უკრაინისა და აშშ-ის ხელშეკრულების პროექტი სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის შესახებ უკრაინის ხელისუფლების თანხმობის გარეშე გამოქვეყნდა, რაც არ უნდა მომხდარიყო“, - წერს ბრიტანული გაზეთი „ფაინენშელ თაიმსი“ (Financial Times) სტატიაში სათაურით „გამოძიება კიევში სიცრუის დეტექტორით: ვინ გაამჟღავნა კონფიდენციალური ინფორმაცია?“ (ავტორი - ქრისტოფერ მილერი). „ვოლოდიმირ ზელენსკი უკმაყოფილოა ინფორმაციის გაჟონვით, მან უშიშროების სამსახურს მომხდარი ფაქტის გამოძიება დაავალა, რომელიც ჩინოვნიკებს პოლიგრაფით (სიცრუის დეტექტორით) ამოწმებს“, - ნათქვამია პუბლიკაციაში, - „მათი დაკითხვები დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან დაძაბული მოლაპარაკების ფონზე მიმდინარეობს“.
გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უშიშროების სამსახურს დაავალა ინფორმაციის გაჟონვის გამოძიება, რომელიც სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის თაობაზე აშშ-სთან ხელმოსაწერი შეთანხმების ბოლო პროექტს უკავშირდება. მასში არის ისეთი დებულებები, რომლებიც საიდუმლოდ უნდა დარჩენილიყო. ფიგურანტებს პოლიგრაფით ამოწმებენ. გამოძიება მიმდინარეობს აშშ-უკრაინის დაძაბული ურთიერთობის ფონზე, როცა დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სიტყვიერი შეხლა-შემოხლა მიმდინარეობს. თეთრი სახლი კიევს მწვავედ აკრიტიკებს შეთანხმების პროექტში შეტანილი ახალი ცვლილებების გამო, რომელიც ვაშინგტონს არ აწყობს. თავის მხრივ, ტრამპის ადმინისტრაცია სულ უფრო მეტ დათმობებს მოითხოვს კიევისაგან.
როგორც უკრაინელი ჩინოვნიკები ამბობენ, აშშ-ის ბოლო მოთხოვნების მასშტაბებმა ისინი საგონენებელში ჩააგდო. ისინი თვლიან, რომ ვაშინგტონის ზოგიერთი წინადადება ქვეყნის ინფრასტრუქტურით სარგებლობის თაობაზე სასარგებლო წიაღისეულის ამოღების დროს მიუღებელი და პოლიტიკურად უპერსპექტივოა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასულ კვირაში თავის უკრაინელი კოლეგა შეთანხმებისაგან „თავის დაძვრენის“ მცდელობაში ამხილა და მას „დიდი პრობლემებით“ დაემუქრა, თუ შეთანხმებას უახლოეს დროში ხელს არ მოაწერს.
როგორც უკრაინელი ჩინოვნიკები ამბობენ, სიცრუის დეტექტორით ქვეყნის რიგი სამინისტროების თანამშრომლები დაკითხეს, თუმცა მათ რაიმე კონკრეტული დამატებითი ფაქტი არ გაუმხელიათ და არ უთქვამთ, რამდენმა ადამიანმა გაიარა პოლიგრაფით შემოწმება. პრეზიდენტის ადმინისტრაციამაც კომენტარზე უარი განაცხადა. უკრაინის უშიშროების სამსახურმა განაცხადა, რომ გამოძიება ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის მიზნით მიმდინარეობს და ისინი კანონის ფარგლებში მოქმედებენ. უწყებამ თავის განხცხადებაში ხაზი გაუსვა, რომ ისინი ვალდებულნი არიან სახელმწიფო საიდუმლოება დაიცვან და გამოძიების მიმდინარეობს დეტალებს არ გაამხელენ.
საერთოდ, დასავლეთის რიგი ქვეყნების კომპეტენტური ორგანოები მიიჩნევენ, რომ სიცრუის დეტექტორის ტესტები საეჭვოდ ითვლება, ხოლო თვითონ პოლიგრაფის გამოყენების მეცნიერული დასაბუთება კითხვებს ბადებს. ამის მიუხედავად, უკრაინის სამართალდამცველი ორგანოები ხშირად იყენებენ სიცრუის დეტექტორს თავიანთ საქმიანობაში.
გამოძიების დაწყების საბაბი გახდა ზოგიერთი დებულების გამჟღავნების ფაქტი შეთანხმების პროექტიდან. ყველაფერი კი დაიწყო იმით, რომ ვერხოვნა რადის (პარლამენტის) ოპოზიციურ დეპუტატს იაროსლავ ჟელეზნიაკს ხელში ჩაუვარდა დოკუმენტის ტექსტის ასლი, რომლის ფრაგმენტები მან რამდენიმე დღის წინ საჯაროდ გამოაქვეყნა (სხვათა შორის, იგივე ასლი მიიღო „ფაინენშელ თაიმსმაც“) . პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიფინგზე აშშ-სთან ხელმოსაწერი შეთანხმების რიგი დებულებების გაჟონვას „უცნაური“ უწოდა და თქვა, რომ დაწყებულია გამოძიება და დადგინდება, თუ ვინ რა მიზნით „ჩაუშვა“ ინფორმაცია.
უნდა აღინიშნოს, რომ შეთანხმებაში, რომლის ხელმოწერის ცერემონია თეთრ სახლში უნდა გამართულიყო და რომელიც მსოფლიო მასშტაბის დიპლომატიური სკანდალით დასრულდა, ცვლილებები იქნა შეტანილი, თუმცა არცერთი არ ითვალისწინებს უკრაინული მხარისათვის მთავარს - უსაფრთხოების გარანტიებს, ფორმალურადაც კი. აშშ-ის ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი თვლის, რომ კონკრეტული გარანტიები საჭირო არ არის, ვინაიდან თვითონ ხელშეკრულების დადების ფაქტი წარმოადგენს გარანტიას - დოკუმენტის არსებობა ბარიერს შეუქმნის რუსულ აგრესიას, თუმცა კიევისათვის ეს ძალიან ცოტაა.
დოკუმენტში შეტანილი ერთ-ერთი ცვლილებაა ერთობლივი აშშ-უკრაინის სადამკვირვებლო საბჭოს შექმნა სხვადასხვა წიაღისეულის ამოღებით მიღებული ფინანსური მოგების მართვა-გაყოფის მიზნით, რომელიც მთელი ქვეყნის ძირითად რესურსებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას დაიქვემდებარებს. უკრაინელმა მაღალჩინოსანმა პირებმა შეშფოთება გამოხატეს და განაცხადეს, რომ ამით (ანუ ქვეყნის მთელი რესურსების აშშ-სადმი დაქვემდებარებით, თუნდაც ნაწილობრივ) ძირი გამოეთხრება უკრაინის სუვერენიტეტს, სამომავლო შემოსავლები ქვეყნის გარეთ (აშშ-ში) იქნება გატანილი, რაც ევროკავშირთან ინტეგრაციას დაარღვევს.
„ჩვენ ხელს ვერ მოვაწერთ ისეთ პირობებზე, რომლებიც ევროკავშირთან ინტეგრირებას ხელს შეუშლის და ბარიერებს აღმართავს“, - განაცხადა თვითონ ვოლოდიმირ ზელენსკიმაც გასულ კვირაში. პარასკევს ჩატარებული ბრიფინგის დროს პრეზიდენტმა ჟურნალისტებს შეატყობინა, რომ საქმის მცოდნე სპეციალისტები და იურისტები აშშ-ის წინადადებებს იხილავენ და შესაბამისად, უკრაინულ ვერსიებს უთავსებენ. ვოლოდიმირ ელენსკის იმედი აქვს, რომ აშშ-ში მორიგი უახლოესი ვიზიტის წინ შეთანხმების საბოლოო პროექტი მზად იქნება და მას დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მოიწონებს.
წყარო:
„სუფრა - ასე ჰქვია ქართულ მოლხენა-დროსტარებას, რომელიც სტუმართმოყვარეობისა და მხიარულების განსახიერებას წარმოადგენს. რომელი კერძებს მიირთმევენ ქართველები სტუმრებთან ერთად? ჩვენი კორესპონდენტი შეეცადა ქართული სუფრის დიდებულება ეჩვენებინა და დარწმუნდებით, რომ ეს მართლაც კარგად გამოუვიდა“, - ასე იწყება გერმანულ გაზეთ „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაითუნგში“ (Frankfurter Allgemeine Zeitung) გამოქვეყნებული სტატია სათაურით „ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება“ (ავტორი - მაიკე ფონ გალენი).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
„როცა მივედით, მაგიდა უკვე გაშლილი დაგვხვდა: თეფშებზე დაწყობილი ყველით და ლორით, ნიგვზის ფარშიანი ბადრიჯნით, მხალეულობით, მწვანილით, კიტრით და პომიდორით... მათ შორის ჩადგმულია გრაფინები მოცხარის წვენით და ტარხუნის ლიმონათის ბოთლებით. ოფიციანტი წითელ ღვინოს ბოკალებში ასხამს. გარეთ თბილისური საღამოა, რესტორან „რიგის“ დარბაზში გაშლილ გრძელ მაგიდაზე კი ქართული სუფრა - ქართული ქეიფი იწყება.
ისინი, რომლებიც ქართულ სამზარეულოს არ იცნობენ, მადააღძრულები სწრაფად მიირთმევენ სიმინდის ფქვილისაგან გამომცხვარ თბილ მჭადებს, სალათებს და ყველს. მაგრამ ვინც იცის, ის ნელ-ნელა ჭამს და მთავარს ელოდება...
ქართველი ქალბატონი თიკო ტუსკაძე, რომელიც ლონდონში ცხოვრობს, მაგრამ ახლა სამშობლოში იმყოფება, ჩვენი გიდის როლს ასრულებს და ქართულ სუფრას გვაცნობს როგორც „გემრიელი საჭმელების უსასრულო რიგს“. იგი კულინარული წიგნის ავტორია და გვიხსნის, თუ რომელი საჭმელი როგორ მივირთვათ.
ზოგიერთმა უკვე საკმაო რაოდენობის სალათა მიირთვა, რომ მაგიდაზე ახალი კერძები მოაქვთ - მოხრაკულ-მოთუშული სოკო, ხაჭაპური, ხორცით მომზადებული კერძები... საჭმლით სავსე თეფშები სულ უფრო მრავლდება და მაგიდაზე თავისუფალი სივრცე მცირდება, თუმცა ახალ-ახალი ნუგბარისათვის ადგილი მოიძებნება.
„სტუმართმოყვარეობა - ქართული კულტურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, რაც კარგად არის გამოხატული ქართულ სუფრაში, როცა მაგიდას ეროვნულ სამზარეულოს კერზები ამშვენებს“, - განმარტავს მაკა თარაშვილი. რა თქმა უნდა, იგი ახალბედა სუფრის წევრებისაგან განსხვავებით, შეცდომებს არ უშვებს და ყველაფერს ერთად არ მიირთმევს. მან კარგად იცის, რა როდის უნდა მიირთვას და უცხოელ სტუმრებს ჭამის საიდუმლოებას ასწავლის: როდის დგება მწვადის, „ჩაქაფულის და საჭმელების მიღების დრო...
ქართული ტრადიციის თანახმად, სუფრაზე იმდენი საჭმელი უნდა იყოს, რომ სტუმრების წასვლის შემდეგაც საკმაო რაოდენობით უნდა დარჩეს: „სუფრა, რომელზეც არაფერი აღარ რჩება, საქართველოში არ არსებობს“, - ამბობს მაკა თარაშვილი, - მასპინძლები იფიქრებენ, რომ სტუმრები მშივრები დარჩნენ. ამიტომ ყველაფერი უამრავია“.
რესტორანი „ქეთო და კოტე“ ძველი თბილისის უბანში, შემაღლებულ ადგილზე მდებარეობს. დარბაზში მყუდრო გარემოა შექმნილი. მაგიდები ყოველთვის მდიდრულადაა გაშლილი - ტრადიციული კერძები თანამედროვე სტილითაა გაფორმებული. თავდაპირველად თვენ მოგართმევენ ცივ და ვეგეტარიანულ კერძებს, ბოსტნეულს, შემდეგ გამომცხავარს, ცომეულს, ბოლოს კი ხორცით მომზადებულ საჭმელებს.
ქართული სუფრის ტრადიციაა თამადა, ანუ დროსტარების ხელმძღვანელი. იგი სუფრის თავში ზის და სადღეგრძელოებს ამბობს. რესტორან „შატო მუხრანში“, სადაც ჩვენ ვიყავით (თბილისიდან ერთი საათის სავალზე), მეღვინე პატრიკ ჰონეფმა ჩვენი სტუმრობის სადიდებელი სადღეგრძელო წარმოსთქვა. გერმანელი მეღვინე უკვე მრავალი წელია საქართველოში ცხოვრობს, ოჯახიც აქ ჰყავს. პატრიკი მადლობას გვიხდის სტუმრობისათვის, რომ გერმანელი ტურისტები საქართველოთი დაინტერესდნენ და კავკასიურ ქვეყანას ეწვივნენ.
მასპინძელი გვიხსნის, რომ სუფრის თამადა ყურადღებით ისმენს სტუმრების საუბარს სადღეგრძელოებისათვის იმპულსის მისაცემად. იგი დისკუსიას ზომიერ მიმართულებას აძლევს და განწყობას ამაღლებს. ამიტომაც თამადა ისეთი პიროვნებაა, რომელიც ცნობილია თავისი კეთილი ხასიათით, გონებამახვილობით და ინტელექტით.
თუ როგორ მზადდება კლასიკური ქართული კერძები, ამას თქვენ თბილისიდან საკმაოდ მოშორებით, კახეთში გაიგებთ, სადაც ღვინის კომპანია „შუმის“ რესტორანი მდებარეობს. აქ სტუმარი საკუთარი თვალით ხედავს, თუ როგორ ცხვება ქართული თონის პური, როგორ კეთდება ხინკალი, რომელიც ქართული სამზარეულოს ერთ-ერთ დიდებულ და გემრიელ კერძს წარმოადგენს.