ბრიტანული გაზეთის „ფაინენშელ თაიმსის“ (Financial Times) 8 იანვრის ნომერში დაბეჭდილია სტატია სათაურით „პუტინი და ტრამპი ევროპულ უსაფრთხოებას პრობლემებს უქმნიან“ (ავტორი - გიდეონ რახმანი, ანალიტიკოსი). პუბლიკაციაში განხილულია ის მზარდი საფრთხე, რომელსაც ევროპას რუსეთი და აშშ უქმნიან, ორივე ერთად. აუცილებელი ხდება ევროპის ქვეყნების სამხედრო გადაიარაღების დაწყება.
გთავაზობთ სტატიიას მცირე შემოკლებით:
ევროპაში უსაფრთხოების კრიზისი მწიფდება. 2025 წელს ევროპის წინააღმდეგ ორი სახიფათო ელემენტი შეიძლება შეთავსდეს და გაერთიანდეს: ერთი მხრივ, პუტინისტური რუსეთის მზარდი საფრთხე და მეორე მხრივ - ტრამპისტული აშშ-ის მზარდი გულგრილობა.
ევროპის ქვეყნებმა აუცილებელია სასწრაფო რეაგირება მოახდინონ ამ საგანგაშო გეოპოლიტიკური შეთავსების მიმართ და საკუთარი თავდაცვვის განმტკიცებაზე უნდა იზრუნონ. ეს რომ მოხდეს, უკიდურესად აუცილებელია, რომ გერმანიის ეკონომიკამ - ევროპაში უდიდესმა - ბოლოს და ბოლოს, შეასრულოს ოლაფ შოლცის მიერ გაცემული დაპირება თავდაცვის ბიუჯეტის მკვეთრი მატების თაობაზე.
თავდაცვის სფეროში ხარჯების ზრდის პოლიტიკური დასაბუთება განმარტებასა და „სინათლის შეტანას“ საჭიროებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება რუსეთში და აშშ-ში.
მარკ რიუტემ, ნატოს გენერალურმა მდივანმა, გასულ წელს გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა, რომ „რუსეთის ეკონომიკა სამხედრო მდგომარეობაში იმყოფება... შესაბამისად, საფრთხე სრული სვლით გვიახლოვდებაო“. მან ნატოს წევრ ქვეყნებს მოუწოდა, რომ სწრაფად გაადიდონ სამხედრო წარმოება და „საომარი პერიოდის აზროვნებაზე“ გადავიდნენ.
გასული წლის აპრილში გენერალმა ქრისტეფორ კავოლიმ, ნატოს უმაღლესმა მთავარსარდალმა ევროპაში, ყველა გააფრთხილა: „რუსეთი არანაირ სიმპტომებს არ ამჟღავნებს, რომ ომს არ გააგრძელებს. რუსეთს ასევე არ აქვს განზრახული უკრაინაზე გაჩერდეს". დასავლელი ანალიტიკოსების მტკიცებით, რუსეთი უკვე ჩაბმულია ანტიევროპულ ჰიბრიდულ ომში, რაც ითვალისწინებს საბოტაჟის რეგულარულ აქტებს, მრავალრიცხოვან მსხვერპლთან დაკავშირებულს.
„ცივი ომის“ დროს, როცა საბჭოთა კავშირი (ჩათვალე: რუსეთი) ევროპაში სამხედრო ზეწოლას აძლიერებდა, საპასუხო ქმედებებს მოკავშირეთა მხრიდან აშშ ხელმძღვანელობდა, მაგრამ ამჯერად აშშ-ის რეაქცია სულ სხვანაირი იქნება: არჩეული პრეზიდენტის მიერ საკვანძო პოსტებზე დანიშნულ ჩინოვნიკთა შორისაც კი არიან ისეთები (მრჩევლები), რომლებიც ღიად აცხადებენ თავიანთ სურვილს, რომ ამერიკამ თავისი სამხედრო აქტივები ახალ ადგილზე - ევროპიდან აზიაში უნდა გადაანაცვლოს.
ამასობაში კი ელბრიჯ კოლბი, რომელიც ახლახან დაინიშნა არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სამომავლო ადმინისტრაციაში თავდაცვის მინისტრის მოადგილედ პოლიტიკურ საკითხებში, გასულ წელს „ფაინენშელ თაიმსში“ წერდა, რომ აშშ-სათვის ჩინეთი უფრო პრიორიტეტულ მიმართულებად ითვლება, ვიდრე რუსეთიო და ამტკიცებდა, რომ „ევროპა თავის ძალებს უნდა მოუფრთხილდეს: ისინი ამერიკას აზიაში დაჭირდება მხარდაჭერისათვის იმ შემთხვევაშიც კი, თუნდაც რუსეთი მათ თავს დაესხას“.
ევროპელი ანალიტიკოსები შიშობენ, რომ აშშ-ის ჯარების გაყვანა ევროპიდან რუსეთის აგრესიის პროვოცირებას მოახდენს. თავის ამასწინანდელ წიგნში კირ ჟაილსი ბრიტანული „ჩეთემ ჰაუსიდან“ ამტკიცებს, რომ „ნატოსათვის აშშ-ის მხრიდან სამხედრო მხარდაჭერის შეწყვეტა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი იმისათვის, რომ უკრაინის ტერიტორიიდან სხვა ქვეყანაზე რუსეთის თავდასხმის შესაძლებლობა რეალობად გადაიქცეს“.
თუმცა ევროპის დიდი ნაწილისათვის რუსული საფრთხე-მუქარა შორეული ჩანს: უკრაინასთან ომის თითქმის სამი წლის განმავლობაში რუსეთმა, ტერიტორიების დაკავების თვალსაზრისით, მაინცდამაინც დიდი ვერაფერი წარმატება ვერ მოიპოვა, სამაგიეროდ დაკარგა 700 ათასი ჯარისკაცი მოკლულისა და დაჭრილის სახით. მაგრამ მსხვერპლის რაოდენობის ზრდა, რომელზეც ვლადიმერ პუტინი მზადაა წავიდეს, ევროპისათვის მაინც ერთგვარ გაფრთხილებას წარმოადგენს: რუსეთის არმიის რიცხოვნობა ახლა ბევრად მეტია, ვიდრე ომის დაწყებისას იყო. და როგორც მარკ რიუტემ აღნიშნა, „რუსეთი აწარმოებს უამრავ ტანკს, ჯავშანმანქანას და საბრძოლო მასალებს“.
ევროპის ქვეყნებს არ ჰყოფნით სამუშაო ძალა და საქარხნო მოწყობილობები, რომ ომი რუსეთის გამოფიტვამდე გააგრძელოს - ისე, როგორც ამას რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აკეთებს. გასული წლის დასაწყისში ბრიტანეთის არმიის რიცხოვნობა 73 520 სამხედრო მოსამსახურეს შეადგენდა - ყველაზე ნაკლებს 1792 წლიდან. გერმანიის არმიის რაოდენობა ამჟამად შეადგენს 64 ათას ჯარისკაცს.
ნატოს სამხედრო დაგეგმვის სპეციალისტები თვლიან, რომ ჩრდილოატლანტიკური კავშირს დაახლოებით ერთი მესამედი აკლდება იმ დონემდე, რომელიც აუცილებელია რუსეთის ეფექტური შეკავებისათვის. განსაკუთრებით მწვავედ იგრძნობა ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და კავშირგაბმულობის საიმედოდ დაცული საშუალებების დეფიციტი.
ამჟამად ჩრდილატლანტიკური კავშირის წევრებს გადაწყვეტილი აქვთ თავდაცვის სფეროსათვის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) არანაკლებ 2% გამოჰყონ, ახლო პერსპექტივაში კი ნომინალური მაჩვენებელი 3%-მდეც კი გაზარდონ, მაგრამ ესეც არ იქნება საკმარისი.
3%-იანი მიზნობრივი მაჩვენებელი ეფუძნება იმ ვარაუდებს, რომ აშშ ნატოს წინაშე თავის ვალდებულებას მნიშვნელოვანწილად ისევ გაარძელებს, მაგრამ თუ ეს არ მოხდება, ალიანსის სამხედრო დაგგემვის სპეციალისტები თვლიან, რომ ევროპულ ქვეყნებს თავიანთ მშპ-ში თავდაცვის ხარჯების 4,5%-მდე მომატება მოუწევთ - და ეს მაშინ, როცა 3%-ც კი მათთვის უკვე საშინელებას წარმოადგენს. ამ პრობლემის არსებობას მოწმობს თვითონ მარკ რიუტეს საქმიანობა ნატოს გენმდივნად დანიშვნამდე - ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრობის დროს, 2010-2024 წელვში, როცა ქვეყანამ ძლივ-ძლივობით გაზარდა თავდაცვის ხარჯები 2%-მდე.
ქვეყნები, რომლებიც უფრო ახლოს მდებარეობენ რუსეთთან, საფრთხეს შედარებით უფრო სერიოზულად აღიქვამენ: მაგალითად, პოლონეთს განზრახული აქვს თავდაცვის ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის 4,5%-მდე გაზარდოს, მაგრამ მსხვილ დასავლეთევროპულ ქვეყნებში საქმე სხვაგვარადაა. გასულ წელს გერმანიას და საფრანგეთს მიზნობრივი მაჩვენებლის 2%-მდე მომატებაც კი გაუჭირდათ, დიდ ბრტანეთს კი დიდი ძალისხმევა დაჭირდა, რომ სამხედრო ხარჯები მშპ-ის 2,3%-დე გაზრდილიყო.
საფრანგეთში ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის 6%-ს შეადგენს, სახელმწიფო ვალი კი მშპ-სთან მიმართებით 100%-ს აჭარბებს. თითქმის იგივე მდგომარეობაა დიდ ბრიტანეთშიც, რომლის ლეიბორისტული მთავრობა ყველანაირად ცდილობს როგორმე შემოსავლებმა მოიმატოს.
რაც შეეხება გერმანიას: ევროკავშირის ლოკომოტივს (როგორც მას უწოდებენ) აქვს საბიუჯეტო შესაძლებლობა, რომ თავდაცვის სფეროს მეტი თანხები მოახმაროს. გარდა ამისა, გერმანიას, სხვებთან შედარებით, უფრო განვითარებული სამრეწველო და საინჟინრო ბაზა აქვს.
ფრიდრიხ მერცი ქრისტიან-დემოკრატიული პარტიიდან, რომელიც, მიმდინარე წელს დანიშნული არჩევნების შედეგად, დიდი ალბათობით, გერმანიის კანცლერის პოსტს დაიკავებს, რუსულ საფრთხეს პასუხისმგებლობით უყურებს. მას შეუძლია ისტორიული ბიძგი განახორციელოს და სამხედრო ხარჯები მკვეთრად გაზარდოს, რაც თავის მხრივ, კონტინენტზე უსაფრთხოების ლანდშაფტს მნიშვნელოვნად შეცვლის.
მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან 80 წლის გასვლის შემდეგაც კი გერმანიის ზოგიერთ მეზობელს, კერძოდ, პოლონეთს და საფრანგეთს, დღესაც „აკანკალებთ“ ბერლინის გადაიარაღების გამო, მაგრამ, როგორც იტყვიან, „დრონი იცვალენ“ - პარიზისა და ვარშავის ინტერესებშია საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ამიტომ მათ ისტორიული „შიშის გრძნობა“ უნდა გადალახონ.
წყარო: https://www.ft.com/content/d56835f4-beb8-42e6-85d2-054cf7f3e36c