საქართველოს ისტორიაში პირველად 2015 წელს შედგა და დაფუძნდა ეროვნული და დამოუკიდებელი მასონური ლოჟების ფედერაცია – დიადი ლოჟა, მისი სრული სახელწოდებაა „უძველესი თავისუფალი და მიღებული ქვისმთლელთა (მასონთა) ორდენი – საქართველოს დიადი ლოჟა“. ეს მოვლენა ისტორიულია იმდენად, რამდენადაც საქართველოს ისტორიაში თანამედროვე მასონობა არსებობდა მე-18 საუკუნის ბოლოდან, მე-19 საუკუნის დასაწყისიდან, გაძლიერდა მეოცე საუკუნის დასაწყისში, მაგრამ ვერ მოესწრო საქართველოს გასაბჭოებამდე დიადი ლოჟის დაფუძნება… 2015 წლიდან საქართველოს დიადმა ლოჟამ დაიწყო კვლევა ქართული მასონობის ისტორიული ფესვებისა, ამასთან, ეს მხოლოდ მცირედი პირველი ნაბიჯებია.
ოპერატიული მასონები, ანუ პრაქტიკოსი ქვისმთლელები, ჩვენს ისტორიაში მრავლად გვყავდა, მათი აგებულია მრავალი ციხე-სიმაგრე, ტაძარი, მათ შორის უნიკალური სვეტიცხოველი და გელათი. მაგრამ, მიღებული, ანუ არა-პრაქტიკოსი, ქვისმთლელების კვალი არ იძებნებოდა ჩვენი სამშობლოს ისტორიის ზედაპირზე. კვლევის დაწყებიდან მალევე აღმოჩნდა, რომ ეს კვალი არსებობს და მივყავართ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ქალაქში და დაწესებულებაში გაბნეულ ისტორიულ მასალებთან. ჩვენს გვერდზე მითითებულია ქართველ მასონთა მხოლოდ მცირე რაოდენობა, რომელთა იდენტიფიკაცია გახდა შესაძლებელი სწორედ სხვადასხვა მასონურ არქივში. საქართველოს დიად ლოჟას მიაჩნია, რომ წარსულის გარეშე არ შეიძლება არსებობდეს აწმყო და მითუმეტეს – მომავალი. გადავწყვიტეთ სპეციალური კომისიის შექმნა, რომელიც საერთაშორისო მასონური კვლევითი ინსტიტუტის (IMRI) მხარდაჭერით განაგრძობს სპეციალურ კვლევას აღნიშნული მიმართულებით. ყველა ძმის შესახებ, ვინც ჩვენს ვებ გვერდზეა წარმოდგენილი, არსებობს, თუნდაც მწირი, მაგრამ უტყუარი დოკუმენტური მასალა, როგორც სხვადასხვა ისტორიულ წყაროში, ავტორიტეტულ მკვლევართა გამოცემებში, ასევე სხვადასხვა მასონურ არქივებში. გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს გასაბჭოების შემდგომ არქივების დიდი ნაწილი ან განადგურდა ან გატანილია რუსეთში და ინახება გრიფით „საიდუმლო“.
საქართველო მეცხრამეტე საუკუნეში რუსეთის იმპერიის მიერ იყო ანექსირებული და მასონობაც რეალურად ჩვენში რუსეთიდან შემოვიდა (ამ ეტაპზე სხვა ფაქტები არ გვაქვს). თბილისისა და ქუთაისის გუბერნიებში თითო-თითო ლოჟა არსებობდა, ასევე იყო ქართველების, (კავკასიელების) ლოჟა პეტერბურგში, ქართველები იყვნენ სხვადასხვა ლოჟის წევრები მთელი იმპერიის მასშტაბით. XIXს. ბოლოდან, რუსეთის იმპერიაში მძლავრობდა ე.წ. არა-რეგულარული მასონური ფრთაც, „რუსეთის ხალხთა დიადი აღმოსავლეთი“ (რხდა), ჩვენი თანამემამულეთა ნაწილი ამ დიადი ლოჟის იურისდიქციაშიც შედიოდა.
ქართველ ძმათაგან, გამოვყოფდით, ქართველ ბატონიშვილს, გრიგოლ იოანეს-ძეს, მეფე გიორგი XII-ის შვილიშვილს, რომელიც სავარაუდოდ 1816 წლამდე იქნა ინიცირებული პეტერბურგში. გრიგოლ ბაგრატიონი (1789 – 1830) იყო ქართველი მწერალი, მონაწილეობდა კახეთის 1812 წლის აჯანყებაში. აჯანყების პერიოდში გამოაცხადეს საქართველოს მეფედ, უწოდეს გრიგოლ I, მას როგორც მეფეს მოიხსენიებდნენ ეკლესიებში ღვთისმსახურების დროს. მისი მეფობის მცირე ვადის შემდგომ, იგი გადაასახლეს რუსეთში და ერთხანს პატიმრად ჰყავდათ პეტროზავოდსკის ციხეში. გადასახლებაში დაწერილი მისი ლექსები, სამშობლოდან გადახვეწილი კაცის გულისტკივილს გამოხატავს. ბატონიშვილი გრიგოლ იოანეს ძე ბაგრატიონი პეტერბურგში გაწევრიანდა ლოჟა „გაერთიანებულ მეგობრებში“, სადაც ის ოსტატის ხარისხში იქნა აყვანილი. ამ ისტორიულ პერიოდში, მოღვაწეობდა თავადი მიხეილ ბარათაევი (ბარათაშვილი), დეკაბრისტების მეგობარი და ციმბირში ლოჟის დამაარსებელი, ნიკოლოზ ბარათაშვილის ახლო ნათესავი. მიხეილ ბარათაშვილი 1784 წლის 25 იანვარს, ქალაქ სიმბირსკში დაიბადა (გარდაიცვალა 1856 წელს, ბარათაევკაში). იგი იყო ქართველი ისტორიკოსი, ქართული მეცნიერული ნუმიზმატიკის ფუძემდებელი, ქართული და აღმოსავლური მონეტების კოლექციონერი. სიმბირსკში დააარსა მასონთა ლოჟა “სათნოების გასაღები“, თავად კი, 1816 წელს იქნა ინიცირებული. საინტერესო და უნიკალური პიროვნება, ქართველი პატრიოტი გახლდათ ალექსანდრე ვლადიმერის ძე ამილახვარი, პოლკოვნიკი. დაიბადა 1879 წელს, გორში, – გარდაიცვალა 1968 წლის 21 აგვისტოს, ნიუ – იორკში. დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი, 1901 წელს კი პაჟთა კორპუსი. იყო მის მიერვე ჩამოყალიბებული დრაგუნთა ქართული პოლკის მეთაური. 1914–1916 წლებში მსახურობდა ე.წ. „ველურ დივიზიაში“. დონის კაზაკებთან ერთად ებრძოდა ბოლშევიკებს. 1917 წლის სექტემბრიდან თბილისში მოღვაწეობს. გასაბჭოების შემდეგ, ემიგრაციაშია, ჯერ სტამბულში, შემდეგ პარიზში.1924 წელს სხვებთან ერთად აარსებს მასონურ ლოჟას „ოქროს საწმისი“, საფრანგეთის დიადი ლოჟის საფარველ ქვეშ, იყო ლოჟების „ლოტოსი“ და „პრომეთე“ -ს წევრიც. ელიზბარ ვაჩნაძესთან, მერაბ ჯორჯაძესთან და ნიკოლოზ ჩხოტუასთან ერთად ებრძოდა კომუნისტებს. მოგვიანებით, 1954 წლამდე, ცხოვრობდა პერუში, 1957 წლიდან კი იგი აშშ გადადის, სადაც მოგვიანებით აღესრულა.
ქუთაისის გუბერნიაში მუშაობდა მასონური ლოჟა „კავკასიური“, რომელიც 1915 წლიდან იქნა ინსტალირებული ქ. ქუთაისში. წევრებიდან გამოვყოფდით: კიტა აბაშიძეს, რომელიც ლოჟის დაფუძნების დროს იქნა ინიცირებული (სხვათა შორის, 1909 წელს იგი დააპატიმრეს. მიზეზი გახდა მისი გამოსვლა 1909 წლის 22 თებერვალს ქუთაისში შემდგარ თავადაზნაურთა შეკრებაზე, რომელზედაც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი დადგა. კიტა აბაშიძე დავით მიქელაძესთან და ნიკოლოზ თავდგირიძესთან ერთად ეკლესიის დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამოვიდა);
ლოჟა „პოლარული ვარსკვლავი“-ს წევრი იყო, ვარლამ გელოვანიც. იგი ქუთაისის გუბერნიიდან აირჩიეს რუსეთის იმპერიის მე-4-ე სახელმწიფო სათათბიროს წევრად, სოციალ – ფედერალისტი, რუსეთის სათათბიროს ქართული ლოჟის წევრი. ოცნებობდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღორძინებაზე, ის ამტკიცებდა: „ჯანმრთელი სახელმწიფოს მშენებლობის გზაა არა პატარა ერების ინტერესების უგულვებელყოფა, არამედ ამ ინტერესების შეთანხმება უზარმაზარი მთლიანობის ამოცანებთან“.
"კავკასიური ლოჟა" დააარსებული იყო ორი, იმდროინდელ რუსეთში ყველაზე გავლენიანი ქართველი მასონის - კარლო ჩხეიძისა და ევგენი გეგეჭკორის მიერ. მისი წევრები იყვნენ:
1) კარლო ჩხეიძე
2) ევგენი გეგეჭკორი
3) კიტა აბაშიძე
4) იასონ ბაქრაძე
5) პეტრე ყიფიანი
6) ალექსანდრე დიასამიძე
რუსეთის დიად აღმოსავლეთს ჰქონდა მმართველი ორგანო რომელსაც ერქვა "რუსეთის ხალხთა დიადი აღმოსავლეთის უმაღლესი საბჭო". ამ საბჭოში ორი ქართველი იყო - ევგენი გეგეჭკორი და კარლო ჩხეიძე. ასევე ამ ლოჟის ერთ-ერთი ფილიალის "ჩრდილოეთის ციალის" დიდი მაგისტრი იყო ევგენი გეგეჭკორი. ამ ლოჟას შემდგომში ეწოდა ლოჟა - "გეგეჭკორი".
ასევე ლოჟას დუმაში ჰქონდა ფილიალი ლოჟა "ვარდი", ამ დუმის ლოჟაში 4 ქართველი იყო, ესენი იყვნენ:
აკაკი ჩხენკელი
კარლო ჩხეიძე
ევგენი გეგეჭკორი
ვარლამ გელოვანი
საქართველოში მოღვაწეობდა 3 ძლიერი მასონური ლოჟა:
1) "რუსეთის ხალხთა დიადი აღმოსავლეთი" თბილისი,
2) "კავკასიური ლოჟა", ქუთაისი,
3) "ცეცხლოვანი მტრედის ორდენი", თბილისი.
ამ ქართველების ნაწილი, საქართველოს 1921 წლის ოკუპაციამდე იყვნენ მასონები, ქუთაისში, თბილისში, პეტერბურში, ციმბირში არსებულ ლოჟებში, ბევრი მათგანი, „არა რეგულარიც“ კი იყო, მიეკუთვნებოდნენ „რუსეთის ხალხთა დიად აღმოსავლეთს“, მაგრამ მათი უმეტესობა 1924 წლიდან შეურთდნენ რეგულარულ მასონობას, პარიზში, ვარშავაში, ლონდონში, ჩილეში, ნიუ იორკში და ა.შ.
აი ეს სიაც:
ამ ეტაპზე თბილისის ლოჟის შესახებ გაცილებით ნაკლებ ინფორმაციას ვფლობთ, ვიდრე ქუთაისის ლოჟაზე. კვლევის შედეგების და სხვა ქართველი მასონების თუ ქართული ლოჟების შესახებ, ქართულენოვან მკითხველს შეუძლია შეიტყოს ჩვენი სპეციალური გამოცემიდან, რომლის ავტორია მასონი ძმა სოლომონ ასურელი.
2017 წელს საქართველოს დიადმა ლოჟამ საფრანგეთიდან მიიღო მასონური ხელდასმის პატენტი, რომლის მეშვეობითაც აღდგა ისტორიული, სამართალმემკვიდრეობითი და კულტურული კავშირი ჩვენს ქართველ მასონ წინაპრებთან, ევროპულ მასონურ სივრცესთან და ტრადიციებთან.