USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Tbilisi
კაცი, რომელმაც სტალინის მსხვერპლთა მასობრივი საფლავი იპოვა, ახლა ციხეშია
Date:  591

სანდარმოხი, რუსეთი — ის დღე ისევე დაიწყო, როგორც მრავალი სხვა მისი ბავშვობის წლებში — მწერებით სავსე ტყეში ძაღლთან ერთად ხეტიალით, სანამ ექსცენტრული მამამისი, იური დმიტრიევი, ხეებს შორის დამარხული გვამების საძიებლად იყო გაუჩინარებული.

20 წლის წინ, იმ დღეს, დმიტრიევმა — მოყვარულმა, თუმცა მიზანდასახულმა ისტორიკოსმა — საბოლოოდ მაინც იპოვა ის შემაძრწუნებელი მტკიცებულება, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ეძებდა — ნამარხი მიწაყრილები, სადაც სტალინის საიდუმლო პოლიციის მიერ დახოცილი პოლიტიკური პატიმრები განისვენებდნენ.

"ყველაფერი აქ დაიწყო", — ამბობს დმიტრიევის 35 წლის შვილი, კატერინა კლოდტი, რომელიც ცოტა ხნის წინ ეწვია სანდარმოხის ტყეს ჩრდილოეთ რუსეთში, კარელიის ყელში, — "აშკარაა, რომ მამაჩემის აღმოჩენა გარკვეულ ადამიანებს გულზე მოხვდათ".

დმიტრიევი ახლა ციხეში იმყოფება და სასამართლო პროცესს ელოდება, სადაც მას პედოფილიის იმ ბრალდებისგან მოუწევს თავის დაცვა, რომელიც მისი ოჯახის წევრების, მეგობრების და მხარდამჭერების შეფასებით, უსირცხვილოდ გაყალბებულ სამხილებს ეყრდნობა. ამგვარი ბრალდება რუსეთში ხშირად გამოიყენება იმ ადამიანების გაჩუმებისა და დისკრედიტაციისთვის, რომლებიც ხელისუფლებას არ მოსწონს.

კარელიის, ფინეთის სიახლოვდეს მდებარე დმიტრიევის მშობლიური რეგიონის, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლმა ჯერ კიდევ გასულ წელს განაცხადა, რომ დაპატიმრებული ისტორიკოსის ცხოვრებისეული მიზანი — სანდარმოხის ტყეში დამარხული სტალინის რეჟიმის მსხვერპლებისთვის პატივის მიგება — "დანაშაულის შეგრძნების უსაფუძვლო გამოვლენაა" და "უცხოური ძალების მიერ ანტირუსული პროპაგანდისთვის" გამოიყენება.

რუსეთის წარსულის უდანაშაულო ვერსიის წარმოჩენის მიზნით, გასულ ზაფხულს სამხედრო კამუფლაჟის ფორმაში გამოწყობილი რამდენიმე კაცი ამავე ტყეს ეწვია. მათ თავად წამოიწყეს გათხრითი სამუშაოები და 16 გვამის ნაშთები იპოვეს. ხელისუფლებას ამ აღმოჩენის იმის დამადასტურებლად გამოყენება სურს, რომ სანდარმოხის ტყეში მომხდარი დანაშაული, ნაწილობრივ მაინც, არა მხოლოდ საბჭოთა საიდუმლო პოლიციის, არამედ უცხოელების კისერზეცაა.

გათხრით სამუშაოებს ფინანსური მხარდაჭერა გაუწია სამხედრო ისტორიის საზოგადოებამ — ორგანიზაციამ, რომელიც ცნობილია რუსეთის ისტორიის ნაციონალისტური ვერსიის წარმოჩენით და რომელსაც, თავის მხრივ, ხელისუფლება აფინანსებს. მკვლევრები ადგილზე ეძებდნენ ისეთ მტკიცებულებას, რაც ორი კარელიელი ისტორიკოსის ერთობ სადაო თეორიას გაამყარებდა. ამ უკანასკნელთა მტკიცებით, სანდარმოხში დამარხული ათასობით ადამიანი არა მხოლოდ სტალინის რეჟიმის მსხვერპლნი არიან, არამედ — ფინური არმიის მიერ მეორე მსოფლიო ომის დროს დახოცილი საბჭოთა ჯარისკაცებიც.

მაშინ, როცა 9 მაისი — წითელი არმიის ნაცისტურ გერმანიასა და მის მოკავშირეებზე, მათ შორის ფინეთზე, გამარჯვების 75-ე წლისთავი ახლოვდება, საბჭოთა ხალხისადმი თავად რუსული ხელისუფლების მხრიდან მიყენებული ტანჯვის გახსენება კრემლში მსხდომთათვის განსაკუთრებით არასასურველია, რადგან ამ გზით ყურადღების გადატანა ხდება უცხოელ მოწინააღმდეგეებთან ომს შეწირული, უზარმაზარი მსხვერპლის ხსოვნიდან.

პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და მისი ხელისუფლება არ უარყოფს სტალინის პერიოდის საშინელებებს, თუმცაღა მიზნად ისახავს, რუსეთის მოსახლეობა დააჯეროს, რომ მათი ქვეყანა იმ მტრული გარე ძალებითაა გარშემორტყმული, რომელთაც სურთ, ყურადღება გაამახვილონ ქვეყნის წარსულის ბნელ მხარეებზე და არა — უცხოელი აგრესორების დანაშაულებრივ ქმედებებზე. მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის პანდემიამ მოსკოვის ცენტრში გასამართი პომპეზური აღლუმის გეგმები ჩაშალა, სახელმწიფო მედია უკვე თვეებია, ყოველდღიურად გადმოსცემს რუსების ტანჯვისა და გმირობის ამბებს მეორე მსოფლიო ომის დროს, რომელსაც ქვეყანაში დიდ სამამულო ომად მოიხსენიებენ.

ამასობაში, დმიტრიევი კარელიის დედაქალაქ პეტროზავოდსკში სასამართლოს მოლოდინში წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. გასული თვის მიწურულს რაიონულმა სასამართლომ, რომელმაც კორონავირუსის გამო პატიმრებთან ვიზიტები აკრძალა, ისტორიკოსის წინაპატიმრობა კიდევ სამი თვით გაახანგრძლივა.

სულ რამდენიმე დღის შემდეგ კი სანდარმოხთან მდებარე მუზეუმის კურატორი, რომელიც დმიტრიევის ნაშრომს უჭერდა მხარს და ასევე პედოფილიის ბრალდებით დააკავეს, გაურკვეველი დაავადებით გარდაიცვალა საპყრობილის საავადმყოფოში.

კლოდტის თქმით, მას ეჭვი არ ეპარება მამამისის უდანაშაულობაში, მის მრავალწლიან ძალისხმევას კი შეუპოვრობას და იმის დაჟინებულ სურვილს მიაწერს, რომ ყველა მსხვერპლს მიაგონ პატივი და არა — მხოლოდ უცხოელების მიერ დახოცილებს. იმ ხის გვერდით სკამზე მჯდომი დმიტრიევის ქალიშვილი, რომელზეც სტალინის რეპრესიების დროს მოკლული სანფრანცისკოელის მოსაგონრად ამერიკის დროშაა მიბმული, თოვლით დაფარულ თხრილზე ზიზღით გვანიშნებს — ის სამხედრო ისტორიის საზოგადოებამ ამოთხარა, რათა დაემტკიცებინა, რომ მსხვერპლები ფინელების დახოცილი რუსები იყვნენ. "

ძალიან დავიღალე ამ ცირკით", — ამბობს იგი, — "ვერ ვიგებ, რის დამტკიცებას ცდილობენ ამით".

ანატოლი რაზუმოვი აღდგენილი სახელების ცენტრის ხელმძღვანელია სანქტ-პეტერბურგში. მან დმიტრიევის თანაავტორობით შექმნა წიგნი, რომელშიც სტალინის საიდუმლო პოლიციის მიერ სანდარმოხის ტყეში ან მის სიახლოვეს მოკლული 6 ათასამდე ადამიანის სიაა წარმოდგენილი. რაზუმოვის თქმით, ფინელების მიერ ჩადენილი დანაშაულებების ძიება ნაციონალისტების პროპაგანდისტული კამპანიის ნაწილია, რომლის უკანაც რუსეთის ხელისუფლება დგას, რათა "ჰიბრიდული ისტორია" შექმნას.

ამ ყველაფრის მიზანი, როგორც რაზუმოვი ამბობს, არის რუსეთის წარსულის შესახებ ფაქტების სახეცვლა მათი ნაციონალისტურ ნარატივთან და დაუდასტურებელ ინფორმაციასთან შერევით, რათა რეალური მონაცემების დამახინჯებამ სიმართლე შეარბილოს. იგი დასძენს, რომ ფაქტების არევის მსგავსი ტაქტიკა გამოიყენება რუსეთის მიერ მოწყობილი ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული დანაშაულის — "კატინის ხოცვა-ჟლეტის" გარშემოც, როცა სტალინის საიდუმლო პოლიციამ, შსსკ-მ ანუ ეგრეთ წოდებულმა ენკავედემ, 1940 წელს 20 ათასზე მეტი პოლონელი სამხედრო ოფიცერი, სასულიერო პირი და ინტელიგენციის წარმომადგენელი დახოცა.

სამხედრო ისტორიის საზოგადოება ერთ-ერთი მოწინავე ორგანიზაცია გახლდათ, რომელმაც ამ სასტიკი ისტორიული ფაქტის გადაწერა სცადა ახლა უკვე დასაბუთებულად უკუგდებული საბჭოთა მტკიცებულებით, რომ ჰიტლერის არმიას ნაწილობრივ მაინც მიუძღოდა ბრალი კატინში ჩადენილ დანაშაულში.

64 წლის დმიტრიევი პედოფილიის ბრალდებით პირველად 2016 წლის დეკემბერში დააკავეს — მას შემდეგ მალევე, რაც სამხედრო ისტორიის საზოგადოებასთან დაახლოებულმა ისტორიკოსებმა სანდარმოხში ნაპოვნი მისი აღმოჩენების კრიტიკა დაიწყეს.

2018 წელს პეტროზავოდსკის სასამართლომ დმიტრიევს ყველა ის ბრალდება მოუხსნა, რომელიც მისი უმცროსი შვილობილის, ნატალიას, ცხრა ფოტოს უკავშირდებოდა. ბრალმდებლები ამ ფოტოებს პორნოგრაფიად მიიჩნევდნენ, თუმცა დაცვის მხარემ ექსპერტთა ჩვენებების საფუძველზე განაცხადა, რომ დმიტრიევის კომპიუტერში ნაპოვნი სურათები მხოლოდ გოგოს სამედიცინო მდგომარეობის შესაფასებლად იყო გადაღებული, რადგან ამ უკანასკნელს შვილად აყვანის დროს შიმშილით გამოწვეული სიგამხდრე და განვითარების მწვავე პრობლემები ჰქონდა.

დაუკონკრეტებელი "ახლადაღმოჩენილი გარემოებების გამო" კარელიის უზენაესმა სასამართლომ 2018 წლის გამამართლებელი განაჩენი გააუქმა და განმეორებითი სასამართლო პროცესის ჩატარების ბრძანება გასცა. როგორც დმიტრიევის ადვოკატი, მიხაილ ანუფრიევი აცხადებს, იგი იმედოვნებდა, რომ საბოლოო განაჩენს რამდენიმე კვირაში გამოიტანდნენ. ახლა კი, როცა რუსი მოსამართლეები კორონავირუსის გამო მეტწილად სახლებში არიან თვითიზოლირებულნი, იგი წუხს, რომ მისი კლიენტი განუსაზღვრელი ვადით დარჩა წინასწარი დაკავების იზოლატორში, სადაც დაინფიცირების სერიოზული რისკი არსებობს.

"ეს მთლიანი პროცესი ნამდვილი საშინელებაა", — ამბობს ნატალია პაკენტისი, ყოფილი ბალერინა პეტროზავოდსკიდან. იგი აცხადებს, რომ დმიტრიევის აღმოჩენა დაეხმარა, დიდი ხნის წინ დაკარგული ბაბუის გზა-კვალისთვის მიეგნო. როგორც აღმოჩნდა, ის 1938 წელს მოკლეს სანდარმოხში. "მილიონობით ადამიანი დახოცეს. ყოველ მათგანს ოჯახი ჰყავდა; ახლა როგორღა შეგვიძლია, თავი მოვიკატუნოთ, თითქოს არაფერი მომხდარა?"

სტალინისეულმა ენკავედემ — საიდუმლო პოლიციამ, რომლის მემკვიდრეც სუკი, იგივე კაგებე გახდა და რომელსაც პუტინი პირდაპირ სასწავლებიდან შეუერთდა — ასობით ათასი ადამიანი დახოცა. და ეს დიდ საიდუმლოებას არც მაშინ წარმოადგენდა, როცა 1990-იან წლებში დმიტრიევმა ძვლების ძიება დაიწყო: უკვე მრავალი ათწლეულია, რაც საბჭოთა საიდუმლო პოლიციის სისასტიკეები საყოველთაოდაა ცნობილი.

ამის მიუხედავად, სანამ მოყვარული ისტორიკოსი სანდარმოხში მასობრივ საფლავს აღმოაჩენდა, საბჭოთა რეჟიმის დანაშაულებათა ხორცშესხმის არცთუ ბევრი ადგილი იყო ნაპოვნი. ხოლო მათგან მრავალს, რომელთა შესახებაც ცნობილი იყო, ხელისუფლება აფარებდა ხელს და ცდილობდა, ამ ადგილთა მნიშვნელობა სამამულო ომის და საბჭოთა გმირობების ამბებით გადაეფარა. მსგავსი შემთხვევის მაგალითია ციმბირის სოფელ კოლპაშევოში არსებული მასობრივი საფლავი, რომელიც 1979 წელს აღმოაჩინეს, როცა მდინარემ ათასზე მეტი მუმიფიცირებული გვამი გამორიყა.

თუმცა, როგორც ის დასძენს, რიცხვი უკიდეგანოდ გაზვიადებულია "ეგრეთ წოდებული დემოკრატიული ძალების მიერ, რომელთაც სურთ პოლიტიზირება" ისტორიის და მეორე მსოფლიო ომის პერიოდში რუსეთის მოწინააღმდეგეების ჩადენილი დანაშაულებების გაბუნდოვანება. კილინი კი სატელეფონო ინტერვიუში "უკიდურეს ლიბერალებს" ადანაშაულებს სტალინის რეჟიმის მსხვერპლების რიცხვის მუდმივ გაზრდასა და "წარსულის გაყალბებისა და მომავლის დაბნელების" მცდელობაში.

ვერიგინი აცხადებს, რომ მოსაზრება, თითქოს სანდარმოხში ასევე არიან დამარხული ფინური ძალების მიერ დახოცილი საბჭოთა ჯარისკაცები, ენკავედეს არქივებზე დაყრდნობით შემუშავებული "უბრალო ჰიპოთეზაა" — ეს დაარქივებული მასალა ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მიერ საგანგებოდ შერჩეული მკვლევრებისათვის 2016 წელს გაიხნსა. ხოლო სამხედრო ისტორიის საზოგადოების მიერ წარმოებული გათხრები, როგორც ის დასძენს, თავისი თეორიის დამტკიცებაში დაეხმარება.

ვერიგინმა უარი თქვა, რაიმე კომენტარი გაეკეთებინა დმიტრიევისთვის წაყენებული პედოფილიის ბრალდებებზე და ეს იმით ახსნა, რომ "სასამართლოს უფლება უნდა ჰქონდეს, თავისი პროცესი დამოუკიდებლად წარმართოს".

გასულ წელს, ფინეთის მიერ დახოცილი საბჭოთა ჯარისკაცების გვამების ძიების დროს აღმოჩენილი ნაშთები ანალიზისთვის გაეგზავნა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს, რომელიც ამერიკული FBI-ის თანაფარდი ორგანოა. თუმცა შედეგები ჯერ არ გამოქვეყნებულა.

ერიგინისა და კილინის თეორიებს უარყოფს ანტი კუიალა, ჰელსინკის უნივერსიტეტის ისტორიკოსი, რომელიც ასკვნის, რომ ეს "ჰიპოთეზაც", მკვლევრის დაპატიმრებაც და სანდარმოხის ტყეში წარმოებული გათხრებიც დმიტრიევის აღმოჩენების გაქარწყლებას ისახავს მიზნად. კუიალა ფიქრობს, რომ ამგვარად ისინი "ცდილობენ, შეამცირონ სტალინის მასობრივი მკვლელობების მასშტაბი, გააღვივონ ეჭვი მემორიალის კეთილსინდისიერ მუშაობაზე და დააშინონ და გააჩუმონ ის ადამიანები, ვინც აქტიურად არიან ჩართული ამ ორგანიზაციის საქმიანობაში".

პეტროზავოდსკის სასამართლოს მიერ დმიტრიევის პროცესის დახურულ კარს მიღმა განახლების პარალელურად, დიმიტრი ცვიბელმა, დაპატიმრებული ისტორიკოსის ძველმა მეგობარმა და ქალაქის ებრაული თემის თავმჯდომარემ, სასამართლოს შენობის სიახლოვეს არსებულ სინაგოგაში კეთილისმსურველების პატარა ჯგუფის შეკრებასა და სადილს უმასპინძლა. მისი თქმით, შეკრებას ჩვეულებრივზე ნაკლები ადამიანი ესწრებოდა, რადგან კორონავირუსმა დმიტრიევის რამდენიმე მხარდამჭერი, რომელთა უმეტესობაც მოხუცია, აიძულა, სახლში დარჩენილიყო.

"ყველამ კარგად იცის, რაც აქ ხდება", — განაცხადა ცვიბელმა, — "მთელი ეს სასამართლო პროცესი აბსურდია. ამ ყველაფერს არა მხოლოდ პოლიტიკური ფონი აქვს, არამედ ეს ადამიანის პოლიტიკურად მოკვლის მცდელობაცაა".

 

წყარო: nytimes.com

analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way