შეუძლებელია ევროინტეგრაციის გზაზე რაღაც გააკეთო და ხვალ გაჩერდე, ეს პროცესი გრძელდება და საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს რეფორმების გატარებისთვის, რათა ხვალინდელი დღე უკეთესი იყოს, ვიდრე დღეს და გუშინ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
აღნიშნულით ის ევროპული საბჭოს სამიტის შემაჯამებელ დოკუმენტს გამოეხმაურა.
„ბოლო დროს მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნა გადადგმული აღნიშნული მიმართულებით. გახსოვთ, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი, საქართველო იმსახურებდა სტატუსს, თუმცა, გარკვეული მიზეზების გამო არ მოგვცეს, ყველამ ვიცით, რა იყო ამ გადაწყვეტილების საფუძველი. ამის შემდეგ იყო 12- პუნქტიანი გეგმა. ყველაფერი იქნა გაკეთებული მათთან ერთად, შესრულებული იყო ყველა მითითება. შეუძლებელია შენ ევროინტეგრაციის გზაზე რაღაც გააკეთო და ხვალ გაჩერდე, ეს პროცესი გრძელდება და საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს რეფორმების გატარებისთვის, რათა ხვალინდელი დღე უკეთესი იყოს, ვიდრე დღეს და გუშინ“, - აღნიშნა კალაძემ.
ცნობისთვის, ევროპული საბჭოს სამიტის შემაჯამებელ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროკავშირი მხარს დაუჭერს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროპულ გზაზე რეფორმების ძალისხმევას.
“ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინასთან, მოლდოვის რესპუბლიკასთან და საქართველოსთან მჭიდროდ მუშაობას და ევროპულ გზაზე მათი რეფორმების ძალისხმევის მხარდაჭერას”, - წერია დასკვნით დოკუმენტში.
ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.
როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.