თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორის, იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, თუ ქვეყანაში ვაქცინაცია არსებული ტემპით გაგრძელდება, მოსახლეობის 60 %-ის ვაქცინაციას, რაც საქართველოს მთავრობას წლის ბოლომდე ჰქონდა ნავარაუდევი, 3 წელი დასჭირდება.
როგორც მან მედია ვებინარზე განაცხადა, ის იმედოვნებს, რომ ვაქცინაციის არსებული ტემპი შეიცვლება.
„ჯამში აცრილი უნდა ყოფილიყო მილიონ 700 ათასი ადამიანი, მოზრდილი მოსახლეობის 60%, რაც არის გადანაწილებული პრიორიტეტული ჯგუფების მიხედვით. ასაცრელი კონტიგენტი 41 ათასი იყო და დღისათვის, თუ არ ვცდები, მხოლოდ 9 ათასია აცრილი. ამ მდგომარეობის გამოსწორების ძალიან დიდი იმედი მაქვს. შესაბამისად, თუ ამ ტემპით გაგრძელდა, რა თქმა უნდა, ვერავითარ შემთხვევაში ვერ ავცრით მილიონ 600 ათას ადამიანს, წარმოუდგენელია, ამისთვის 3 წელი დაგვჭირდება. დღევანდელი შეხვედრის მთავარი მიზანია ინფორმაცია გავრცელდეს, სხვა გამოსავალი ჩვენ არ გვაქვს“, - აცხადებს ჩხაიძე.