USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
Тбилиси
«Financial Times» (დიდი ბრიტანეთი): „ავბედითი დაპირისპირება საქართველოში“
дата:  348

ბრიტანული გაზეთი „ფაინენშელ თაიმსი“ (Financial Times) აქვეყნებს სარედაქციო სტატიას სათაურით „ავბედითი დაპირისპირება საქართველოში“.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

„2024 წლის თბილისში 2014 წლის კიევის შემაშფოთებელი გამოძახილი ისმის. ათი წლის წინ უკრაინის დედაქალაქში ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა მას შემდეგ, რაც რუსეთზე ორიენტირებულმა პრეზიდენტმა უარი განაცხადა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე. დღეს საქართველოს დედაქალაქში მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს იმ კანონპროექტის წინააღმდეგ („უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“), რომლის დაკანონება მოსკოვის მიერ კონტროლირებული ოლიგარქის გავლენის ქვეშ მყოფმა მთავრობამ განიზრახა.  [მილიარდერის სურვილით] მთავრობა ოპოზიციას უსწორდება და ძირს უთხრის ქვეყნის იმედებს ევროკავშირის წევრად მიღების საკითხში. პარლამენტს, სადაც მმართველი პარტია უმრავლესობაშია, კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღება უკვე გადაწყვეტილი აქვს.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა ჩვენგან შორს მდებარე ქვეყნისათვის. საქართველო პირველი იყო ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან, რომელმაც 2003 წელს დემოკრატიული „ფერადი რევოლუცია“ მოახდინა და ხუთი წლის შემდეგ ვლადიმერ პუტინის რისხვა საკუთარ თავზე იწვნია, რუსული არმიის შეჭრის სახით. მას შემდეგ კრემლის ჯარებს ქვეყნის ტერიტორიის 20% აქვთ ოკუპირებული. იმის გამო, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადრინდელი რეფორმისტული მმართველობა მოგვიანებით რბილ რეპრესიებში და კორუფციულ ნათლიმამობაში გადაიზარდა, მისმა პარტიამ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში, გაერთიანებული ოპოზიციური კოალიციისაგან - „ქართული ოცნებისაგან“ დამარცხება განიცადა. „ქართულ ოცნებას“ აფინანსებდა ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც მილიარდები პოსტსაბჭოურ რუსეთში ბიზნესის წარმოებით დააგროვა.

არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ივანიშვილმა და მისმა პარტიამ (იმის მიუხედავად, რომ ოლიგარქი მხოლოდ პარტიის საპატიო თავმჯდომარედ ითვლება) მოსკოვსა და დასავლეთს შორის ლავირება დაიწყეს, მოსახლეობის მიერ ნატოსა და ევროკავშირის მხარდაჭერის ფონზე. დასავლური რეფორმები ტარდებოდა, მაგრამ პროგრესი უმნიშვნელო იყო.

გასულ წელს მმართველი პარტია შეეცადა მიეღო ისეთი კანონპროექტი, რომელიც ვალდებულს გახდიდა უცხოური დახმარებით დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მასმედიის საშუალებებს, რეგისტრირებულიყვნენ „უცხოური სახელმწიფოს ინტერესების გამომხატველ ორგანიზაციებად“, ანუ ქართული კანონპროექტი ძალიან ჰგავდა რუსეთის კანონს, რომელსაც ვლადიმერ პუტინის რეჟიმი სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლისათვის იყენებდა. ევროკავშირმა თბილისს მკაფიოდ მიანიშნა, რომ ასეთი კანონპროექტის მიღება შეუთავსებელია საქართველოს იმედებთან ევვროკავშირთან ინტეგრაციაზე. 2023 წელს გამართული მასობრივი პროტესტების შედეგად, მთავრობამ უკან დაიხია, მაგრამ სულ რაღაც ოთხიოდე თვის შემდეგ, რაც ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა, „ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტის მიღება ისევ განიზრახა.

ნაწილობრივ ამის მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ მმართველ პარტიას სურს ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შანსები აიმაღლოს. მაგრამ ქართველების მნიშვნელოვანი ნაწილი ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილს და მის მიმართ ლოიალურად განწყობილ ელიტას, რომელთაც მომგებიანად მიაჩნიათ რუსეთთან მეგობრული ურთიერთობა, უფრო ის უნდათ, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება არ მოხდეს. ბრიუსელმა საქართველოს ევროკავშირში მიღებისათვის პირობები წაუყენა: უნდა მოხდეს „დეოლიგარქიზაცია“ და კორუფციის ალაგმვა უმაღლეს დონეზე. მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხვების თანახმად, მოსახლეობის 80%-ს ევროკავშირში გაწევრიანება სურს, მთავრობა სარგებლობს ქართული საზოგადოებისათვის დამახასიათებელი სოციალური კონსერვატიზმით (განსაკუთრებით სოფლის მოსახლეობაში) და ხაზს უსვამს ევროკავშირის ერთგულებას ისეთი ფასეულობებისადმი, როგორიცაა „ლგბტ-საზოგადოების“ უფლებების დაცვა [რაც, თავის მხრივ, კონსერვატორ ქართველებში პოპულარობით არ სარგებლობს].

საპროტესტო აქციების მონაწილეები უკან არ იხევენ, თუმცა მასობრივი უწესრიგობები არავის არ ჭირდება იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ჯარები თბილისიდან ერთი საათის სავალზე, სამხრეთ ოსეთში დგანან. შექმნილი სიტუაციიდან ყველაზე კარგი გამოსავალი იქნება, რომ პროევროპულად განწყობილმა მოსახლეობამ ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებში „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას ჩამოაშოროს, მაგრამ ოპოზიცია ერთიანი არ არის, არ ჰყავს საერთო გავლენიანი ლიდერი, ხოლო აღნიშნული კანონპროექტი მძლავრ ინსტრუმენტს წარმოადგენს ხელისუფლებისათვის - გააკონტროლოს ოპოზიციის მიერ უცხოეთიდან მიღებული ფულადი ნაკადები.

შექმნილი ვითარება ევროკავშირის დიპლომატიის ერთგვარ გამოცდასაც წარმოადგენს. ბოლო წლებში საქართველოში დემოკრატიული პროცესების ტემპების შენელების კვალობაზე, ბრიუსელმა უყოყმანოდ უნდა გაუგზავნოს ოფიციალურ თბილისს მკაფიო სიგნალი, რომ თუ პარლამენტი კანონპროექტს მიიღებს, საქართველოს ევროკავშირში მიღების კანდიდატის სტატუსი შეუჩერდება. ეს უნდა იყოს აგრეთვე მინიშნება ქართველი ოლიგარქისთვისაც, რომ მას შეიძლება სანქციები დაუწესდეს თავისი სიმდიდრით სარგებლობისათვის, თუ საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სისხლიანი რეპრესიები დაიწყება.

ევროკავშირი ასევე ვალდებულია იმ პროევროპელი ქართველების წინაშეც, რომლებიც თავიანთი უსაფრთხოებით რისკავენ. ბრიუსელმა მათ უნდა მიანიშნოს, რომ ევროკავშირის წევრობის გზა ღია იქნება, თუ კანონპროექტი გაუქმდება და რეფორმები რეალურად გატარდება.  დასავლეთის ქვეყნებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ ქართული ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების დასახმარებლად. პოსტსაბჭოურ ისტორიაში არაერთხელ ყოფილა ციკლი, როცა დემოკრატიის პროგრესს ნაწილობრივ რეგრესი ცვლიდა. ამიტომ აუცილებელია ქართველების იმედების მხარდაჭერა, რომ ეს ციკლი დაირღვეს.

წყარო: https://www.ft.com/content/37fcdbab-3969-4eba-87e0-a44737a9a3fd

 

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати