USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Тбилиси
ირაკლი ანდრიაძე და თბილისის დაძმობილებული ქალაქები
дата:  1059

2023 წლის 30 იანვარს სასიამოვნო ფაქტი მოხდა თბილისის და მის დაძმობილებული ქალაქების ისტორიაში, ბილბაო-თბილისის ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავიდა - დამეგობრებული ქალაქების ურთიერთობაში, ადამიანის უფლებების და დემოკრატის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს საბინო არანას ფონდის ჯილდო გადაეცა.

ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს ბილბაოში საბინო არანას  ფონდის უმაღლესი ჯილდო გადაეცა

თბილისს უცხოეთის ქალაქებთან გაფორმებული აქვს ორი ტიპის ხელშეკრულებები: დაძმობილების და პარტნიორობის. დაძმობილების ხელშეკრულებები ფორმდება უვადოდ, ერთი ქვეყნის მხოლოდ ერთ ქალაქთან, ხოლო პარტნიორობის ხელშეკრულების ხელმოწერა შესაძლებელია ერთი ქვეყნის რამდენიმე ქალაქთან გარკვეული ვადით ან უვადოდ.

თბილისს ჰყავს 15 დაძმობილებული და 15 პარტნიორი ქალაქი. ზოგიერთ ქალაქთან თანამშრომლობა ათეულ წელს ითვლის და დღესაც წარმატებით ვითარდება, რამდენიმე ქალაქთან კი შეთანხმებები ბოლო წლებში გაფორმდა, რის შედეგადაც გაიზარდა საერთაშორისო თანამშრომლობის არეალი.

პირველი ქალაქი, რომელთანაც თბილისმა დაძმობილების ხელშეკრულება გააფორმა, იყო ქალაქი ზაარბრიუკენი  გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. დაძმობილების შესახებ ხელშეკრულება ქ. თბილისსა და ქ. ზაარბრიუკენს შორის 1975 წლის 22 მარტს გაფორმდა.

თბილისის და მისი დაძმობილებული ქალაქების ისტორიაში, განსაკუთრებით აღსანიშნავია თბილისის ბ-ნი ირაკლი ანდრიაძის ( 1987-1991 წლებში იყო თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე. 1991 წლიდან თბილისის პირველი პრეფექტი და პირველი მერი. ) მონაწილეობა და ღვაწლი.

1986 წელს სსრკ-ში დაწყებულმა  «გარდაქმნის» და «ახალი აზროვნების» ტალღამ საქართველომდეც  მოაღწია და თბილისში  გაიმართა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონფერენცია განიარაღების საკითხებზე. მაშინ საქართველოს დედაქალაქში მრავალი ქვეყნის დელეგაცია ჩამოვიდა. ღონისძიებას უძღვებოდნენ გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეები იან მარტენსონი და ვიაჩესლავ უსტინოვი.

კონფერენციამ წარმატებით ჩაიარა და მალე, „გაეროს“ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, თბილისს საპატიო წოდება „ქალაქი-მშვიდობის დესპანი“ მიენიჭა. „წოდება“ რეკლამა იყო საქართველოს დედაქალაქისთვის და ეს ფაქტორი ქალაქის მაშინდელმა თავკაცმა ირაკლი ანდრიაძემ საერთაშორისო დონეზე სათანადოდ გამოიყენა.

იმ დროისთვის თბილისის დაძმობილებული ქალაქები იყო: ზაარბრიუკენი (გერმანია), ლუბლიანა (სლოვენია), ნანტი (საფრანგეთი), ინსბრუკი (ავსტრია).

ირაკლი ანდრიაძემ მოახერხა და სხვა ქვეყნების ქალაქების თავკცებთანაც  გამოძებნა საერთო ენა. სწორედ მისი უშუალო ხელმძღვანელობით მოხდა თბილისის დაძმობილება ისეთ ქალაქებთან, როგორებიცაა - პალერმო, იტალია (1987 წელი); ატლანტა, ჯორჯია, აშშ (1987 წელი), ბრისტოლი, დიდი ბრიტანეთი (1988 წელი) და ბილბაო, ესპანეთი (1989 წელი)

საინტერესო ისტორიაა, როცა თბილისსა და პალერმოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე ირაკლი ანდრიაძე და პალერმოს მერი ლეოლუკა ორლანდო  ერთმანეთს შეხვდნენ. თბილისში ჩამოსული ლეოლუკა ორლანდო კმაყოფილებას ვერ მალავდა იმის გამო, რომ  საქართველოს დედაქალაქში ის დაცვის გარეშე გადაადგილდებოდა. როგორც ამბობდა მას მშობლიურ მხარეში მაფია მოკვლით ემუქრებოდა, რადგან  მაფიის წინააღმდეგ შეუპოვრ ბრძოლას აწარმოებდა. მაფიასთან ბრძოლის შესახებ მან წიგნიც კი დაწერა.

ლეოლუკა ორლანდო ინიციატივით იტალიაში იტალიურ ენაზე დაიბეჭდა დონ კრისტოფორო დე კასტელის „ცნობები და ალბომი საქართველოს შესახებ “  და აღნიშნული წიგნის 200 ეგზემპლარი ლეოლუკა ორლანდომ თბილისის თავკაცს გამოუგზავნა.

განსაკუთრებული მეგობრობა აკავშირდება ბ-ნ ირაკლის ბილბაოს და ინსბრუკის მერებთან. ბილბაოს მერმა ხოსე მარია გოროდომ მას ძველი ბასკური საომარი რკინის "ჯოხი" აჩუქა და ბ-ნი ირაკლის სიცოცხლის ბოლომდე ინარჩუნებდა მასთან კონტაქტს. ინსბრუკის მერის როუმალ ნიშერის და ირაკლი ანდრიაძის საქმიანი ურთიერთობა მეგობრულ ურთიერთობებში გადაიზარდა და ისინი ოჯახებით მეგობრობდნენ. 1991 წელს რაჭაში მომხდარი მიწისძვრის დროს, ბ-ნმა ნიშერმა 20 მილიონი შილინგი გამოყო დაზარალებულთა დასახმარებლად.

ასევე საყურადღებოა ბ-ნი ირაკლი ანდრიაძის ძალისხმევა ისრაელის ორ „დედაქალაქთან“ (იერუსალიმ და თელ-ავივი) მეგობრული და საქმიანი ურთიერთობის დამყარების საქმეში. მან იერუსალიმის და თელ-ავივის მერებს   ტელექსები გაუგზავნა. ფიქრობდა, რომ მათი მოწვევა „თბილისობაზე“ დაახლოებას ხელს შეუწყობდა.

პირველი  წერილი თელ-ავივიდან ჩამოვიდა. თელ-ავივის მერის მოადგილე იცხაკ არცი მეუღლითურთ თბილისს ესტუმრა და თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარეს შეხვდა. მან ირაკლი ანდრიაძეს თელ-ავივის მერის შლომო ლაჰატის წერილი გადასცა.

„პატივცემულო კოლეგა,

ვიყენებ ჩემი კოლეგის იცხაკ თელ-ავივ-იაფოს მუნციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის -თქვენს მერიაში კერძო ვიზიტის ამ შესაძლებლობას და გიძღვნით სალამს და საუკეთესო სურვილებს თელ-ავივ-იაფოს მუნციპალიტეტისა და ჩვენი მოქალაქეების სახელით.

მოხარული ვარ, რომ ჩვენს ურთიერთობაში პროგრესია. ჩვენ, მერებს, რომელთაც მოგვანდეს ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიური პრობლემების გადაწყვეტა და ნაკლებად გვაქვს საქმე პოლიტიკასთან, შეგვიძლია ამ პროგრესში დიდი წვლილის შეტანა.

მე მჯერა, რომ არცისთან, ჩემ კოლეგასთან, ურთიერთობა იქნება ამ ჯაჭვის პირველი რგოლი , რომელიც უფრო მჭიდროდ დააკავშირებს ჩვენს ქალაქებს ერთმანეთთან.

ძალიან მესიამოვნება, თუ შეძლებთ ჩემი მოწვევის მიღებას და ესტუმრებით ქალაქ თელ-ავივ-იაფოს ეკონომიკის, კულტურისა და სოციალური ცხოვრების ქალაქს ისრაელში. გთხოვთ, ეს წერილი პირად მოწვევად მიიღოთ.

ჩვენს ორ ქალაქს შორის კავშირის დამყარება, რა თქმა უნდა, ორმხრივი იქნება თავისი ბუნებით და შეიტანს წვლილს ჩვენი ხალხების, ქვეყნებისა მათ მოსახლეობას შორის არსებული ურთიერთგაგების გაუმჯობესებასა და  გაძლიერებაში.

გულწრფელად თქვენი; შლომო ლაჰატი -თელ-ავივ-იაფოს მერი.

თბილისიდან გამგზავრებისას თელ-ავივის მერის მოადგილემ აღნიშნა: „ყველაზე მეტად დამამახსოვრდა შინაარსიანი საუბარი თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარესთან ირაკლი ანდრიაძესთან, რომელსაც ჩამოვუტანე თელ-ავივის მერის შლომო ლაჰატის წერილი. წერილი,  ისრაელში მისი მიწვევის გარდა, შეიცავს წინადადებათა მთელ პაკეტს ჩვენს ქალაქებს შორის მეგობრული ურთიერთობის დამყარების შესახებ.“

იმავე წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოწვევით თბილისში ჩამოვიდნენ ისრაელის რელიგიის მინისტრის თანაშემწე შალომ დავიდი (დავითაშვილი) და იერუსალიმის მინციპალიტეტის ყოფილი წევრი რაფი ბარ-ლავი (ბალუაშვილი). რაფი ბარ-ლავიმ ირაკლი ანდრიაძეს იერუსალიმის მერის ტედი კოლეკის პირადი წერილი გადასცა.

„თქვენო კეთილშობილებავ

იერუსალიმის გამორჩეული მოქალაქე და ჩვენი მუნციპალიტეტის ყოფილი წევრი ბატონი რაფაელ ბარ ლავი თქვენს ქალაქს ეწვევა სრულიად საქართველოს პატრიარქის, მისი უნეტარესობის ილია მეორეს მიწვევით.

ჩემი თხოვნით ბატონი ბარ ლავი გადმოგცემთ ჩვენს პატივისცემას, მოწიწებულ მოკითხვას და ახლო მომავალში მოწვევას იერუსალიმში.

სიამოვნებას მოგვანიჭებს თქვენი ჩამოსვლა ჩვენს ქალაქში.

საუკეთესო სურვილებს გიძღვნით თქვენ და თბილისის მკვიდრთ.

გულწრფელად თქვენი, თედი კოლეკი - იერუსალიმის მერი

როგორც საქართველოს საპატრიარქოში, ისე თბილისის საქალაქო საბჭოში საინტერესო და საქმიანი საუბრები გაიმართა. შეხვედრების შემდეგ, ქართულ პრესაში შალომ დავიდთან საუბარი გამოქვეყნდა. 

საინტერესოა, რომ სწორედ მაშინ  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან შეხვედრის დროს გამოითქვა აზრი იერუსალიმის ჯვრის მონასტრის დაბრუნების სესაძლებლობისა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიისთვის.

ირაკლი ანდრიაძემ ტედი კოლეკს საპასუხო წერილი და მოწვევა გაუგზავნა. შემდეგ, ტედი კოლეკმა ირაკლი ანდრიაძე ორჯერ მიიწვია იერუსალიმში.

აღსანიშნავია, რომ იერუსალიმის მერმა გაითვალისწინა თბილისის მერის პირადი თხოვნა და ისრაელში ჩასულ ერთ ქართულ ოჯახს დაეხმარა. იერუსალიმის მერიის ხარჯზე უმკურნალეს ამ ოჯახის ერთ ბავშვს, მეორე ბავშვი საბავშვო ბაღში ჩარიცხეს, ხოლო ოჯახის მამა დაასაქმეს.

ირაკლი ანდრიაძის ძალისხმევამ ქართულ- ებრაელური ურთიერთობის განმტკიცების საქმეში მოგვიანებით გამოიღო შედეგი და თბილისსა და იერუსალიმს შორის თანამშრომლობის შესახებ პროტოკოლი 1998 წლის 14 იანვარს საქართველოსა და ისრაელს შორის 26-საუკუნოვანი მეგობრობის აღსანიშნად გაფორმდა. შეთანხმება ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის გაღრმავებასა და კულტურის, ტურიზმის, ეკონომიკის, სპორტის და სხვა სფეროებში კავშირების წახალისებას ითვალისწინებს.

---

რაკლი ანდრიაძე, ბიოგრაფიული ცნობები :- დ. 15 ივნისი, 1930, სოფ. დიდი ჯიხაიში, ახლანდ. სამტრედიის მუნიციპალიტეტი — გ. 2012

ქართველი თანამდებობის პირი, ინჟინერი, მეცნიერი, პოლიტიკოსი. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, საზოგადო მოღვაწე. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „მშვიდობა“.

1953 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი. 1953 წელს დაინიშნა თიანეთის რაისაბჭოს აღმასკომის მშენებლობის განყოფილების გამგედ. 1953-1967 წლებში მუშაობდა რუსთავსა და ჭიათურაში — საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტ „ამიერკავკასმეტალურგმშენის“ სისტემაში, სამშენებლო გაერთიანება „მთავართბილმშენის“ რკინაბეტონის ქარხანაში, საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ტრესტ „საქმშენინდუსტრიის“ მთავარ ინჟინრად. 1967-1968 წლებში იყო საქართველოს სსრ სახალხო კონტროლის კომიტეტის ინდუსტრიული და კომუნალური განყოფილების გამგე. 1968-1972 წლებში იყო საქართველოს მშნებლობის სამინისტროს ტრესტ „მშენინდუსტრიის“ მთავარი ინჟინერი. 1972-1974 წლებში იყო თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი უნივერსიტეტის პერსპექტიული განვითარების დარგში. 1974 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „საქართველოს ბუნებრივ ფენოვან შემავსებლებზე ელექტრო გახურებით დამზადებული მსუბუქი ბეტონების გამოკვლევა და დანერგვა“, შემდეგ — სადოქტორო დისერტაცია. მისი პრორექტორობის პერიოდში მიმდინარეობდა სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი კომპლექსის მშენებლობა (მაღლივი კორპუსი, ბიბლიოთეკის კორპუსი და ცენტრალური ბიბლიოთეკა წიგნთსაცავებით), მისი ხელმძღვანელობა და კურატორობაც დაევალა. 1971-1985 წლებში კითხულობდა ლექციებს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინჟინრო-ეკონომიკურ ფაკულტეტზე და საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. გამოქვეყნებულ აქვს სამეცნიერო შრომები და სამი სახელმძღვანელო სამშენებლო-საინჟინრო სპეციალობის სტუდენტებისათვის. 1974-1976 წლებში მუშაობდა საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტსა და მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველის მოადგილედ და პირველ მოადგილედ, სამეურნეო სამმართველოს უფროსად. 1980-1985 წლებში იყო საქართველოს მინისტრთა საბჭოს მთავარი სამეურნეო სამმართველოს უფროსი. 1985-1987 წლებში იყო საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის საქმეთა მმართველი: 1987-1991 წლებში იყო თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე. 1991 წლიდან თბილისის პირველი პრეფექტი და პირველი მერი. 1992-2003 წლებში იყო სახელმწიფო საბჭოს საქმეთა მმართველი და სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი. 1992-1996 წლებში იყო საზღვარგარეთ ქართული წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარე და პრეზიდიუმის წევრი. 1994 წელს ხელმძღვანელობდა თბილისში ზურაბ წერეთლის „წმინდა ნინოს“ მონუმენტის აღმართვას. საქართველოს პატრიარქის, ილია II დავალებით ხელმძღვანელობდა წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობას. საინჟინრო საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საინჟინრო აკადემიის გადაწყვეტილებით მიღებული აქვს „XX საუკუნის გამოჩენილი ინჟინრის“ წოდება (2000), მედალი „თბილისის ერთგულება“, საქართველოს პრეზიდენტის სიგელი „ერის გამორჩეული მოღვაწე“ (2002).

 

 

 

 

 

 

 

 

аналитика
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати