ცდილობენ, რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, არასწორი ინფორმაცია მიაწოდონ, თხოვნაა თბილისელებისადმი: არ ენდოთ ამ ადამიანებს!- სარეაბილიტაციო სამუშაოები ნოემბრის ბოლოს უნდა იყოს დასრულებული, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, მცდარია გავრცელებული ინფორმაცია, რომ ოქტომბერში უნდა დასრულდეს სარეაბილიტაციო სამუშაოები.
„მინდა რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია. სამუშაოები ჩვენ დავიწყეთ 23 ივლისს, მაშინვე ვუთხარით საზოგადოებას რომ 4 თვე დასჭირდებოდა სრულ რეაბილიტაციას, თუმცა გარკვეული მედიასაშუალებები ცდილობენ, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, არასწორი ინფორმაცია მიაწოდონ. სოციალურ ქსელში, მიზანმიმართულად, სამუშაოებთან დაკავშირებით მცდელობაა გაავრცელონ ცრუ, არასწორი ინფორმაცია. თხოვნაა თბილისელებისადმი: არ ენდოთ ამ ადამიანებს! ძალიან ბევრი თაღლითია სამწუხაროდ... ყოველთვის ეცადეთ სწორი ინფორმაცია მიიღოთ, მუნიციპალიტეტი გაავრცელებს ინფორმაციებს სამუშაო პროცესზე, რა ეტაპზეა და ასე შემდეგ.
მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებას ვუთხარი სამუშაოებს დასჭირდებოდა 4 თვე, ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ დააფიქსირა, რომ სამუშაოების ვადა, თითქოს გადმოვწიეთ, ოქტომბერში უნდა დავასრულოთ. თურმე, ეჭვი ჩნდებოდა, სამუშაოები არაჯეროვნად იქნებოდა შესრულებული, უხარისხოდ შევასრულებდით.
სამუშაოები ნოემბრის ბოლოს უნდა იყოს დასრულებული, მიწისქვეშა კომუნიკაციებით, საგზაო ინფრასტრუქტურით და ასე შემდეგ“,- აღნიშნა კალაძემ.