ისიც კი მოვისმინე, რომ პრეზიდენტის მხრიდან დემარში იყოო. როგორ შეიძლება პრეზიდენტს ჰქონდეს დემარში მისივე დანიშნული კანდიდატის მიმართ? - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ცალკეული პირების მხრიდან გაკეთებულ შეფასებას, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში, მისი მხრიდან წარდგენილი მოსამართლის, გიორგი თევდორაშვილის მიერ ფიცის დადების ცერემონიას მმართველი გუნდისადმი პროტესტის ნიშნად არ დაესწრო.
მისი თქმით, პრეზიდენტსა და მმართველ ძალას შორის შესაძლო კონფლიქტზე საუბარი აზრს მოკლებულია.
„მან, პრეზიდენტმა, წარმოადგინა ეს კანდიდატი. პარლამენტმა მხარი დაუჭირა. ეს მისი კანდიდატის არჩევა იყო. თუ იმის ეჭვი გაქვთ, რომ მას შეიძლება რაიმე წყენა ჰქონდეს, სჯობს მას ჰკითხოთ. არანაირი კონფლიქტი არ არსებობს, პრეზიდენტს უფლებაც არ აქვს დემარში განახორციელოს საკონსტიტუციო ორგანოს წინააღმდეგ.
ეს რომ პარტიული ღონისძიება იყოს, ზოგს მართლაც გაუჩნდებოდა ეჭვი, ხომ არ არის ეს დემარში ან კონფლიქტის მიზეზი. ეს არის საკონსტიტუციო სასამართლო, ეს არ არის პარტიული ორგანო და ორგანიზაცია, რომლის წინააღმდეგაც შეიძლება მართლაც დემარში განახორციელონ.
მან, ქალბატონმა პრეზიდენტმა, ალბათ, ვერ შეძლო ჩამოსვლა. მე ნამდვილად ვერ გეტყვით ამის მიზეზს, ეს მას უნდა ჰკითხოთ“, - განაცხადა კუჭავამ.