ფოტოგრაფ იური მეჩითოვს ქართულ ფოტოხელოვნებაში გამორჩეული ადგილი დამსახურებულად ერგო - გარდა იმისა, რომ საქართველოში პოლიტიკური მოვლენების ამსახველი ფოტოების ავტორის ანგარიშზე, რამდენიმე ათეული პერსონალური და ჯგუფური გამოფენაა, მის სახელთან არის დაკავშირებული არაერთი ნოვაცია ქართულ ფოტოგრაფიაში და ასევე, ყველაზე პოპულარული ფოტო „გოგონა დროშით“, რომელიც ჩვენი უახლესი წარსულის ბრძოლის და 9 აპრილის სურათ-ხატად იქცა.
იმ დროს როდესაც ქართულ ფოტოგრაფიაში ბევრი არაფერი ხდებოდა იური მეჩითოვმა თანამოაზრეებთან ერთად ჩამოაყალიბა ფოტოჯგუფი „თვალსაზრი“, რომელმაც ფოტოგრაფიის პოპულარიზაციასა და განვითარებაში დიდი როლი შეასრულა.
მრავალი წელია იური მეჩითოვი ეწევა პედაგოგიურ საქმიანობასაც, ახალი თაობის არა ერთი ცნობილი ფოტოგრაფი აზიარა მან ფოტოხელოვნებას - საქმეს, რომელშიც პროფესიით სამთო ინჟინერმა ცხოვრების მრავალი წელი გაატარა.
- ბატონო იური, როგორ მოხვდით პროფესიით სამთო ინჟინერი ფოტოგრაფიაში?
- ფოტოგრაფიით გატაცებული ვიყავი 8 წლიდან. 11 წლის ვიყავი, როდესაც ანა ბებიამ საკუთარი პენსიით, 13 მანეთად, მიყიდა ფოტოაპარატი „სმენა.“ მე მაქვს ბებიას უნიკალური ფოტო, ჩემი გადაღებული, რომელიც ნებისმიერ ალბომს დაამშვენებს. თავიდან ვიღებდი ოჯახის წევრებს, ჩემს პატარა ძმას, მეზობლებს, მეგობრებს. იმ პერიოდიდან კარგად მახსოვს ერთი შემთხვევა - 12 წლის ვიყავი, მოვდივარ ვარანცოვზე და ვხედავ, რომ ნასვამი ქალი ცეკვავს. აპარატი თან მქონდა, შევეცადე, ამ ქალის გადაღება. უცებ მომიახლოვდა უცხო კაცი, სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენელი იქნებოდა და მითხრა: ამისი გადაღება არ შეიძლებაო. ეს იყო ჩემი პირველი შეხება ცენზურასთან და გაგებასთან, რომ საბჭოთა ადამიანი არ უნდა ყოფილიყო მთვრალი და არ უნდა ეცეკვა ვარანცოვის მოედანზე (იცინის)
ჩემს მოზარდობას დაემთხვა პერიოდი, როდესაც ძალიან ბევრი ადამიანი ინტერესდებოდა ტექნიკით, აპარატურით, რომელიც იმ დროს გამოჩნდა. შეიძლება თანამედროვე ადამიანისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის აღარაა, მაგრამ 1961 წელს, როდესც იური გაგარინი კოსმოსში გაფრინდა, ეს იყო საყოველთაო ზეიმი მთელი კაცობრიობისთვის, რასაც მოჰყვა ინტერესი ტექნიკური პროგრესის მიმართ. მე ძალიან ჩხირკედელა ბავშვი ვიყავი, მიყვარდაკონსტრუქტორები, ალბათ ამიტომაც ავტომატიკა -ტელემექანიკის ფაკულტეტზე მინდოდა ჩაბარება. ეს მაშინ ისეთი მოდური პროფესია იყო, როგორც ახლა მარკეტინგი და მენეჯმენტია. მისაღებ გამოცდებში დამაკლდა ქულები, ეს ფაკულტეტი რეზინის ხომ არ იყო, რომ ყველა მოვხვედრილიყავით, ამიტომ ძალიან ბევრი ქულადაკლებული ჩავირიცხეთ სამთო ფაკულტეტზე. 2 წელიწადში დავქორწინდი და საუბარი იმაზე, რომ კვლავ გადავსულიყავი ავტომატიკა - ტელემექანიკის ფაკულტეტზე და ერთი წელი დამეკარგა, როგორც დღეს ამბობენ, რელევანტური აღარ იყო. მე არ მომწონდა სამთო ინჟინრობა, ეს არ იყო ჩემი გატაცება, მაგრამ უკვე ოჯახი მქონდა, სამსახურზე უნდა მეფიქრა, ამიტომაც ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში მე მივდიოდი სამუშაოდ დონბასის შახტებში. ეს იყო კარგად ანაზღაურებადი სასწავლო პრაქტიკა, რამაც დიდი გამოცდილება მომცა და ბევრი რამ მასწავლა. ვმუშაობდი 2000 მეტრის სიღრმეზე, რაც იყო ძალიან რთული და საფრთხის შემცველი. ხელფასს რასაც ვიღებდი, ძირითადად ვხარჯავდი უნიკალურ წიგნებში, რომელიც მაშინ ჩვენთან არ იშოვებოდა. შრომა დონბასის შახტებში იყო ძალიან მძიმე და სასტიკი, ყოველდღე ადამიანის დაღუპვის ამბავს ვიგებდით. მთელი ჩემი ცხოვრება შრომაში მაქვს გატარებული, მაგრამ არც ერთი ჩემი სამუშაო არ ყოფილა დაკავშირებული ისეთ სირთულესთან, რაც გავიარე დონბასში.
როდესაც სწავლა დავასრულე, მუშაობა დავიწყე „გრუზგიპროშახტში“, რომელიც საკავშირო მნიშვნელობის დაწესებულება იყო. ეს იყო მოსაწყენი სამუშაო ჩემთვის, შეუძლებელი იყო მთელი დღე ერთ ოთახში ჯდომა და მუშაობა. ეს ისე მაწუხებდა, ფილმიც კი გადავიღე, რომელსაც დავარქვი „ცხრიდან ექვსამდე“. მე ძალიან აქტიური ხასიათის ადამიანს ამ სამსახურში გაძლება იმდენად მიჭირდა, ზამთარში კოსტუმს და პალტოს სამუშაო ოთახში ვტოვებდი და პერანგით გამოვდიოდი გარეთ, რომ დრო გამეყვანა და თუ ვინმე მომიკითხავდა, იქ ვგონებოდი. ამ დროს მე რუსთაველზე დავდიოდი (იცინის) ასე ვიმუშავე სამი წელი, პირნათლად აღვასრულე ვალი სახელმწიფოს წინაშე იმ თანხისთვის, რაც ჩემს სწავლაზე დაიხარჯა. ხელფასი მქონდა ხელზე 92 მანეთი და 1200 მანეთის ღირებულების პროდუქციას ვქმნიდი. ასეთი საშინელი ექსპლოატაცია იყო (იცინის)
- რატომ არ მიატოვეთ თქვენთვის ასეთი უინტერესო სამსახური, მით უმეტეს, რომ შრომითი ექსპლოატაციის „მსხვერპლი“ იყავით?
- მაშინ ყველა ასე იყო (იცინის) სამი წელი გავძელი და გამოვიქეცი. მივხვდი, რომ არც ხელფასს მიმატებდნენ, არც პირობებს ცვლიდნენ, მე კი ორი შვილი მყავდა სარჩენი. გადავედი სხვა დაწესებულებაში, სადაც უკვე 120 მანეთი მქონდა ხელფასი, მაგრამ დამპირდნენ, რომ ხელფასი გამეზრდებოდა. ის დრო იყო, ჯერ კიდევ არ ვიშლიდი ინჟინრობას. 6 თვე ვიმუშავე და როცა მივხვდი, რომ არც ისინი იყვნენ ხელფასის მომმატებლები, დავანებე თავი ინჟინრობას და გადავედი მეთოდისტად მოყვარულთა კინოლაბორატორიაში, რომელიც პროფკავშირებთან არსებობდა. უკვე მე თვითონაც ვიღებდი და სხვასაც ვასწავლიდი გადაღებას. ეს იყო ცოცხალი სამუშაო, ფილმებიც გადავიღე, ვიღებდი მონაწილეობას ფესტივალებში, კონკურესებში. ამ გადაწყვეტილებით ძალიან ვაწყენინე მამას, რომელსაც ძალიან უნდოდა რომ ინჟინერი ვყოფილიყავი. როდესაც მას ვუთხარი, ვანებებ თავს ინჟინრობას, მას ისე ეწყინა, ერთი თვე არ მელაპარაკებოდა. მამამ რადგან თვითონ ვერ მიიღო უმაღლესი განათლება, ეს დიდ ხინჯად ჰქონდა და ძალიან უნდოდა შვილი ჰყოლოდა დიპლომიანი (იცინის) წლების შემდეგ, როდესაც მამა მოვიდა ჩემს გამოფენაზე, რომელიც „მერანში“ მოვაწყვეთ, ძალიან გაუხარდა, როდესაც ბევრი დამთვალიერებელი დაინახა. ამაყობდა ჩემით. ის ჩემი დიდი გულშემატკივარი გახდა, არც ერთ ჩემს გამოფენას არ აცდენდა. იმ პერიოდში უკვე ბევრი სამუშაო მქონდა, ვაფორმებდი მუზეუმებს, ვბეჭდავდი დიდ სურათებს, რაც ყველას არ შეეძლო. მთელი ამ წლების განმავლობაში იყო სხვა საქმეებიც, მათ შორის ვიღებდი ქორწილებს, რაც მსოფლიო ფოტოგრაფიაში ცალკე სპეციალობაა და ხეირიანი საქმეა, რაზეც არც ახლა ვამბობ უარს, მიუხედავად ჩემი 74 წლის ასაკისა (იცინის)
-მამა ახსენეთ, მამათქვენი მიხეილ მეჩითოვი ცნობილი მექუდე იყო, როგორც ვიცი, ამასთან დაკავშირებით, ბევრი საინტერესო ისტორია არსებობს.
- მამა ძალიან წარმატებული ხელოსანი იყო, მთელ ქალაქში დაფასებული და სახელგანთქმული. საოცარ ქუდებს კერავდა, თავის თავს უწოდებდა სამკერვალო საქმეების „დოტურს“ და პროფესორს. მამას სულ ჰქონდა ურთიერთობები ადამიანებთან, რაც მეც ვფიქრობ, რომ მისგან გამომყვა. მას ჰქონდა კარგი იუმორი, რაც თავის საქმეში, ურთიერთობებშიც კარგად ადგებოდა. მამამდე თბილისში იყო ებრაელი იოსები, რომელსაც სავარაუდოდ ლესელიძის ქუჩაზე ჰქონდა სახელოსნო. მისი გარდაცვალების შემდეგ მამა გახდა ქუდების პირველი ოსტატი, მისი სახელი გახმაურებული იყო მთელ თბილისში. 1981 წელს, როდესაც ბრეჟნევი თბილისში ჩამოვიდა, გასაბჭოების 60 წლისთავის მოსალოცად, მის ჩამოსვლამდე ორი კვირით ადრე მამასთან ცეკადან მივიდნენ ოფიციალური პირები და შეუკვეთეს 15 ერთნაირი ქუდი, რომელთაც სხვადასხვა ზომები უნდა ჰქონოდა 53 სმ-დან 67 სმ-მდე. წინასწარ ხომ არ იცოდნენ, ბრეჟნევს რომელი მოერგებოდა, ამიტომაც შეუკვეთეს 15 ქუდი. მამას შეკერილი ქუდი ჰქონდა სერგო ფარაჯანოვს, ივ სენ ლორანს. 1988 წელს სერგო ფარაჯანოვმა წაუღო მამის შეკერილი ქუდი ივ სენ ლორანს პარიზში. ჩვენს ოჯახში ინახება ამასთან დაკავშირებით ფარაჯანოვის მიერ მოსკოვიდან გამოგზავნილი დეპეშა: გილოცავ შემოქმედებით წარმატებას, ივ სენ ლორანი, მსოფლიოში სახელგანთქმული მოდელიერი, პარიზში შენი ქუდით და ხელოვნებით აღფრთოვანებული.
მამა დიდ ატელიეში მუშაობდა, მასთან მეც მივდიოდი ხოლმე. იმ დროს თბილისში ადამიანებს მართლაც სხვანაირი ურთიერთობა ჰქონდათ. ატელიე, საპარიკმახერო და მსგავსი დაწესებულებები ხომ ასეთ კავშირებს სხვანაირად ასახავს. ადამიანური ურთიერთობები, ჩემი აზრით გეოგრაფიასაც უკავშირდება. ადრე თბილისი სხვანაირი ქალაქი იყო, ყველა ერთმანეთთან მიდი-მოდიოდა, სკაიპით და ტელეფონით ურთიერთობა ის ხომ არ არის, რაც შეხვედრას, თვალებში ჩახედვას, ჭიქა ღვინის მიჭახუნებას და ემოციების გაზიარებას ახლავს. ახლა ეს ყველაფერი გართულებულია. სადმე რომ მიდიხარ, ორი საათი საცობში უნდა გაატარო და ორი საათი მანქანის გასაჩერებელი ადგილი ეძებო. ადამიანებიც შეიცვალნენ. ადრე გაჭირვება იყო თუ არა, მაინც სხვანაირად ცხოვრობდა ხალხი, ახლა ადამიანი არ არის ბანკის ვალი არ ჰქონდეს, ამიტომაც ადამიანი ბევრს შრომობს, წვალობს, დარდობს, რომ ვალი გადაიხადოს და არაფრისთვის არ სცალია. ადრე ასე არ იყო, არ ჰქონდათ ამდენი საფიქრალი, სტრესი, რაც ბუნებრივად ურთიერთოებებზეც, ადამიანებზეც აისახება. თბილისში აღარ არის ის სილაღე და თავისუფლება, რაც ადრე იყო. მე ვარანცოვზე, თბილისურ ეზოში დავიბადე და გავიზარდე, თბილისური ეზო, რომელსაც იტალიური ეზო დაარქვეს, ცალკე ფენომენია. არავითარი იტალიური, ეს წმინდა წყლის თბილისური ეზოა, სადაც მაშინ ყველა ერთად ცხოვრობდა: ქართველი, სომეხი, იეზიდი, ქურთი. ასეთ ეზოებში მეზობლობაც განსაკუთრებული იყო, ვიღაც ხახვს თხოვდა მეორე მეზობელს, ვიღაც - ნიორს ან შაქარს. მართალია ასეთ ეზოში პრივატულობაზე ლაპარაკი ზედმეტი იყო, მაგრამ გაგება და ურთიერთობა მართლაც იყო განსხვავებული.
- ეს ალბათ ფოტოგრაფის თვალისთვის, უფრო იოლი შესამჩნევია, როგორ შეიცვალა ფოტოგრაფია წლებთან ერთად?
- მე უფრო ადამიანების გადაღება მიყვარს. მაშინაც ვიღებდი ადამიანებს, რადგან ჩემი აზრით ადამიანი ფოტოგრაფისთვის ყველაზე საინტერესო ობიექტია ამ ქვეყნად, ვიდრე პეიჟაზი ან ნატურმოტი, თუმცა ბევრი კარგი ნატურმოტიც მაქვს გადაღებული. იმ პერიოდში ყველაფერს ვიღებდი, ერთი პერიოდი ეროტიულ ფოტოებსაც კი, რასაც მიეძღვნა საინტერესო გამოფენა 1999 წელს, თუმცა წლების შემდეგ, როცა დასჭირდათ, ვიღაცეებმა ეს ფოტოები სამწუხაროდ, ჩემ წინააღმდეგ გამოიყენეს.
- პროფესიულ ფოტოგრაფიას როგორ დაუკავშირეთ ცხოვრება?
- საკმაოდ გვიან, თავიდან ფოტოგრაფიას არ განვიხილავდი ხელოვნებად, გული მწყდება, რომ პროფესიული ფოტოგრაფია ადრეულ ასაკში არ დავიწყე, ვერ მოვასწარი ბევრი ლეგენდარული ადამიანის გადაღება, მაგალითად ეროსი მანჯგალაძის, სესილია თაყაიშვილის... გადაღება ცოტა ადრე რომ დამეწყო, უფრო მეტი იმ პერიოდისთვის ცნობილი ადამიანი მოხვდებოდა ჩემს ობიექტივში. ჯერ კიდევ კინოლაბორატორიაში ვმუშაობდი, როდესაც მივხვდი, რომ იქ არსებული ტექნიკური რესურსი არ მაძლევდა განვითარების საშუალებას, ამაზე ბევრს ვფიქრობდი, იმ პერიოდში შევიცვალე საცხოვრებელი და გადავედი სხვა უბანში, სადაც გავიცანი ჩემი მეზობელი, საუკეთესო ადამიანი მარკ პოლიაკოვი, რომელიც ბოლო 30 წელია ნიუ იორკში ცხოვრობს. სხვათაშორის ახლახან ჩვენ გავაკეთეთ ერთობლივი გამოფენა სამხატვრო აკადემიაში. წლების წინ როდესაც გავიცანი, მარკმა მითხრა: იურა, შენ კი იღებ სურათებს, მაგრამ მასში არ დებ სურვილს შექმნა ნამდვილი ხელოვნებაო. მან გამიჩინა სურვილი, პროფესიულად მივდგომოდი ფოტოგრაფიას. მარკი დამეხმარა პირველი გამოფენის მოწყობაში. ეს იყო 1979 წელს, კინოს სახლში. გასაკვირი იყო, რომ როდესაც გამოფენისთვის ვემზადებოდი, აღმოვაჩინე, რომ ადამიანს, რომელიც 20 წელი აპარატით დავდიოდი, 15 ზე მეტი კარგი სურათი ვერ ვიპოვე, რომელიც ღირდა გამოსაფენად. ძალიან გავბრაზდი საკუთარ თავზე და მას შემდეგ მთლიანად შევცვალე ჩემი მიდგომა, ისე ვიყავი ანთებული, სამ წელიწადში უკვე 100 სურათი გამოვფინე.
იმ პერიოდში გავიცანი სერგო ფარაჯანოვი, რომელმაც ჩემს შემოქმედებაზე დიდი გავლენა იქონია. ჩვენი ურთიერთობა თავიდან შეგირდის და მასწავლების ურთიერთობას ჰგავდა, მაგრამ შემდგომ მეგობრობად იქცა. ამ ურთიერთობამ მეც ფრთები შემასხა, მე მას ვეხმარებოდი როგორც შემეძლო, უამრავი ჩემი სურათი გამოიყენა სერგომ თავის გენიალურ კოლაჟებში, რომლითაც ქმნიდა ახალ განუმეორებელ რეალობას.
- თქვენი გადაღებული ფოტოებიდან ყველაზე მეტად რომელი ფოტოები გიყვართ?
- ბევრი ფოტო მიყვარს, მათ შორისაა ფარაჯანოვის „ნახტომი“, რომელიც ძეგლად იქცა და ბამბის რიგში დგას. მისი ავტორი იტალიაში მოღვაწე ქართველი მოქანდაკე ვაჟა მიქაბერიძეა. მე ძალიან მიყვარს პორტრეტები, განსაკუთრებით მიყვარს ვერიკოს და სოფიკოს ფოტო, კოტე მახარაძის, რეზო გაბრიაძის, ოთარ ჭილაძის ფოტოები. ქუჩაში შემთხვევით გადავიღე მსახიობი გია ბადრიძე, რომელიც თამაშობს ლანა ღოღობერიძის ფილმში „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“. მოგვიანებით პირადად მივართვი მას ფოტო დიდი ფორმატით. ჩარჩოში ჩასვა და ისე დაკიდა სახლში. წლების მერე, როდესაც გიას ასაფლავებდნენ დიდუბის პანთეონში, იქვე შემაღლებულზე იდო მისი ცხედარი და იქვე მისი პორტრეტი, ჩემი გადაღებული ფოტო, რომელსაც „ესაუბრებოდნენ“ დაკრძალვის ცერემონიაზე სიტყვით გამომსვლელები. სწორედ ეს პორტრეტი იყო განსახიერება იმ ადამიანის, რომელსაც ისინი იცნობდნენ სიცოცხლეში და ემშვიდობებოდნენ. მე არავის არ ვაჩქარებ ამ ქვეყნიდან წასვლას, მაგრამ ვინც წავიდა ამ ქვეყნიდან, წავიდა ჩემი გადაღებული პორტრეტით, რაც აღმოჩნდა იმ ადამიანების ნამდვილი, ჭეშმარიტი სახე.
ძალიან მიხარია, რომ ვიცხოვრე ეპოქაში, რომელმაც ბევრი ბუმბერაზი ადამიანი დაუტოვა ქვეყანას, ეს იყო მთელი პლეადა: თემურ ჩხეიძე, თენგიზ არჩვაძე, სხვები და სხვები. მახსოვს ჩემმა მეგობარმა თამაზ ჩხიკვაძემ, რომელიც თემურ ჩხეიძის ახლობელი იყო, დიდი საქმე გამიკეთა. ერთ დღეს მითხრა, მარჯანიშვილის თეატრში მიდი და მსახიობების პორტრეტები გადაიღეო, მაშინ 31 წლის ვიყავი. წავედი თეატრში და საოცარი პორტრეტები გადავიღე. იმ წლებში თეატრში გენიალური სპექტაკლები იდგმებოდა, შემდეგ გადავერთე თუმანიშვილის თეატრზე, მქონდა კარგი გადაღებები, გამოფენაც მოვაწყვეთ. ახლა ჩემი მეგობარი, ყოფილი მოსწავლე ირინა აბჟაბდაძე აკეთებს ძალიან მაგარ წიგნს კინომსახიობთა თეატრზე, რომელშიც ჩემი უამრავი სურათი აქვს გამოყენებული, რაც ძალიან მეამაყება.
მე ძველ თბილისს ვერ მოვესწარი, მაგრამ გადაღებული მაქვს 15-მდე ფოტო ძველი თბილისის, რომელიც მართლაც განსაკუთრებულია. სიძველეს ახლავს სევდა, მაგრამ მაინც ძალიან ძვირფასია. წლების წინ ვფიქრობდი, როცა ჩვენთან ისე იქნებოდა, როგორც ევროპის ქალაქებში, უფრო სახალისო გახდებოდა ქალაქი. ქუჩაში ბილბორდებს და სარეკლამო აბრებს ვგულისხმობდი. ახლა ისეთი დომხალია, ამას რომ ვუყურებ ცუდად ვხდები. ამ საშინელი რეკლამებისგან შენობების დამახინჯებული კედლების, მანქანებით გაჭედილი ქუჩების გამო, ქალაქის იერი აღარ ჩანს, რაც ძალიან მაწუხებს. თბილისმა ბევრწილად დაკარგა ის იერი, რომელიც შეიქმნა მე-19 საუკუნის ბოლოს და მე - 20 საუკუნის დასაწყისში, ეს იყო არტდეკო, არტმოდერნი, რომელიც დღესაც ფასულია ჩვენი ქალაქისთვის. ეს არის აღმაშენებლის და რუსთაველის გამზირები, სოლოლაკის, მთაწმინდის ევროპული არქიტექტურის უბნები. დღეს უკვე ისე მიჭირს თბილისის გადაღება სურვილიც კი აღარ მაქვს. იშვიათად, წელიწადში ორი კარგი ფოტო შეიძლება გადავიღო ქალაქში. მე მაქვს გამოშვებული წიგნი 80 იანი წლების თბილისის შესახებ, რომელიც 4 წიგნადაა გაყოფილი: 1980 - 84, 1985 -1987 და შემდეგი ორი ტომი მოიცავს 1988-89 წლებს, რომელიც აღსავსე იყო პოლიტიკური მოვლენებით.
- სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება თქვენი ძალიან ცნობილი ფოტო, გოგონა დროშით, რომელიც 9 აპრილის დღეების სიმბოლოდ იქცა.
- დიახ, ეს ფოტო გადავიღე 9 აპრილის საღამოს 6 საათზე, ვაკის პარკთან, ე.წ. მხატვრების შენობასთან. ეს არის სურათი, რომელიც 9 აპრილის ხატ -სურათად იქცა. იმ დროს ძალიან გატაცებული ვიყავი ფოტოგრაფიით და არც ერთ მოვლენას არ ვუშვებდი, რაც ჩვენ გარშემო ხდებოდა.
-ალბათ, პოლიტიკურმა პროცესებმა მიგიყვანათ ოფიციალურ პოსტამდეც. თქვენ იყავით კულტურის მინისტრის მოადგილე, ეს პერიოდი ისეთ სკანდალსაც უკავშირდება, არ იქნება სასიამოვნო მოსაგონარი თქვენთვის.
-გინესის რეკორდებში ვარ შესაყვანი, თვენახევარი ვიყავი მინისტრის მოადგილე, რეკორდულად მცირე დროში დასრულდა ჩემი ჩინოვნიკური სამსახური (იცინის) ჩინოვნიკობა არ აღმოჩნდა ჩემი საქმე, თუმცა ცხოვრებისეული გამოცდილებისთვის კარგი იყო. შიგნიდან დავინახე ის, რაც გარედან ვიცოდი. ხელისუფლებაში ყოფნა საინტერესო პროცესია. ან ხარ რევოლუციონერი, ყველაფერს დაანგრევ და თავიდან ააწყობ, ამისთვის დიდი ენერგია და საშუალებებია საჭირო, ან უნდა გახდე პატარა კბილანა მექანიზმში, რომელიც უკვე ტრიალებს და თუ არ გახდები, აწყობილი სისტემა იქიდან აუცილებლად გაგაგდებს. მე არც რევოლუციონერი ვიყავი და ვერც კბილანა გავხდი (იცინის)
-თქვენმა შვილებმა ხომ არ გააგრძელეს საქმე, რომელსაც ცხოვრება მიუძღვენით?
- არა, მე მყავს ორი ქალიშვილი. უმცროსი გოგონა მრავალი წელია ინგლისში ცხოვრობს, უკვე იქაური მოქალაქეა, ხშირად ჩამოდის თბილისში სტუმრად, თუმცა ვეღარ გამოვიტყუე საქართველოში. იქ აქვს თავისი საქმე, მუშაობს სახელმწიფო სამსახურში, რომელიც უზრუნველყოფს კერძო მესაკუთრეთა მიერ დაქირავებულთა უფლებების დაცვას. ჩემი შვილიშვილები იქ სწავლობენ, იორკის და ოქსფორდის უნივერსიტეტებში. მეორე შვილი თბილისში ცხოვრობს, ვებსაიტების დიზაინერია, ჩემი ვებსაიტიც მის მიერაა გაკეთებული. მიხარია, რომ ერთი შვილი მაინც მყავს აქ გვერდით. ძალიან ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, ზოგიერთ ქვეყანაში ძალიან ბევრჯერ, მაგრამ საქართველოზე უკეთესი ქვეყანა არ მინახავს, ალბათ ამიტომაც არასდროს მიფიქრია სხვაგან ცხოვრებაზე.
-ჩვენს ციფრულ სამყაროში, სადაც ყველას აქვს შესაძლებლობა გადაიღოს ძალიან მაღალი ხარისხის ფოტო საკუთარი მობილური ტელეფონით, უსაქმოდ ხომ არ გტოვებთ ფოტოგრაფებს?
- სულ ვხუმრობ, საქმე არ დაგვიტოვეს, ყველა ფოტოგრაფი გახდა-მეთქი, მაგრამ ფოტოგრაფის პროფესიული გადაღება სულ სხვა რამეა, მოყვარულის მიერ ტელეფონით გადაღება - სულ სხვაა. არის რაღაც, რასაც ვერ გადაიღებ, როგორი მაღალი დონის ტელეფონიც არ უნდა იყოს, მაგალითად, ღვინის ბოთლის გადაღება არის პროფესიული ფოტოგრაფიის საქმე. კარგია რომ ბევრი ადამიანი იღებს ფოტოს, თუმცა ეს ფოტოგრაფიას ვერ დააზარალებს და ვერც ფოტოგრაფებს წაგვართმევს საქმეს. მე გაცნობიერებული მაქვს ჩემი მისია - ფოტოგრაფი ისეთი ადამიანია, რომელსაც მუდმივად აქვს საქმე თან წარსულთან და თან მომავალთან. მე, როგორც ფოტოგრაფს დიდი პასუხისმგებლობა მაკისრია მომავლის წინაშე, ამიტომ რასაც ვაკეთებ მინდა, რომ იყოს შემონახული, დაცული, რაც გახდება ფასეული მომავალში იმ დიდი ეპოქის შესაფასებლად, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ.
თამუნა ნიჟარაძე
იურა მეჩითოვის ფოტოები:
ამერიკული გაზეთი „ქრისჩენ საიენს მონითორი“ (The Christian Science Monitor) აქვეყნებს სტატიას სათაურით „პუტინი რუსეთს უკვე მეოთხედი საუკუნის განმავლობაში მართავს. როგორ გაძლო მან ამდენ ხანს პრეზიდენტის თანამდებობაზე?“ (ავტორი - ფრედ უეირი), რომელშიც გაანალიზებულია რუსეთის ლიდერის ხანგრძლივი მმართველობის („პუტინური ეპოქის“) მიზეზები და გარემოებები.
მეოთხედი საუკუნის წინათ, როცა რუსეთის პრეზიდენტმა ბორის ელცინმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად ვლადიმერ პუტინი დანიშნა, ძალიან ბევრს ეგონა, რომ იგი მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე სულ რაღაც რამდენიმე კვირას თუ გაძლებდა - ფართო საზოგადოებისათვის უცნობი პიროვნება, „კაგებეს“ ჩვეულებრივი ყოფილი თანამშრომელი ვერ დაძლევდა პრობლემებს და იმ უიღბლო პრემიერების ჯაჭვის კიდევ ერთი რგოლი იქნებოდა, რომლებიც მანამდეც ბევრნი იყვნენ.. მაგრამ „ურწმუნოები“ მწარედ მოტყუვდნენ - არავინ არ ელოდებოდა იმას, რაც შემდეგ მოხდა.
მოკლედ, ვლადიმერ პუტინმა კრიზისებს გაუძლო. მისი მმართველობის წლებში მთელი თაობა გაიზარდა, რომელიც, პუტინის გარდა, სხვა ლიდერის მომსწრე არ არის. მიმდინარე წლის დასაწყისში მისი უფლებამოსილება ექვსწლიანი ვადით გაგრძელდა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ კრემლის ბინადარი არასოდეს ისე დამარწმუნებლად არ ფლობდა ხელისუფლებას და დამაჯერებლად არ აკონტროლებდა სიტუაციას, როგორც ამჟამად.
თუმცა ის, თუ როგორ მოახერხა ვლადიმერ პუტინმა რუსული დათვის ესოდენ იოლად მორჯულება, ან მისი პოლიტიკური დღეგრძელობის მიზეზები, დღემდე ბოლომდე ცნობილი არ არის.
რუსული საზოგადოება, მთლიანობაში, კმაყოფილია იმით, თუ როგორ შეიცვალა ქვეყანა 25 პუტინური წლის განმავლობაში. მაგრამ რუსი ექპერტების აზრით, ეს მოხდა არა იმდენად პრეზიდენტის, როგორც ლიდერის, რაღაც უნიკალური თვისებების გამო, არამედ უფრო ისტორიული ეპოქისა და კულტურის ძალით.
ვლადიმერ პუტინის მომხრეებიც კი იშვიათად ლაპარაკობენ, რომ მას რაღაც უჩვეულო და უნიკალური უნარები აქვს - ვთქვათ, ქარიზმა, შეუმცდარობა ან სიბრძნე. ისინი თავს აარიდებენ ამგვარ ქება-დიდებას და უფრო მეტად ისინი იმაზე დაიწყებენ საუბარს, თუ როგორ შეიცვალა და გარდაიქმნა რუსეთი ორ ათეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში: არასტაბილური და უბედური პოსტსაბჭოური ნანგრევებიდან და ბანდიტური ქვეყნიდან დისციპლინირებულ და შედარებით აყვავებულ საზოგადოებად, სადაც ადამიანები გულწრფელად ამაყოვენ იმით, რომ ისინი რუსები არიან. რეფორმების უმრავლესობა, რომლებმაც რუსეთი შეცვალა, ვლადიმერ პუტინს არ დაუწყია, მაგრამ მათ სწორედ პუტინის მმართველობის დროს მიაღწიეს მიზანს.
ამისკარგი მაგალითია კერძო საკუთრება მიწაზე, რომელიც ამჟამად საყოველთაო უფლებას წარმოადგენს. ბოლო 15 წლის განმავლობაში მიწით სარგებლობამ და გაყიდვამ სხვადასხვა საჭიროებისდა მიხედვით გამოიწვია ის, რომ რუსული მეგაპოლისების ირგვლივ მსხვილი ფერმერული მეურნეობები შეიქმნა (ისევე როგორც აშშ-ში 1950-იან წლებში), დაიწყო სასოფლო-სამეურნეო ბუმი. შესაძლოა დასავლეთის მოსახლეობისათვის ეს შთამბეჭდავი არ იყოს, მაგრამ რუსეთში მილიონობით მიწისმფლობელის არსებობა - უფრო მეტის, ვიდრე ათასი წლის წინ იყო (მეფის პერიოდის გამოკლებით), უჩვეულოა. დღეს ქალქისა და სოფლის მცხოვრებთ შეუძლიათ მიწასთან მიგიყვანონ და თქვან - „ეს ჩემი საკუთრებაა და რაც მინდა, იმას გავაკეთებ“.
„ჩვენ არ ვსვამთ კითხვას - რატომაა ვლადიმერ პუტინი პოპულარული. თვითონ კითხვა არ იქნება სწორი“, - ამბობს ალექსი მუხინი, მოსკოვის პოლიტიკური ინფორმაციის დამოუკიდებელი ცენტრის დირექტორი, - ჩვენ უფრო მეტად ირგვლივ არსებულ ცხოვრებას ვაკვირდებით. მე პირადად მეჩვენება, რომ ცხოვრება უფრო კარგად მიდის მაშინ, როცა სახელმწიფო და საზოგადოება თითოეული თავის სფეროთია დაკავებული და ერთმანეთს ხელს არ უშლიან. მეც და მოსახლეობას ისეთი შეგრძნება გვაქვს, რომ ვლადიმერ პუტინმა იპოვა ფორმულა, რომელიც მუშაობს - ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე მაინც“.
უკეთესია, ვიდრე 1990-იანებში...
ვლადიმერ პუტინმა მთელი რიგი მკაცრი გამოცდა გადაიტანა, რომელთაგან ნებისმიერი შეიძლებოდა ბევრი პოლიტიკოსისთვის კარიერის დამანგრეველი ყოფილიყო. მათ შორისაა ატომური წყალქვეშა ნავის „კურსკის“ ტრაგიკული დაღუპვა მისი პრეზიდენტობის პირველივე წელს, ფინანსური კრიზისები, კავშირების გაწყვეტა დასავლეთთან და არნახული პოლიტიკურ-ეკონომიკური სანქცია-ემბარგოების „გრიგალი“. მან გადაიტანა სამხედრო ამბოხება და დღემდე აგრძელებს ძვირადღირებულ ომს უკრაინასთან, რომელიც, როგორც ამბობენ, ისე დაიწყო ორი წლინახევრის წინ, რომ თავისი ბევრი ახლო მრჩეველისთვისაც არაფერი უკითხავს.
ამ ხნის განმავლობაში ვლადიმერ პუტინის რეიტინგი იშვიათად თუ ჩამოსცილებია 60%-იან ნიშნულს, ამჟამად კი მისი პოპულარობა 80%-ს აღწევს.
„რუსულ საზოგადოებაში ქვეყნის ლიდერს მტკიცე მხარდაჭერა აქვს - დაახლოებით ორი მესამედი მიმდინარე პოლიტიკის მიმართ ლოიალურ განწყობას გამოხატავს“, - ამბობს ალექსი ლევინსონი, დამოუკიდებელი „ლევადა-ცენტრის“ ექსპერტი, - რეიტინგის ყველაზე დაბალი დონე - 60-62% - იყო ეკონომიკური სირთულეების პერიოდში, როცა მოსახლეობა უკმაყოფილებას ამჟღავნებდა, მაგრამ იმავდროულად, „იმპერიული პოლიტიკის წარმატებები“, მაგალითად, საქართველოსთან ომი 2008 წელს და ყირიმის მიერთება 2014 წელს - პირიქით, მხარდაჭერას 20%-ით ზრდიდა“.
მიუხედავად იმისა, მოქალაქეთა პოლიტიკური უფლებები შემცირდა, განსაკუთრებით კი უკრაინასთან ომის დაწყებიდან, რუსეთის მოსახლეობის უმრავლესობის კერძო ცხოვრება მაინცდამაინც არ დაზარალებულა. 40 წელზე მეტი ასაკის მქონე რუსებისათვის ათვლის მთავარი წერტილი იყო და ახლაც არის 1990-ინი წლების კატასტროფა.
„როგორც ჩანს, ვლადიმერ პუტინს ნამდვილად კარგი გუნდი ჰყავს, რადგანაც მათ შეძლეს 1990-იანი წლების ყველა სირთულისა და მძიმე გადმონაშთების გადალახვა - უწესრიგობების, ქაოსისა და თავაშვებული ბანდიტიზმის ჩათვლით“, - ამბობს მარინა, მოსკოველი პენსიონერი, რომელიც მუშაობას აგრძელებს, - ძალიან კარგად გვახსოვს, თუ რა ხდებოდა იმ ავადსახსენებელ დროში, ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ ვუფრთხილდებით სტაბილურობასა და სიმშვიდეს. ძნელია რუსეთის საჭესთან სხვა პიროვნების წარმოდგენა, ვლადიმერ პუტინის გარდა“.
პიტინი როგორც „სწორედ ის ადამიანი“
რუსი ოპოზიციონერებიც კი, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ხელისუფლების დევნას საზღვარგარეთ გაექცა, ვერ თანხმდებიან ერთმანეთში ვლადიმერ პუტინის პოლიტიკური დღეგრძელობის წყაროების ძიების დროს. ერთნი ამას სახელმწიფო პროპგანდით ხსნიან, როცა დამოუკიდებელი ექსპერტებისა და ოპოზიციონერების ხმა ტელეეკრენიდან აღარ ისმის და ისინი ოფიციალური ეთერიდან გაძევებულები არიან. მეორენის თქმით, გაფართოებულმა რეპრესიებმა, რომელიც ანტიუკრაინულ „სპეცოპერაციას“ მოჰყვა, შიშის ატმოსფერო შექმნა, რომლის დროსაც „დიდი მესაჭის“ პოპულარობა და სიყვარული, პრინციპში, შეუძლებელია. მესამენი ხაზს უსვამენ ტრადიციულ რუსულ პოლიტიკურ კულტურას და ამბობენ, რომ ვლადიმერ პუტინი რუსეთის მეფის როლს ასრულებს, რომელსაც მოსახლეობა ყველანაირ დემოკრატიულ ღირებულებებზე მაღლა აყენებს.
პრეზიდენტის ყოფილი სპიჩრაიტერი, ამჟამად კი მისი კრიტიკოსი აბას გალიამოვი (იგი ქვეყნიდან არის გაძევებული) თვლის, რომ რუსეტის ლიდერმა დააკმაყოფილა საზოგადოების მოთხოვნილება „ძლიერ ხელზე“, რომელიც ესოდენ აკლდა ქვეყანას, როცა საზოგადოება დაიშალა, ეკონომიკა დაინგრა, ხოლო დემოკრატიული მართვის დანერგვის ყველა მცდელობა კრახით სრულდებოდა. „პუტინი აღმოჩნდა სწორედ ის ადამიანი, რომელიც ამ მოთხოვნას გამოეხმაურა და მხარი აუბა“, - ამბობს აბას გალიამოვი.
თავდაპირველად პრეზიდენტმა გააცნობიერა დასავლეთთან რუსეთის ინტეგრირების აუცილებლობა, მაგრამ ცოტა მოგვიანებით მან აღმოაჩინა, რომ ნაციონალიზმის გაღვივება და რუსეთის ყველა უბედურებაში გარეშე მტრის დადანაშაულება უფრო უკეთეს ფორმულას წარმოადგენს. „როცა გარეშე დღის წესრიგი დომინირებს, ხელისუფლება უფრო პატრიოტულად გამოიყურება, ოპოზიცია კი - სამშობლოს გამყიდველთა ხროვად“, - განმარტავს აბას გალიამოვი, - როცა ყურადღება მიპყრობილი აქვს საშინაო საკითხებს, ადამიანები ხელისუფლებას კორუმპირებულად თვლიან, რომელიც მხოლოდ საკუთარი ინტერესები ამოძრავებს... პრინციპი - „რუსეთი მტრებით არის გარშემორტყმული“ - წარსულშიც ყოველთვის კარგად მუშაობდა“.
„მეომარი“-„მზრუნველი“-„შემოქმედი“
ყველა ეთანხმება იმ აზრს, რომ ვლადიმერ პუტინი ბოლო წლებში შეიცვალა - ქვეყნისა და საზოგადოების განვითარების კვალობაზე
ამას წინათ მოსკოვში არსებული ანალიტიკური ჯგუფი „მინჩენკო კონსალტინგი“ შეეცადა გაერკვია, თუ როგორ იცვლებოდა ვლადიმერ პუტინის როლი რუსეთის საზოგადოებაში. როგორც გამოკვლევაშია ნათქვამი, ეყრდნობოდა რა რუსული რეალობის სტერეოტიპებს, პუტინი თავდაპირველად „მეომრის“ სახით გამოდიოდა, რომელმაც ქაოსით მოცულ ქვეყანაში წესრიგი აღადგინა, გაიმარჯვა ჩეჩნურ სეპარატიზმზე და 2000-იანების დასაწყისში ქვეყნიდან მზაკვარი ოლიგარქების გააძევა. შემდეგ ვლადიმერ პუტინი „მზრუნველი მმართველი“ გახდა, რომელმაც ქვეყანა საბაზრო ურთიერთობების აღმავლობამდე მიიყვანა და პირველად რუსეთის ისტორიაში კარგად აწყობილი სამომახმარებლო ეკონომიკა შექმნა. თავისი ბოლო გარდაქმნის შედეგად პუტინი გლობალურ „შემოქმედად“ არის წარმოდგენილი, ან ლიდერად, რომელიც ახალ მსოფლიო წესრიგს აყალიბებს და რომელშიც რუსეთი სრულიად ახალ როლს შეასრულებს.
რუსეთის სახელმწიფო ტელეარხმა „რაშა თუდეიმ“ ამასწინათ შექმნა საიტი, რომელშიც ვლადიმერ პუტინის მმართველობის 25 წელი სამ პერიოდად არის გაყოფილი, ხოლო მათთვის აუცილებელი თითოეული საკვანძო გამოსვლა, ხელოვნური ინტელექტის მიერ, გასაგებ ინგლისურ ენაზეა თარგმნილი.
„ასეა თუ ისე, ჯერ კიდევ საიდუმლოდ რჩება, თუ როგორ ამუშავდა ყველაფერი ვლადიმერ პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. რუსებს ეს ყველაფერი, როგორც ჩანს, აწყობთ. დიახ. ადამიანებს მისი ეშინიათ, მაგრამ ალტერნატივაც არ ჩანს. შესაძლოა, ეს ყველაფერი ალქიმიას ჰგავს, მაგრამ მასში ძალიან ბევრი ხედავს ნამდვილ რუს გმირს“, - ასკვნის ალექსი მუხინი
წყარო: https://www.csmonitor.com/World/Europe/2024/1031/vladimir-putin-russia-kremlin-25-years-ukraine-war