USD 2.7051
EUR 3.1798
RUB 3.2840
Tbilisi
კახა კალაძე ბაქოსა და განჯის მერებს შეხვდა
Date:  283

თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილე კახა გულედანთან ერთად, ბაქოს მერს ელდარ აზიზოვსა და განჯის მერს ნიაზი ბაირამოვს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის კეთილმეზობლურ ურთიერთობას, ასევე, თბილისსა და ბაქოს, როგორც დაძმობილებულ ქალაქებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ მომეცა შესაძლებლობა, გიმასპინძლოთ თბილისში. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოსა და აზერბაიჯანს მრავალსაუკუნოვანი კეთილმეზობლური ურთიერთობა აკავშირებთ და ორივე ქვეყნის მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გამყარდეს. ჩვენ ასევე გვაკავშირებს ურთიერთობები კულტურული მიმართულებით. ამ კუთხით არაერთი პროექტი ხორციელდება, რაც მისასალმებია. მოხარული ვარ, რომ საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, თბილისში შენდება ჰეიდარ ალიევის სახელობის დრამის თეატრი. 2023 წელს კი, ქალაქ განჯაში გაიხსნა დიდი ქართველი პოეტის ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური დაფა, რისთვისაც მინდა, მადლობა გადაგიხადოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ბაქოელი და განჯელი კოლეგები მიმდინარე წლის ოქტომბერში დაგეგმილ „თბილისობის“ დღესასწაულზე მოიწვია.

თავის მხრივ, ბაქოს მერმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევისთვის საქართველოსთან ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია.

„თითოეული აზერბაიჯანელისთვის ქართველი ხალხი ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას თქვენს ქვეყანაში მცხოვრები აზერბაიჯანელების მიმართ დამოკიდებულებისთვის. მსოფლიოში ყველა ქვეყანა გამოწვევების წინაშეა, ეს ეხება ჩვენს ქვეყნებსაც. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნებსა და ქალაქებს შორის ურთიერთობების დამყარება. ნებისმიერ წარმატებას საფუძვლად უდევს ადამიანური ფაქტორი. მე ყოველთვის მახარებს თქვენთან შეხვედრა. მიხარია, რომ აქ ვარ“, - განაცხადა ელდარ აზიზოვმა.

ბაქოსა და განჯის მერები თბილისში ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-14 ფორუმის ფარგლებში იმყოფებიან.

tbilisi
ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე დედაქალაქის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დიდი, N109 საბავშვო ბაღი გაიხსნა
ახალი შენობა თბილისის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახა აბულაძესთან ერთად დაათვალიერა და ბაღის აღსაზრდელებს ახალი სააღმზრდელო წლის დაწყება მიულოცა.
 
„დღეს ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დაიწყო, რომელსაც სიახლით ვხვდებით. ისნის რაიონში აშენდა 109 ბაგა-ბაღი, რომელიც ყველაზე დიდია დედაქალაქში. მას შეუძლია, მოემსახუროს 600-მდე აღსაზრდელს. დღეის მდგომარეობით, ბაღში 470 პატარაა რეგისტრირებული. კიდევ ერთი სიახლე ისაა, რომ ბაღებში აღრიცხვიანობა ელექტრონულად იქნება შესაძლებელი, რაც კიდევ უფრო კომფორტულია. მინდა, მივულოცო პატარებს და პედაგოგებს სააღმზრდელო პროცესის დაწყება.
 
რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ძალიან კარგი პროექტი გამოვიდა, სადაც ყველა დეტალს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა - დაწყებული სათამაშოებიდან დასრულებული თეთრეულამდე. მოთხოვნილია საერთაშორისო სერტიფიკატები ყველა პროდუქტზე, რომ უნდა იყოს ხარისხიანი და პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. რა თქმა უნდა, ყველა პირობა დაცულია. მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებას განვაგრძობთ. ქალაქს ახალაშენებული ბაღები კიდევ შეემატება, ძველებს კი შესაბამისი სამუშაოები ჩაუტარდება, რათა ჩვენს შვილებს, პატარებს ჰქონდეთ ყველანაირი პირობა სწავლა-განათლებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
 
საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა დედაქალაქის მერს ბავშვთა ციფრული აღრიცხვიანობის ახალი სისტემა გააცნო, რომელიც 15 სექტემბრიდან საპილოტე რეჟიმში ქალაქის 10 საბავშვო ბაღში ამუშავდა, წლის ბოლომდე კი სისტემაში ყველა ბაღი ჩაერთვება. პროგრამის წარდგენისას ქალაქის მერს აღრიცხვიანობის სიმბოლური ბარათიც გადასცეს.
 
ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე N109 საბავშვო ბაღის 20-ჯგუფიანია და 600-ზე მეტ ბავშვს მოემსახურება. ბაღი მოწყობილია ბავშვთა სკოლამდელი განათლების კუთხით არსებული ყველა ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად - უზრუნველყოფილია ბავშვთა უსაფრთხოება ხანძარსაწინააღმდეგო და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებით, საევაკუაციო კიბეებით, ლიფტით შშმ პირთათვის და ასევე, ტექნიკური ლიფტით სამზარეულოს პერსონალისთვის. ბაღს აქვს სათამაშო მოედნები და ტერასა სპორტული აქტივობებისთვის. ბაგა-ბაღის მშენელობა და აღჭურვა დედაქალაქის ბიუჯეტიდან 8 მილიონი ლარით დაფინანსდა.
 
N109 ბაღის დემონტაჟი მისი ავარიულობის გამო განხორციელდა, მის ნაცვლად კი ახალი შენობის მშენებლობა დაიგეგმა. სააგენტოს ხელმძღვანელმა ქალაქის მერს რეაბილიტაციამდე არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა აჩვენა.
 
ადგილზე, დედაქალაქის მერთან ერთად, ისნის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი რჩეულიშვილი, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ლაბუჩიძე და პარლამენტის დელეგატი ნიკა ელისაშვილი იმყოფებოდნენ.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way