USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
Тбилиси
«Financial Times» (დიდი ბრიტანეთი): „აშშ-ის ელჩი დევიდ პრესმანი ვიქტორ ორბანს მწვავედ აკრიტიკებს და აცხადებს, რომ „ბუდაპეშტი თავისი მოქმედებით ნატოს ზიანს აყენებს“
дата:  

ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ თაიმსში“ (Financial Times) სათაურით „აშშ-ის ელჩი დევიდ პრესმანი ვიქტორ ორბანს მწვავედ აკრიტიკებს და აცხადებს, რომ  „ბუდაპეშტი თავისი მოქმედებით ნატოს ზიანს აყენებს“, აქვეყნებს ინტერვიუს აშშ-ის ელჩთან (ესაუბრებიან ბენ ჰოლი და მარტონ დუნაი), რომელშიც უნგრეთ-აშშ-ის ურთიერთობებია განხილული, რუსეთ-უკრაინის ომის შუქზე.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

უნგრეთში აშშ-ის ელჩმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი „ფანტასტიკური საგარეო პოლიტიკის“ გატარებაში დაადანაშაულა, რომელიც კრემლის ინტერესებს ემსახურება და ზიანს აყენებს ნატოს ალიანსის ერთიანობას. „ფაინენშელ თაიმსისათვის“ მიცემულ ინტერვიუში დევიდ პრესმანმა თქვა, რომ უნგრეთის მთავრობის მიდგომები საერთაშორისო საკითხებისადმი ეფუძნება „ხელოვნურად გამოგონილ უნგროფობიას“ და შეთხზულ მითებს, რომ ბუდაპეშტის ყველა მეზობელი ვითომდა მტაცებელია. ეს ყველაფერი ვიქტორ ორბანის შიდაპოლიტიკურ მიზნებს ემსახურება და მის ზოგიერთ პოზიციას ამჟღავნებს. „მაგრამ, საბოლოო ჯამში, პრემიერ-მინისტრის განცხადებები ფანტაზიებს წარმოადგენს“, - აღნიშნა ელჩმა.

დევიდ პრემმანმა ასევე გააკრიტიკა ვიქტორ ორბანი „აშშ-ის საპრეზიდენტიო საარჩევნო კამპანიაში აქტიური მონაწილეობისა და ჩარევისათვის“, რაც გამოიხატა დონალდ ტრამპის მიმართ აქტიურ მხარდაჭერაში და მოწოდებებში ჯო ბაიდენის გადადგომის თაობაზე. „ნატოელი მოკავშირეების მხრიდან ჩვენთვის ასეთი ნაბიჯები მიუღებელია“, - განმარტა აშშ-ის ელჩმა. მისი თქმით, ბუდაპეშტის გადაწყვეტილებამ, რომ ურთიერთობა მოკავშირეებთან და მათ შორის აშშ-სთანაც პოლიტიზებული გახადოს, უნგრეთი გარიყულ და იზოლირებულ ქვეყნად გადააქცია, ვიდრე ოდესმე იყო და, როგორც ჩანს, ასე გაგრძელდება საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში“.

აშშ-ის ელჩის უჩვეულოდ გულახდილი კომენტარი ასახავს იმ იმედგაცრუეებას, რომელიც ვიქტორ ორბანის მოქმედება იწვევს - ჯერ ერთი, რომ თვითონ უნგრეთის მთავრობა არღვევს დემოკრატიის სტანდარტებს და კანონის უზენაესობას, მეორე კი - ხელს უშლის უკრაინისადმი დახმარებას რუსეთთან ომში და შვედეთის მიღებას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში. სხვათა შორის, ამჟამად უნგრეთი ერთადერთი სახელმწიფოა, რომელიც აჭიანურებს შვედეთის ნატოში მიღების რატიფიცირებას.

ამ დღეებში ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში შეიკრიბებიან, რომ როგორმე უკრაინას დაფინანსება გაუგრძელონ მას შემდეგ, რაც ვიქტორ ორბანმა გასულ თვეში ვეტო დაადო კიევისათვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფას ოთხი წლის განმავლობაში.

დევიდ პრესმანის თქმით, როცა უნგრეთის საგარეო პოლიტიკას ვუყურებთ, ბუდაპეშტისა და მოსკოვის მიერ გატარებული პოლიტიკაში ბევრი რამ ერთმანეთს ემთხვევა:  მაგალითად, უკრაინისადმი დახმარების ბლოკირება, წინააღმდეგობა ენერგოშემცველების იმპორტის დივერსიფიცირებისადმი, უნგრეთში პრორუსული პლატფორმების დახურვისადმი, მზადყოფნა ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად... ასეთი მოქმედებით ბუდაპეშტი სულ უფრო სცილდება თავის პარტნიორებს და გარიყული ხდება. ასეთი პოლიტიკური არჩევანი, უეჭველია, სასარგებლოა ვლადიმერ პუტინისათვის და მავნეა ნატოსათვის“.

ელჩმა ასევე განაცხადა, რომ „კრემლის პროპაგანდა და დეზინფორმაცია რეგულარულად ვრცელდება უნგრეთის პროსამთავრობო მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით“.

ამერიკელი დიპლომატის აზრით, ვიქტორ ორბანმა გასულ თვეში საოცარი და იმავდროულად ძალზე ცრუ განცხადება გააკეთა - თითქოსდა იმ მილიარდობით ევროს, რომელიც უნგრეთს ეკუთვნის ევროკავშირის ცენტრალური ბიჯეტიდან და მას ბრიუსელი ბლოკავს, ამერიკელები უკრაინისათვის გაგზავნას უპირებენ, საბოლოოდ კი ეს ხდება ამერიკელი იარაღის დამამზადებელი კომპანიების სასარგებლოდ.. „სადაც ამერიკელები არიან, იქ მათი ფულიც არის. როგორც ანდაზაშია - „სადაც ხორცია, იქ ბუზებიც ირევიან“. „ეს განცხადება  ვიქტორ ორბანმა შეიძლება კრემლის კარნახით, ან კრემლის პროპაგანდის ფონზე გააკეთა, მაგრამ საშინლად წარუმატებელია და უადგილოა“, - აღნიშნა დევიდ პრესმანმა.

ელჩის თქმით, აშშ ზრუნავს უნგრეთზე და მას ახლო მოკავშირედ თვლის, მაგრამ უკიდურესად უხერხულია იყოისეთი მტავრობის მოკავშირე, რომელიც უარს აცხადებს აშშ-ის ინტერესების გათვალისწინებაზე“. როგორც ჩანს, ვიქტორ ორბანს იმედი აქვს, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენი და მისი ადმინისტრაცია რამდენიმე თვეში აღარ იქნება.

საინტერესოა, რომ ვიქტორ ორბანი ბოლო წლებში დონალდ ტრამპის მხარდამჭერ რამდენიმე ღონისძიებაში მონაწილეობდა - მაგალითად, ჯერ აშშ-ში ორი წლის წინ გამართულ ამერიკელ კონსერვატორთა ყოველწლიურ კონფერენციაზე (რესპუბლიკელებთან ერთად), შემდეგ კი შარშან, ბუდაპეშტში ჩატარებულ მსგავს ღონისძიებაზე და განაცხადა, რომ იგი მხარს უჭერს აშშ-ის თეთრ სახლში ექს-პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დაბრუნებას. „მე დარწმუნებული ვარ: დონალდ ტრამპი რომ ამერიკის პრეზიდენტი ყოფილიყო, უკრაინაში და ევროპაში ომი არ იქნებოდა“, - აღნიშნა ვიქტორ ორბანმა ბუდაპეშტში სიტყვით გამოსვლისას, 2023 წლის 4 მაისს, - „დაბრუნდით, მისტერ პრეზიდენტო! დაუბრუნეთ ამერიკას ყოფილი დიდება, ჩვენ კი მშვიდობა მოგვიტანე!“.

დონალდ ტრამპმა, საპასუხოდ, განაცხადა, რომ ვიქტორ ორბანი ძლიერი ადამიანია: „ზოგიერთებს უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ძლიერება არ მოსწონს - იმიტომ, რომ იგი ყველას გადaსწონის“, - თქვა აშშ-ის ექს-პრეზიდენტმა გასულ კვირას ნიუ ჰემპშირის შტატში ჩატარებულ პარტიულ პრაიმერზე, სადაც მან გაიმარჯვა და პარტიული მეტოქე ნიკი ჰეილი უკან ჩამოიტოვა, - „სასიამოვნოა, როცა იცი, რომ შენს ქვეყანას ძლიერი და ჭკვიანი ადამიანი მართავს“.

დევიდ პრესმანის თქმით, იგი ვერ ხედავს ვიქტორ ორბანის მთავრობის სურვილს და მცდელობას აშშ-ის ადმინისტრაციასთან ურთიერთობის აღდგენის მიზნით, მაგრამ მან ხაზი გაუსვა, რომ ვაშინგტონს აქვს ბერკეტები, რომელებითაც ვიქტორ ორბანზე გავლენას მოახდენს.

იანვრის თვეში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, მრავალრიცხოვანი პრობლემების გამო, უნგრეთთან დადებული საგადასახადო ხელშეკრულების დენონსაცია მოახდინა - იმ მიზეზით, რომ გასულ წელს აშშ-მა უნგრეთს ბუდაპეშტში მოქმედი რუსული ბანკის ფილიალის დახურვა სთხოვა, უნგრეთის ხელისუფლება კი თეთრი სახლის მითითებას არ დაემორჩილა.

„დიახ, ჩვენ მართლაც აბსოლუტურად ვფლობთ უნგრეთზე ზემოქმედების ბერკეტებს“, - ხაზი გაუსვა ელჩმა, - „და ჩვენ ამ ბერკეტებს ყოველთვის გამოვიყენებთ [ურჩი ქვეყნების მიმართ]“.

წყარო: https://www.ft.com/content/7379c87d-7b37-4142-b810-182a2dfb8b40

 

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати