USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Тбилиси
ხუტა პაჭკორია – ქართული მედიცინის ისტორიის მოამაგე
дата:  

არც აღიარება დაჰკლებია, არც ავტორიტეტი, თითქმის არაფერი, რაც წარმატების ინდიკატორად არის მიჩნეული საზოგადოებაში, და მაინც დიდი უსამართლობის განცდა დამეუფლა, როცა მისი გარდაცვალების ამბავი შევიტყვე – კიდევ ბევრი საქმე დარჩა გასაკეთებელი.

რუბრიკით “დაუვიწყარი სახელები” ჩვენი ჟურნალის დიდ გულშემატკივარს, ქართული მედიცინის ისტორიის მოამაგეს, გასტროენტეროლოგ ხუტა პაჭკორიას ვიხსენებთ.

ხუტა პაჭკორია 1946 წლის 14 აპრილს დაიბადა ქალაქ ზუგდიდში. მამამისი, აკაკი, ხის საამქროს მფლობელი იყო, დედა, ტერეზია ბობოხია – დიასახლისი. ოჯახში ნაბოლარა ვაჟთან ერთად სამი და: ნელი,ზაირა და ლიანა, – იზრდებოდა.

1963 წელს ხუტა პაჭკორიამ წარჩინებით დაამთავრა ზუგდიდის მე-3 საშუალო სკოლა, ხოლო ერთი წლის შემდეგ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე ჩაირიცხა.

მამანტი როგავა, უნივერსიტეტ  “გეომედის” შინაგან სნეულებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი:

– ხუტა პაჭკორიას სახელს უკავშირდება ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში გასტროენტეროლოგიურ დაავადებათა უამრავი სადიაგნოსტიკო მეთოდის დანერგვა. მან ორმოცამდე უიშვიათესი დაავადება ამოიცნო, ზოგიერთი მათგანი – არათუ საქართველოში, არამედ მთელ საბჭოთა კავშირში პირველმა. ისეთი შემთხვევაც ყოფილა, რუსეთის კლინიკურ იმუნოლოგებს მისი აღმოჩენა თავად მიუწერიათ... როდესაც ხუტა უიშვიათესი დაავადების დიაგნოზს სვამდა, მახსენდებოდა პროფესორ ვახტანგ მეუნარგიას სიტყვები: “მას აქვს რაღაც ისეთი, რასაც ჰქვია დიდი ექიმობა!”

ძალიან უყვარდა კლასიკური და ქართული ხალხური მუსიკა. იყო ლიტერატურისა და პოეზიის თაყვანისმცემელი. განსაკუთრებით აფასებდა ტერენტი გრანელის შემოქმედებას.

ბატონი ხუტას საექიმო მოღვაწეობის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით მისი მეგობარი, პროფესორი ნათელა ბასიშვილი, იგონებდა: "ჩემი პაციენტი გახლდათ ნაკლებად ცნობილი ქართველი მწერალი, რომელთანაც საკონსულტაციოდ მივიწვიე ხუტა. პაციენტი რომ წარვუდგინე, გაიღიმა და დაიწყო მისი ნაწარმოებების ჩამოთვლა. მწერალმა გაბრწყინებული სახით შეხედა... სულ მაინტერესებდა, თუ არსებობდა ისეთი მწერალი, პუბლიცისტი, ფილოსოფოსი, ვის შემოქმედებასაც იგი არ იცნობდა".

გვანჯი მანია, ჟურნალისტი, ეკოლოგი, კარტოგრაფი, მოგზაური, მხარეთმცოდნე:

– პაჭკორიები წარმოშობით სამეგრელოს რაიონის სოფელ ლიადან არიან. საქართველოს ენციკლოპედიაში ამ გვარის ორი ბრწყინვალე წარმომადგენელია შესული: ლოტბარი კირილე პაჭკორია და დისიდენტი მწერალი ოტია პაჭკორია. ჩემი ღრმა რწმენით, ხუტა პაჭკორიას სახელი აუცილებლად უნდა შევიდეს ქართული ენციკლოპედიის ახალ გამოცემაში.

რაიონში ხუტა პაჭკორია სულ სამი წელი მუშაობდა (1972-1975 წლებში), მაგრამ 50 წლის შემდეგაც კი სოფლის მოსახლეობას მხოლოდ მისი იმედი ჰქონდა. რჩევისა თუ კონსულტაციის მისაღებად პაციენტები უწყვეტად მოდიოდნენ მასთან.

1974 წელს წალენჯიხაში პროფესიული ორიენტაციის დღე გაიმართა, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი მე გახლდით. ხუტამ, სოფლის ექიმმა, ისეთი მოხსენება წარადგინა, რომ დარბაზში მსხდომი ხუთასამდე აბიტურიენტის ნახევარზე მეტს მედიცინის შესწავლის სურვილი გაუჩინა.

გარდა ქართულისა, იცოდა გერმანული, ინგლისური, რუსული და თავისი აკვნის, მეგრული ენა. უცხო ენებზე შექმნილ ლიტერატურას ფართოდ იყენებდა თავის ნაშრომებში. მის დატოვებულ ბიბლიოთეკაში მეცნიერების სხვადასხვა დარგის, სულ მცირე, 15-20 ათასამდე ტომია. ხუტას მეგობარი გახლდათ ინგლისური ენის უბადლო სპეციალისტი არიანე ჭანტურია. სწორედ მასთან კონსულტაციით იბეჭდებოდა ხუტა პაჭკორიას სტატიები უცხოურ პრესაში ინგლისურ ენაზე.

რევაზ მორგოშიას სურდა, ვორონეჟის ნაკრძალიდან წყალ-ხმელეთა ცხოველები, თახვები, ჩამოეყვანა და მოეშენებინა. თახვის ყაირი არის სამკურნალო თვისებების მქონე ნივთიერება, რომლისგანაც საქართველოში ძველად ასამდე სამკურნალო პრეპარატს ამზადებდნენ. რევაზ მორგოშიას სამედიცინო კონსულტანტი ხუტა პაჭკორია იყო. თახვებს რეაკლიმატიზაცია წარმატებით რომ გაევლოთ, მორგოშია და პაჭკორია დიდი ექსპერიმენტის ავტორებად მოგვევლინებოდნენ. სამწუხაროდ, ეს ექსპერიმენტი ვერ განხორციელდა.

ჯუმბერ ლეჯავას მოგზაურობის დაწყებამდე ასეთი დიაგნოზი დაუსვეს: კუჭ-ნაწლავის განგრენა, სისხლძარღვთა თრომბოზი. დახასიათებასთან ერთად ლეჟავას საბუთებში ხუტა პაჭკორიას დასკვნაც იდო. მან თავის ნაშრომში დეტალურად აღწერა ჯუმბერ ლეჟავას ჯანმრთელობის მდგომარეობა და ის, თუ როგორ შეძლო ამ პიროვნებამ დედამიწის შემოვლა, მიუხედავად თავისი ტრავმისა (სამი მეტრი სიგრძის ნაწლავი ჰქონდა ამოკვეთილი და ორი კლინიკური სიკვდილი გადატანილი).

“ფაზისის აკადემიის” წევრებს გვახსოვს ხუტას ინოვაციური გამოსვლები სულხან საბაზე, ნიცშეზე და სხვა გამოჩენილ ადამიანებზე. გამორჩეული ორატორი გახლდათ, მისი ნაშრომები კი მრავალი წიგნის დამუშავებით მიღებული ინფორმაციისა და პირადი ცოდნის შერწყმით იქმნებოდა.

როგორც მოძრაობა “მემორიალის” წევრმა, გამოიკვლია, რა ბედი ეწია გალაკტიონ ტაბიძის მეუღლეს ოლღა ოკუჯავას და რამხელა ტრაგედიის გადატანა მოუხდა ამ ოჯახს.

ხუტა დიდ თანადგომას უწევდა ჩვენს ორგანიზაციას, ფაზისის აკადემიისა და საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების ფილიალს, საქართველოს მსოფლიო მიღწევათა და მოგზაურობათა ხელშემწყობ კავშირს “გიორგის”. გინესის რეკორდების წიგნიც აჩუქა თავისივე წარწერით (1993 წლის ლონდონისა და მოსკოვის გამოცემა). სწორედ ამ გამოცემაშია ასახული ჯუმბერ ლეჟავას რეკორდები (მოგზაურობის დაწყებამდე აზიდვაში 7 მსოფლიო რეკორდი ჰქონია დამყარებული).

ყარამან ფაღავა, თსსუ ბავშვთა და მოზარდთა მედიცინის დეპარტამენტის პროფესორი:

– 1965 წელს სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი მხოლოდ ოქროს მედალოსანი მოსწავლეებით შეივსო. ამ უნიკალურ წელს გავხდით სტუდენტები მე და ხუტაც. მან პირველივე კურსიდან გამოიჩინა თავი როგორც მცოდნე და ნიჭიერმა სტუდენტმა.  ინსტიტუტის დასრულების შემდეგ,  საბჭოთა კავშირის ექიმების უმეტესობის მსგავსად, მასაც სოფლად მოუწია პროფესიაში ფეხის ადგმა. აღსანიშნავია, რომ სწორედ ხუტამ ჩაიტანა სოფელში პირველი ელექტროკარდიოგრამის აპარატი, რომელსაც მოსახლეობამ თავდაპირველად უნდობლობაც კი გამოუცხადა.

დედაქალაქში დაბრუნებულმა, მუშაობა დაიწყო აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც საქართველოში გასტროენტეროლოგიის ფუძემდებლების, პროფესორების კონსტანტინე ვირსალაძისა და ბაადურ რაჭველიშვილის გვერდით აკადემიური და კლინიკური სკოლა გაიარა. ხუტამ არაერთი ნაშრომი მიუძღვნა თავის პედაგოგებს და ამით მათდამი უსაზღვრო მადლიერება გამოხატა.

მოგეხსენებათ, ექიმს ყველაზე ობიექტურად სწორედ კოლეგა აფასებს. ხუტასთან უამრავი ავადმყოფი გამიგზავნია – არ მახსოვს, რომელიმე უკმაყოფილო დარჩენილიყოს. ერთხელ მამაჩემის ბიძაშვილთან ვთხოვე გაყოლა, ასაკოვანი ქალბატონი იყო, ბოლო სტადიის სიმსივნე ჰქონდა. ხუტას საუბრის შემსწრეს, უნებურად გამახსენდა ირვინგ სტოუნის რომანი "თჰე Oრიგინ", რომელშიც აღწერილია, მედიკამენტების არარსებობის ეპოქაში როგორ უმსუბუქებს ექიმი რობერტ დარვინი თავისი საუბრით სნეულებს მდგომარეობას. ხუტაც თითქმის ასეთივე უნარით იყო დაჯილდოებული.

30 წლის წინ საქართველოში პირველად ჩავატარეთ იშვიათი დაავადებებისადმი მიძღვნილი კონფერენცია. სტუმრად ჩამოსულმა გერმანელმა პროფესორმა იშვიათი გასტროენტეროლოგიური დაავადებების შესახებ წარადგინა მოხსენება. ბატონმა ხუტამ ჰკითხა, მასში პირადი გამოცდილება ჰქონდა ასახული თუ უბრალოდ  სამედიცინო ლიტერატურაში არსებული ინფორმაცია მიმოიხილა. დაბნეულმა პროფესორმა უპასუხა, რომ მისი პრეზენტაცია თეორიულ ცოდნას ეყრდნობოდა. ამის პასუხად ხუტამ სიამაყით აღნიშნა, რომ მის მოხსენებაში მხოლოდ მისი პირადი პრაქტიკიდან აღებული კლინიკური შემთხვევები იყო წარმოდგენილი. საუბარი ეხებოდა ისეთ იშვიათ დაავადებებს, რომლებიც 300-დან, 1000-დან ან 100 000-დან ერთს შეიძლება ჰქონდეს. საქართველოში 30-მდე ასეთი დაავადებაა შესწავლილი და აღწერილი. იმ დროს ინტერნეტი, მოგეხსენებათ, არ იყო ხელმისაწვდომი. ხუტას დღედაღამე წიგნებში ჰქონდა თავი ჩარგული, ბევრს კითხულობდა და მიღებულ ინფორმაციას სტატიების სახით გამოსცემდა. უნიკალური შემთხვევების აღწერისას თავის ნაშრომებში ყველა იმ კოლეგის სახელსა და გვარსაც მიუთითებდა ხოლმე, რომელსაც ავადმყოფი ერთხელ მაინც ჰყავდა ნანახი.

მინდა, მოგონება ჩემი საყვარელი ფრაზით დავასრულო: "ვინც წერს, ის რჩება". ხუტა კალამუხვი ადამიანი იყო, რასაც მისი 150 ნაშრომი და 10 მონოგრაფია მოწმობს. ჩვენი უკანასკნელი შეხვედრა საავადმყოფოში შედგა, მის სანახავად მისულს ჩვეული შემართებით ამიწია ცერა, თითი ნიშნად იმისა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, თუმცა ბედმა სხვაგვარად განაგო...

ელგუჯა ადამია, თერაპევტი, გასტროენტეროლოგი, პროფესორი:

– ზებუნებრივად განათლებული ადამიანი იყო, რომლის მსგავსი მე ცხოვრებაში არ შემხვედრია.

1986 წელს მამა გარდამეცვალა. ხუტა, უახლოესი მეგობარი, გვერდით მედგა და დაკრძალვასთან დაკავშირებულ პროცესში მონაწილეობდა. მითხრა: გუჯგუჯი (ასე მომმართავდა ხოლმე), თუ არ გეწყინება, პანაშვიდისთვის მე მოგიტან კასეტასო. დაბნეული და აფორიაქებული გახლდით, დაუფიქრებლად დავთანხმდი.

გავიდა ხანი და ბიძაშვილმა, რომელიც იმჟამად კონსერვატორიაში კათედრის გამგე გახლდათ, მთხოვა, მამაშენის პანაშვიდებზე რომ მუსიკა ჟღერდა, იქნებ ის კასეტა მათხოვო, თანამშრომელი გარდაგვეცვალა და მჭირდებაო. ჩემს ბიძაშვილს ხუტაც იცნობდა და უყოყმანოდ გადასცა კასეტა.

რამდენიმე დღის შემდეგ ბიძაშვილი აღფრთოვანებული შეგვეხმიანა: თურმე ყველა კითხულობდა, საიდან მოიტანეთ ეს კასეტაო – მასზე ჩაწერილი ყოფილა ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი ბეთჰოვენის მე-3 სიმფონია, რომელსაც მხოლოდ ნამდვილი მელომანები უსმენდნენ.

ჩემი სიძე, აწ განსვენებული იური ჩიქოვანი, ცნობილი მოჭადრაკე გახლდათ, საქართველოსა და თბილისის ჩემპიონი, დამსახურებული მწვრთნელი. მასთან ჟამდაჟამ დადიოდა ხუტა ჭადრაკის სათამაშოდ და ზოგჯერ უგებდა კიდეც. იურის არაერთხელ უთქვამს, ისეთ სვლას მიაგნებს ხოლმე ხუტა, მეც კი მაოცებსო, ჭადრაკს რომ გაჰყოლოდა, უთუოდ ბევრს მიაღწევდაო.

მე კი დავამატებ: რომელ დარგშიც უნდა ემუშავა ხუტას – ფსიქოლოგიაში, ფილოლოგიაში, ისტორიასა თუ ხელოვნებაში, ისევე დაიპყრობდა მწვერვალებს, როგორც ეს მედიცინაში შეძლო.

იოსებ ლალიაშვილი, ქირურგი:

– ბატონი ხუტა გახლდათ დიდი ერუდიციის მქონე ბრწყინვალე კლინიცისტი, უკომპრომისო, პრინციპების ერთგული პიროვნება, რამაც არაერთხელ შეუქმნა პრობლემები. ურთიერთობისას იგრძნობოდა მისი ნატიფი გემოვნება და ისტორიის, ფილოსოფიის, ლიტერატურის, ხელოვნებისა და მუსიკის ღრმა ცოდნა. კოლეგებთან დამსახურებული ავტორიტეტით სარგებლობდა. მახსოვს სამეცნიერო კონფერენციებზე მისი არაერთი წარმატებული გამოსვლა, მისი ბრწყინვალე მოხსენება მწერალთა კავშირის სახლში, კრიტიკის სექციის მიერ მოწვეულ სხდომაზე, რომელიც ლეგენდარული ექიმის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის ივანე გომართელის ხსოვნას ეძღვნებოდა. ბატონმა ხუტამ გამოსვლა ბიბლიის ციტირებით დაიწყო და ივანე გომართელის საარაკო საქმეების ჩამოთვლით დაასრულა. ამ მოხსენებამ დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურა.

