„ჩრდილოატალანტიკური ალიანსი მუშაობს გეგმაზე, რომელიც უკრაინისთვის 5-წლიან დახმარებას ითვალისწინებს, 100 მილიარდი დოლარის მოცულობით. დახმარების მიზანია უკრაინის დაცვა „ყოველგვარი პოლიტიკური ქარებისაგან“, რომელიც შეიძლება აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევამ გამოიწვიოს“, - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის გაზეთ „ფაინენშელ თაიმსში“ (Financial Times) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ნატოს ხუთწლიანი გეგმა: 100 მილიარდი დოლარი უკრაინისათვის - „საიმედო ფონდის“ შესაქმნელად“ (ავტორი - ჰენრი ფოი).
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
წინადადება უკრაინის ხუთწლიანი დახმარების გეგმის თაობაზე, რომელიც ფონდის შექმნას ითვალისწინებს და რომელიც იენს სტოლტენბერგმა - ჩრდილოატლანტიკური ალიანის გენერალურმა მდივანმა წამოაყენა, ოთხშაბათს ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განიხილეს.
რა ამბობდნენ შეხვედრამდე: იმედები და ეჭვები
ალიანსის ხუთი დიპლომატის თქმით, რომლებიც გეგმის პროექტს კარგად იცნობენ, დახმარების პაკეტის თანხა - 100 მილიარდი დოლარი, ნატოს 32 ქვეყნის მიერ გამოყოფილი ფულით იქნება მოგროვებული.
ჩინოვნიკები, რომლებიც გეგმის შესახებ გამოთქმული შენიშვნების საქმის კურსში არიან, ამბობენ, რომ იენს სტოლტენბერგმა თავისი წინადადება წამოაყენა როგორც „პოლიტიკური ცვლილებებისაგან უკრაინის დამცავი მექანიზმი“.
იმ შემთხვევაში, თუ გეგმა მოწონებული იქნება, ნატოს გადაეცემა იმ ჯგუფის ხელმძღვანელობაც, რომელსაც ამჟამად აშშ კურირებს რამშტაინში - უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდების გაკონტროლების საქმეში.
ნატოს ნორვეგიელი გენმდივანი, რომელიც თავის პოსტს შემოდგომაზე ტოვებს, განზრახული აქვს შეთანხმებას ვაშინგტონში ნატოს ლიდერების ივლისის სამიტამდე მიაღწიოს.
„ეს იქნება რუბიკონის გადალახვა. ნატოს შეასრულებს თავის განსაზღვრულ როლს უკრაინისადმი სამხედრო დახმარებაში“, - აღნიშნა ერთ-ერთმა დიპლომატმა და დაამატა: „ვატყობ, რომ კონსენსუსი ყალიბდება და ვფიქრობ, საბოლოოდ შევთანხმდებით, სანამ ვაშინგტონისაკენ მიმავალ თვითმფრინავში ჩავსხდებით“.
100-მილიარდიანი დახმარების წინადადება გაჩნდა მას შემდეგ, როცა აშკარა გახდა, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია წარუმატებლად ცდილობს კონგრესს (წარმომადგენლების პალატას) უკრაინისადმი დახმარება მიაღებინოს 60 მილიარდი დოლარის ოდენობით და რასაც ხელს უშლის რესპუბლიკელი პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი.
დიპლომატების თქმით, რა თქმა უნდა, 100 მილიარდი დოლარი მნიშვნელოვნად მცირე იქნება, ვიდრე მთლიანი დახმარების მოცულობა, რომელიც დღეს არსებობს, თუმცა მაინც რაღაცას ნიშნავს.
დასავლური შეიარაღების დიდი ნაწილი, რომელიც უკრაინას მიეწოდება, ამჟამად ჯგუფ „რამშტაინის“ ხელშია აშშ-ის მეთაურობით, რომლის ოფიციალური სახელწოდებაა „უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფი“. მისი წევრებირეგულარულად იკრიბებიან და განიხილავენ ორმხრივი მიწოდებების ყველაზე საუკეთესო გზებს.
ორმა ნატოელმა დიპლომატმა ხაზი გაუსვა, რომ წინადადების დასამტკიცებლად ალიანსის წევრი 32 სახელმწიფოს თანხმობა იქნება საჭირო და, როგორც ჩანს, დეტალების განხილვას კიდევ ორიოდე თვე დაჭირდება. მათი ვარაუდით, მოსალოდნელია გარკვეული წინააღმდეგობა იმ ქვეყნების მხრიდან, რომლებიც უკრაინისადმი სამხედრო დახმარების წინააღმდეგ გამოდიან (იგულისხმება უნგრეთი, სლოვაკეთი).
რა თქვეს თათბირზე: „ფონდის შექმნა იოლი არ იქნება...“
ოთხშაბათს გამართულ შეხვედრაზე ნატოს ქვეყნებმა მოილაპარაკეს, რომ დაიწყონ უკრაინისადმი გრძელვადიანი დახმარების დაგეგმვა, მაგრამ იენს სტოლტენბერგის მიერ ანონსირებულმა წინადადებამ 100 მილიარდიანი ხუთწლიანი ფონდის შექმნის თაობაზე საკმაოდ წინააღმდეგობრივი რეაქცია გამოიწვია.
მინისტრებმა განაცხადეს, რომ ამგვარი ფონდის შექმნა იოლი არ იქნება.
„ჩვენ აუცილებლად უნდა შევცვალოთ კიევისადმი მხარდაჭერის დინამიკა“, - არწმუნებდა შეკრებილ მინისტრებს იენს სტოლტენბერგი, - ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ გარანტირებული დახმარება გრძელვადიან პერსპექტივაში... ცოტა უნდა იყოს მოკლევადიანი წინადადებები და მეტი - მრავალწლიანი ვალდებულებები“.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიარტომ, როგორც მოსალოდნელი იყო, განაცხადა, რომ უნგრეთი მხარს არ დაუჭერს ნატოს არანაირ ისეთ წინადადებას, რომელსაც შეუძლია ალიანსი რუსეთთან ომამდე მიიყვანოს: „ნატო თავდაცვითი ორგანიზაციაა და არა შემტევითი“. ამის საპასუხოდ იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ფონდის შექმნა არ ცვლის ნატოს თავდაცვით ხასიათს და ოპტიმისტური რწმენა გამოხატა, რომ ბუდაპეშტი თავის პოზიციას შეცვლის.
ესპანეთის საგარეო საქმეტა მინისტრმა ხოსე მანუელ ალბარესმა ფრთხილი შეფასება გამოხატა და აღნიშნა, რომ არ უნდა მოხდეს ნატოსა და ევროკავშირის დახმარების დუბლირება, ანუ ევროკავშირის წევრების მიერ გაწეული დახმარება ნატოს მიერ გაწეულ დახმარებად არ უნდა ჩაითვალოს.
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის ანტონიო ტიანის თქმით, „ეშმაკი დეტალებშია დამალული“: „ჩვენ უნდა დავინახოთ, თუ რამდენად იმუშავებს ეს წინადადება თითოეული ქვეყნის მხრიდან, როგორი იქნება თანხის პროცენტი... ჩვენ გვჭირდება სამართლებრივი ბაზა, ზეპირად ამას ვერ გავაკეთებთ. წინადადება, რა თქმა უნდა, მიმზიდველი და საინტერესოა, მაგრამ მანამ, სანამ უკრაინას ზუსტ ციფრს მტკიცედ აღვუთქვამთ, უფრო უკეთესი იქნება დეტალები შევაფასოთ, შევისწავლოთ და გავარკვიოთ, თუ როგორ, როდის და რა შეიძლება გაკეთდეს, ან ვინ უნდა გააკეთოს“.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ანალენა ბერბოკის თქმით, გეგმა სწორია და მნიშვნელოვანი, თუმცა ყველაფერი ზედმიწევნით ზუსტად უნდა აიწონ-დაიწონოს“.
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი კრიშიანის კარინში ფონდის შექმნის გეგმას მიესალმა და აღნიშნა, რომ შესატანი თანხა შეიძლება გამოითვალოს ნატოს თითოეული წევრის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობიდან.
შეხვედრის შემდეგ: „გეგმის მიღება ნატოს სამიტზე გადაწყდება“
როგორც გერმანული „დოიჩე ველე“ იუწყება, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ დასკვნით პრეს-კონფერენციაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ფინალური გადაწყვეტილება უკრაინის დასახმარებლად 100-მილიარდიანი ფონდის სექმნის თაობაზე არ იქნა მიღებული, თუმცა მან დამარწმუნებლად აღნიშნა, რომ „ჩვენ კონსენსუსამდე აუცილებლად მივალთ. საბოლოო გადაწყვეტილება ივლისში, ნატოს სამიტზე, ვაშინგტონში იქნება მიღებული“.
რუსეთმა უკვე განაცხადა, რომ ნატო, თავისი არსებობის 75 წლის იუბილესათვის ისევ დაუბრუნდა „ცივი ომის დროინდელ აზროვნებას“.
წყარო: https://www.ft.com/content/254c3b86-2cb9-4c71-824b-dacacbbc9871