USD 2.8138
EUR 2.9292
RUB 2.5838
Tbilisi
იური მეჩითოვი: მამაჩემი თბილისში ცნობილი და აღიარებული მექუდე იყო, ბრეჟნევისთვის 15 ერთნაირი ქუდი შეაკერინეს
Date:  2037

ფოტოგრაფ იური მეჩითოვს ქართულ ფოტოხელოვნებაში გამორჩეული ადგილი  დამსახურებულად  ერგო  - გარდა იმისა, რომ საქართველოში  პოლიტიკური  მოვლენების ამსახველი ფოტოების ავტორის ანგარიშზე, რამდენიმე ათეული პერსონალური და ჯგუფური გამოფენაა,  მის სახელთან არის დაკავშირებული არაერთი ნოვაცია ქართულ ფოტოგრაფიაში და ასევე, ყველაზე პოპულარული ფოტო „გოგონა  დროშით“,  რომელიც  ჩვენი უახლესი წარსულის ბრძოლის და 9 აპრილის სურათ-ხატად იქცა. 

იმ დროს როდესაც ქართულ ფოტოგრაფიაში ბევრი არაფერი ხდებოდა იური მეჩითოვმა თანამოაზრეებთან ერთად ჩამოაყალიბა ფოტოჯგუფი „თვალსაზრი“,  რომელმაც ფოტოგრაფიის პოპულარიზაციასა და განვითარებაში დიდი როლი შეასრულა.    

მრავალი წელია იური მეჩითოვი  ეწევა პედაგოგიურ საქმიანობასაც,  ახალი თაობის არა ერთი ცნობილი ფოტოგრაფი აზიარა მან ფოტოხელოვნებას - საქმეს, რომელშიც  პროფესიით სამთო ინჟინერმა ცხოვრების მრავალი წელი გაატარა.

 - ბატონო იური, როგორ მოხვდით პროფესიით სამთო ინჟინერი ფოტოგრაფიაში?

- ფოტოგრაფიით გატაცებული ვიყავი 8 წლიდან. 11 წლის ვიყავი, როდესაც ანა  ბებიამ საკუთარი  პენსიით, 13 მანეთად, მიყიდა ფოტოაპარატი „სმენა.“ მე მაქვს ბებიას  უნიკალური ფოტო, ჩემი გადაღებული, რომელიც ნებისმიერ ალბომს დაამშვენებს. თავიდან  ვიღებდი ოჯახის წევრებს, ჩემს პატარა ძმას, მეზობლებს, მეგობრებს. იმ პერიოდიდან კარგად მახსოვს ერთი შემთხვევა - 12 წლის ვიყავი, მოვდივარ ვარანცოვზე  და ვხედავ, რომ ნასვამი ქალი ცეკვავს. აპარატი თან მქონდა, შევეცადე, ამ  ქალის გადაღება. უცებ მომიახლოვდა უცხო კაცი, სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენელი იქნებოდა და მითხრა: ამისი გადაღება არ შეიძლებაო. ეს იყო ჩემი პირველი შეხება ცენზურასთან და გაგებასთან, რომ საბჭოთა ადამიანი არ უნდა ყოფილიყო მთვრალი და არ უნდა ეცეკვა ვარანცოვის მოედანზე (იცინის) 

ჩემს მოზარდობას დაემთხვა პერიოდი, როდესაც ძალიან ბევრი ადამიანი ინტერესდებოდა ტექნიკით, აპარატურით, რომელიც იმ დროს გამოჩნდა. შეიძლება  თანამედროვე ადამიანისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის აღარაა, მაგრამ 1961 წელს, როდესც იური გაგარინი კოსმოსში გაფრინდა, ეს იყო საყოველთაო ზეიმი მთელი კაცობრიობისთვის, რასაც მოჰყვა ინტერესი ტექნიკური პროგრესის მიმართ.  მე ძალიან ჩხირკედელა ბავშვი ვიყავი, მიყვარდაკონსტრუქტორები, ალბათ ამიტომაც ავტომატიკა -ტელემექანიკის ფაკულტეტზე მინდოდა ჩაბარება. ეს მაშინ ისეთი მოდური პროფესია იყო, როგორც ახლა მარკეტინგი და მენეჯმენტია. მისაღებ გამოცდებში დამაკლდა ქულები, ეს ფაკულტეტი რეზინის ხომ არ იყო, რომ  ყველა მოვხვედრილიყავით, ამიტომ  ძალიან ბევრი ქულადაკლებული  ჩავირიცხეთ  სამთო ფაკულტეტზე.   2 წელიწადში დავქორწინდი  და საუბარი იმაზე, რომ კვლავ გადავსულიყავი ავტომატიკა - ტელემექანიკის ფაკულტეტზე და ერთი წელი დამეკარგა,  როგორც დღეს ამბობენ, რელევანტური აღარ იყო. მე  არ მომწონდა სამთო ინჟინრობა, ეს არ იყო ჩემი გატაცება, მაგრამ უკვე ოჯახი მქონდა,   სამსახურზე უნდა მეფიქრა, ამიტომაც ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში მე მივდიოდი  სამუშაოდ  დონბასის შახტებში.  ეს იყო კარგად ანაზღაურებადი სასწავლო  პრაქტიკა, რამაც  დიდი გამოცდილება მომცა და ბევრი რამ მასწავლა. ვმუშაობდი 2000 მეტრის სიღრმეზე, რაც იყო ძალიან რთული და საფრთხის შემცველი. ხელფასს რასაც ვიღებდი, ძირითადად ვხარჯავდი უნიკალურ წიგნებში, რომელიც მაშინ  ჩვენთან არ იშოვებოდა. შრომა დონბასის შახტებში იყო ძალიან მძიმე და  სასტიკი, ყოველდღე ადამიანის დაღუპვის ამბავს ვიგებდით. მთელი ჩემი ცხოვრება შრომაში მაქვს გატარებული, მაგრამ არც ერთი ჩემი სამუშაო არ ყოფილა  დაკავშირებული ისეთ სირთულესთან, რაც გავიარე დონბასში.

როდესაც სწავლა დავასრულე, მუშაობა დავიწყე „გრუზგიპროშახტში“, რომელიც საკავშირო მნიშვნელობის დაწესებულება იყო. ეს იყო მოსაწყენი სამუშაო ჩემთვის,  შეუძლებელი იყო მთელი დღე ერთ ოთახში ჯდომა და მუშაობა. ეს ისე  მაწუხებდა, ფილმიც  კი გადავიღე, რომელსაც დავარქვი  „ცხრიდან ექვსამდე“. მე ძალიან აქტიური ხასიათის ადამიანს ამ სამსახურში გაძლება  იმდენად მიჭირდა, ზამთარში კოსტუმს და პალტოს სამუშაო ოთახში ვტოვებდი და პერანგით გამოვდიოდი გარეთ, რომ  დრო გამეყვანა და თუ ვინმე მომიკითხავდა, იქ ვგონებოდი. ამ დროს მე რუსთაველზე დავდიოდი (იცინის) ასე ვიმუშავე სამი წელი, პირნათლად აღვასრულე ვალი სახელმწიფოს წინაშე იმ თანხისთვის, რაც ჩემს სწავლაზე დაიხარჯა. ხელფასი მქონდა ხელზე 92 მანეთი და 1200 მანეთის ღირებულების პროდუქციას ვქმნიდი. ასეთი საშინელი ექსპლოატაცია იყო (იცინის)   

 - რატომ არ მიატოვეთ თქვენთვის ასეთი უინტერესო სამსახური, მით უმეტეს, რომ შრომითი  ექსპლოატაციის „მსხვერპლი“ იყავით?     

- მაშინ ყველა ასე იყო (იცინის)  სამი წელი გავძელი და გამოვიქეცი. მივხვდი, რომ  არც ხელფასს მიმატებდნენ, არც პირობებს ცვლიდნენ, მე კი  ორი შვილი მყავდა სარჩენი. გადავედი  სხვა დაწესებულებაში, სადაც უკვე 120 მანეთი მქონდა ხელფასი, მაგრამ დამპირდნენ, რომ ხელფასი გამეზრდებოდა. ის დრო იყო,  ჯერ კიდევ არ ვიშლიდი ინჟინრობას. 6 თვე ვიმუშავე და როცა მივხვდი, რომ არც ისინი იყვნენ ხელფასის მომმატებლები, დავანებე თავი ინჟინრობას და გადავედი მეთოდისტად მოყვარულთა კინოლაბორატორიაში, რომელიც პროფკავშირებთან არსებობდა. უკვე მე თვითონაც ვიღებდი და სხვასაც ვასწავლიდი გადაღებას. ეს იყო ცოცხალი სამუშაო, ფილმებიც გადავიღე, ვიღებდი მონაწილეობას ფესტივალებში,  კონკურესებში. ამ გადაწყვეტილებით ძალიან ვაწყენინე მამას, რომელსაც ძალიან უნდოდა რომ ინჟინერი ვყოფილიყავი. როდესაც მას ვუთხარი, ვანებებ თავს ინჟინრობას, მას ისე ეწყინა, ერთი თვე არ მელაპარაკებოდა. მამამ  რადგან თვითონ ვერ მიიღო უმაღლესი განათლება, ეს დიდ ხინჯად ჰქონდა და ძალიან უნდოდა შვილი ჰყოლოდა დიპლომიანი (იცინის)  წლების შემდეგ, როდესაც მამა მოვიდა ჩემს გამოფენაზე, რომელიც  „მერანში“ მოვაწყვეთ, ძალიან  გაუხარდა, როდესაც ბევრი დამთვალიერებელი დაინახა. ამაყობდა ჩემით. ის ჩემი დიდი გულშემატკივარი გახდა, არც ერთ  ჩემს გამოფენას არ აცდენდა. იმ პერიოდში უკვე ბევრი სამუშაო მქონდა, ვაფორმებდი მუზეუმებს, ვბეჭდავდი დიდ  სურათებს, რაც ყველას არ შეეძლო. მთელი ამ წლების განმავლობაში იყო სხვა საქმეებიც, მათ შორის ვიღებდი  ქორწილებს, რაც მსოფლიო ფოტოგრაფიაში ცალკე სპეციალობაა და ხეირიანი  საქმეა, რაზეც არც ახლა ვამბობ უარს, მიუხედავად ჩემი 74  წლის ასაკისა  (იცინის) 

 -მამა ახსენეთ, მამათქვენი მიხეილ მეჩითოვი ცნობილი მექუდე იყო, როგორც ვიცი, ამასთან დაკავშირებით, ბევრი საინტერესო ისტორია არსებობს.

- მამა ძალიან წარმატებული ხელოსანი იყო, მთელ ქალაქში დაფასებული და სახელგანთქმული. საოცარ ქუდებს კერავდა, თავის თავს უწოდებდა სამკერვალო საქმეების „დოტურს“ და პროფესორს. მამას  სულ ჰქონდა ურთიერთობები ადამიანებთან, რაც  მეც ვფიქრობ, რომ მისგან გამომყვა.  მას ჰქონდა კარგი იუმორი, რაც თავის საქმეში, ურთიერთობებშიც კარგად ადგებოდა. მამამდე თბილისში იყო  ებრაელი იოსები, რომელსაც  სავარაუდოდ ლესელიძის ქუჩაზე ჰქონდა სახელოსნო. მისი გარდაცვალების შემდეგ  მამა გახდა ქუდების  პირველი ოსტატი, მისი სახელი გახმაურებული იყო მთელ თბილისში. 1981 წელს, როდესაც  ბრეჟნევი თბილისში ჩამოვიდა, გასაბჭოების 60 წლისთავის მოსალოცად, მის ჩამოსვლამდე ორი კვირით ადრე  მამასთან ცეკადან მივიდნენ ოფიციალური პირები და შეუკვეთეს 15 ერთნაირი  ქუდი, რომელთაც სხვადასხვა ზომები უნდა ჰქონოდა 53  სმ-დან 67 სმ-მდე. წინასწარ ხომ არ იცოდნენ, ბრეჟნევს რომელი მოერგებოდა, ამიტომაც შეუკვეთეს 15  ქუდი. მამას შეკერილი ქუდი ჰქონდა სერგო ფარაჯანოვს, ივ სენ ლორანს. 1988 წელს სერგო ფარაჯანოვმა წაუღო მამის შეკერილი ქუდი ივ სენ ლორანს პარიზში. ჩვენს ოჯახში ინახება ამასთან დაკავშირებით ფარაჯანოვის მიერ მოსკოვიდან  გამოგზავნილი დეპეშა: გილოცავ შემოქმედებით წარმატებას, ივ სენ ლორანი, მსოფლიოში სახელგანთქმული მოდელიერი, პარიზში შენი ქუდით და ხელოვნებით აღფრთოვანებული. 

მამა დიდ ატელიეში მუშაობდა, მასთან მეც მივდიოდი ხოლმე. იმ დროს თბილისში ადამიანებს მართლაც სხვანაირი ურთიერთობა ჰქონდათ. ატელიე, საპარიკმახერო და მსგავსი დაწესებულებები ხომ ასეთ კავშირებს სხვანაირად ასახავს. ადამიანური ურთიერთობები, ჩემი აზრით გეოგრაფიასაც უკავშირდება. ადრე თბილისი სხვანაირი ქალაქი იყო, ყველა ერთმანეთთან მიდი-მოდიოდა, სკაიპით და ტელეფონით ურთიერთობა ის ხომ არ არის, რაც შეხვედრას, თვალებში ჩახედვას, ჭიქა ღვინის მიჭახუნებას და ემოციების გაზიარებას  ახლავს. ახლა ეს ყველაფერი გართულებულია. სადმე რომ მიდიხარ, ორი  საათი საცობში უნდა გაატარო და ორი საათი  მანქანის გასაჩერებელი ადგილი ეძებო.  ადამიანებიც შეიცვალნენ. ადრე გაჭირვება იყო თუ არა, მაინც  სხვანაირად ცხოვრობდა ხალხი, ახლა ადამიანი არ არის ბანკის ვალი  არ ჰქონდეს, ამიტომაც ადამიანი  ბევრს შრომობს, წვალობს, დარდობს, რომ ვალი გადაიხადოს და არაფრისთვის არ სცალია. ადრე ასე არ იყო, არ ჰქონდათ ამდენი საფიქრალი, სტრესი, რაც ბუნებრივად  ურთიერთოებებზეც, ადამიანებზეც  აისახება. თბილისში  აღარ არის ის სილაღე და თავისუფლება, რაც ადრე იყო. მე ვარანცოვზე, თბილისურ ეზოში  დავიბადე და გავიზარდე, თბილისური ეზო, რომელსაც იტალიური ეზო დაარქვეს, ცალკე ფენომენია. არავითარი იტალიური, ეს წმინდა წყლის თბილისური ეზოა, სადაც მაშინ ყველა ერთად ცხოვრობდა: ქართველი,  სომეხი, იეზიდი, ქურთი. ასეთ ეზოებში მეზობლობაც განსაკუთრებული იყო, ვიღაც ხახვს თხოვდა მეორე მეზობელს, ვიღაც - ნიორს ან  შაქარს. მართალია ასეთ ეზოში პრივატულობაზე ლაპარაკი ზედმეტი იყო, მაგრამ გაგება და ურთიერთობა მართლაც იყო განსხვავებული.   

- ეს ალბათ ფოტოგრაფის თვალისთვის, უფრო იოლი შესამჩნევია,  როგორ შეიცვალა ფოტოგრაფია წლებთან ერთად?

- მე უფრო ადამიანების გადაღება მიყვარს. მაშინაც ვიღებდი ადამიანებს, რადგან ჩემი აზრით ადამიანი ფოტოგრაფისთვის ყველაზე საინტერესო ობიექტია ამ ქვეყნად, ვიდრე პეიჟაზი ან ნატურმოტი, თუმცა ბევრი კარგი ნატურმოტიც  მაქვს გადაღებული. იმ პერიოდში ყველაფერს ვიღებდი, ერთი პერიოდი ეროტიულ ფოტოებსაც კი, რასაც მიეძღვნა საინტერესო გამოფენა 1999 წელს,  თუმცა წლების შემდეგ, როცა დასჭირდათ,  ვიღაცეებმა ეს ფოტოები სამწუხაროდ, ჩემ წინააღმდეგ გამოიყენეს.  

- პროფესიულ ფოტოგრაფიას როგორ დაუკავშირეთ ცხოვრება?

- საკმაოდ გვიან, თავიდან ფოტოგრაფიას არ განვიხილავდი ხელოვნებად, გული მწყდება, რომ პროფესიული ფოტოგრაფია  ადრეულ ასაკში  არ დავიწყე, ვერ მოვასწარი ბევრი ლეგენდარული ადამიანის გადაღება, მაგალითად ეროსი მანჯგალაძის, სესილია თაყაიშვილის... გადაღება ცოტა ადრე რომ დამეწყო,  უფრო მეტი იმ პერიოდისთვის ცნობილი ადამიანი მოხვდებოდა ჩემს ობიექტივში. ჯერ კიდევ კინოლაბორატორიაში ვმუშაობდი, როდესაც მივხვდი, რომ იქ არსებული ტექნიკური რესურსი არ მაძლევდა განვითარების საშუალებას, ამაზე ბევრს  ვფიქრობდი, იმ პერიოდში შევიცვალე საცხოვრებელი და გადავედი სხვა უბანში, სადაც გავიცანი  ჩემი  მეზობელი,  საუკეთესო ადამიანი მარკ პოლიაკოვი,  რომელიც ბოლო 30 წელია ნიუ იორკში ცხოვრობს. სხვათაშორის ახლახან ჩვენ გავაკეთეთ ერთობლივი გამოფენა სამხატვრო  აკადემიაში. წლების წინ როდესაც გავიცანი,  მარკმა მითხრა: იურა, შენ კი იღებ სურათებს, მაგრამ მასში არ დებ სურვილს შექმნა ნამდვილი ხელოვნებაო. მან გამიჩინა სურვილი, პროფესიულად მივდგომოდი ფოტოგრაფიას. მარკი დამეხმარა პირველი გამოფენის მოწყობაში. ეს იყო 1979 წელს, კინოს სახლში. გასაკვირი იყო, რომ  როდესაც გამოფენისთვის ვემზადებოდი, აღმოვაჩინე, რომ ადამიანს, რომელიც 20 წელი აპარატით დავდიოდი, 15 ზე მეტი კარგი სურათი ვერ ვიპოვე, რომელიც ღირდა გამოსაფენად. ძალიან გავბრაზდი საკუთარ თავზე და მას შემდეგ მთლიანად შევცვალე ჩემი მიდგომა, ისე ვიყავი ანთებული, სამ წელიწადში უკვე 100 სურათი გამოვფინე.

იმ პერიოდში გავიცანი სერგო  ფარაჯანოვი, რომელმაც ჩემს შემოქმედებაზე დიდი გავლენა იქონია. ჩვენი ურთიერთობა  თავიდან შეგირდის და მასწავლების ურთიერთობას ჰგავდა, მაგრამ შემდგომ მეგობრობად იქცა. ამ ურთიერთობამ მეც ფრთები შემასხა, მე  მას ვეხმარებოდი როგორც შემეძლო, უამრავი ჩემი სურათი გამოიყენა სერგომ თავის გენიალურ  კოლაჟებში, რომლითაც ქმნიდა ახალ განუმეორებელ  რეალობას.     

 - თქვენი გადაღებული ფოტოებიდან ყველაზე მეტად რომელი ფოტოები  გიყვართ?

- ბევრი ფოტო მიყვარს, მათ შორისაა ფარაჯანოვის „ნახტომი“, რომელიც ძეგლად იქცა და ბამბის რიგში დგას. მისი ავტორი  იტალიაში მოღვაწე ქართველი მოქანდაკე ვაჟა მიქაბერიძეა. მე ძალიან მიყვარს პორტრეტები, განსაკუთრებით მიყვარს ვერიკოს და სოფიკოს ფოტო, კოტე მახარაძის, რეზო გაბრიაძის, ოთარ ჭილაძის ფოტოები. ქუჩაში შემთხვევით გადავიღე მსახიობი გია ბადრიძე, რომელიც თამაშობს ლანა   ღოღობერიძის ფილმში „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“. მოგვიანებით პირადად მივართვი  მას ფოტო დიდი ფორმატით. ჩარჩოში ჩასვა და ისე დაკიდა სახლში. წლების მერე, როდესაც გიას ასაფლავებდნენ დიდუბის პანთეონში, იქვე შემაღლებულზე იდო მისი ცხედარი და იქვე  მისი პორტრეტი, ჩემი გადაღებული ფოტო, რომელსაც „ესაუბრებოდნენ“  დაკრძალვის ცერემონიაზე  სიტყვით გამომსვლელები.  სწორედ ეს  პორტრეტი იყო განსახიერება იმ ადამიანის, რომელსაც ისინი იცნობდნენ სიცოცხლეში და ემშვიდობებოდნენ.  მე არავის არ ვაჩქარებ ამ ქვეყნიდან წასვლას, მაგრამ ვინც წავიდა ამ ქვეყნიდან, წავიდა ჩემი გადაღებული პორტრეტით, რაც აღმოჩნდა იმ ადამიანების ნამდვილი, ჭეშმარიტი სახე.

ძალიან მიხარია, რომ ვიცხოვრე ეპოქაში, რომელმაც ბევრი ბუმბერაზი ადამიანი დაუტოვა ქვეყანას, ეს იყო მთელი პლეადა: თემურ ჩხეიძე, თენგიზ არჩვაძე, სხვები და სხვები. მახსოვს ჩემმა მეგობარმა თამაზ ჩხიკვაძემ, რომელიც თემურ ჩხეიძის ახლობელი იყო, დიდი საქმე გამიკეთა. ერთ დღეს მითხრა, მარჯანიშვილის თეატრში  მიდი და მსახიობების პორტრეტები გადაიღეო, მაშინ 31 წლის ვიყავი. წავედი თეატრში და საოცარი პორტრეტები გადავიღე. იმ წლებში თეატრში გენიალური სპექტაკლები იდგმებოდა, შემდეგ  გადავერთე თუმანიშვილის თეატრზე, მქონდა კარგი გადაღებები, გამოფენაც მოვაწყვეთ. ახლა ჩემი მეგობარი, ყოფილი მოსწავლე ირინა აბჟაბდაძე  აკეთებს ძალიან მაგარ წიგნს კინომსახიობთა თეატრზე, რომელშიც ჩემი უამრავი სურათი აქვს გამოყენებული, რაც ძალიან მეამაყება.  

მე ძველ თბილისს ვერ მოვესწარი, მაგრამ გადაღებული მაქვს 15-მდე ფოტო ძველი თბილისის, რომელიც მართლაც განსაკუთრებულია. სიძველეს ახლავს სევდა, მაგრამ მაინც  ძალიან ძვირფასია. წლების წინ ვფიქრობდი,  როცა ჩვენთან ისე იქნებოდა, როგორც ევროპის ქალაქებში, უფრო სახალისო გახდებოდა ქალაქი. ქუჩაში ბილბორდებს და სარეკლამო აბრებს ვგულისხმობდი. ახლა ისეთი დომხალია, ამას რომ ვუყურებ ცუდად ვხდები.  ამ საშინელი რეკლამებისგან   შენობების დამახინჯებული კედლების, მანქანებით გაჭედილი ქუჩების გამო, ქალაქის იერი აღარ ჩანს, რაც ძალიან მაწუხებს.  თბილისმა  ბევრწილად დაკარგა ის  იერი, რომელიც შეიქმნა მე-19 საუკუნის ბოლოს და  მე - 20 საუკუნის დასაწყისში, ეს იყო არტდეკო, არტმოდერნი, რომელიც დღესაც ფასულია ჩვენი ქალაქისთვის. ეს არის აღმაშენებლის და რუსთაველის გამზირები, სოლოლაკის, მთაწმინდის  ევროპული არქიტექტურის უბნები. დღეს უკვე ისე მიჭირს თბილისის გადაღება   სურვილიც კი აღარ მაქვს. იშვიათად, წელიწადში ორი კარგი  ფოტო შეიძლება გადავიღო ქალაქში. მე მაქვს გამოშვებული წიგნი  80 იანი წლების თბილისის  შესახებ, რომელიც 4 წიგნადაა გაყოფილი: 1980 - 84,  1985 -1987 და შემდეგი ორი ტომი მოიცავს 1988-89 წლებს, რომელიც აღსავსე იყო პოლიტიკური მოვლენებით.

- სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება თქვენი ძალიან ცნობილი ფოტო, გოგონა დროშით, რომელიც 9 აპრილის დღეების სიმბოლოდ იქცა.    

- დიახ, ეს ფოტო გადავიღე 9 აპრილის საღამოს 6 საათზე, ვაკის პარკთან, ე.წ. მხატვრების შენობასთან. ეს არის სურათი, რომელიც  9 აპრილის   ხატ -სურათად  იქცა. იმ დროს ძალიან გატაცებული ვიყავი ფოტოგრაფიით და არც ერთ მოვლენას არ ვუშვებდი, რაც ჩვენ გარშემო  ხდებოდა.

-ალბათ, პოლიტიკურმა პროცესებმა მიგიყვანათ ოფიციალურ  პოსტამდეც. თქვენ იყავით კულტურის მინისტრის მოადგილე, ეს პერიოდი ისეთ სკანდალსაც უკავშირდება, არ იქნება სასიამოვნო  მოსაგონარი თქვენთვის.

-გინესის რეკორდებში ვარ შესაყვანი, თვენახევარი ვიყავი მინისტრის მოადგილე, რეკორდულად მცირე დროში დასრულდა ჩემი ჩინოვნიკური სამსახური (იცინის)  ჩინოვნიკობა არ აღმოჩნდა ჩემი საქმე, თუმცა ცხოვრებისეული გამოცდილებისთვის კარგი იყო. შიგნიდან  დავინახე ის, რაც გარედან ვიცოდი. ხელისუფლებაში ყოფნა საინტერესო პროცესია. ან ხარ რევოლუციონერი, ყველაფერს დაანგრევ და თავიდან ააწყობ, ამისთვის დიდი ენერგია და საშუალებებია საჭირო, ან უნდა გახდე პატარა კბილანა მექანიზმში, რომელიც უკვე ტრიალებს და თუ არ გახდები, აწყობილი სისტემა იქიდან აუცილებლად გაგაგდებს. მე არც რევოლუციონერი ვიყავი და ვერც კბილანა გავხდი  (იცინის) 

-თქვენმა შვილებმა ხომ არ გააგრძელეს საქმე, რომელსაც ცხოვრება მიუძღვენით?

- არა, მე მყავს ორი ქალიშვილი. უმცროსი  გოგონა მრავალი წელია ინგლისში ცხოვრობს, უკვე იქაური მოქალაქეა, ხშირად ჩამოდის თბილისში სტუმრად, თუმცა ვეღარ გამოვიტყუე საქართველოში. იქ აქვს თავისი საქმე, მუშაობს სახელმწიფო სამსახურში, რომელიც უზრუნველყოფს კერძო მესაკუთრეთა მიერ დაქირავებულთა უფლებების დაცვას. ჩემი შვილიშვილები იქ სწავლობენ, იორკის და ოქსფორდის უნივერსიტეტებში. მეორე შვილი თბილისში  ცხოვრობს, ვებსაიტების დიზაინერია, ჩემი ვებსაიტიც მის მიერაა გაკეთებული. მიხარია, რომ ერთი შვილი მაინც მყავს აქ გვერდით. ძალიან  ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, ზოგიერთ ქვეყანაში ძალიან ბევრჯერ,  მაგრამ საქართველოზე უკეთესი ქვეყანა არ მინახავს, ალბათ ამიტომაც არასდროს მიფიქრია სხვაგან ცხოვრებაზე. 

 -ჩვენს ციფრულ სამყაროში, სადაც   ყველას აქვს შესაძლებლობა გადაიღოს ძალიან მაღალი ხარისხის ფოტო საკუთარი მობილური ტელეფონით,  უსაქმოდ ხომ არ გტოვებთ ფოტოგრაფებს?

- სულ ვხუმრობ, საქმე არ დაგვიტოვეს, ყველა  ფოტოგრაფი გახდა-მეთქი, მაგრამ ფოტოგრაფის პროფესიული გადაღება სულ სხვა რამეა, მოყვარულის მიერ ტელეფონით გადაღება - სულ სხვაა. არის რაღაც, რასაც ვერ გადაიღებ, როგორი მაღალი დონის ტელეფონიც არ უნდა იყოს, მაგალითად, ღვინის ბოთლის გადაღება არის პროფესიული ფოტოგრაფიის საქმე. კარგია რომ ბევრი ადამიანი იღებს ფოტოს, თუმცა ეს ფოტოგრაფიას ვერ დააზარალებს და ვერც ფოტოგრაფებს წაგვართმევს საქმეს. მე გაცნობიერებული მაქვს ჩემი მისია - ფოტოგრაფი ისეთი ადამიანია, რომელსაც მუდმივად აქვს საქმე  თან წარსულთან და თან მომავალთან. მე, როგორც ფოტოგრაფს დიდი პასუხისმგებლობა მაკისრია მომავლის წინაშე, ამიტომ  რასაც ვაკეთებ მინდა, რომ  იყოს შემონახული, დაცული, რაც  გახდება  ფასეული მომავალში  იმ დიდი  ეპოქის შესაფასებლად, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ.    

 თამუნა ნიჟარაძე

იურა მეჩითოვის ფოტოები:

https://www.facebook.com/yuri.mechitov

https://www.mechitov.net/

Unknown Known
როგორ გახდა გვანჯი მანია თბილისობის დღესასწაულის იდეის ავტორი და რატომ მიანიჭეს მას საპატიო თბილისელის წოდება 48 წლის შემდეგ

დამსახურებული ჟურნალისტი, ეკოლოგი, მოგზაური, მხარეთმცოდნე, კარტოგრაფი,  საქართველოს მსოფლიო მიღწევათა და მოგზაურობათა ხელშეწყობის კავშირის „გიორგის“ დამუძნებელი და თავმჯდომარე, ფაზისის აკადემიის გამგეობის და გეოგრაფიული საზოგადოების სამეცნიერო საბჭოს წევრი, ქეთევან დედოფლის საზოგადოების საპატიო თავმჯდომარე - ეს  85 წლის გვანჯი მანიას  პროფესიული ტიტულების არასრული ჩამონათვალია და მკაფიოდ ასახავს იმ ადამიანის ცხოვრებას, რომელიც მრავალმხრივი ინტერესებით იყო გამორჩეული. 1998 წელს გვანჯი მანია ღირსების ორდენით დააჯილდოვეს, ცოტა ხნის წინ კი თბილისის საპატიო მოქალაქედ აირჩიეს, რასაც მისთვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს -  სწორედ  გვანჯი მანიას  ეკუთვნის თბილისობის დღესასწაულის დაწესების იდეა, რაც მმართველმა კომუნისტურმა პარტიამ ისე „მიითვისა“, რომ  მისი სახელი და გვარი არასდროს არსად გამოჩენილა. ბატონი გვანჯი ბევრი საინტერესო იდეის და ინიციატივის ავტორია, რასაც ის  ჩვენთან ინტერვიუშიც   იხსენებს.

- ბატონო გვანჯი, მოგვიანებით  გილოცავთ თბილისის საპატიო მოქალაქედ არჩევას. უცნაურია, რომ ადამიანს, ვინც იყავით თბილისობის დღესასწაულის დაარსების იდეის ავტორი, აქამდე არ გქონდათ ეს წოდება.    

 - ძალიან გამიხარდა, რომ ამდენი წლის შემდეგ მაინც გავახსენდი ადამიანებს თბილისობის, როგორც დიდი სახალხო დღესასწაულის იდეის ავტორი და თბილისის საპატიო მოქალაქედ ამირჩიეს. სიმართლე გითხრათ, გაკვირვებული დავრჩი, რადგან უკვე 48 წელი გავიდა მას შემდეგ,  რაც პირველი თბილისობა გაიმართა. მაშინდელმა ხელისუფლებამ, პარტიამ, მთავრობამ მიიწერა თბილისობის დღესასწაული, არ უნდა გამოჩენილიყო კონკრეტული ადამიანის, პირადად ჩემი ვინაობა, ვისი თაოსნობითაც დაიწყო თბილისობის ისტორია. წლებთან ერთად თითქოს დავიწყებას მიეცა ეს ამბავი, თუმცა მაშინაც ბევრმა იცოდა, რომ თბილისობის დღის დაწესების იდეის ავტორი მე გახლდით.   

1976 წლის 5 ნოემბერს გაზეთ „თბილისში“ გამოვაქვეყნე  პუბლიკაცია სათაურით „დაწესდეს ახალი დღესასწაული“,  სადაც მიმოვიხილე თბილისის წარსული და აწმყო, ყოფა, ტრადიციები. გამოვთქვი ჩემი აზრი, რომ  1958 წლის  შემდეგ, როდესაც გაიმართა თბილისის დაარსების   1500 წლისთვის საზეიმო ღონისძიებები, მსგავსი დღესასწაული არ გამართულა და ხომ არ დაველოდებით 2058 წელს, როცა ავღნიშნავთ  თბილისის დაარსების 1600 წელიწადს?! იქნებ დავაწესოთ თბილისობის დღესასწაული, რომელიც გაიმართება ყოველი წლის ოქტომბერში, ხოხობზე ნადირობის ჟამს. ეს დღესასწაული გამოავლენდა შემოქმედებით ნიჭს და ფანტაზიებს, გააერთიანებდა თბილისელებს და თბილისის ყველა გულშემატკივარს. ამ წერილს  საზოგადოებაში მოჰყვა დიდი გამოხმაურება და  დისკუსია, ყველა მიესალმა ამ  წინადადებას, რომელიც ძალიან მისაღები იყო თბილისელებისთვის.

ყველა მხარს უჭერდა ამ საერთო სახალხო ზეიმის დაარსების წინადადებას. სამი წლის შემდეგ ჩემი იდეა - პროექტი წარმატებით  განახორციელა მაშინდელმა ხელისუფლებამ, საქალაქო საბჭომ,  პირველი დღესასწაული გაიმართა 1979 წელს. მაშინ  ცეკას მდივანი იყო ედუარდ შევარდნაძე, საქალაქო საბჭოს თავმჯდომარე - თენგიზ მენთეშაშვილი, გამოყვეს მხატვრები, რეჟისორები. პირველი თბილისობის რეჟისორად არჩეული იყო  ლერი პაქსაშვილი. პირველი თბილისობის საპატიო მოქალაქეები გახდნენ ლადო გუდიაშვილი, კონსტანტინე ილურიძე, აკაკი შანიძე და შუშანა ჩიქოვანი. მას შემდეგ ამდენი დრო გავიდა და თბილისობა იმ წლების გარდა, როდესაც  თბილისში იყო  არეულობა, დაპირისპირება და ომი, ყოველ წელს იმართება და თბილისელებისთვის საყვარელი დღესასწაულია. მე თბილისში არ დავბადებულვარ, ჯვარში ვარ დაბადებული და გაზრდილი. კარგი ოჯახი გვქონდა. მამაჩემი მეტივე იყო, დედა მეაბრეშუმე და სახალხო მკურნალი. თბილისში მაშინ ჩამოვედი, როდესაც 21 წლის ასაკში უნივერსიტეტში  ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე. მთელი ცხოვრებით თბილისთან ვარ დაკავშირებული, თუმცა ღა მშობლიურ მხარესთან და ჯვართან კავშირი არასდროს გამიწყვეტია.    

- ძალიან საინტერესო ცხოვრება გაიარეთ,  მრავალფეროვანია თქვენი ბიოგრაფია. თავად, როგორ ფიქრობთ, რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება თქვენს პროფესიულ ცხოვრებაში?  

- ეს იმას ჰგავს, ადამიანს ჰკითხო, რომელი შვილი მეტად გიყვარსო. მე მიყვარდა ყველა საქმე, რომელსაც ვაკეთებდი. ჯერ კიდევ სკოლის ასაკში დავინტერესდი მშობლიური კუთხის შესწავლით. სათავგადასავლო მოგზაურობა პატარა ასაკიდან დავიწყე, როდესაც შევქმენი ჯგუფი და მოვიარე მაგანას და ინწრას ხეობა. წლების შემდეგ ორგანიზება გავუკეთე ბევრ ექსპედიციას: 1962 წელს  თბილისის რკალს, 1963 წელს ექსპედიციას იალბუზის გარშემო, იყო ასეთი ექსპედიცია რუსთაველის კვალდაკვალ, რომელიც 1966 წელს განხორციელდა აჭარაში, სამცხე - ჯავახეთში. 24 წლის ვიყავი, სამ მეგობართან ერთად ველოსიპედით დავფარეთ რვაათასკილომეტრიანი დისტანცია საბჭოთა კავშირის რვა რესპუბლიკაში. ველოსიპედები უნივერსიტეტმა გვიყიდა, სტიპენდიებიც წინასწარ მოგვცეს. გზაზე ბევრი დაბრკოლება შეგხვდა, მაგრამ ამ მოგზაურობამ დიდი გამოცდილება და ცოდნა მომცა, რაც მერე ძალიან გამომადგა. 

gvanji_mania-066 გვანჯი მანია და ტიმ სევრერინი 1984 წელი 

მქონდა აქტიური ჟურნალისტური ცხოვრება. ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დავამთავრე, მაგრამ პარალელურად ვსწავლობდი ეკოლოგიას, სოციოლოგიას, ხელოვნებას.  წლები ვიმუშავე საქინფორმში, გაზეთებში „კომუნისტი“, „ახალგაზრდა ივერიელი“, მიღებული მაქვს ჟურნალისტური პრემიები. ძალიან მაინტერესებდა ბუნება, ადამიანები, კავკასიის ხალხთა ცხოვრება, კულტურა, ისტორია. ვმუშაობდი საქართველოს ბუნების დაცვის სახელმწიფო კომიტეტში, სამეცნიერო - ტექნიკური ინფორმაციის განყოფილებისა და ბუნების დაცვის საზოგადოების ეკოლოგიური განათლების განყოფილების უფროსად. მოგვიანებით  ჩემი ინიციატივით მოხდა  „ ბუნების ქომაგის“ საპატიო  წოდების დაწესება,  რომელსაც გადავცემდით ბუნების დამცველებს.

ახალგაზრდობიდან აქტიური და  შეუპოვარი ხასიათი მქონდა, ალბათ ამიტომაც  ჯერ კიდევ სტუდენტობისას, როგორც არასაიმედო პერსონა, უშიშროებას აღრიცხვაზე ვყავდი აყვანილი. არ ვერიდებოდი საზოგადოებაში იმის მხილებას და კრიტიკას, რაც მაწუხებდა და არასწორად მიმაჩნდა. ბევრ რამეში მიშლიდნენ ხელს, მაგრამ მე მაინც ჯიუტად ვაკეთებდი ჩემს საქმეს.  საბჭოთა  რეჟიმის  პირობებში, როდესაც ხელისუფლება გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლის აღნიშვნისთვის ემზადებოდა, მოვაწყვეთ სამდინარო -საზღვაო ექსპედიცია „ ოქროს საწმისი“, რომელიც უპრეცედენტო ამბავი აღმოჩნდა. ავაგეთ ძველკოლხური ნიმუშის ხომალდი, რომელსაც ვუწოდეთ „ოქროს საწმისი“. ვიმოგზაურეთ ისტორიულ კოლხეთში, ექსპედიციის მესამე წელს გერმანიაში იმართებოდა ოლიმპიური თამაშები, გვინდოდა დუნაის გავლით  ქართული დროშით შევსულიყავით მიუნხენში, მაგრამ უფლება არ მოგვცეს უშიშროების სამსახურებმა. ვიცოდი, რომ არგონავტების მარშუტის გამეორება და  კოლხური კულტურის პოპულარიზაცია საბჭოთა ხელისუფლებას დიდად არ მოეწონებოდა, ამიტომ ისე შევფუთეთ, თითქოს  ექსპედიცია გასაბჭოების 50 წლისთავს ეძღვნებოდა. ასეთივე თამამი განაცხადი იყო, საცხენოსნო ექსპედიცია, რომელიც მოვაწყვეთ  კასპის რაიონში, დიდგორის ბრძოლის ადგილებში. რუსეთის მიერ დიდგორის თემაზე საუბარი აკრძალული იყო, რუსების დახმარების გარეშე, როგორ გაიმარჯვეთო, ჩვენ  კი დიდგორის ბრძოლის ადგილებში მოვაწყვეთ ექსპედიცია, რომელშიც 16 ცხენოსანი მონაწილეობდა. ეს საკითხი წამოჭრა ლევან გოთუამ, რომელმაც მიგვანიშნა ამის შესახებ ლიტერატურულ გაზეთში. მე ეს ლაშქრობა მივუძღვენი მის ხსოვნას, დავით აღმაშენებლის, გიორგი სააკაძის და თევდორე მღვდლის მოღვაწეობას. 

 - თქვენი ხელშეწყობით საქართველოში დამყარებული არაერთი რეკორდი მოხვდა გინესების რეკორდების  წიგნში, როგორ  დაუკავშირდით  გინესების რეკორდებს?

 - გინესების რეკორდების საქმესთან  დამაკავშირა ჯუმბერ ლეჟავამ, რომელთანაც როგორც ჟურნალისტს მქონდა ურთიერთობა იმ პერიოდიდან,  როდესაც  ვმუშაობდი საქინფორმის რედაქციაში. ჯუმბერ ლეჟავა არის ერთ-ერთი პირველი ქართველი, ვინც დაიმკვიდრა ადგილი გინესის რეკორდების წიგნში. მან ჯერ დაამყარა რეკორდი ჰორიზონტალური მდგომარეობიდან მკლავებზე აზიდვებში, შემდეგ კი - 3333 დღის განმავლობაში იმოგზაურა მსოფლიოს გარშემო ველოსიპედით. გადალახა აზიის, ავსტრალია - ოკეანეთის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის, ევროპის და აფრიკის ქვეყნები, ორჯერ ეწვია ანტარქტიდას.

გინესის რეკორდების წიგნში პიროვნებები ავტომატურადაც ხვდებიან. მაგალითად, წიგნში მაია ჩიბურდანიძე შეტანილია, როგორც ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში ქალთა შორის. მე გინესების რეკორდების  წიგნის მიმართ ინტერესი მქონდა, როგორც ჟურნალისტს, მაგრამ მოგვიანებით, 1993 წელს როდესაც დავაარსე მსოფლიო მიღწევათა და მოგზაურობათა ხელშემწყობი კავშირი „გიორგი,“ უკვე  აქტიურად ჩავერთე საგინესო მოძრაობაში. ჩემი დახმარებით და ხელშეწყობით  საქართველოდან ბევრი რეკორდი აისახა გინესის რეკორდების წიგნში, მაგრამ არის რეკორდები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ აისახა.

ჩემი ინიციატივა იყო, იუნესკოსა და მსოფლიო ოლიმპიურ კომიტეტში ქართული ცურვის სამი სახეობის მოხვედრა. ესაა ფეხური ცურვა, ხელფეხშეკრული ცურვა და მენჩურუა. ფეხური ცურვა  ძველ კოლხეთში ოდითგან იყო ცნობილი. მენჩურუა წყალში ორთაბრძოლის ხალხური  სახეობაა. რაც შეეხება ხელფეხშეკრულ ცურვას, ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა ჰენრი კუპრაშვილის მარათონს, როდესაც მან ხელფეხშეკრულმა გადაცურა 12 კილომეტრიანი დისტანცია, დარდანელის სრუტე. სამწუხაროდ ის ვერ მოხვდა გინესის რეკორდებში, სიცოცხლისათვის დიდი რისკის გამო.  

მე ძალიან საინტერესო ცხოვრება მქონდა. გული იმაზე მწყდება, რომ ჩაკეტილ ქვეყანაში ვცხოვრობდით და არსად არ გვიშვებდნენ, კი ბატონო, საბჭოთა კავშირის რესპუბლიკები პრობლემა არ იყო, მაგრამ საზღვრებს გარეთ ვერ გახვიდოდი. მინდოდა რამდენიმე ექსპედიციის მოწყობა და  საქართელოსთვის  თავდადებული, დამსახურებული ადამიანების ისტორიების წარმოჩენა, რაფიელ დანიბეგაშვილის, სულხან საბა ორბელიანის მოგზაურობების, ასევე  ქართული თემატიკის საკითხების მოძიება, მაგრამ არ გამიშვეს. მაშინ უცხოეთში მხოლოდ იმ ხალხს უშვებდნენ, ვისაც უშიშროების კომიტეტისგან ჰქონდა ამისი უფლება, ან მათთან იყვნენ შეთანხმებულები, როგორც ჩანს, ისინი კომპრომისზე მიდიოდნენ. ჰყავდათ მათ „რჩეულები,“  მე მათ რიცხვში არ ვიყავი. უარი მითხრეს რუმინეთში, ბულგარეთში გასვლაზე, ჩაკეტილი ვიყავი. საბჭოთა უშიშროებას ჩემი ნდობა არ ჰქონდა, ამას ყველა ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობდი.  ჩემი ჯიუტი ხასიათით ვცდილობდი ხოლმე ჩაკეტილი წრის გარღვევას, რასაც ზოგჯერ  ვახერხებდი, ზოგჯერ - არ გამომდიოდა. 

თამუნა ნიჟარაძე

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way