USD 2.6505
EUR 3.0377
RUB 3.6236
Тбилиси
ირაკლი კვარაცხელია: პოლიციელი, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა თავმდამსხმელთან იყო ზეპროფესიონალი, ძალიან ადეკვატური და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენ ცოცხლები გამოვსულიყავით იქიდან
дата:  1308

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკში“ შეჭრისას ერთ-ერთი აყვანილი მძევალი, ირაკლი კვარაცხელია არ გამორიცხავს, რომ ბოროტმოქმედის ამოცნობას ხმის მეშვეობით შეძლებს. მისი ვარაუდით, ის 35-დან 40 წლამდე კაცია.

„საფრთხე იყო მაქსიმალურად რეალური. ჩვენი მიზანი ის იყო, რომ იქიდან ცოცხლები გამოვსულიყავით, როგორც ნებისმიერი ნორმალური ადამიანის. ვხედავდით, რომ ხელში ეჭირა საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი ხელყუმბარა, რომელიც მე ვიცოდი და სხვებსაც ავუხსენი, რომ ეს ყუმბარა თუ აფეთქდებოდა ცოცხალი ვერცერთი ვერ გადავრჩებოდით და ჩვენი მიზანი იყო, რომ არავის გარედან მისთვის არ ესროლა, იმიტომ რომ ეს ავტომატურად ჩვენთვის სროლას და ჩვენს სიკვდილს ნიშნავდა“, - აცხადებს კვარაცხელია.

ის ასევე იხსენებს, რომ თავდამსხმელმა კიდევ 3 ადამიანს სთხოვა მედიასთან დაკავშირება, თუმცა სხვადასხვა ტექნიკური მიზეზის გამო, ბოლოს ჟურნალისტებთან კავშირზე სწორედ კვარაცხელიას მოუწია გასვლა.

„ერთს Facebook-ი არ ჰქონდა, მეორეს ტელეფონი დამჯდარი ჰქონდა, მესამეს ანგარიშზე არ ჰქონდა და როცა მითხრა მე, მე მქონდა ანგარიშზე, ტელეფონიც მქონდა. დავუკავშირდი იმიტომ რომ ეს იყო ჩვენი სიცოცხლის შენარჩუნებისთვის აუცილებელი პირობა, რადგან გარეთ სამართალდამცველებს არ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ მას ხელყუმბარა ეჭირა საბრძოლო მდგომარეობაში. ვიღაცას რომ ესროლა დავიხოცებოდით უბრალოდ. თვითონ ის პოლიციელი, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა იყო ზეპროფესიონალი, ძალიან ადეკვატური და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენ ცოცხლები გამოვსულიყავით იქიდან“, - აღნიშნა კვარაცხელიამ.

ის ავთანდილ გალდავას მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ მოწმეების ჩანაცვლების ინიციატივა სწორედ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელს ეკუთვნოდა. კვარაცხელია ასევე იხსენებს, რომ თავდამსხმელი ძირითადად ქართულად საუბრობდა, თუმცა რამდენჯერმე მძევლებს მეგრულადაც დაელაპარაკა.

22 ოქტომბერს, გამთენიისას შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ხოლო დამნაშავის დაკავების მიზნით სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს.

თავდამსხმელი შენობიდან 3 მძევალთან ერთად გამოვიდა. როგორც კადრებში გამოჩნდა, მას შენობის დატოვების დროს ერთი ხელი აწეული ჰქონდა და სავარაუდოდ ხელში ხელყუმბარა ეკავა.

ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები 21 ოქტომბერს აიყვანა.

общество
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати