USD 2.6505
EUR 3.0377
RUB 3.6236
თბილისი
ისტორიული სახლი ვაკეში, აბაშიძის ქუჩის N21-ი
თარიღი:  

აბაშიძის ქუჩის N21 - ისტორიული სახლია, რომელშიც ლეგენდარული მოცეკვავეები, პროფესორები, აკადემიკოსები, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეები ცხოვრობდნენ.

მოგონებების გარდა ამ ღირშესანიშნავი პიროვნებების შესახებ სახლზე დამონტაჟებული მემორიალური დაფებიც გვამცნობს.
ლეგენდები, ქართული ცეკვის რეფორმატორები - ილიკო სუხიშვილი, ნინო რამიშვილი, თენგიზ და ინგა სუხიშვილები.
დღეს კი, ეს სახლი მათი საქმის ღირსეულ გამგრძელებლებს, ქართული ბალეტის ხელმძღვანელებს და ქორეოგრაფებს, ოჯახის მესამე თაობას ნინო და ილიკო სუხიშვილებს ეკუთვნით.
სუხიშვილი-რამიშვილის ოჯახში ბუხრის გარშემო საინტერესო და ცნობილი ადამიანები იკრიბებოდნენ: მხატვრები, მუსიკოსები, მოცეკვავეები, მსახიობები - სოლიკო ვირსალაძე, სოფიკო ჭიაურელი, გურანდა გაბუნია, სესილია თაყაიშვილი. ამ სახლში ყოველთვის მეგობრული ატმოსფერო სუფევდა.
ილიკო სუხიშვილის და ნინო რამიშვილის გარდა, ისტორიულ სახლში ცხოვრობდნენ ცნობილი აკადემიკოსები, პროფესორები და საზოგადო მოღვაწეები:
კარლო გარდაფხაძე - 1961-1977 წლებში საქართველოს სსრ ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე იყო. მისი ხელმძღვანელობის დროს აიგო მაუწყებლის დღევანდელი შენობა, საქართველოს ტელევიზია რეგიონში ერთ-ერთი პირველი გადავიდა ფერად მაუწყებლობაზე.
ამ სახლში ცხოვრობდნენ ასევე: რაფიელ დვალი - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ქართველი მეცნიერი მანქანათმშენებლობის დარგში.
ვიქტორ კუპრაძე - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი,ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
თენგიზ ბუაჩიძე - ქართველ ლიტერატურათმცოდნე, მწერალი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
დავით თავხელიძე - ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი.

ისიდორე დოლიძე - იურისტი, სამართლის ისტორიკოსი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და პროფესორი.

საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის