლობებით და მასზე წიგნის დაწერა შესთავაზა. კიმის მამამ ამ შეთავაზებაზე უარი განაცხადა, რადგან არ სურდა, რომ მისი შვილი სარეკლამო და გასართობი შოუების მონაწილე გამხდარიყო.
მაგრამ ბარი მეროუზე კიმმა იმდენად ძლიერი შთაბეჭდილება დატოვა, რომ მან მაინც დაწერა სცენარი მომავალი ფილმისთვის „წვიმის კაცი“. თუმცა ამ სცენარში ბევრი რამ გამოგონილია, მაგალითად, კაზინოს ეპიზოდი. ბარი ემუდარებოდა კიმს, კაზინოში გაჰყოლოდა, მაგრამ კიმისთვის ეს არაეთიკური და სრულიად მიუღებელი საქციელი იყო.
ფილმის წარმატებამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა. 1989 წელს ფილმმა მიიღო 4 ოსკარი, 2 „ოქროს გლობუსი“, ბერლინის კინოფესტივალის გრან-პრი და სხვა ჯილდოები. თანაც მათი უდიდესი ნაწილი წილად ხვდა დასტინ ჰოფმანს რეიმონდის, ანუ, ფაქტობრივად, კიმ პიკის როლის შესრულებისთვის.
სხვათა შორის, 1987 წელს, ფილმზე მუშაობისას დასტინ ჰოფმანისა და კიმ პიკის შეხვედრაც შედგა. კიმი ძალიან ეცადა დასტინზე შთაბეჭდილება მოეხდინა. მან ჰოფმანს დაწვრილებით გააცნო ფაქტები ბრიტანელი მონარქების, კოსმოსის, ხელოვნების, სპორტის ისტორიიდან, წაუკითხა შექსპირი და ნაწყვეტები ბიბლიიდან… შეხვედრის ბოლოს დასტინმა ის გულში ჩაიხუტა და უთხრა:„შეიძლება მე ვარსკვლავი ვარ, მაგრამ შენ მთელი სამყარო ხარ!“.ოსკარის პრემიის მიღების ცერემონიაზე კი დასტინმა, პირველ რიგში, მადლობა კიმ პიკს გადაუხადა.
ფილმის პრემიერის შემდეგ მას სწერდნენ წერილებს, იწვევდნენ უამრავ ღონისძიებაზე. მას მეგობრები გაუჩნდა და მოგზაურობაც დაიწყო. მისი აუდოტორია 64 მილიონ ადამიანს აღემატებოდა და, რაც მთავარია, მას, ბოლოს და ბოლოს, 20 წლის ლოდინის შემდეგ გადასცეს განათლების დამადასტურებელი სერტიფიკატი.1996 წელს კიმის მამამ ფრენკმა გამოსცა წიგნი სათაურით: „ნამდვილი წვიმის კაცი - კიმ პიკი“.
კიმი გარდაიცვალა 2009 წელს, 59 წლისა, გულის შეტევით.
ამბობენ, რომ ამ დროს მას ჩახუტებული ჰქონდა ოსკარის ქანდაკება, რომელიც ათხოვა „წვიმის კაცის“ სცენარისტმა ბარი მეროუმ.
ერთ-ერთ სემინარზე კიმმა გულწრფელად განაცხადა:
„ჩვენ ყველანი, თითოეული ჩვენგანი, ვართ განსაკუთრებული და რა მნიშვნელობა აქვს, რას ვფლობთ ჭარბად, ან რას ვართ მოკლებული“