USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
Tbilisi
«Financial Times» : „საქართველოს უარი რუსეთის აგენტის წინააღმდეგ გამოსვლის თაობაზე თბილის-დასავლეთის ურთიერთობებისათვის კიდევ ერთ გამოცდას წარმოადგენს“
Date:  346

ბრიტანული გაზეთი „ფაინენშელ თაიმსი“ (Financial Times) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველოს უარი რუსეთის აგენტის წინააღმდეგ გამოსვლის თაობაზე თბილის-დასავლეთის ურთიერთობებისათვის კიდევ ერთ გამოცდას წარმოადგენს“ (ავტორი - ნადია ბერდი).

გთავაზობთ პ[უბლიკაციას შემოკლებით:

 საქართველოს მიერ გაცხადებული უარი გაყინოს იმ ყოფილი მაღალჩინოსნის აქტივები, რომელიც აშშ-ის მიერ რუსეთის აგენტად შერაცხული, კიდევ ერთ გამოცდას წარმოადგენს თბილის-დასავლეთის ურთიერთობებისათვის.

როგორც ცნობილია, გასულ თვეში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთარ ფარცხალაძე, რომელიც ადრე საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობაზეც მუშაობდა, სანქცირებული პირების სიაში შეიტანა - დაიმოწმა რა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ოთარ ფარცხალაძემ რუსეთის მოქალაქება რუსული სპეცსამსახურის - უშიშროების ფედერალურმა სამსახურის დახმარებით მიიღო და განაცხადა, რომ ამის სანაცვლოდ იგი თითქოსდა დათანხმებულა გავლენა მოახდინოს ქართულ საზოგადოებაზე და მთავრობის პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ“.

თავდაპირველად საქართველოს ცენტრალურმა ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება ოთარ ფარცხალაძის ატიქვების გაყინვის თაობაზე, მაგრამ მოგვიანებით გადაწყვეტილება შეცვალა და ფაქტიურად, ბიზნესმენი დაიცვა. ბანკის გადაწყვეტილების ასეთმა სწრაფმა ცვლილებამ სამი ადგილობრივი მაღალჩინოსნის უკმაყოფილება გამოიწვია და ისისნი თანამდებობიდა - ბანკის პრეზიდენტის მოადგილეობიდან (ვიცე-პრეზიდენტის) პოსტებიდან გადადგნენ. ქვეყნის შიგნით, საზოგადოებაში მწვავე დებატები დაიწყო იმაზე, თუ რატომაა მზად მმართველი პარტია დაიცვას ისეთი ფიგურები, რომლებსაც ოლიგარქთან და პარტიის დამაარსებელთან ახლო ურთიერთობა აქვთ.

„არავის არ სჯერა, რომ სახელმწიფო ბანკი დამოუკიდებელია. ის მტავრობის ნაწილს წარმოადგენს“, - ამბობს ალექსანდრე რაქვიაშვილი, ეკონომისტი, ლიბერტარიანული პარრტიის გირჩის დეპუტატი პარლამენტში, - „იგი ჩვენს ქვეყანში ძალიან მნიშვნელოვან ადამიანს წარმოადგენს. იგი გენპროკურორი იყო და მას ახლო კავშირები ჰქონდა ბიძინა ივანიშვილთან“.

2016 წელს ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისმა ვაჟმა ბერამ ოთარ ფარცხალაძის შვილიშვილი მონათლა. ანალიტიკოსთა აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი ოფიციალურად ქვეყანაში არავითარ პოლიტიკურ როლს არ ასრულებს და მას თანამდებობა არ აქვს დაკავებული, იგი მმართველ პარტიას „ქართულ ოცნებას“ ძველებურად აკონტროლებს. როგორც ცნობილია, ქართველმა ოლიგარქმა თავისი სიმდიდრე რუსეთში 1990-იან წლებში დააგროვა და მას წილი ჰქონდა რუსული გაზის გიგანტ „გაზპრომშიც“. მისი ქონება 6,2 მილიარდი დოლარით განისაზღვრება, რაც საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) დაახლოებით მესამედს შეადგენს. ბიძინა ივანიშვილმა „ფაინენშელ თაიმსის“ თხოვნას, რომ სიტუაციისადმი კომენტარი გაეკეთებინა, არ უპასუხა.

ოთარ ფარცხალაძე, რომელიც გენერალურ პროკურორად „ქართულმა ოცნებამ“ დანიშნა, ექვსი თვე იმუშავა და შემდეგ თანამდებობიდან 2013 წელს გადადგა - იმ ინფორმაციის ფონზე, რომ იგი თურმე გერმანიაში ნასამართლევი ყოფილა. მან მართლაც წერილობითი სახით აღიარა, რომ სასჯელს გერმანიაში პოლიციელთან „სიტყვიერი შელაპარაკების“ გამო იხდიდა. 2018 წელს ოთარ ფარცხალაძეს ბრალდება წაუყენეს საქართველოს საკონტროლო-სარევიზიო ორგანოს ყოფილ ხელმძღვანელზე თავდასხმის გამო, მაგრამ 2021 წელს იგი თბილისის სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთარ ფარცხალაძეს „რუს-ქართველი ოლიგარქი“ უწოდა, რომელიც რეგულარულად დადის რუსეთში და სადაც მან რუსეთის მოქალაქის პასპორტი უშიშროების ფედერალური სამსახურის დახმარებით აიღო. აშშ-ის სანქციური პირების სიაში ასევე შეტანილია რუსეთის ორი კონსალტინგური კომპანია, რომლებიც ნაწილობრივ ოთარ ფარცხალაძის კუთვნილებაში არიან. „ფაინენშელ თაიმსი“ მასთან დაკავშირებას შეეცადა კომენტარისათვის, მაგრამ საუბარი ვერ მოხერხდა. (...)

საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია საკმაოდ დაძაბული რჩება: რამდენიმე კვირის შემდეგ თბილი ბრიუსელის დასკვნა-რეკომენდაციებს ელოდება, რომლის მიხედვით უნდა გაირკვეს - მიიღებს თუ არა ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, მოლდოვასა და უკრაინის მსგავსად. ევროკავშირი შეშფოთებულია საქართველოში დემოკრატიის უკანდახევით, კორუფციასთან და ოლიგარქიზმთან ბრძოლის შესუსტებით, რის გამოც ევროინტეგრაციის პროცესი შენელდა. ამიტომაც ევროკომისიამ მას, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, მხოლოდ „პირობითი პერსპექტივა“ მისცა, რეფორმების გატარების კვალობაზე.

იმის ნაცვლად, რომ ყურადღება გაემახვილებინა ევროკავშირის რეკომენდაციების სესრულებაზე, ეკონომიკური და სასამართლო რეფორმების განხორციელებაზე, ხელისუფლებამ დაიწყო აქტიური კამპანია სავარაუდო პროდასავლური სეტქმულების წინააღმდეგ, რომელიც თითქოსდა მთავრობის დასამხობად იყო მიმართული. გასულ კვირას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების უწყებამ განაცხადა, რომ გახსნილია შეთქმულება სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მიზნით, წინა ხელისუფლების ჩინოვნიკების მონაწილეობით, რომლებიც პროდასავლური ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მთავრობაში მუშაობდნენ. ერთ-ერთი მათგანი უკრაინაშიც იბრძვის რუსეთის წინააღმდეგ. ამასთან, ქართველ კონტრმზვერავებს რაიმე მტკიცებულებები არ  წარმოუდგენიათ.

„ისინი ასეთ განცხადებებს რეგულარულად აკეთებენ, როცა ქვეყანაში კრიზისი დგება“, - ამბობს ეკა გიგაური, საქართველოში Transparency International-ის წარმომადგენლობის აღმასრულებელი დირექტორი.  მისი თქმით, „მთავრობა მსგავს ისტორიებს ხშირად იგონებს, მაგალითად, არჩევნების წინ და აცხადებს, რომ ესა თუ ის ქვეყანა, ვთქვათ, უკრაინა საქართველოში სიტუაციის დესტაბილიზებას აპირებსო. ასეთი ისტორები „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად არის მიმართული“.

და მაინც, ქართული საზოგადოება ძირითადად პროდასავლური რჩება: ბოლო გამოკითხვები ადასტურებს, რომ რესპოდენტების 90% ევროკავშირში ინტეგრაციის მომხრეა.

„ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში 2012 წელს მოვიდა, კოალიციის სახით, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტიის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შედეგად. მოგვიანებით, 2019 წელს, როცა საზღვარგარეთ, უკრაინაში მყოფი ექს-პრეზიდენტი სამშობლოში დაბრუნდა [მის წინააღმდეგ სისიხლის სამართლის საქმე იყო აღძრული], იგი დააპატიმრეს და საპყრობილეში ჩასვეს. მიხეილ სააკაშვილი პროტესტებს აცხადებდა ციხეში გაუსაძლის ყოფაზე, აწყობდა შიმშილობებს, რის შედეგადაც მან წონაში დაიკლო.

ევროკავშირის წევრობის სხვა კანდიდატებისაგან განსხვავებით, საქართველომ უარი განაცხადა დასავლეთის მიერ გამოცხადებული ანტირუსული სანქციებისადმი მიერთებაზე. პირიქით, თბილისი დაეთანხმა მოსკოვს პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენაზე, ქვეყნის ტერიტორიაზე შეუშვა რუსი ემიგრანტები, ხოლო მმართველი პარტიის კანონმდებლები შეეცადნენ რუსეთის ანალოგიური კანონის მიღებას „უცხოელი აგენტის“ შესახებ, რომელიც ოპოზიციური არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასმედიის გასაკონტროლებლად იყო მიმართული.

„ქართული ოცნება“ საკუთარ თავს ისე აჩვენებს, თითქოსდა მას ევროკავშირის წევრობა სურს - იმიტომ, რომ ქვეყნის მოსახლეობა პროევროპულადაა განწყობილი“, - ამბობს სონია შიფერსი, გერმენული ანალიტიკური ცენტრის - ჰენრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთკავკასიური ოფისის დირექტორი, - „მმართველ პარტიას არ შეუძლია ღიად შეაქციოს ზურგი ევროპას, რადგან იცის, რომ ასეთი მოქმედება ფართომასშტაბიან პროტესტებს გამოიწვევს... თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ მათი ბევრი მოქმედება სრულიად არ უწყობს ხელს ევროკავშირის წევრობას“.

წყარო: https://www.ft.com/content/8d7656ec-bf28-48a4-9508-6739b5bf1bb5

 

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way