ვიდრე ამაზე [„კლანებს“ შორის დაპირისპირებაზე] მიდის საუბარი, ამასობაში შემოეშალათ ხელში მთელი ოპოზიცია, თავისი პარტიების ჩათვლით. „ლელო“ იშლება, „ნაცმოძრაობა“ იშლება, - ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან დასმული იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც “ქართულ ოცნებაში“ „კლანებს“ შორის არსებულ დაპირისპირებას“ ეხებოდა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, დღეს ხელისუფლებას წარმოადგენს კონკრეტული გუნდი და თავად არის პასუხისმგებელი, რომ თითოეული მინისტრი კეთილსინდისიერად მოქმედებდეს.
„ვიდრე ამაზე [„კლანებს“ შორის დაპირისპირებაზე] მიდის საუბარი, ამასობაში ხელში შემოეშალათ მთელი ოპოზიცია, თავისი პარტიების ჩათვლით, იქ „ლელო“ იშლება, „ნაცმოძრაობა“ იშლება და ა.შ. დღეს, ხელისუფლებას წარმოადგენს კონკრეტული გუნდი კონკრეტული ადამიანებით, მე პირადად ვარ პასუხისმგებელი სამთავროვო გუნდზე. მე ვარ პირადად პასუხისმგებელი იმაზე, რომ თითოეული მინისტრი, რომელიც დღეს მუშაობს მთავრობაში, იმოქმედებს კეთილსინდისიერად და მაღალი პროფესიონალიზმით. პასუხისმგებელი ვარ შესაბამის საკადრო გადაწყვეტილებებსა და საქმიანობაზე. როცა კითხვებს სვამთ მხოლოდ წარსულთან დაკავშირებით, ეს მე მიმტკიცებს რწმენას იმაზე, რომ დღევანდელ დღესა და მთავრობის დღევანდელ საქმიანობაზე თქვენ კითხვები არ გაქვთ,“- განაცხადა პრემიერმა.
ამასთან, კითხვაზე, თუ სად იმყოფება ახლა ყოფილი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი და ჰქონდა თუ არა მასთან კომუნიკაცია, პრემიერი განმარტავს, რომ მისთვის უცნობია, თუ სად იმყოფება ახლა ყოფილი პრემიერი.
„შეიძლება, 2 კვირის წინ მქონდა [კომუნიკაცია] და იმის შემდეგ სხვაგან წავიდა. მე საიდან უნდა ვიცოდე [სად იმყოფება]. არ ვიცი - ეს არის ერთადერთი პასუხი, რაც მაქვს“, - აღნიშნა პრემიერმა.