USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
Тбилиси
«Financial Times» (დიდი ბრიტანეთი): ფრანგი და ბრიტანელი ლიდერები დონალდ ტრამპის კრიტიკას თავს არიდებენ
дата:  357

ბრიტანული გაზეთი „ფაინენშელ თაიმსი“ (Financial Times) ფრანგი და ბრიტანელი ლიდერების ორშაბათის პარიზულ რანდევუს ეხმიანება და 12 ნოემბრის ნომერში აქვეყნებს სტატიას სათაურით „სტარმერი და მაკრონი აცხადებენ, რომ უკრაინის მიმართ მათი „მხარდაჭერა უცვლელია“ (ავტორები - ედრიან კლასი პარიზიდან და ჯინ პიკარდი ლონდონიდან).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევიდან რამდენიმე დღის შემდეგ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა აღნიშნეს, რომ უკრაინას მტკიცე მხარდაჭერას უცხადებენ.

ელისეის სასახლის მიერ ორშაბათს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მათ დაადასტურეს თავიანთი ერთგულება იმ მჭიდრო კოორდინაციის მიმართ, რომლის მიზანია  ადრე გაჟღერებული დაპირების შესრულება - „გრძელვადიანი დახმარება იმდენი, რამდენიც საჭიროა“, რათა რუსეთმა თავის აგრესიულ ომში წარმატებას არ მიაღწიოს. იგივე საკითხია ხაზგასმული დაუნინგ-სთრითის განცხადებაშიც: „ლიდერებმა შეხვედრა უკრაინის საკითხის განხილვით დაიწყეს და გადაწყვიტეს, რომ გააგრძელონ უკრაინის დახმარება, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში, კიევის მაქსიმალურად ძლიერი პოზიციის უზრუნველყოფით“.

კირ სტარმერი ემანუელ მაკრონს პარიზში ორშაბათს შეხვდა, როცა მან მონაწილეობა მიიღო 11 ნოემბერს გამართული „დაზავების დღის“ საზეიმო ღონისძიებაში, პირველი მსოფლიო ომის (1914-1918 წლები) დასრულების აღსანიშნავად. იგი როგორც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, პირველად დაესწრო საფრანგეთის ხელისუფლების მიერ პარიზში გამართულ „დაზავების დღეს“, ბოლო 80 წლის განმავლობაში.

ეს შეხვედრა წარმოადგენდა ორი ევროპელი ლიდერის მცდელობას - ერთიანი ფრონტით გამოვიდნენ უკრაინისადმი სოლიდარობის გამოსახატავად იმ დროს, როცა კიევის მთავარი მხარდამჭერის - აშშ-ის - ხელისუფლებაში მკვეთრი ცვლილებები მიმდინარეობს, ქვეყნის ახალ პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ.

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან ემანუელ მაკრონის პოზიცია კრემლის მიმართ თავდაპირველად შედარებით ლოიალური იყო და ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებას ითვალისწინებდა,  მაგრამ შემდეგ ისე მკვეთრად გამკაცრდა, რომ ფრანგმა ლიდერმა ევროპული ტაბუ დაარღვია - არ გამორიცხა უკრაინაში სახმელეთო ძალების გაგზავნა კიევის დასახმარებლად. ემანუელ მაკრონის ასეთი განცხადება იმ დროს მოულოდნელი და ანაზდეული აღმოჩნდა როგორც ევროპელი ლიდერებისათვის, ასევე თვითონ კრემლისთვისაც.

დონალდ ტრამპს და მის მრჩევლებს წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობის დროს არაერთხელ განუცხადებიათ თავიანთი სურვილის თაობაზე უკრაინაში ომის დასრულებასთან დაკავშირებით, თუმცა არ დაუზუსტებიათ, როგორ იქნება მიღწეული. ევროპელი ლიდერების შიშობენ, რომ დონალდ ტრამპის იზოლაციონისტურ ტენდენციებს და მის კრიტიკას უკრაინის ომის დიდ ხარჯებთან მიმართებით შეუძლიათ საქმე იქამდე მიიყვანოს, რომ აშშ უარს იტყვის უკრაინის დახმარებაზე.

დონალდ ტრამპმა ნატოს წევრ სახელმწიფოებს მოუწოდა, რომ თავიანთი სამხედრო ბიუჯეტები მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 2-3%-მდე გაადიდონ, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი ნახტომია მას შემდეგაც კი, როცა ბევრმა ნატოელმა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან უკვე გაზარდეს თავისი სამხედრო ბიუჯეტები. ამჟამად დიდი ბრიტანეთი თავდაცვისათვის ხარჯავს მშპ-ის 2,3%-ს, საფრანგეთმა კი განაცხადა, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე მისი სამხედრო ხარჯები 2%-მდე მიაღწევს, რაც ნატოს მიერ დადგენილ ფარგლებში თავსდება.

„მე ყოველთვის ვიქნები იმის მომთხოვნი, რომ ნატოს ყოველი წევრი სახელმწიფო თავდაცვისათვის მშპ-ის არანაკლებ 3 პროცენტს ხარჯავდეს. სამხედრო ხარჯების თამასა 3%-მდე უნდა ასწიოთ. ორი პროცენტი არაფერია, თქვენ ესოდენ მცირე თანხით ნატოს ძალებს ანიავებთ, მის რესურსებს იპარავთ. ეს საუკუნის ქურდობაა იმის გათვალისწინებით, თუ რამდენს ხარჯავს ამერიკა“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა აგვისტოში წინასაარჩევნო კამპანიის დროს.

ახლად არჩეული პრეზიდენტის ვაჟმა დონალდ ტრამპ-უმცროსმა სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ უკრაინის ლიდერი ვოლოდიმირ ზელენსკი სულ რაღაც რამდენიმე კვირაში თავის „ფულად შემწეობას“ დაკარგავს - მხედველობაშია სამხედრო და ფინანსური დახმარების შეწყვეტა აშშ-ის მხრიდან.

ემანუელ მაკრონმა და კირ სტარმერმა პარიზში შეხვედროს დროს „ღრმა შეშფოთება“ გამოხატეს ახლო აღმოსავლეთში (ღაზას სექტორში და ლიბანში) შექმნილი სიტუაციის მიმართ, აგრეთვე განიხილეს ზომების გამკაცრება იმ ბანდების მიმართ, რომელებიც „ადამიანების კონტრაბანდას“ (არალეგალურ მიგრაციას) ეწევიან.

სხვათა შორის, მოლაპარაკების დაწყებამდე მასმედია იუწყებოდა, რომ საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერები თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებზეც იმსჯელებენო - დონალდ ტრამპის სურვილის ფონზე, რომელიც აშშ-ში პროდუქციის იმპორტზე ტარიფების გადიდებას ითვალისწინებს, მაგრამ ლონდონისა და პარიზის შემაჯამებელ განცხადებებში ვაჭრობის საკითხების განხილვის ფაქტი ნახსენები არ არის.

როგორც ჩანს, ემანუელ მაკრონი და კირ სტარმერი სიფრთხილეს იჩენენ და საჯაროდ დონალდ ტრამპის კრიტიკას თავს არიდებენ.

წყარო: https://www.ft.com/content/bd3f9199-7220-44b9-848c-447f42ead9e1

 

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати