USD 2.6802
EUR 2.8555
RUB 2.8670
თბილისი
ჯო ბაიდენის გამარჯვება- რა ცვლილებებს უქადის მსოფლიოს ამერიკის ახალი პრეზიდენტის მმართველობა?!
თარიღი:  907

ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ცნობილია და თანაბარი ბრძოლის შემდეგ მრგვალ კაბინეტს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დაიკავებს.  რა თქმა უნდა, პრეზიდენტის ცვლილებასთან ერთად აშშ-ს  საგარეო პოლიტიკაც საგრძნობლად შეიცვლება. „ბაიდენის გაპრეზიდენტება ნიშნავს, რომ უარყოფილი იქნება ტრამპის მიდგომა „ჩვენთან ან ჩვენს გარეშე“  და პრიორიტეტი დიპლომატიური ურთიერთობების გაღრმავებასა და მოკავშირე და ნეიტრალურ ქვეყნებთან ინტენსიურ დიალოგს მიენიჭება.“ - აცხადებს საინფორმაციო პორტალ „ატლანტიკ ქონსილის“ რედაქტორი ადრიან არხტი.

და მაინც, რა არის ის ფუნდამენტალური ცვლილებები, რასაც ბაიდენის ახალი ადმინისტრაციისგან უნდა ველოდოთ?

ევრაზია

ბაიდენის გამარჯვებას, ცხადია, რუსეთში სიხარულით არ შეხვედრიან. სამაგიეროდ თბილისისა და კიევისათვის  მისი გაპრეზიდენტება საკეთილდღეო ცვლილებებს მოასწავებს. ბაიდენს მკაფიოდ ტრანსატლანტიკური ხედვა აქვს, რაც თავისთავად გულისხმობს, რომ ნატოს გასაძლიერებლად დიდ რესურსებს ჩადებს და ურთიერთობებს ევროპის წამყვან თუ განვითარებად ქვეყნებს შორის საგრძნობლად დაათბობს. ეს მოსკოვისა და ბეიჯინგის მხრიდან მომავალი რევიზიონისტული გამოწვევების წინააღმდეგ გადადგმული აუცილებელი ნაბიჯი იქნება.

ბაიდენი, რომელიც ობამას პრეზიდენტობისას სპეციალური წარმომადგენელი იყო უკრაინის საკითხებში, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს და ღიად განაცხადა, რომ ვაშინგტონი კიევს რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტების წინააღმდეგ ბრძოლაში ლეტალურ იარაღს გადასცემს.

უშუალოდ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ბაიდენს ჯერ არ უსაუბრია, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ იგი რუსეთს ოპონენტსა და აშშ-ს უსაფრთხოების მუქარას უწოდებს, მისი პოზიცია ამ საკითხზე საკმაოდ აშკარაა.

ევროპა

შეიძლება თამამად ითქვას, რომ ევროპის წამყვანი ქვეყნები არჩევნებში ბაიდენს გულშემატკივრობდნენ, რადგან იგი  იდეოლოგიურად მათი მოკავშირე და ტრამპისგან განსხვავებით ევროპასთან მაქსიმალურად მჭიდრო თანამშრომლობის მომხრეა.

ძლიერი ევროპა ამერიკის საუკეთესო აქტივია გლობალური პრობლემების გადასაჭრელად. მათი მხარდაჭერა ბაიდენს, პირველ რიგში,   ჩინეთთან ურთიერთობის მოგვარებაში, პანდემიის შემდგომ მსოფლიო ეკონომიკის დასტაბულერებასა და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში დასჭირდება.  

ბაიდენი თანამეგობრობის განმტკიცებას პირველ რიგში გერმანიის კანცლერ - ანგელა მერკელთან დაიწყებს. გერმანიისა და აშშ-ს დიპლომატიური ურთიერთობები მკვეთრად დაზარალდა მას შემდეგ, რაც ტრამპმა კონგრესის თანხმობით გერმანულ პროექტ ნორდ სტრიმ 2-ს განხორციელებაში ხელი შეუშალა.

ნატო და ევროკავშირი

ბაიდენი აპირებს გააძლიეროს ტრანსატლანტიკური კავშირები, რაც, მისი თქმით, ტრამპმა შეასუსტა ევროკავშირის და ნატოს გამუდმებული კრიტიკით, ევროპულ საქონელზე ტარიფების შეცვლით და საერთაშორისო შეთანხმებებიდან გასვლით. ტრამპისგან განსხვავებით, რომელმაც 2016 წელს ნატოს „დრომოჭმული“ უწოდა, ბაიდენისთვის ის  „თანამედროვე ისტორიაში ყველაზე ეფექტიანი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსია“ და  მიიჩნევს, რომ ნატო კვლავაც ძლიერი უნდა იყოს, რათა სათანადო რეაგირება მოახდინოს რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეებზე.

„რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ჩვენ  ალიანსის ძლიერი სამხედრო შესაძლებლობები უნდა შევინარჩუნოთ და ამავე დროს მისი მოქმედების არეალი გავაფართოოთ.  ამით  წინ აღვუდგებით ისეთ საფრთხეებს, როგორიცაა - კორუფცია, დეზინფორმაცია და კიბერქურდობა“, ვკითხულობთ  ბაიდენის ინტერვიუში, რომელიც  ჟურნალ Foreign Affairs-ში  დაიბეჭდა.

 

რუსეთი

„ტრამპისგან განსხვავებით, მე დავიცავ ჩვენს დემოკრატიულ ღირებულებებს და წინ აღვუდგები პუტინის მსგავს ავტოკრატებს“ - ეს სტატუსი ბაიდენმა სოციალურ ქსელ ტვიტერში აგვისტოში გამოაქვეყნა.

დონალდ ტრამპის  რუსეთის მიმართ „თავზე ხელის გადასმის“ პოლიტიკა ნამდვილად შეიცვლება, თუმცა რა თქმა უნდა, ამავდროულად მათთან დიპლომატიური ურთიერთობების ფარგლებში მოლაპარაკებებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა - განიარაღება/შეირაღების სფერო, აუცილებლად გააგრძელებს. ბირთვული არსენალების შესახებ არსებულ ერთადერთ შეთანხმებას ვადა თებერვალში ეწურება, მისი გახანგრძლივება კი პუტინის ინტერესებშიც შედის.

პრეზიდენტი ასევე მხარს უჭერს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის შეჩერებას. ეს პროექტი კი  რუსეთის გაზის პირდაპირ გერმანიაში ტრანსპორტირებას ბალტიის ზღვის ფსკერზე გამავალი მილსადენით ითვალისწინებს. გაზსადენის ოპონენტების თქმით, პროექტი უკრაინას  რუსული გაზის დასავლეთისკენ ტრანზიტის საშუალებას წაართმევს  და  რუსულ ენერგომატარებლებზე ევროპის დამოკიდებულებას გაზრდის.

შუა და ახლო აღმოსავლეთი

შუა აღმოსავლეთთან მიმართებაში ბაიდენის პირველი ნაბიჯების წინასწარმეტყველება მისი ამ რეგიონის მიმართ მკაფიო შეხედულებებიდან გამომდინარე საკმაოდ მარტივია. ჯო ბაიდენი წარუმატებლად მიიჩნევდა ტრამპის ადმინისტრაციის „ მაქსიმალური წნეხის“ პოლიტიკას. იგი პირველ რიგში ობამას პრეზიდენტობის დროს მიღწეულ ირანის ბირთვულ შეთანხმებას განაახლებს, რომლის ლობისტიც თავად იყო. მართალია, ბაიდენის პოლიტიკასაც აქვს დიდი პრობლემა. არის საშიშროება იმისა, რომ ირანი, სანქციების შერბილებით და ახალი, მრავალმილიარდიანი შემოსავლების მიღებით, ისევ გააგრძელებს რეგიონში ექსტრემისტული ორგანიზაციების და დაჯგუფებების პოლიტიკურ მხარდაჭერას, რის დასრულებასაც ტრამპი აქტიურად ცდილობდა.

რაც შეეხება ახლო აღმოსავლეთს, სავარაუდოდ ახალი ადმინისტრაციის დამოკიდებულება ძალიან არ შეიცვლება. ბაიდენმა ღიად განაცხადა, რომ მიესალმება და პატივს სცემს ტრამპის პრეზიდენტობის დროს მიღწეულ შეთანხმებას ისრაელსა და  არაბთა გაერთიანებულ საემიროებს შორის.  ერთადერთი  კითხვის ნიშანი ისრაელი პალესტინას შორის დაძაბული ურთიერთობების მოგვარებასთან დაკავშირებით დგას.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ერაყიდან, ავღანეთიდან და სირიიდან ამერიკული ჯარების გაყვანის მიმართულებით არსებული ხაზი შენარჩუნდება. ბაიდენისთვის გამოწვევა იქნება   საუდის არაბეთის  მემკვიდრესთან  ურთიერთობების ჩამოყალიბება, რომელთანაც    ტრამპს საკმაოდ ნორმალული დამოკიდებულება ჰქონდა.

ჩინეთი

ჩინეთ- ამერიკის ურთიერთობებზე  მთელი მსოფლიოს ეკონომიკა გარკვეულწილად დამოკიდებულია. ხისტი ენა, რომელსაც ტრამპი აქტიურად იყენებდა ჩინეთის მიმართ სავარაუდოდ შეიცვლება. ურთიერთობები კი გიგანტ სახელმწიფოებს შორის მას შემდეგ, რაც ტრამპი ღიად ადანაშაულებდა ჩინეთს კორონა ვირუსის გამგებ გავრცელებაში, განსაკუთრებით დაძაბულია. ბაიდენი ჩინეთთან მიმართებაში დიპლომატიურ ძალისხმევას არ დაიშურებს, თუმცა აუცილებლად ეცდება მის ჩარჩოებში მოქცევას და საკუთარი თამაშის წესების შეთავაზებას.  

რაც შეეხება საბოლოო შეჯამებას, ამერიკის 46-ე პრეზიდენტი უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას, ამაში კი პანდემიის როლი უდიდესია. მან ერთდროულად უნდა მოახერხოს ქვეყანამ კრიზისის პირობებში ეკონომიკა და ჯანდაცვა შეინარჩუნოს და ამავდროულად  საგარეო კონფლიქტები და პრობლემები ეფექტურად გადაჭრას.

 

მასალა მომზადებულია Washington Post-ის სტატიების მიხედვით

 

 

 

 

 

კულტურა
პარიზის წიგნის ფესტივალზე საქართველოს მწერალთა სახლი ეროვნული სტენდით პირველად არის წარმოდგენილი
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით 12-14 აპრილს საქართველოს მწერალთა სახლი 2024 წლის პარიზის წიგნის ფესტივალზე ეროვნული სტენდით პირველად მონაწილეობს.
Grand Palais Éphémère–ში ფესტივალისა და საქართველოს ეროვნული სტენდის გახსნას მწერალთა სახლის დირექტორი ქეთევან დუმბაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილი და ლიტერატურული სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს ეროვნული სტენდის პრეზენტაცია გაიმართა ღონისძიებით - „ჰაგიოგრაფიიდან პოსტმოდერნიზმამდე“. მწერალთა სახლის სტენდის სტუმრებს, ქართული მწერლობის გაცნობასთან ერთად, საინტერესო კალიგრაფიულ აქტივობაში ჩართვის შესაძლებლობა ჰქონდათ. კალიგრაფმა გიორგი სისაურმა მათ ქართული ანბანით დაუწერა სასურველი სიტყვები, გამონათქვამები, ფრაზები, სახელები და ა. შ. ასევე გაიმართა ღონისძიება, სახელწოდებით, „თექვსმეტსაუკუნოვანი უწყვეტი ლიტერატურული პროცესი“, რომელიც განიხილავს ქართულ ლიტერატურას, ქართულ-ფრანგულ ლიტერატურულ ურთიერთობებსა და ქართული და ევროპული ლიტერატურის კავშირს.
პირველ საფესტივალო დღეს გამართულ პანელ-დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილმა და ფრანგული ფილოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რომანული ფილოლოგიის ფაკულტეტის ხელმძღვანელმა ბელა ხაბეიშვილმა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ უცხოელი გამომცემლები, ლიტერატურული აგენტები, მედიის წარმომადგენლები და ქართული სათვისტომოს საპატიო წევრები.
ფესტივალის მსვლელობისას ქართულ სტენდზე დაგეგმილია არაერთი აქტივობა და საქმიანი შეხვედრა - PUBLISHERS MATCHMAKING. შეხვედრის მონაწილეები იქნებიან საქართველოს მწერალთა სახლი, ქართული გამომცემლობები: „სეზან ფაბლიშინგი“, „მედუზა,“ „ბაკმი“ და მთარგმნელები - მაია ვარსიმაშვილი და მაია გიორხელიძე. შეხვედრაზე განიხილავენ ქართული ლიტერატურის კატალოგს. მთარგმნელი დალი იაშვილი წარადგენს მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობას - „ლამბალო და ყაშა“ და მოთხრობების კრებულს. მთავარ სცენაზე გაიმართება წიგნის - „მზე, მთვარე და პურის ყანა“ წარდგენა. წიგნს წარადგენენ ავტორი - მწერალი და კინორეჟისორი თემურ ბაბლუანი და ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენელი ევროპაში სოფიო ბაბლუანი. ქართველ გამომცემლებთან ერთად საქართველოს სტენდთან იქნებიან ფრანგული გამომცემლობები: LE CHERCHE MIDI, GINGKO, EDITIONS DES CARNETS DU DESSERT DE LUNE, MEDUZA, და იტალიური გამომცემლობა MODERN TIMES, რომლებიც წარმოადგენენ ფრანგულად თარგმნილ კლასიკურ და თანამედროვე ქართულ პროზასა და პოეზიას.
საქართველოს ეროვნულ სტენდზე წარმოდგენილი იქნება ბუკლეტი ქართველი ავტორების 50-ამდე ნამუშევრის სინოპსისითა და ამონაბეჭდებით ისეთი ცნობილი ნაწარმოებებიდან, როგორიც არის „შუშანიკის წამება“, „ვეფხისტყაოსანი“ და სხვა.
აღსანიშნავია, რომ პარიზის წიგნის ბაზრობა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენაა, რომელიც ყოველწლიურად გაზაფხულზე იმართება და მასში მონაწილეობას 1 200 გამომცემელი და 2 000 ავტორი იღებს. საქართველოს წელს პირველად მიეცა საშუალება, საკუთარი სტენდით ჩაერთოს საფესტივალო აქტივობებში.
ფესტივალში ეროვნული სტენდით მონაწილეობა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
საფესტივალო აქტივობები მწერალთა სახლს, ქართველ მწერლებსა თუ გამომცემლებს დაეხმარება ლიტერატურული ურთიერთობების წარმართვაში, ქართული მწერლობის პოპულარიზაციაში, ახალი კონტაქტების მოძიებასა და მთარგმნელობითი საქმიანობის ხელშეწყობაში.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.