ჩვენ გვეუბნებიან, რომ ჩვენ თუ სანქციებს მივუერთდებით, ამით დავაზარალებთ რუსეთის ეკონომიკას - ეს არის ძალიან დიდი აბსურდი და სისულელე, ამით დავაზიანებთ საკუთარ მოსახლეობას და ქვეყნის ეკონომიკას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს პოლიტიკა ქვეყნის ინტერესებზე და ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების ინტერესებზე გადის.
„რაც შეეხება საქართველოს პოლიტიკას, ჩვენი პოლიტიკა ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე და ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების ინტერესებზე გადის. როდესაც საუბარი სანქციების მიერთება-არმიერთებაზე იყო, გამოვედით და პირდაპირ ვთქვით და ეს არ დაგვიმალავს, რომ სანქციებს არ და ვერ ვუერთდებით. რატომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება? მივიღეთ იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების ინტერესებს ვატარებთ. ჩვენ გვეუბნებიან, რომ ჩვენ თუ სანქციებს მივუერთდებით, ამით დავაზარალებთ რუსეთის ეკონომიკას. მე არ მჯერა ამის. ყველა გონიერი ადამიანი, ვინც აზროვნებს, მიხვდება, რომ შეუძლებელია რუსული ეკონომიკა დავანგრიოთ იმით, თუ მაგალითად: ქართული ღვინო, წყალი, სოფლის მეურნეობის პროდუქტები, რუსულ ბაზარზე არ გავა, ჩავკეტავთ და სანქციებს დავაწესებთ. ეს არის ძალიან დიდი აბსურდი და სისულელე, ამით დავაზიანებთ საკუთარ მოსახლეობას და ქვეყნის ეკონომიკას. პარალელურად უნდა მოვძებნოთ და ვიმუშაოთ სხვა გზებზეც, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ უარი ვთქვათ დღეს იმაზე, რისი საშუალებაც და შესაძლებლობა გვაქვს. ყველაზე მთავარია, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა იმიტომ, რომ მშვიდობის შენარჩუნება ჩვენ იმის საშუალებას გვაძლევს, რომ ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერება და განვითარება მოხდეს.
პირველ რიგში, იმ (ევროპულმა) ქვეყნებმა გადადგან ნაბიჯი და ყველანაირი კავშირი შეწყვიტონ, თუნდაც სავაჭრო ურთიერთობა რუსეთთან. ყოველდღიურად მილიარდი დოლარის სავაჭრო ურთიერთობებით დახურეს 2022 წელი ევროპულმა ქვეყნებმა. ეს ჩემი მოგონილი ხომ არ არის კაცო? ამოიღეთ ინფორმაცია და ნახეთ. ნახეთ, სავაჭრო ურთიერთობები საქართველოს და რუსეთს შორის და მერე შეადარეთ სავაჭრო ურთიერთობები რუსეთსა და ევროპულ ქვეყნებს შორის, თუნდაც ამერიკას შორის ან ნებისმიერ ქვეყანას შორის“, - განაცხადა კალაძემ.
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.
მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.
პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.
ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.
ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.
წყარო: https://bm.ge/