ჩვენც შეშფოთებული, აღშფოთებული ვართ იმ ფაქტებით, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში მიმდინარეობს სიცრუის კამპანია - ეს არის ჩვეულებრივი ცრუ კამპანია იმიტომ, რომ ვერანაირი არგუმენტი ვერ წარმოადგინეს რატომ შეიძლება გამჭვირვალობა იყოს ცუდი - ვფიქრობ გამოიძებნება ბევრი ისეთი ადამიანი, ვინც შეაფასებს რეალურ მდგომარეობას, თუნდაც გამჭვირვალობის შესახებ კანონს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, რითაც აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის კამალა ჰარისის მიერ სალომე ზურაბიშვილისთვის გაგზავნილ წერილს გამოეხმაურა.
კალაძის განცხადებით, არგუმენტები არ ყოფილა წარმოდგენილი იმასთან დაკავშირებით თუ რატომ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ევროპულ ღირებულებებს გამჭვირვალობის შესახებ კანონი.
„ჩვენც შეშფოთებული, აღშფოთებული ვართ იმ ფაქტებით, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში მიმდინარეობს სიცრუის კამპანია. შემიძლია პირდაპირ პარალელები გავავლო იგივე სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, თუ რა სიცრუისა და ბოროტების კამპანია მიმდინარეობდა ქვეყნის წინააღმდეგ. დღესაც იგივეა. ეს არის ჩვეულებრივი ცრუ კამპანია იმიტომ, რომ ვერანაირი არგუმენტი ვერ წარმოადგინეს რატომ შეიძლება გამჭვირვალობა იყოს ცუდი ან რატომ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ევროპულ ღირებულებებს, ევროპულ მომავალს. დამერწმუნეთ ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელიც ყველაფერს გააკეთებს ევროინტეგრაციის გზაზე.
ჩვენთვის არსებობს პრინციპები, რომელთა გადახვევასაც არ ვაპირებთ და ეს არის ქვეყნის ინტერესი, მისი ხვალინდელი დღე. არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ იგივე მდგომარეობა იყოს ქვეყანაში, რაც სამწუხაროდ, ხდება დღეს უკრაინაში. გამოვლილი გვაქვს ეს ყველაფერი და ვიცით, რამხელა უბედურების მომტანია ომი. არ გვინდა, რომ სხვა ქვეყნის ინტერესების გამო ამ ყველაფერს ჩვენი ქვეყანა შეეწიროს, მისი ინტერესები იყოს ფეხქვეშ გათელილი.
ჩვენ ვართ კარგი მეგობარი ქვეყანა, პარტნიორებიც. ეს მხოლოდ სიტყვებით არ შემოიფარგლება. დღესაც მზად ვართ, მეგობრობისთვის, თანამშრომლობისთვის, პარტნიორობისთვის. მაგრამ ეს უნდა იყოს ორმხრივი“,- განაცხადა კახა კალაძემ.
გარდა ამისა, კახა კალაძე გამოეხმაურა მოსალოდნელ სანქციებსაც და აღნიშნა, რომ ეს არის „ჩვეულებრივი მუქარა და შანტაჟი“.
„გაიხსენეთ რა განცხადებები კეთდებოდა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, პირდაპირ პარალელს ავლებდნენ, რომ თუ [მიხეილ] სააკაშვილი, კრიმინალი, რომელიც დამნაშავეა კონკრეტულ საქმეებში არ იქნებოდა გამოშვებული, ქვეყანა ვერ მიიღებდა კანდიდატის სტატუსს. ხალხი ხვდება ყველაფერს თუ რისთვის ხდება აღნიშნული განცხადებების გაკეთება, რატომ იყენებენ იგივე მოლაპარაკებების გახსნას, ვიზალიბერალიზაციას, კანდიდატის სტატუსს ქვეყნის წინააღმდეგ. იმიტომ, რომ მათ უნდათ ხელისუფლება შეცვალონ. უნდათ, თავიანთი აგენტურა მოიყვანონ ხელისუფლებაში და ქვეყანა ჩააყენონ უმძიმეს საომარ მდგომარეობაში. ეს მათი სურვილია და ჩვენ სულელები ხომ არ ვართ?! გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო. ვფიქრობ გამოიძებნება ბევრი ისეთი ადამიანი, ვინც შეაფასებს რეალურ მდგომარეობას, თუნდაც აღნიშნულ კანონს. თუ საფრანგეთისათვის, ამერიკისთვის, ისრაელისთვის, კანადისთვის მისაღებია აღნიშნული კანონი, თუ ევროკავშირშია დაინიცირებული, როგორ შეიძლება ეს ჩვენთვის იყოს პრობლემა და ეწინააღმდეგებოდეს ევროპულ ღირებულებებს. გამოდის, რომ მაშინ სხვა რაღაცაშია საქმე და სხვა ინტერესებია. ვიცით რა ინტერესებია ეს და რისკენაც არის მიმართული. არ გვინდა ეს ყველაფერი და გვინდა მშვიდობა ამ ქვეყანაში“,- აღნიშნა კალაძემ.
აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი სალომე ზურაბიშვილს წერილს უგზავნის.
„პრეზიდენტი ბაიდენი და მე დიდი შეშფოთებით ვადევნებთ თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. პარლამენტის მიერ „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მიღებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს დემოკრატიას და ძირი გამოუთხაროს საქართველოს ურთიერთობას შეერთებულ შტატებსა და ევროპასთან", - ნათქვამია წერილში.
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.
მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.
პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.
ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.
ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.
წყარო: https://bm.ge/