USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
თბილისი
კაცს, რომელსაც ამ ფოტოზე ხედავთ, ფაშისტები, დაახლოებით, 10 წუთში დახვრეტენ
თარიღი:  1735
კაცს, რომელსაც ამ ფოტოზე ხედავთ, ფაშისტები, დაახლოებით, 10 წუთში დახვრეტენ, 1941 წლის 2 აგვისტოს ( მოგილიოვის ოლქი, სოფელი ზვენჩატკა). გერმანელებს ომის დაწყებიდან 40 დღის შემდეგ მოსკოვამდე სულ რაღაც 430 კილომეტრიღა აქვთ დარჩენილი...
ეს ფოტო პირველად ერთი კვირის წინ ვნახე.
 
ფოტოზე აღბეჭდილი კაცი პოლკოვნიკია, 148-ე დივიზიის კომისარი. 39 წლის. ქართველი. მისი სახელი და გვარია მირიან ოდიშარია. ის ჩემი ღვიძლი ბიძაა, ბაბუაჩემის - ლევან ოდიშარიას მრავალრიცხოვანი ოჯახის უფროსი შვილი.
 
მამაჩემმა, ნიკოლოზ ოდიშარიამ, ასევე სამხედრო ოფიცერმა, მე-2 მსოფლიო ომის მონაწილემ, რომელიც ძმაზე 13 წლით უმცროსი იყო, ძმის სიყვარულით მისი სახელი შემარქვა. პირადობის მოწმობით, პასპორტით - მირიანი ვარ. ჩემი ნათლობის სახელიც მირიანია.
ერთხელ, 97 წლის დედაჩემს ვუთხარი - დავაბნიე ხალხი, გურამად მიცნობენ, პასპორტით კიდევ - მირიანი ვარ-მეთქი. საზღვარგარეთ მიწვევისას ეს ორი სახელი ხშირად გაუგებრობის მიზეზი ხდება, პასპორტი ხომ არ შევიცვალო და, საბოლოოდ და ოფიციალურად, გურამად ხომ არ ჩავიწერო-მეთქი. დედაჩემი გაბრაზდა - არ გაბედო, მთელი შენი ცხოვრება ბიძაშენის სახელი გიცავდაო და რატომღაც ჩემი ორი ძმა ახსენა, რომლებიც ჩემს დაბადებამდე გარდაიცვალნენ, მცირეწლოვანები - როინი და ვიტალი...
 
ბიძაჩემი ჩვენთვის ლეგენდარული კაცი იყო. მამაჩემი მისი ცხოვრებისეული მაგალითებით მზრდიდა - ის აღმერთებდა ძმას, როგორც პატიოსან, ნიჭიერ, გამჭრიახ, სამართლიან და კეთილშობილ ადამიანს. სად არ ეძებდა მამაჩემი ძმას, მაგრამ მის კვალს ვერსად მიაგნო - ყველა ორგანიზაციიდან, ყველა არქივიდან ერთსა და იმავე პასუხს ღებულობდა - „პოლკოვნიკი მირიან ოდიშარია უგზო-უკვლოდ არის დაკარგულიო!“ ასევე გარდაცვალებამდე ეძებდა მის ასავალ-დასავალს ბიცოლაჩემი (მირიანის მეუღლე) მარგარიტა პოპოვა, მაგრამ უშედეგოდ... მისი კვალი ჩვენთვის 1941 წლის ივლისის ბოლოს გაქრა.
 
და აი, 2015 წელს გერმანიაში გამოქვეყნდა გერმანელი კაცის, ვერმახტის # 3 სატანკო დივიზიის სამხედრო ექიმის ჰერმან ტურკის წიგნი (დღიური) მე-2 მსოფლიო ომზე. იმ წიგნში სწორედ ჰერმან ტურკის მიერ ბიძაჩემის გადაღებული ფოტოა დაბეჭდილი. ეს ფოტო მის დახვრეტამდე 10-ოდე წუთით ადრე გადაუღია ტურკს...
 
ამ დღეებში სხვადასხვა ქვეყნიდან ძალიან საინტერესო ცნობებს ვღებულობთ მე და ჩემი ძმა, გიორგი ოდიშარია. და ვსწავლობთ ბიძაჩემის უკანასკნელ დღეებს. ჩვენთვის ასე ახლობელი და მშობლიური, მაგრამ იდუმალებით მოცული სიცოცხლისა და სიკვდილის მქონე კაცის ბედისწერას. ვაპირებ დავწერო მნიშვნელოვანი წერილი (ან იქნებ სულაც წიგნი).
 
ყველაფრისათვის დიდი მადლობა დღეს უკვე ჩემთვის ძალიან ძვირფას ქალბატონებს: ლიდია შილოვასა და მარინა ლეონარდს, რომლებიც მე-2 მსოფლიო ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულ ადამიანებზე აგროვებენ ცნობებს და იკვლევენ მათ ცხოვრებას. როგორც ისინი მაცნობებენ, მირიან ოდიშარიას საფლავი არსებობს და მას უვლიან.
 
ამ დღეებში ხშირად დავყურებ ბიძაჩემის ფოტოს. რაზე ფიქრობდა ახალგაზრდა პოლკოვნიკი დახვრეტის წინ? რას განიცდიდა? რას გრძნობდა?.. ვცდილობ, ყოველივე ეს მის სახეზე ამოვიკითხო.
 
„ის იყო ნამდვილი ჯარისკაცი, - მწერს ქალბატონი ლიდია შილოვა, - მაგრამ ყველაფერი მასზე როდი იყო დამოკიდებული... მე მას პატივს ვცემ იმისთვის, რომ მას არ შეეშინდა, არ გაიხადა, არ გადააგდო ფორმა, არ გაყიდა სამშობლო... როდესაც ჩემს ომგამოვლილ მამას ვკითხე, გეშინოდა ომის დროს? მან ერთი წინადადებით მიპასუხა: ომი საშინელია, მაგრამ ყველაზე დიდი საშინელებაა, როცა შენიანები გღალატობენ!
ის (მირიან ოდიშარია) ნამდვილი ჯარისკაცი იყო, ასეთ კაცებს უჭირავთ დედამიწა... და მე ვფიქრობ, რომ მაშინ ის მშობლიურ ადამიანებზე ფიქრობდა, სამშობლოზე ფიქრობდა და მდუმარედ ემშვიდობებოდა სიცოცხლეს... ეს საოცარი ფოტოა, მე ის უყურადღებოდ ვერ დავტოვე... აქ ომის მთელი ტრაგედიაა ასახული. როგორი ლამაზი, ვაჟკაცური სახე აქვს... ეს არის სახე მებრძოლის, რომელსაც კარგად ესმოდა თავისი მდგომარეობა, მაგრამ სიმშვიდეს ინარჩუნებდა.
 
უკანასკნელ წუთებშიც ის ღირსეული იყო. ამაში დარწმუნებული ვარ“.
მირიან ოდიშარიამ ჰიტლერის ბლიცკრიგის 40 დღიანი შეტევის შემდეგ უკანასკნელად სწორედ მისი დახვრეტის ადგილის სიახლოვეს იბრძოლა - „როდესაც დაიღუპა მეტყვიამფრქვევე, ტყვიამფრქვევიდან სროლა კომისარმა მ.ლ. ოდიშარიამ გააგრძელა, შემდეგ, ის მძიმედ დაჭრილი, ფაშისტებმა ტყვედ აიყვანეს და დახვრიტეს. ოდიშარიაც, შიშკინიცა და სტუპინიც კოლმეურნე კოზლოვმა დაასაფლავა“. (148-ე დივიზიის მეთაურის - ფ.მ. ჩეროკმანოვის მემუარებიდან).
 
ძალიან საინტერესოა 148-ე დივიზიის ვეტერანის ვასილ პოპპეცის მოგონებები... და ასე შემდეგ და ასე შემდეგ...
კიდევ ბევრი დოკუმენტი მაქვს შესასწავლი. იმ წელს, როდესაც ბიძაჩემი დახვრიტეს, გარდაიცვალა ჩემი ერთი წლის ძმა. სწორედ იმ დროს, მამაჩემი სხვა ფრონტზე იბრძოდა. და პირველად მაშინ დაიჭრა. მას გულის ჯიბეში დოკუმენტები და ჩემი უფროსი ძმის ფოტოსურათი ედო. დაღლილმა ტყვიამ გახვრიტა მისი საბუთები, შვილის სურათი და ზედ გულთან გაჩერდა... ბიძაჩემის დახვრეტიდან 10 წლის შემდეგ დავიბადე მე. მომავალი წლის 2 აგვისტოს მისი დახვრეტიდან ზუსტად 80 წელი სრულდება...
 
მთელი ამ დროის განმავლობაში ჩვენ ვეძებდით მირიან ოდიშარიას და აი, როგორც იქნა, გამოჩნდა კიდეც, დაბრუნდა სახლში!..
 
***
კაცს, რომელსაც ამ ფოტოზე ხედავთ, ფაშისტები, დაახლოებით, 10 წუთში დახვრეტენ – ფოტოს მწერალი და განათლების ყოფილი მინისტრი გურამ ოდიშარია აქვეყნებს და მასზე აღბეჭდილი კაცის ისტორიაზე წერს.
 
კულტურა
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.