ჩვენი კლინიკის ქირურგიულ განყოფილებაში რთულად სადიაგნოსტიკო პაციენტი მოათავსეს. თერაპიული პროფილით საკონსულტაციოდ ბატონი ხუტა მოვიწვიეთ, რომელმაც ბაქტერია მელანინოგენიკუსით გამოწვეული ძალზე იშვიათი დაავადების  დიაგნოზი დასვა. მოგვიანებით ეს დიაგნოზი ბაქტერიოლოგიურმა კვლევამაც დაადასტურა.

მისი სამაგიდო წიგნი “ვეფხისტყაოსანი” იყო, ხშირად ციტირებდა და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ “ნაძრახად” არ ეცხოვრა ამ წუთისოფელში.

მარი აშუღაშვილი, ჟურნალ “ავერსის” მთავარი რედაქტორი:

– ბატონი ხუტა მე ათი წლის წინ გავიცანი, როდესაც ერთ-ერთი გასტროენტეროლოგიური დაავადების შესახებ ინტერვიუს ჩასაწერად დავუკავშირდი. ამით დაიწყო ჩვენი საქმიანი მეგობრობა. თავდაპირველად მისი კლინიკური პრაქტიკიდან საინტერესო შემთხვევებს ვიხსენებდით, – ჰქონდა საოცარი მეხსიერება და რთული შემთხვევების ამოცნობის დეტექტიური ჟინი, მართლაც უიშვიათეს დიაგნოზებს სვამდა იმ დროში, როდესაც დიაგნოსტიკის მეთოდები საკმაოდ ღარიბი იყო. შემდეგ რუბრიკა “დაუვიწყარი სახელებისთვის” გავაგრძელეთ თანამშრომლობა. იდეები არ ელეოდა. თითქმის ყველა ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი ქართველი ექიმის ბიოგრაფია იცოდა და უნდოდა, მათი სახელები ისტორიისთვის შემოენახა. დასანანია, რომ ასე მალე დადგა დღე, როდესაც ამ რუბრიკით თავად ბატონ ხუტაზე ვწერთ. ჩვენთვის ის სამუდამოდ დარჩება ჩვენი ჟურნალის უდიდეს მეგობრად და უსაყვარლეს რესპონდენტად.

 მარი მარღანია

წყარო: ჟურნალი "ავერსი"

 ***

მოკლე ბიოგრაფია

ხუტა აკაკის ძე პაჭკორია დაიბადა ქ. ზუგდიდში 1946 წლის 14 აპრილს.

1964-1971 წ.წ. - სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე.

1972-1975 წ.წ. - მუშაობდა წალენჯიხის რაიონის სოფელ ლიას ამბულატორიის მთავარ ექიმად.

1975-1978 წ.წ. – სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ასპირანტურაში.

1978-2000 წ.წ. – იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სუბორდინატორთა ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის ასისტენტი.

2000 წლიდან მუშაობდა აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის (რესპუბლიკური საავადმყოფო) შინაგან სნეულებათა დეპარტამენტის გასტროენტეროლოგად.

1997 წლიდან იყო მედიცინის ისტორიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის და ინტერნისტთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი.

1992 წელს დაჯილდოვდა გრიგოლ მუხაძის საიუბილეო მედლით.

2002 წლიდან იყო ჟურნალ “შინაგანი მედიცინა და კარდიოლოგია XXI-ის” სარედაქციო კოლეგიის წევრი.

2009 წლიდან იყო ფაზისის აკადემიის წევრი.

2003 წელს ფაზისის აკადემიამ დააჯილდოვა სიგელით მეცნიერებაში გაწეული ღვაწლისთვის.

аналитика
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати