USD 2.7102
EUR 3.1127
RUB 3.3361
Tbilisi
ჯოზეფ ბორელი - ვწუხვართ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო, რამაც თბილისი რუსების ევროპაში შემოყვანის ჰაბად აქცია
Date:  383

ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი არის ეროვნული მისწრაფება, რომელიც პარტიულ პოლიტიკაზე მაღლა უნდა დადგეს. ყველა ინსტიტუტმა ერთად უნდა იმუშაოს, ანუ ითანამშრომლოს. ქართველმა ლიდერებმა ეს ისტორიული შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვან, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი საკუთარ ბლოგში წერს.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საქართველოში ვიზიტს იხსენებს და აცხადებს, რომ ხალხისა და საქართველოს ხელისუფლებისთვის სამი ძირითადი გზავნილის გაზიარება სურდა.

"მსურდა, სამი ძირითადი გზავნილი გამეზიარებინა ქართველი ხალხისა და საქართველოს ხელისუფლებისთვის. პირველი: ეჭვგარეშეა, რომ საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის. საქართველოში სტუმრობისას იგრძნობთ ქართველი ხალხის ევროპულ სწრაფვას. თბილისის ქუჩებში უფრო მეტი ევროპული დროშა ვნახე, ვიდრე ევროპის დედაქალაქების უმეტესობაში. ქართველების 80%-ზე მეტს სურს, რომ მათი ქვეყანა ევროკავშირის ნაწილი გახდეს. ეს, რა თქმა უნდა, შთამბეჭდავი მაჩვენებელია და ჩვენ სრულად ვაფასებთ ამ ვალდებულებას. ჩემი ყოფნის დროს ყველა ჩემმა თანამოსაუბრემ გამოთქვა თხოვნა, რომ საქართველომ მალე მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ეს არის მოწოდება, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში გამუდმებით მოვისმინეთ ხელისუფლების, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან", - წერს ბორელი.

მისი მტკიცებით, კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭიროა საქართველომ გარკვეული მოთხოვნები შეასრულოს.

"ეს არის მოწოდება, რომელსაც არ გვინდა არ მოვუსმინოთ. თუმცა, ამ გზაზე საქართველოს მიმართ არის მკაფიო მოთხოვნები, რომლებიც ასახულია ევროკომისიის მიერ წამოყენებულ 12 პრიორიტეტში. საქართველოსთვის ევროპულ გზაზე შემდეგი ნაბიჯები მათზე მიღწეულ შედეგებზე იქნება დამოკიდებული. გასული ივნისის მდგომარეობით, საქართველომ სამი მათგანი მიიტანა. მაგრამ დანარჩენ ცხრაზე, საკმაოდ ბევრი სამუშაო რჩება შესასრულებელი. ეს ძირითადად ეხება პოლიტიკური ცხოვრების დეპოლარიზაციას, ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური ცხოვრების დეოლიგარქიზაციას, მართლმსაჯულების რეფორმას, საარჩევნო რეფორმას, მედიის პლურალიზმს და ადამიანის უფლებებს. ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი არის ეროვნული მისწრაფება, რომელიც პარტიულ პოლიტიკაზე მაღლა უნდა დადგეს. ყველა ინსტიტუტმა ერთად უნდა იმუშაოს, ანუ ითანამშრომლოს. ქართველმა ლიდერებმა ეს ისტორიული შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვან", - წერს ბორელი.

მისი განმარტებით, საქართველოს ევროპულ გზაზე ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ძლიერი პოლიტიკური პოლარიზაციაა და იმისათვის, რომ საქართველომ ევროპულ გზაზე სწრაფად სვლა შეძლოს, ქვეყნის ყველა ინსტიტუტმა ერთად უნდა იმუშაოს.

"საქართველოს ევროპულ გზაზე ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მართლაც ძლიერი პოლიტიკური პოლარიზაციაა. იმისათვის, რომ ქვეყანა გახდეს ევროკავშირის კანდიდატი, ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა ითანამშრომლოს კონსტრუქციულად. მთავრობამ და ხელისუფლებაში მყოფმა პარტიამ უნდა იმუშაონ ისეთი გარემოს შექმნაზე, რომელიც შესაძლებელს გახდის ამ თანამშრომლობას. პრეზიდენტ ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებამ კიდევ უფრო გაზარდა ეს კონტრპროდუქტიული პოლარიზაცია. იმისათვის, რომ საქართველომ ევროპულ გზაზე სწრაფად სვლა შეძლოს, ქვეყნის ყველა ინსტიტუტმა ერთად უნდა იმუშაოს, ანუ ითანამშრომლოს. ქართველმა ლიდერებმა არ უნდა გაუშვან ხელიდან ეს ისტორიული შანსი", - წერს ბორელი.

მისი თქმით, მეორე გზავნილი ეხებოდა რუსეთის აგრესიულ ომს და ამ კუთხით, მიესალმება ევროკავშირსა და საქართველოს შორის მჭიდრო თანამშრომლობას სანქციების გვერდის ავლის პრევენციის საკითხში.

"ჩემი მეორე გზავნილი ეხებოდა რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ. ევროკავშირი მხარს უჭერს უკრაინას და ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. ევროკავშირი მიესალმება საქართველოს მკაფიო პოზიციას საერთაშორისო ფორუმებზე. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ძალისხმევის კოორდინაციას ჩვენს უახლოეს პარტნიორებთან რუსეთის საერთაშორისო იზოლაციისთვის. ამიტომ, მივესალმები საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობას სანქციების გვერდის ავლის პრევენციის საკითხში. ამ მხრივ საქართველოში ბევრი რამ გაკეთდა და მე გამოვხატე ჩვენი მკაფიო აღიარება ამ ძალისხმევისთვის", - წერს ბორელი.

ამასთან, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ხაზი გაისვა, რომ სწუხს საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო.

"უნდა ვთქვა, რომ ვწუხვართ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო, რამაც თბილისი რუსების ევროპაში შემოყვანის ჰაბად აქცია. ასევე საჭიროა მეტი ჩართულობა რუსეთის ჰიბრიდულ აქტივობებთან დასაპირისპირებლად, დაწყებული რუსეთის პროპაგანდისა და დეზინფორმაციის ომით. ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოში დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას, რათა ხელი შეუწყოს ინფორმაციის მანიპულირებისადმი მდგრადობის გაზრდას. დამოუკიდებელი მედია და ინფორმაციის სამართლიანი ხელმისაწვდომობა დემოკრატიის საფუძველია", - აღნიშნა ბორელმა.

მან საქართველოს საგარეო პოლიტიკის ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან შესაბამისობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

"ჩვენს საგარეო პოლიტიკასთან შესაბამისობა არის ვალდებულება, რომელსაც ჩვენ ველით ყველა ქვეყნიდან, რომლებიც მიისწრაფვიან გახდნენ ევროკავშირის წევრები. ეს შესაბამისობა ასევე არის ვალდებულება, რომელიც თავად საქართველომ 2014 წელს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აიღო. თუმცა, ამ კუთხით, ახლა გაუმჯობესების საკმაოდ დიდ სივრცეს ვხედავ", - წერს ბორელი.

მისი თქმით, ევროკავშირის ვალდებულება, მხარი დაუჭიროს საქართველოს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ფონზე კიდევ უფრო გაძლიერდა.

"ჩემი მესამე გზავნილი ეხებოდა ჩვენს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. 2008 წლიდან საქართველო პუტინის ნეოიმპერიალისტური მსოფლმხედველობის მსხვერპლია. ჩვენი დიდი ხნის ვალდებულება, ვიყოთ საქართველოს გვერდით, დღეს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ფონზე, ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს. დასასრულს, ვფიქრობ, რომ ჩემი მთავარი გზავნილი საქართველოს ლიდერებისა და მოქალაქეებისთვის მკაფიოა: საქართველოს შეუძლია ევროკავშირის იმედი ჰქონდეს და ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ღიაა. გვინდა, საქართველო ევროპულ გზაზე წარმატებული ვიხილოთ და ვიმედოვნებთ, ქართველი ლიდერები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ხელიდან არ გაუშვან ეს დიდი შესაძლებლობა", - წერს ბორელი.

https://www.eeas.europa.eu/eeas/eu-wants-see-georgia-succeeding-its-european-path_en

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way