USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
თბილისი
კახა კალაძე - 150 მიუსაფარ ძაღლზე გათვლილი ახალი თავშესაფარი აშენდება, ჟვანიას მოედანზე დამატებით 2 საავტობუსო ზოლი გაკეთდება და დიდი დიღმის მესამე მიკრორაიონში პარკი გაშენდება
თარიღი:  414

დედაქალაქის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა.

თბილისში 150 მიუსაფარ ძაღლზე გათვლილი ახალი თავშესაფარი აშენდება

„თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვის სააგენტოსა და შპს „სიბიდი დეველოპმენტს“ შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომლის თანახმად სავაჭრო ცენტრ “ისთ ფოინთის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარი აშენდება. ორხევის დასახლებაში, ახვლედიანის მეორე ჩიხში მდებარე 9231 კვ.მ მიწის ნაკვეთზე აღნიშნული შპს „სიბიდი დეველოპმენტი“, დაახლოებით ორი წლის განმავლობაში 1.5 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს. ხელშეკრულების თანახმად, მიწის ნაკვეთზე ძაღლებისთვის მოეწყობა ვოლიერები, საოპერაციო, საკარანტინე სივრცეები და სხვადასხვა დამხმარე შენობა-ნაგებობები, რაც აუცილებელია აღნიშნული სივრცის სრული ფუნქციონირებისთვის. კომპანია იღებს ვალდებულებას 150 მიუსაფარ ძაღლზე გათვლილი თავშესაფარი მოაწყოს. კომპანიას აღნიშნული მიწის ნაკვეთი, უსასყიდლოდ, 15 წლის ვადით გადაეცემა. პარალელურად, ჩვენ გამოვხატავთ სრულ მზადყოფნას როცა გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდება, და, ვფიქრობ, გაზაფხულზე დასრულდება ეს ყველაფერი, მუნიციპალიტეტი მზადაა გადადგას ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები და დავიწყოთ ამ პრობლემის ერთად მოგვარება, იმიტომ, რომ მხოლოდ თბილისი ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს, ეს ყველაფერი მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა მოხდეს“, - განაცხადა კალაძემ.

ჟვანიას მოედანზე საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის დამატებით 2 საავტობუსო ზოლი გაკეთდება

„ეს მოედანი დედაქალაქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძია. მოედანზე დიზაინის დაგეგმილ ცვლილებებამდე არსებული 2 სამოძრაო ზოლი ემსახურებოდა როგორც საზოგადოებრივ, ასევე კერძო ტრანსპორტს, რაც ხშირად იწვევდა კვანძზე შეფერხებებს და ამცირებდა მის გამტარუნარიანობას.

მიმდინარე სამუშაოების შედეგად, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის მოედანზე დამატებით გამოიყოფა 2 განცალკევებული საავტობუსო ზოლი, ხოლო არსებული კუნძულები გამწვანდება და მათი ფართობი შეიცვლება 565-დან 396- კვ. მეტრამდე. გარდა ამისა, კეთილმოეწყობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებები და მოსაცდელები, რომელიც ემსახურება ამ მონაკვეთზე მოძრავ მიკროავტობუსებსა და ავტობუსებს 11 მარშრუტზე 60 000 მდე მგზავრობით“, - განაცხადა მერმა.

მისივე განმარტებით, აღნიშნული კვანძის დიზაინის ცვლილება კიდევ უფრო კომფორტულს, უსაფრთხოსა და მოსახერხებელს გახდის მოქალაქეთათვის გადაადგილებას ჟვანიას მოედანზე.

დიდი დიღმის მესამე მიკრორაიონში პარკი გაშენდება

„ჩვენს ქალაქს ისე არაფერი უხდება, როგორც მწვანე სივრცეები. ამ მიმართულებით არაერთი პროექტი გვაქვს განხორციელებული და ამას მომავალშიც გავაგრძელებთ. დიდი დიღმის მე-3 მიკრორაიონის N30 კორპუსის მიმდებარედ საკმაოდ ვრცელი ტერიტორიაა - დაახლოებით, 8 700 კვადრატული მეტრი ფართობია, რომელიც მიტოვებული და მოუწესრიგებელია. ირგვლივ სულ კორპუსებია და რეკრეაციული სივრცის მოწყობა ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი იქნება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მოადგილეს, ანდრია ბასილაიას დაავალა, რომ აღნიშნულ სივრცეში პარკის მოსაწყობად პროექტი შემუშავდეს.

„ამ ადგილიდან, დაახლოებით, 300 მეტრში მდებარეობს N192 საჯარო სკოლა და ორი მუნიციპალური საბავშვო ბაღი. თუ ეს სივრცე მოეწყობა, იგი იქცევა მოსახლეობის თავშეყრის ძირითად ადგილად, რადგან მსგავსი ფართობის პარკი მე-3 მიკრორაიონში არ არსებობს. ვავალებ ჩემს მოადგილეს, ანდრია ბასილაიას, შემუშავდეს პროექტი, ეს სივრცე ყველანაირად მოწესრიგდეს და პარკი გაშენდეს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ვგეგმავთ ცვლილებები შევიტანოთ გმირთა მოედანზე საგზაო მოძრაობის ორგანიზებაში

„ვგეგმავთ ცვლილებები შევიტანოთ გმირთა მოედანზე საგზაო მოძრაობის ორგანიზებაში. ერთ-ერთ პრობლემური კვანძია, სადაც ძალიან ბევრი ავტომობილი იყრის თავს და უბრალოდ გადაადგილება შეუძლებელია, განსაკუთრებით, პიკის საათებში. დაგეგმილია სატრანსპორტო ნაკადების მოწესრიგება, გამტარუნარიანობა და უსაფრთხოების გაზრდა მინიმალური ინფრასტრუქტურული ჩარევებით. მოგეხსენებათ, გმირთა მოედანი ქალაქის ერთ-ერთი უმთავრესი კვანძია, სადაც საზოგადოებრივი და კერძო ავტოტრანსპორტის დიდი რაოდენობა იყრის თავს. ამ კვანძის ამჟამინდელი გეგმარებით რამდენიმე მიმართულების კვეთა ხდება დარეგულირების გარეშე, რაც გადადგილების თვალსაზრისით ძალიან დიდ შეფერხებებს ქმნის, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილიდან ასევე, კოსტავას ქუჩისა და თამარ მეფის გამზირიდან, რაც ართულებს ნაკადების შეუფერხებელ გადაადგილებას. წრიულზე ნაკადები ერთად იყრის თავს და ე.წ. ძაბრი ჩნდება, რაც გამტარუნარიანობის თვალსაზრისით პრობლემას წარმოადგენს. კვანძზე შუქნიშნის ობიექტის მოწყობით, არსებული ნაკადების დაყოფა მოხდება, რაც გამტარუნარიანობას გააუმჯობესებს. დაგეგმილი ცვლილებები დადებითად აისახება, როგორც კერძო ავტომობილების, ისე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებაზე. დაგეგმილ ცვლილებებზე უკვე მომზადდა სიმულაციური მოდელირება, რაც ნათლად მიუთითებს შერჩეული გადაწყვეტილების ეფექტურობაზე. ამ სამუშაოებს უახლოეს დღეებში დავიწყებთ და ძალიან მალე ვეცდებით, რომ მოხდეს მათი დასრულება,“ -განაცხადა კალაძემ.

აღდგომის ღამეს მეტრო მგზავრებს გახანგრძლივებული დროით, უფასოდ მოემსახურება

აღდგომის ღამეს, მოქალაქეთა შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს.

როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ამავე ღამეს, 23:00 საათიდან, დამატებითი დროის განმავლობაში, მეტრო მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.

გარდა ამისა, კახა კალაძის განცხადებით, 16 და 17 აპრილს დაწესდება ავტობუსის დროებითი მარშრუტები, რომლებიც 08:00 საათიდან 20:00 საათამდე იმოძრავებენ მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით.

„აღნიშნულ მარშრუტებზე მოძრავი ავტობუსები მგზავრებს მოემსახურება უფასოდ. ავტობუსები იმოძრავებენ მეტროსადგურებიდან - „მარჯანიშვილი“, „დიდუბე“, „დელისი“, „სარაჯიშვილი“, „ვარკეთილი“, ასევე, სადგურის მოედნიდან, ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან და ვარკეთილის III მასივიდან, კერძოდ, შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

 

 

 

კულტურა
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.